დეზინფორმაცია, თითქოს 1991 წელს ლიტველები საბჭოთა ჯარის ნაცვლად ლიტველებმა დახოცეს

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

hqdefault_1
3.8k
VIEWS

გაზეთ “ასავალ-დასავალის” 24 მაისი-4 ივნისის ნომერში გამოქვეყნდა ტრისტან წითელაშვილის ინტერვიუ, სადაც იგი აცხადებს, რომ 1991 წლის 13 იანვარს ლიტველებს ცეცხლი არა საბჭოთა ჯარმა, არამედ მოძრაობა “საიუდისის” ერთ-ერთმა ლიდერმა აუდრიუს ბუტკიავიჩუსმა გაუხსნა.

ტრისტან წითელაშვილი, სამხედრო ექსპერტი:

…მაიდანზე გვერდით ამოუყენეს ლიტვის თავდაცვის ყოფილი მინისტრი აუდრუს ბუტკიავიჩუსი, რომელმაც ადრე თავი იმით გამოიჩინა, რომ 1991 წლის 13 იანვარს საკუთარ ხალხს ვილნიუსის ტელეცენტრთან ცეცხლი გაუხსნა, რათა მსხვრეპლით აღშფოთებული საზოგადოების ტალღას დაყრდნობოდა. მართლაც ასე მოხდა – სისხლისღვრა საბჭოთა ჯარს დაბრალდა და საბჭოთა კავშირიდან ლიტვის გამოსვლაში სწორედ ამ მოვლენამ შეასრულა გადამწყვეტი როლი, ბუტკიავიჩუსს კი ამაგი დაუფასდა და სისხლისმსმელი დამნაშავე ლიტვის თავდაცვის მინისტრად დაინიშნა.

აღნიშნული განცხადება დეზინფორმაციაა, რადგან არსებობს ჩანაწერები და გამოძიება, რომელიც ადასტურებს თუ როგორ გაუსწორდა საბჭოთა ჯარი ლიტვაში 1991 წლის 13 იანვარს მშვიდობიან პროტესტანტებს, რასაც შედეგად 14 გარდაცვლილი და 1000-მდე დაზარალებული ადამიანი მოჰყვა.

1991 წლის 13 იანვრის მოვლენები

1990 წლის 11 მარტს ლიტვამ დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა და საბჭოთა კავშირს გამოეყო. დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 1 წლის თავზე, 1991 წლის 10 იანვარს საბჭოთა კავშირის ლიდერმა მიხელ გორბაჩოვმა ლიტვას საბჭოთა კავშირის კონსტიტუციის აღდგენის და ანტიკონსტიტუციური კანონმდებლობის გაუქმების ულტიმატუმი წაუყენა, რაზეც ლიტვის პარლამენტმა, ვიატაუტას ლანდსბერგისის მეთაურობით უარი განაცხადა. 8-9 იანვრისთვის ლიტვაში საბჭოთა ჯარის რამდენიმე სპეციალური დანაყოფი იყო გადასროლილი, მათ შორის ცნობილი ანტიტერორისტული ალფა ჯგუფი და ფსკოვის საჰაერო სადესანტო მოიერიშეთა ბრიგადის მედესანტეები. სამხედრო კონტიგენტის შეყვანის ოფიციალურ მოტივად კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა დასახელდა. 1991 წლის 11 იანვარს საბჭოთა ჯარმა პრესის სახლი დაიკავა, რის შემდეგაც ათასობით შეუიარაღებელი ლიტვის მოქალაქე დამოუკიდებლობის დასაცავად პარლამენტისა და სატელევიზიო ცენტრის წინ შეიკრიბა. 13 იანვრის გამთენიისას საბჭოთა ჯარმა ლიტვის სატელევიზიო ცენტრს შეუტია. შეტაკების შედეგად 14 ადამიანი გარდაიცვალა, 1000-მდე კი დაშავდა.

1991 წლის 13 იანვარი ვილნიუსი. საბჭოთა ჯარი მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. წყარო: AFP

 

1991 წლის 13 იანვარი ვილნიუსი. საბჭოთა ჯარი მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. წყარო: AFP

დეზინფორმაცია პირველად რუსმა ჟურნალისტმა ალექსანდრ ნევზოროვმა გაავრცელა

დეზინფორმაცია, თითქოს ლიტველების დახოცვაში საბჭოთა ჯარს ბრალი არ მიუძღვის, პირველად ლენინგრადის ადგილობრივი არხის რუსული გადაცემის “600 წამის ” ავტორმა ალექსანდრ ნევზოროვმა გაავრცელა. იგი ლიტვაში მიმდინარე იანვრის მოვლენებს აშუქებდა. 15 იანვარს , ცენტრალური ტელევიზიის პირველი არხის ეთერში ნევზოროვის 15 წუთიანი პროპაგანდისტული ფილმი “ჩვენები” გავიდა, სადაც ავტორი საბჭოთა ჯარს სამშობლოსათვის თავდადებულ გმირებად წარმოაჩენს.

ფილმის მიხედვით, საბჭოთა ჯარი ძალის გამოყენებას არ აპირებდა. ფილმში ასევე ნათქვამია, რომ ლიტვის მთვარობა იტყუება, როდესაც დემონსტრანტების სიკვდილს საბჭოთა ჯარს აბრალებს. ჟურნალისტის თქმით, ადამიანები გულის შეტევასა და მანქანების მოძრაობას ემსხვერპლნენ.

” შფოთავენ პოლიტიკოსები, დიდები და პატარები, ბინძურები. ლიტვური კოშმარის ხარჯზე სახელს იხვეჭენ. მაგრამ მათ, არც ერთ მათგანს, მყვირალს და გაგიჟებულს არ შეუძლია და არ უნდა გაიგოს , რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება მსხვერპლად შევწიროთ ასობით ათასი ჩვენი უკრაინელი, რუსი, პოლონელი. მათზე არავინ იფიქრა და არც არავინ იფიქრებს. უფრო ადვილია შენიღბოს არმიით, მოიტყუონ მოიტყუონ, მოიტყუონ, არ დაფიქრდნენ, დაჩაგრონ, დაბეჭდონ მსხვერპლის ფოტოები, რომლებიც როგორც შემოწმების შედეგად აღმოჩნდა გულის შეტევის და ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად არიან დაღუპულები .”

1991 წლის 17 იანვარს ნევზოროვის ფილმს The New York Times გამოეხმაურა. ამერიკული გამოცემა აღნიშნავს, რომ ფილმში ნევზოროვი მოვლენებს მხოლოდ ერთი მხრის პოზიციიდან, ტენდენციურად აშუქებდა. მას ინტერვიუ არც ერთი ლიტველისგან არ აუღია. გამოცემა ასევე ხაზს უსვამს, რომ ერთ-ერთ კადრში ჟურნალისტი თავადაც შეიარაღებულია და მხარზე “კალაშნიკოვის” ტიპის იარაღი აქვს გადაკიდებული.

 კადრი დოკუმენტური ფილმიდან "ჩვენები”: ალექსანდრ ნევზოროვი იარაღით ხელში

 

ვილნიუსის მოვლენებიდან ცოტა ხნის შემდეგ, 1991 წლის ნოემბერში ნევზოროვმა სახალხო განმათავისუფლებელი მოძრაობა “ჩვენები” დააარსა, რომლის მიზანიც რუსეთის იმჟამინდელ ადმინისტრაციისა და სხვა ყოფილი საბჭოთა ქვეყნების წინააღმდეგ მიმართულ, ანტი-ნაციონალურ პოლიტიკასთან ბრძოლა იყო. მოძრაობა საბჭოთა კავშირის აღდგენას უჭერდა მხარს.

დეზინფორმაციის მთავარი გამავრცელებელის, ალგირდას პალეცკისის საქმიანობა კრემლის მიერ ფინანსდებოდა

ანალოგიურ ვერსიას ლიტველი პოლიტიკოსი ალგირდას პალეცკისიც აქტიურად ავრცელებდა. მისი თქმით, 1991 წლის იანვარში ცეცხლი არა “ომონის” ჯარისკაცებმა, არამედ ლიტვურმა დამოუკიდებელმა მოძრაობა “საიუდისმა” გახსნა, რომლის ერთ-ერთი ლიდერიც აუდრიუს ბუტკიავიჩუსი იყო. ცილისწამებისა და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ლიტვის უზენაესმა სასამართლომ პალეცკისს 3000 ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრა. მის მიერ გავრცელებულ კონსპირაციულ თეორიაზე დაყრდნობით, რუსული “პირველი არხის” გადაცემამ  “ადამიანი და კანონი” ერთ საათიანი ფსევდო-დოკუმენტური ფილმი მოამზადა.

STOPFAKE.ORG-ის ინფორმაციით, ალგიდრას პალეცკისი არასამთავრობო ორგანიზაცია ” ლიტვა ნაციზმის გარეშე”-ს ერთ-ერთი დამფუძნებელია, რომელიც საფრანგეთში დარეგისტრირებული “მსოფლიო ნაციზმის გარეშე”-ს ერთ- ერთი ფრთაა. ორგანიზაციას ყოფილი რუსი პოლიტიკოსი ბორის შპიგელი აფინანსებს. ეს უკანასკნელი კრემლთან დაახლოვებული პირია. ოფიციალურად, ორგანიზაციის მთავარი მიზანი ნაციზმის ზრდასა და ფაშისტური იდეების წინააღმდეგ ბრძოლაა. თუმცა, სინამდვილეში ორგანიზაცია ხშირად რუსეთის საგარეო პოლიტიკის გამტარ ინსტრუმენტად გამოიყენება. Stopfake.org-ის ცნობით, ორგანიზაციის საჯარო განცხადებები რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებებს ემთხვევა.

ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის კვლევების მიხედვით, 1991 წლის 13 იანვრის მოვლენებით მანიპულირება რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი გავრცელებული გზავნილია.

ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის (Center for European Policy Analysys CEPA ) ინფორმაციის მიხედვით, 2016 წლიდან 1991 წლის მოვლენების 25 წლისთავის მოახლოვებასთან დაკავშირებით, რუსული პროპაგანდა განსაკუთრებით გააქტიურდა. მთავარი მიზანი ისტორიული ფაქტების დამახინჯებით ხალხის დაბნევაა. რუსეთი ამისათვის ისეთ ტექნიკურ მეთოდებს იყენებს, როგორიცაა: ფაქტების უარყოფა და გაყალბება, პირადი მოსაზრებების ფაქტებად წარმოჩენა, კონსპირაციული თეორიების გავრცელება და კონტექსტით მანიპულირება.

PS. 1991 წლის ლიტვის მოვლენებმდე ორი წლით ადრე, 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა კავშირის ჯარმა რუსთაველის გამზირზე ქართველების მშვიდობიანი აქცია დაარბია. საბჭოთა აგრესიას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

 ტრისტან წითელაშვილის შესახებ:

ტრისტან წითელაშვილი ჯაშუშობის ბრალდებით იყო დაკავებული. მას ბრალად 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დრის რუსეთის ჯაშუშობა და მტრისათვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემა ედებოდა.

2013 წელს “ქართულმა ოცნებამ” წითელაშვილი პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლა.

2016 წელს გენშტაბის ყოფილმა უფროსმა გიგი კალანდაძემ განაცხადა, რომ წითელაშვილმა აგვისტოს ომის შემდეგ ქართული საიდუმლო სამხედრო ობიექტები ვიდეოკამერით გადაიღო, ხოლო ფირი რუსულ მხარეს გადასცა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე, რომლის ამსახველი ვიდეოჩანაწერი სააგენტო პატრიოტმა 2017 წლის 2 ივნისს გაავრცელა და რომლის თემა “დასავლური საფრთეები” იყო, წითელაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა და თქვა, რომ “საქართველო არის აშშ-ის მძევალი” და რომ “იან კელი პანკისში სირიიდან დაბრუნებულ ტერორისტებს შეხვდა”. წითელაშვილის თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მზადაა, საქართველოსთან ისაუბროს აფხაზეთისა და ოსეთის საკითხზე.

თემატიკა: ისტორია
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ლიეტუვა
წყარო

წყარო

ტრ
წითელაშვილი ტრისტან

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist