თვალსაზრისი

დეზინფორმაცია - ბოროტი ექიმის საქმე

26 დეკემბერი, 2019

დღეს ჩვენს სწორედ იმ მოცემულობაში ვცხოვრობთ, სადაც ცრუ ამბების, საინფორმაციო მანიპულაციების, მიზანმიმართული პროპაგანდის - ფართო გაგებით კი დეზინფორმაციის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ყველა და ყველგან, განსაკუთრებით კი ის, ვინც ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით ყველაზე ფართო პლატფორმას იყენებს,  ანუ ინტერნეტ მომხმარებელი. პოტენციური მსხვერპლის ეს ნაწილი კი, თავის მხრივ, არის ამომრჩეველი.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოვებასთან ერთად, სულ უფრო პოპულარული ხდება დისკუსიები იმაზე, თუ როგორია დეზინფორმაციის გავლენა ამომრჩეველზე.  საარჩევნო პერიოდში, როგორც წესი, დესტრუქციული ჯგუფები ღირებულებით თემატიკაზე აკეთებენ გათვლას და საინფორმაციო კამპანიას სწორედ ამ აქცენტებით აყალიბებენ.  კრემლისტური ძალები ხშირად მიმართავენ ყალბ ფეისფბუქ ანგარიშებს, რომლითაც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ერთმანეთთან დაპირისპირებას ცდილობენ და ხშირად წარმატებით ართმევენ ამ ამოცანას თავს.  ატლანტიკური საბჭოს ექსპერტი, იაკუბ კალენსკი ამბობს, რომ ამ კამპანიების მიზანი საზოგადოების პოლარიზაციაა.  ჩვენთან საუბრისას ექსპერტი შეეცადა აეხსნა, თუ როგორ მუშაობს ეს სისტემა.

“რუსული ან კრემლისტური დეზინფორმაციული კამპანიები ხშირად გამოყენებულია შიშისა და სიძულვილის დასათესად. ამ კონტექსტში უნდა ითქვას, რომ მანიპულირებენ იმ თემატიკით, რომელიც ეროვნულ ღირებულებებსა თუ ჰომოფობიას უკავშირდება.  დეზინფორმატორის საქმე ხშირად ბოროტი ექიმის საქმეს ჰგავს - ის ცდილობს პაციენტს დაუსვას ზუსტი დიაგნოზი, პოულობს მის ყველაზე დიდ სისუსტეს და შემდეგ ცდილობს, მისი მდგომარეობა გააუარესოს. ეს სისუსტე ყველა ქვეყანაში სხვადასხვაა, მაგალითად აშშ-ში ყველაზე მეტად ბოროტად იყენებენ  რასიზმის თემატიკას, ბევრ ევროპულ სახელმწიფოში კი მიგრანტთა და ლტოლვილთა თემატიკა მუშაობს კარგად. აღმოსავლეთ ევროპაში ასეთია ჰომოფობიური პროპაგანდა,“- აღნიშნავს იაკუბ კალენსკი.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის  საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) სწორედ არჩევნებში სოციალური მედიის გავლენაზე გაამახვილა ყურადღება. კვლევაში, რომელიც ღირებულებით საკითხებზე პროპაგანდისტულ ნარატივებს იკვლევდა, საუბარია იმაზე, თუ როგორ ცდილობენ კრემლისტური ძალები ზეგავლენა მოახდინონ საზოგადოებაზე, ყალბი ფეისბუქ ანგარიშების მეშვეობით.  2018 წლის საარჩევნო პერიოდში შესწავლილმა 52 ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულმა 22,606 პოსტმა 6 გავრცელებულ ნარატივი გამოავლინა: ნაციონალისტური, ქსენოფობიური, ისლამოფობიური, ანტიდასავლური, ანტილიბერალური და ჰომოფობიური. დოკუმენტის ავტორები ამბობენ, რომ პოსტების მიზანი ღირებულებით ნაწილში საზოგადოებრივი ჯგუფები ერთმანეთთან დაეპირისპირება, საზოგადოების პოლარიზება  იყო

კვლევის მიხედვით, ღიად ანტიდასავლური პროპაგანდა ძირითადად  ევროსკეპტიკურ და ნატოს წინააღმდეგ მიმართულ გზავნილებს ემყარება.  ხშირ შემთხვევაში ისინი ქვეყნისთვის “ლიბერალური ღირებულებების თავზე მოხვევის გამო”ევროკავშირის პოლიტიკას აკრიტიკებს:

ევროსკეპტიციმზი და ნატოს საწინააღმდეგო გზავნილები ფეისბუკ გვერდზე - “ ახალგაზრდული ლეგინო - BlackOut “  :

3. „1.პლანის ლეგალიზება 2. უცხოელების ასე მასშტაბურად ჩამოსახლება 3. უცხოელებზე მიწების გაყიდვა 4. დაბალი პენსიები და ხელფასები 5. პოლიტიკოსების მაღალი ხელფასები, რომლებსაც არ იმსახურებენ 6. LGBT საზოგადოების დაცვა 7. LGBT საზოგადოებაზე და უცხოელებზე მეტი უფლებების მინიჭება, ვიდრე ქართველებზე 8. არანაირი მცდელობა დაკარგული მიწების დასაბრუნებლად, მაგ : ჰერეთი, ტაო, ლორე, აფხაზეთი და სამაჩაბლო 9. ევროკავშირში შესვლის მცდელობა, იქ სადაც ერები ირყვნებიან და თან მოთხოვნების ნახევარიც არ აქვთ დაკმაყოფილებული 10. ნატოში შესვლის მცდელობა, მაშინ როცა 140 მილიონიანი აგრესორი მეზობელი, მტერი ქვეყანა ომით გვემუქრება „ნატოში თუ შევალთ“ - ეს საქართველოს პრობლემების ნაწილია“.

პროპაგანდისტულ გვერდების მიერ ყველაზე ხშირად ნაციონალისტური ნარატივები ვრცელდებოდა, რომელთაც ძირითადად რადიკალური და ეთნიკური ნაზიონალიზმის  სახე ჰქონდა და ყველა სხვა ეთნიკური წარმოაშობის ადამიანების მიმართ დისკრიმინაციას შეიცავდა.

ეთნიკური ნაციონალიზმი: ფეისბუკ გვერდებზე  “Mystar.Ge “ და “ეროვნულ ძალა” :
„ რასაც ვამბობდით, ისე ხდება ყველაფერი! ქართველი ერი უმცირესობაში ექცევა ჩვენს მიწაზე და აზერბაიჯანელების უდიდესი მატება შეინიშნება. აღწერის თანახმად სამი გვარი ლიდერობს საქართველოში - ბერიძე, მამედოვი და ალიევი. ეს ტრაგედიაა! არცერთ ქვეყანაში არ არსებობს ასეთი ანალოგი, რომ ეთნიკურად სხვა ხალხი მეორე და მესამე ადგილას იყვნენ გვარების მიხედვით“.

ISFED-ის კველვის მიხედვით, ქსენოფობიურ გზავნილებს შორის, ანტისაიმიგრაციო ნარატივები ჭარბობდა. ფეისბუკ გვერდები ხშირად კრიმინალურ შემთხვევებს აშუქებდნენ და აზიური და აფრიკული წამროშობის მიგრანტების მიერ ჩადენულ დანაშაულებებზე აკეთენბდნენ აქცენტს. ზოგიერთი გავრცელებული ინფორმაცია კი სიცრუე იყო. მითების დეტექტორმა გადაამოწმა  “ქართული ძალის” მიერ 2018 წლის 27 თებერვალს გავრცელებული ვიდეო, თითქოს ავღანელი მიგრანტი გერმანელ ქალს კიბეებიდან აგორებს. აღმოჩნდა, რომ  ინციდენტში არა ავღანელი მიგრანტი, არამედ წარსულში ნასამართლევი, 27 წლის სვეტოსლავ სტოიკოვი მონაწილეობდა ბულგარეთიდან.

გავრცელებული დეზინფორმაცია  და მანიპულაციური ინფორმაცია ხშირ შემთხვევაში საზოგადოებაში შიშების დათესვას ან მის გაღვივებას უწყობს ხელს.

იაკუბ კალენსკის განმარტებით,  დეზინფორმაცი საზოგადოების დასუსტებას ისახავს მიზნად.:

„კრემლისტური ძალები ცდილობენ შიშისა და ზიზღის გავრცელებას იმისთვის, რომ მოახდინონ საზოგადოების პოლარიზება, გააჩინონ  ერთგვარი ისტერია. რაც უფრო ისტერიულია სოციუმი, ნაკლებია რაციონალიზმი, შესაბამისად უფრო მარტივია დეზინფორმაციული კამპანიით მათი მანიპულირება. თემები განსხვავდება როგორც ქვეყნების, ასევე სამიზნე აუდიტორიის მიხედვით. ხშირად ეს არის რასისტული თუ  ლგბტ თემატიკა, მიგრანტებისა თუ ელიტების შიშის დანერგვა. თუმცა მიზანი ყოველთვის ერთია, რომ მოხდეს სამიზნე მოსახლეობაში დესტაბილიზაცია, რომ მათ სულ უფრო მეტად ეშინოდეთ და იყვნენ სულ უფრო ისტერიულები და მოწყვლადები,“- ამბობს იაკუბ კალენსკი.


საფრთხეების პარალელურად ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, მათ შორის გაერთიანების ფარგლებში არსებობს ინიციატივები, რომლითაც დეზინფორმაციასთან ბრძოლაა შესაძლებელი. აქტიურობა ამ მხრივ ბრიუსელში 2015 წელს დაიწყო, რა დროსაც ევროკავშირში სტრატეგიული კომუნიკაციების გუნდი დაკომპლექტდა, 2018 წლის დეკემბერში ევროკავშირში მიიღეს დეზინფორმაციასთან ბრძოლის სამოქმედო გეგმაც. საქართველოს შემთხვევაში დეზინფორმაციასთან ბრძოლა სტრატეგიული კომუნიკაციების სტრატეგიის ნაწილია,  გარდა ამისა, საქართველოს პარტნოირები, მათ შორის ,  ევროაკავშირი ქვეყანას აქტიურად ს აძლევს რეკომენდაციებს , რომლითაც მათი თქმით, დეზინფორმაციის ნეგატიური გავლენის მაქსიმალური შემცირებაა შესაძლებელი, ერთერთი რეკომენდაცია კი  კი ქვეყნის შიგნით მედიაგარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობაა. კარლ ჰერცელი, ევროიკავშირის ელჩი საქართველოში სწორედ მედიის მნიშვნელობაზე ამაცვილებს ყურადრებას.

„დეზინფორმაციასთან ბრძოლაში წარმატების მისაღწევად აუცილებელია ისეთი ადგილობრივი საინფორმაციო სივრცის ხელშეწყობა, რომელსაც მოქალაქეები ენდობიან. ამ მხრივ, უდიდესი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ თავისუფალ მედიას, არამედ პასუხისმგებლიან და პროფესიონალურ მედიას, რაზეც მუშაობა პარალელურად უნდა მიმდინარეობდეს, რადგან ადგილობრივი მედიის მიმართ ნდობის ნაკლებობა მოქალაქეთა დაუცველობას იწვევს გარედან მომავალი მანიპულაციების პირისპირ, არსებობს კავშირი ადგილობრივად არასწორი, არასათანადო ინფორმაციის გავრცელებასა და გარე დეზინფორმაციისგან დაუცველობას შორის,“ - აღნიშნა კარლ ჰერცელმა, ევროკავშირის ელჩმა  საქართველოში.

დეზინფორმაციასთა ბრძოლის მიმართულებით ევროკავშირი მომდევნო თვეებში  საქართველოს დამატებით რესურსებს გამოყოფას გეგმავს, რაც საბოლოოდ ამ საქმეში ერთობლივ ძალისხმევას მოხმარდება. მათ შორის იმ უკვე კარგად ნაცნობი ნარატვების წინააღმდეგ ბრძოლას, რომელიც საქართველოში პრო-რუსული განწყობების ამაღლებას ემსახურება, ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივისთვის ჩრდილის მიყენებისა და საზოგადოების პოლარიზების გზით, რაც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას უქმნის საფრთხეს.


მარიამ მენაბდე 
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის კორესპოდენტი სპეციალურად “მითების დეტექტორისთვის”
სტატია პროექტის #FIGHTFAKE-ის ფარგლებში მომზადდა, რომელსაც MDF-ი მის პარტნიორ ორგანიზაცია Deutsche Gesellschaft e.V.-თან ერთად ახორციელებს