წერს თუ არა შვაბი რელიგიისა და კერძო საკუთრების აკრძალვაზე და საიდან იღებს სათავეს 21/30-ის კონსპირაცია?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

3k
VIEWS

31 იანვარს ფეისბუქ-პროფილმა  Daji Mamulashvili გამოაქვეყნა პოსტი, რომლის მიხედვითაც, ის “ახალი მსოფლიო წესრიგის” 9 მახასიათებელზე საუბრობს. მისი მტკიცებით, ეს პუნქტები ამონარიდებია კლაუს შვაბის წიგნიდან, თუმცა ის არ აკონკრეტებს, თუ რომელი წიგნიდანაა მოყვანილი აღნიშნული პუნქტები.

ჩამოთვლილ პუნქტებში, პოსტის ავტორის მტკიცებით, შედის ერთნაირქესიანთა ლეგალური ქორწინება, ტრადიციული ოჯახის ინსტიტუტის არსებობის შეწყვეტა, ბავშვების აღზრდა მშობლებისგან განცალკევებით სახელმწიფოს მიერ, კერძო საკუთრების უფლების ჩამორთმევა, რელიგიების უკანონოდ გამოცხადება და ახალი რელიგიის შექმნა, რომელიც ადამიანისა და მისი ტვინის თაყვანისცემას ითვალისწინებს.

პოსტს კლაუს შვაბისა და ინგლისურენოვანი ტექსტის ფოტო ახლავს, რომელსაც სათაურად წერია “ახალი მსოფლიო წესრიგი 21/30”.

;

პოსტის ავტორის მტკიცება, თითქოს მის მიერ ჩამოთვლილი “ახალი მსოფლიო წესრიგის აუცილებელი ატრიბუტები” კლაუს შვაბის წიგნიდან ამონარიდებია, მცდარია. შვაბის წიგნებში მსგავსი ციტატები არ იძებნება. რაც შეეხება გაეროს “ახალი მსოფლიო წესრიგი 21/30-ის” ფოტოს, ამგვარი დოკუმენტი არც ღია წყაროებშია ხელმისაწვდომი და მის არსებობას გაეროს წარმომადგენლებიც უარყოფენ, აღნიშნული კონსპირაცია კლაუს შვაბთან მანიპულაციურადაა დაკავშირებული.

გერმანელი ინჟინერისა და ეკონომისტის, კლაუს შვაბის წიგნებიდან ორი,  COVID-19: დიდი გადატვირთვა და მე-4 ინდუსტრიული რევოლუცია ელექტრონულად ხელმისაწვდომია, თუმცა გავრცელებულ პოსტში მოყვანილი ციტატები მასში არ იძებნება.

პოსტში ჩამოთვლილი თემების უმეტესობაზე წიგნში “COVID-19: დიდი გადატვირთვა” გაკვრით და აბსოლუტურად სხვა კონტექსტითაა საუბარი, მაგალითად ლგბტქ თემის უფლებები და რელიგია წიგნში სულ რამდენჯერმეა ნახსენები. შვაბი წერს, რომ მსოფლიოში ახალგაზრდული აქტივიზმი იზრდება, ისინი მრავალ საკითხზე მუშაობენ, მათგან ერთ-ერთი კი ლგბტქ უფლებებია, რელიგიასთან დაკავშირებით კი შვაბი სიტყვა “კარანტინს” ახსენებს და წერს, რომ ის იტალიური სიტყვა quaranta-დან მოდის, რაც 40-ს ნიშნავს, 40 კი სიმბოლური და რელიგიური რიცხვია.

წიგნი აქტიურად განიხილავს ეკონომიკურ საკითხებს, თუმცა მასში კერძო საკუთრების უფლების ჩამორთმევაზე, ასევე ტრადიციული ოჯახის ინსტიტუტთან დაკავშირებულ რაიმე საკითხზე არაფერი წერია. კერძო სექტორზე წიგნში ნათქვამია, რომ კოვიდის შემდგომ მსოფლიოში წახალისებული იქნება სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობა, რათა კერძო კომპანიებმა გლობალური რისკების შემსუბუქებაში მიიღონ მონაწილეობა.

კლაუს შვაბისა და ტიერი მალერეტის წიგნი “COVID-19: დიდი გადატვირთვა” 2020 წლის 9 ივლისს გამოიცა.

წიგნი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ მაგალითებს, პროგნოზებსა და იდეებს იმის შესახებ, თუ როგორი შეიძლება იყოს პოსტ-პანდემიური მსოფლიო. წიგნი სამი ძირითადი თავისგან შედგება: პირველი თავი აფასებს, რა გავლენას მოახდენს პანდემია ხუთ საკვანძო მაკრო კატეგორიაზე: ეკონომიკურ, საზოგადოებრივ, გეოპოლიტიკურ, გარემო და ტექნოლოგიურ ფაქტორებზე. მეორე კონკრეტულ ინდუსტრიებსა და კომპანიებზე გავლენებს განიხილავს, მესამე თავი კი შესაძლო შედეგების ხასიათის ინდივიდუალურ დონეზე ჰიპოთეტურ განხილვას გვთავაზობს.

;

პოსტში მოყვანილი ციტატები არც კლაუს შვაბის მე-2, 2016 წელს გამოცემულ წიგნში “მე-4 ინდუსტრიული რევოლუცია” იძებნება. ჰომოსექსუალთა ქორწინება ან ლგბტქ თემი ამ წიგნში ნახსენები საერთოდ არაა. რაც შეეხება რელიგიას, შვაბი მის უკანონოდ გამოცხადებაზე არ წერს, ის აღნიშნავს, რომ მე-4 ინდუსტრიულმა რევოლუციამ შესაძლოა, ღრმად რელიგიურ და სეკულარულ საზოგადოებებს შორის დაძაბულობა გააძლიეროს.

შვაბი ასევე წერს, რომ მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის დროს, ქალები და მათთან დაკავშირებული ე.წ ქალური პროფესიები უფრო საჭირო გახდება, თუმცა ის არ წერს, რომ ქალებს დიასახლისობის უფლება აღარ ექნებათ. არაფერია ნათქვამი კერძო საკუთრების ჩამორთმევის შესახებ.

რაც შეეხება ოჯახის ინსტიტუტს, შვაბი წერს, რომ მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის ხანაში ოჯახის სტრუქტურის ახლებური განსაზღვრა ხდება, თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს ტექსტი მობილობასთან დაკავშირებულ ქვეთავშია მოქცეული, რომლის ძირითადი აზრი ისაა, რომ გამარტივებული მობილობა მსოფლიოს გარშემო სამომავლოდ საზოგადოებასა და ეკონომიკაში უფრო მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, ვიდრე დღეს. შვაბი წერს, რომ ოჯახები ციფრული საშუალებების დახმარებით მთელ მსოფლიოსთან კავშირს ამყარებენ და ტრადიციული ოჯახის ერთეული ტრანსნაციონალური საოჯახო ქსელით იცვლება.  ფეისბუქ პოსტში მოყვანილი ციტატა, თითქოს ტრადიციული ოჯახის ინსტიტუტის შეწყვეტა ახალი მსოფლიოს წესრიგის გეგმის ნაწილია, სავარაუდოდ სწორედ შვაბის წიგნის “მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის” ზემოაღნიშნული ნაწილის ინტეპრეტაციაა.

;

კლაუს შვაბს კიდევ რამდენიმე წიგნი აქვს დაწერილი, რომლებიც ამ ორი წიგნის მსგავსი თემატიკისაა, მათ შორისაა “მე-4 ინდუსტრიული რევოლუციის ფორმირება”, მისი ელექტრონული ვერსია ინტერნეტში ხელმისაწვდომი არ არის.

პოსტი კლაუს შვაბის წიგნსა და ე.წ ახალი მსოფლიო წესრიგის 21/30-ს გეგმის კონსპირაციის თეორიას მანიპულაციურად აკავშირებს. გაეროს ახალი მსოფლიო წესრიგის 21/30 გეგმის კონსპირაცია 2020 წლის მაისიდან მოყოლებული ვრცელდება. ამგვარი დოკუმენტი ღია წყაროებით არ იძებნება და მსგავსის არსებობას გაეროს წარმომადგენლებიც უარყოფენ.

ამ თემაზე ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატიაში:
არსებობს თუ არა გაეროს საიდუმლო დოკუმენტი ახალი მსოფლიო წესრიგის შესახებ?

გარდა ამისა, “დიდი გადატვირთვა” მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ 2020 წელს შემუშავებული ინიციატივის სახელწოდებაცაა, მისი მიზანი COVID-19-ით გამოწვეული საერთაშორისო კრიზისის მართვის და წარმოქმნილი პრობლემების გრძელვადიანი გადაჭრების გზების მოძიებაა.

კონსპირაციის თეორიები კი დიდ გადატვირთვას ელიტების მიერ ტოტალური ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად გაწერილ სცენარად წარმოაჩენენ.

ამ თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატია:
რა საერთო აქვთ katyusha.org-ს, Geworld-სა და tvm.ge-ს? 


არქივის ბმული: Daji Mamulashvili 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს – შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
ქვეყანა/ორგანიზაცია: გაერო
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist