არის თუ არა COVID-19-ით დაინფიცირების რისკები კავშირში ეთნიკურ ან რასობრივ ფაქტორთან?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

აფაეფგ
494
VIEWS

29 აპრილს ტელეკომპანია კავკასიის გადაცემა სპექტრის ეთერში დავით აქუბარდიასთან საუბრისას გუბაზ სანიკიძემ კორონავირუსის გავრცელება რასას დაუკავშირა და აღნიშნა, რომ რასობრივი განსხვავება სამედიცინო დონეზე არსებობს.  სანიკიძის მტკიცებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების თითქმის ნახევარი შავკანიანები სწორედ იმიტომ არიან, რომ ვირუსი კონკრეტულ ეროვნებებსა და რასას მეტად უტევს.

გუბაზ სანიკიძე, გამარჯვებული საქართველო: „…სად რამდენი არის, ვინ დაავადდა, სხვათა შორის რომელი ეროვნებების და რომელი რასის ხალხი, ამაზე ლაპარაკი რატომღაც აგვიკრძალეს. არადა ფაქტია ეს, ამერიკაში, ნიუ-იორკში, თითქმის ნახევარი შავკანიანია გარდაცვლილი, ხო, ამ დროს აფრიკაში არ არის, [დავით აქუბარდია ეთანხმება], ძალიან საინტერესო სტატისტიკებია და … ეს რასობრივი კი არ არის… განსხვავება რასობრივი არსებობს, ხალხო, სამედიცინო დონეზე…ანუ არის სხვადასხვა რაღაცეებზე, სხვადასხვა ვირუსებზე სხვადასხვა ეთნოსი… სხვადასხვა რასა და გარემო, გეოგრაფია სხვადასხვანაირად მოქმედებს.”

გუბაზ სანიკიძის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, თითქოს კორონავირუსით გამოწვეული ლეტალობა შავკანიანებში უფრო მაღალია იქიდან გამომდინარე, რომ რასობრივი განსხვავება სამედიცინო დონეზე არსებობს, სიმართლეს არ შეესაბამება. როდესაც სხვადასხვა რასობრივ თუ ეთნიკური უმცირესობების COVID-19-ის მიმართ მოწყვლადობაზე და ინფიცირების მაღალ ალბათობაზე ვსაუბრობთ, ცალსახად იმის განსაზღვრა, რომ ეს გენეტიკური ნიშნითაა გამოწვეული, მანიპულაციურია და არ ითვალისწინებს მთელ რიგ მიზეზებს, რაც სოციალ-ეკონომიკური ფაქტორებით განისაზღვრება.

  • კორონავირუსით ინფიცირებას ეროვნება/რასა არ განაპირობებს

გენეტიკური ფაქტორი, როგორც კორონავირუსის მიმართ სხვადასხვა ეთნიკური თუ რასობრივი ჯგუფების უფრო მეტად მოწყვლადობის განმაპირობებელი მიზეზი, მსოფლიოში პოლიტიკური დისკუსიებისა და დებატების საგანი გახდა. სწორედ გენეტიკის ფაქტორი გამორიცხა ევროპის მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიის ბიოინფორმატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ევან ბირნიმ.

ჩატარებული კვლევების მიხედვით, რასებსა და ეთნიკურ ჯგუფებს შორის სხვადასხვა დაავადებებისა და ვირუსების მიმართ განსხვავებული, არათანაბარი გამოვლინებების მიზეზად დიდწილად სოციალურ-ეკონომიკური და გარემო ფაქტორები არის დასახელებული. მათ შორის, კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა იმ ქვეყნებში, რომლებიც ინფიცირებული პაციენტების შესახებ ეთნიკური და რასობრივი წარმომავლობის აღრიცხვასაც აწარმოებენ, და რომლებშიც სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობები მრავლად არიან წარმოდგენილი, ასახავს ვირუსის არათანაბარ, არაპროპორციულ გავრცელებას სხვადასხვა ჯგუფებს შორის. ასეთია, მაგალითად, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სტატისტიკა. აღნიშნულმა გამოიწვია დიდი ინტერესი იმის თაობაზე, თუ რა განაპირობებს ეთნიკური თუ რასობრივი ჯგუფების ვირუსით მეტად ინფიცირების შესაძლებლობას და რა ფაქტორები მონაწილეობენ ამ ჯგუფების COVID-19-ის მიმართ მეტად დაუცველობაში ეთნიკურ უმრავლესობასთან შედარებით.

დიდ ბრიტანეთში, რომელიც გამოირჩევა  COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტებს შორის ეთნიკური ჯგუფების მაღალი პროცენტული წილით, Institute for Fiscal Studies-მა ჩაატარა კვლევა, რომლის დროსაც უგულებელყოფილი იყო ასაკი, სქესი და გეოგრაფიული მდებარეობა, რადგან ეს ფაქტორები ვერ ხსნიდა განსხვავებულ ინფიცირების დონეს ეთნიკურ ჯგუფებს შორის. კვლევა ფოკუსირებულია იმაზე, თუ რამ განაპირობა მაღალი ინფიცირების დონე ეთნიკურ და რასობრივ ჯგუფებს შორის.

  • როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ეთნიკური ჯგუფების მაღალი დაუცველობის ერთ-ერთი მიზეზი მათი პროფესიული საქმიანობაა. ძირითადად, ეთნიკური და რასობრივი უმცირესობების უმეტესობა მუშად ან ისეთ სამსახურში მუშაობს, რომელიც ინფექციის მაღალი რისკის ქვეშ ექცევა. მაგალითად, 10-დან 2 შავკანიანი ქალი ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სფეროშია დასაქმებული.
  • მეორე მიზეზი, უკვე არსებული ჯანმრთელობის პრობლემები და ქრონიკული დაავადებებია. მაგალითად, უფროსი თაობის ბანგლადეშელ, პაკისტანელ და შავკანიან კარიბული წარმომავლობის ხალხში ხშირია ჯანმრთელობის პრობლემები. თუ, ვთქვათ, მათ შევადარებთ 60 წელს გადაცილებულ თეთრკანიან ბრიტანელებს, ბანგლადეშელი წარმოშობის უფროს ადამიანებს 60%-ით მეტად შეიძლება ჰქონდეთ ქრონიკული ჯანმრთელობის პრობლემები, რაც მათ მეტად დაუცველს ხდის ინფექციის წინააღმდეგ. ეს კი, თავისმხრივ, ხსნის ამ ჯგუფის წევრების COVID-19-ით გადაჭარბებულ სიკვდილიანობას ბრიტანეთში;

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია „COVID-19 რასობრივ და ეთნიკურ უმცირესობებში“ იმავე ფაქტორებზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ შავკანიან მოსახლეობაში ჯანმრთელობის კუთხით განსხვავებები ხშირად ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გამო იჩენს თავს. გამოყოფილია შემდეგი ფაქტორები, რაც გავლენას ახდენს ეთნიკური და რასობრივი ჯგუფების მეტად დაუცველობას ინფექციის წინააღმდეგ: საცხოვრებელი პირობები, სამუშაო მდგომარეობა, ჯანმრთელობის თანმდევი პრობლემები და ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობების სიმცირე.

  • რასობრივი და ეთნიკური უმცირესობების წევრები უფრო ხშირად ცხოვრობენ მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში ინსტიტუციური რასიზმის გამო, რაც გამოიხატება საცხოვრებელი ადგილების მიხედვით სეგრეგაციაში. ასეთ მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში უფრო რთულია სოციალური დისტანცირების წესის დაცვა. გარდა ამისა, კვლევები ასევე მოწმობს, რომ რასიზმის ნიშნით საცხოვრებელის სეგრეგაცია მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ჯანდაცვის უთანასწორობას. ასეთი ჯგუფების წევრები უმეტესად ისეთ ადგილებში ცხოვრობენ, რომლებიც შორსაა სასურსათო მაღაზიებისა და სამედიცინო პუნქტებისგან, რაც ართულებს ამ სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობას. აღსანიშნავია, ასევე, რომ ზოგიერთ რასობრივ და ეთნიკურ ჯგუფებში ფართოდაა გავრცელებული მრავალთაობიანი შინამეურნეობები, რაც, თავის მხრივ, ართულებს უფროსი თაობის ოჯახის წევრების დაცვას და იზოლირების შესაძლებლობას, რათა არ დაავადდნენ ინფექციით;
  • COVID-19-ით ინფიცირების რისკი ასევე მაღალია იმ სამუშაო ადგილებში, რომელზეც დასაქმებული არიან ამ ჯგუფის წევრები. მაგალითად, ინფექციის საშიშროება მაღალია მათთვის, ვისაც, მიუხედავად ინფექციური აფეთქებისა, უწევს სახლიდან მოშორებით მუშაობა ძირითადად აუცილებელი ინდუსტრიის სექტორში. გარდა ამისა, ეთნიკური და რასობრივი უმცირესობების წარმომადგენლებს ხშირად არ აქვთ ავადმყოფობის გამო ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობის საშუალება, რაც მნიშვნელოვნად ზრდის იმის ალბათობას, რომ ავადმყოფობის შემთხვევაშიც კი ისინი გააგრძელებენ მუშაობას. ეს კი, თავის მხრივ, ზრდის COVID-19-ით ინფიცირების რისკებს;
  • ეთნიკურ და რასობრივ უმცირესობებს ხშირად ახასიათებთ ქრონიკული დაავადებები და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები, რაც იმ ბარიერებთან ერთად, რომლებიც ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობასთან არის დაკავშირებული, შესაძლოა გახდეს ამ ჯგუფების მეტად დაუცველობის განსაზღვრელი ფაქტორი. მაგალითად, COVID-19 გავრცელების პერიოდში. ჯანმრთელობის დაზღვევის არარსებობა ერთ-ერთია ამ ფაქტორებს შორის. ლათინოამერიკული და აფრო-ამერიკული წარმომავლობის ადამიანები აშშ-ში 3-ჯერ და 2-ჯერ უფრო ნაკლებად არიან დაზღვეულები. პრობლემურია, ასევე, ექიმთან და სამედიცინო დაწესებულებაში მიმართვიანობა ასეთ ეთნიკურ და რასობრივ ჯგუფებში უნდობლობის, ენობრივი ბარიერისა და ფინანსური სიდუხჭირის გამო.

ზემოთ ჩამოთვლილ ფაქტორებზე საუბრობს Kaiser Family Foundation-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში და BBC Future-ის სტატიაც. არათანაბარი შემოსავლები, საკვებ პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობა, თანმდევი ჯანმრთელობის პრობლემები, არასათანადო სამედიცინო უზრუნველყოფა, ენის ბარიერი და გარემო პირობები სწორედ ის ფაქტორებია, რაც განვითარებულ დასავლურ ქვეყნებში ეთნიკური უმცირესობების კორონავირუსით ინფიცირებასგან გამოწვეული გართულებებს განაპირობებს. კიდევ ერთი მიზეზია ისიც, რომ არალეგალი მიგრანტები თითქმის არასდროს მიმართავენ სამედიცინო დაწესებულებებს ჯანმრთელობის პრობლემების შემთხვევაში იმიტომ, რომ ეშინიათ სამართალდამცავ ორგანოების ოფიციალური საბუთების არარსებობის გამო.

"

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist