ჯანდაცვა/ბიოუსაფრთხოება

არის თუ არა საქართველო დასავლეთის საცდელი პოლიგონი და ვის სურს რუსული Sputnik V-ის შეძენა?

28 სექტემბერი, 2020

15 სექტბერს საქართველო და მსოფლიომ გამოაქვეყნა სტატია, სათაურით “გაეროს ბავშვთა ფონდი განვითარებად ქვეყნებში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო საცდელი ვაქცინის გავრცელებას იწყებს”, რომელშიც ავჭალის წმ. ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარმა გიორგი რაზმაძემ COVID-19 ვაქცინაზე ისაუბრა. რაზმაძე ამბობს, რომ დასავლეთი და გაერო საქართველოს საცდელ ბიოპოლიგონად გამოიყენებს და პარალელს ცე ჰეპატიტის პროგრამასთან ავლებს. მისივე თქმით, რუსეთმა ვქცინა უკვე შექმნა, რამდენიმე დიდმა სახელმწიფომ მისი შეძენა უკვე მოითხოვა და საქართველომაც ამ ქვეყნებს უნდა მიბაძოს.

16 სექტემბერს სტატია გაავრცელეს გვერდებმა სტალინი, “ევრაზია-საინფორმაციო სააგენტო, ასევე გაზიარდაჯგუფში “კოტე ჩიკვილაძის და გულბაათ რცხილაძის თანამოაზრეების ჯგუფი: Россия и Грузия”.

გიორგი რაზმაძე: “სხვათა შორის, გახსოვთ, ალბათ, თავის დროზე ჰეპატიტის უფასო პროგრამაზე ატყდა ერთი ამბავი… აი, როგორც მაშინ გამოიყენეს ეს ქვეყანა და კიდევ უამრავი ჩვენისთანა გაჭირვებული სახელმწიფო საცდელად, ასე გამოგვიყენებენ ამჯერადაც; საქართველო იქნება ბიოპოლიგონი, რომელსაც ჯერ დააჩოქებენ პანდემიის მასშტაბებით, მერე კი გაეროს ხელით მიაწვდიან საცდელ ვაქცინას… ისე, თუ მათ მართლა ასე ძალიან აინტერესებთ ადამიანების ჯანმრთელობა და ღამე არ სძინავთ ვაქცინის გავრცელებაზე ფიქრით, დაახლოებით ორი თვის წინათ რუსებმა განაცხადეს, რომ უკვე შექმნეს ვაქცინა და, თუ არ ვცდები, რამდენიმე დიდმა სახელმწიფომ უკვე განაცხადა, რომ შეიძენს კიდეც. რატომ გაისუსნენ და არაფერს ამბობენ?”

გიორგი რაზმაძის განცხადება, რომ დასავლეთი საქართველოს საცდელ ბიოპოლიგონად იყენებს შეთქმულების თეორიაა რუსულ ვაქცინასთან დაკავშირებით კი მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას კონტექსტი აკლია. 1. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მასობრივი გამოყენებისთვის დაარეგისტრირა, მას კლინიკური კვლევების მე-3 სავალდებულო ფაზა არ გაუვლია, რაც საერთაშორისო დონეზე ეჭვქვეშ აყენებს მის უსაფრთხოებას და ეფექტურობას. 2. მექსიკასთან, ინდოეთთან და ბრაზილიასთან ვაქცინის დისტრიბუციაზე მიღწეულია შეთანხმებები, თუმცა ისინი ამ ქვეყნების მარეგულირებელი ორგანოების მიერ უნდა დამტკიცდეს, ინდოეთისა და ბრაზილიის შემთხვევაში კი, დისტრიბუცია ითვალისწინებს Sputnik V-ის რეგისტრაციის შემდგომი კვლევის შედეგებსაც.

გიორგი რაზმაძის მიერ გაჟღერებული მტკიცებულებები C ჰეპატიტთან დაკავშირებით არის კონსპირაცია, რომლის მსგავსი დეზინფორმაცია “მითების დეტექტორს” ადრეც აქვს გადამოწმებული. C ჰეპატიტის სამკურნალო წამლებზე დეზინფორმაციას რუსეთში მცხოვრები საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი იგორ გიორგაძე, ჟურნალ „ვეტერანს თუდეი“-ს საქართველოს ბიუროს ხელმძღვანელი ჯეფრი სილვერმანი და გაზეთი  “ასავალ-დასავალი” გამიზნულად ავრცელებდნენ.  C ჰეპატიტის პროგრამაში გამოყენებულ წამალს Sovaldi (სოფოსბუვირი) ევროპული და ამერიკული ხარისხის დამადასტურებული სერტიფიკატი აქვს მინიჭებული, ხოლო ხოლო ჰარვონის  ეფექტიანობა არაერთი კლინიკური კვლევის შედეგადაა დადასტურებული. მეტიც, რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს “სამკურნალო საშუალებების სახელმწიფო რეესტრის” თანახმად, პრეპარატი სოვალდი რუსეთში 2016 წლის 25 მარტიდან არის რეგისტრირებული. რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს კომისია  2018 წლიდან განიხილავდა სოვალდის სასიცოცხლოდ აუცილებელი და უმნიშვნელოვანესი სამკურნალო საშუალებების სიაში შეტანის საკითხს.

C ჰეპატიტის პროგრამის 2015-2017 წლის ანგარიშის მიხედვით, განხორციელდა C ჰეპატიტის ქრონიკული ფორმის მქონეთა 21%-ის (27, 181)  მკურნალობა და მათგან განიკურნა 98% (26,692). საქართველოში C ჰეპატიტის პროგრამის შედეგები და პროცესში გამოყენებული აპრობირებული წამლები მყარი არგუმენტია იმის წინააღმდეგ თითქოს საქართველო ბიოპოლოგიონია, სადაც ვაქცინებს ცდიან.

რაც შეეხება კორონავირუსის საწინააღმდეგო  ვაქცინის ე.წ მესამე მსოფლიო ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, გამოცდას, “მითების დეტექტორმა” ამის შესახებ ინფორმაცია ადრეც გადაამოწმა. ამ ეტაპზე, ცნობილია, რომ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ტესტირებაში მოხალისეები 162 ქვეყნიდან არიან ჩართულნი, მათ შორის ისეთი განვითარებული ქვეყნებიდან როგორიცაა აშშ, კანადა და დიდი ბრიტანეთი. შესაბამისად, ის მტკიცებულება, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ე.წ მესამე მსოფლიო ქვეყნებში ცდიან, კონსპირაციაა.

შექმნა თუ არა რუსეთმა ვაქცინა და ვის სურს მისი შეძენა?

რუსეთის ვაქცინის არსებობის, უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” ერთხელ უკვე გადაამოწმა. პუტინის თქმით, რუსეთის მიერ დარეგისტრირებულმა ვაქცინამ, sputnik V, ყველა საჭირო შემოწმება გაიარა და იგი, ასევე, მისმა ქალიშვილმაც კი გაიკეთა. როგორც ოფიციალური წყაროები იუწყებიან, მასობრივი ვაქცინაცია ოქტომბრიდან იგეგმება. საერთაშორისო სკეპტიციზმი გამოიწვია კვლევების ოფიციალური მონაცემების არარსებობამ, მაშინ, როცა ქვეყანამ ვაქცინა უკვე დაამტკიცა იქამდე, სანამ მოხდებოდა მისი მე-3 ფაზაში გადაყვანა. სწორედ ამიტომ, საერთაშორისო ექსპერტებმა გამოთქვეს შეშფოთება რუსეთის ვაქცინაზე მუშაობის სიჩქარის შესახებ და ისინი ვარაუდობენ, რომ, შესაძლოა მკვლევრებმა გარკვეული საკითხები უგულებელყვეს. საერთაშორისო კრიტიკის ფონზე, რუსეთმა ვაქცინის ავტორიზაციას “პირობითი რეგისტრაციის სერტიფიკატი” უწოდა და განაცხადა, რომ გაიზრდებოდა მთავარი კლინიკური კვლევების დაფარვა. თუ აქამდე კვლევა იგეგმებოდა  1,600-2,000 ადამიანზე, ახლანდელი მონაცემებით მათი რაოდენობა გაიზარდა 40,000-მდე, მათ შორისაა საკონტროლო ჯუფიც.

დამოუკიდებელმა სამედიცინო ჟურნალმა “The Lancet” გამოაქვეყნა sputnik V-ის ტესტირების 1/2 ფაზის შედეგები და ანალიზი. ოფიციალური წყაროს მიხედვით, ვაქცინამ გამოიწვია ძლიერი იმუნური რეაქცია ყველა მონაწილეში, რომელთა საერთო რაოდენობა იყო 76. ისეთი მარეგულირებელი დაწესებულებებისთვის, როგორიცაა ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების ეროვნული სააგენტო და ევროპის სამედიცინო სააგენტო, იმუნური რეაქცია საკმარისი არ იქნებოდა ვაქცინის დამტკიცებისთვის. Imperial College London-ის ექპერიმენტული მედიცინის პროფესორის, Peter Openshaw-ის თანახმად, იმუნური რეაქცია შეიძლება არ იყოს ვირუსისგან დაცვის ხარისხის პირდაპირპროპორციული - ამის გაგება მხოლოდ ფართომსაშტაბიანი კვლევებით შეიძლება.

რაც შეეხება, Sputnik V-ის დისტრიბუციას, პირდაპირი რუსული ინვესტიციის ფონდის (RDIF) თანახმად, RDIF და გლობალურმა ფარმაცევტულმა კომპანიამ Dr. Reddy’s Laboratories Ltd დადეს შეთანხმება კლინიკურ კვლევებში თანამშრომლობაზე და ინდოეთში  Sputnik V-ის ვაქცინის დისტირბუციაზე. შეთანხმების თანახად, ინდოეთის მარეგულირებელი ორგანოს მიერ დამტკიცებისას და Sputnik V-ის რეგისტრაციის შემდგომი კვლევების შედეგების გათვალისწინებით, RDIF Sputnik V ვაქცინის 100 მილიონი დოზით უზრუნველყოფს Dr. Reddy-ს. 11 სექტემბერს იდენტური შეთანხება დაიდო RDIF-სა და ბაჰიას შტატს (ბრაზილია) შორის ვაქცინის 50 მილიონი დოზის დისტრიბუციაზე როგორც ბაჰიას შტატში, ასევე მთელ ბრაზილიაში. 9 სექტმბერს კი RDIF-მა და ფარმაცევტულმა კომპანიამ Landsteiner Scientific გააკეთეს განცხადება, რომლის მიხედვით რუსეთი მექსიკას უზრუნველყოფს Sputnik V ვაქცინის 32 მილიონი დოზით, რაც საკმარისი იქნება მოსახლეობის 25%-ს ვაქცინირებისთვის. ვაქცინის გადაცემის პროცესი სავარაუდოდ დაიწყება 2020 წლის ნოემბერში, მექსიკის მარეგულირებელი ორგანოს დამტკიცების შემდეგ.

Sputnik V-ის დისტირბუციის საკითხი ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია, ვინაიდან, შეთანხმების მიუხედავად, არ არის დამტკიცებული მექსიკის, ინდოეთისა და ბრაზილიის მარეგულირებელი ორგანოების მიერ. რაც მთავარია, ინდოეთისა და ბრაზილიის შემთხვევაში, ითვალისწინებენ Sputnik V-ის რეგისტრაციის შემდგომი კვლევის შედეგსაც.


მოამზადა თამარ ჩხარტიშვილმა
მითების დეტექტორის ლაბორატორია