დეზინფორმაცია, თითქოს ევროკავშირიდან ქართველების დეპორტაცია რუსეთიდან 2006 წლის მასობრივი დეპორტაციის იდენტურია

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

დეზ
306
VIEWS

4 აპრილს ონლაინ-გამოცემა “საქართველო და მსოფლიოში” გამოქვეყნდა სტატია, სათაურით “ევროინტეგრაცია, ანუ “შალახო”, რომელიც “ველური ტანგოთი” გრძელდება”. სტატიაში საუბარია, რომ ევროპის ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეებს მასობრივად აძევებენ, რასაც ავტორი “ქართველების წმენდას” უწოდებს და შექმნილი ვითარების მიზეზად ასოცირების ხელშეკრულებას ასახელებს. უფრო მეტიც,” საქართველო დ მსოფლიო”  ევროკავშირიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციას, რუსეთის მიერ 2006 წელს ეთნიკური ქართველების გამოძევებას ადარებს.

Geworld.ge: “ალბათ, ყველას გაგვახსენდა ნაცების პერიოდში რუსეთიდან ქართველების მასობრივი დეპორტაცია და ამ თემაზე ატეხილი აჟიოტაჟი. რუსეთის ხელისუფლება და მთლიანად რუსეთი მაშინ “ბოროტების მანქანად” “ქართველთმოძულედ” და სხვა ათასი სალანძღავი ეპითეტით მოიხსენია საქართველოს ხელისუფლებამ. დღეს ანალოგიურს ევროპა აკეთებს და საქართველოს მთავრობის მხრიდან არათუ პროტესტი ისმის, არამედ პირიქით _ აქტიურ ხელშეწყობასაც ვხედავთ ამ პროცესისა. ნუ გაგვიკვირდება, თუ საქმე იქამდეც მივა, რომ ქართველების მასობრივი გამოდევნა ევროპის ქვეყნებიდან უაღრესად დადებით მოვლენად დაგვიხატონ და გვაზეიმონ კიდეც. როგორც ზემოხენებული “ვიზალიბერალიზაცია” გვაზეიმეს თავის დროზე _ დოკუმენტი, რომელშიც ყველაფერია გათვალისწინებული, გარდა საქართველოსთვის რამე მოსალოდნელი სარგებლისა…“ასოცირების ხელშეკრულების” უმთვარესი ევროპული მზაკვრობა იყო სწორედ ის, რომ საჭიროების შემთხვევაში ქართველებისგან “გაეწმინდათ” ევროპა”.

5-7 აპრილს  ვებ-გვერდმა Intermedia.ge და სხვადასხვა clickbait ვებ-გვერდებმა:  Timenews.ge,  videa.ge, ontime.ge, mignews.ge, websport.ge  გამოაქვეყნეს იდენტური შინაარსის ინფორმაცია, რომელიც ევროკავშირიდან ქართველების  დეპორტაციას ეხებოდა. სტატიას ყველა ვებ-გვერდზე თითქის მსგავსი სათაური ჰქონდა – “ევროპამ ქართველების მასობრივი დეპორტაცია დაიწყო”. გამოქვეყნებული მასალები კი სოციალურ ქსელებში სხვადასხვა შინაარსის მქონე გვერდებსა და  ჯგუფებში ვირუსულად გავრცელდა.

Intermedia.ge, Timenews.ge,  videa.ge, ontime.ge, mignews.ge, websport.ge : “ევროპაში ქართველების მასობრივი დეპორტაცია დაიწყო. დეპორტაციას წინ უძღოდა ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესი. იანვარში კი საქართველო ევროპის რამდენიმე სახელმწიფომ უსაფრთხო ქვეყნად აღიარა…როგორც ქართველი ემიგრანტები ამბობენ, საქართველოს დელეგაცია ევროპის სახელმწიფოებში ჩადის და მათ მთავრობას ეუბნება, რომ ქართველებს გამოსაქცევი არაფერი არ ჭირს, სოციალურად არ უჭირთ და ამიტომ ყველანი გამოადეპორტეთო.”

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს  ევროკავშირიდან საქართველოს მოქალაქეების მასობრივი დეპორტაცია ხდება, უსაფუძლოა, რადგან ოფიციალური სტატისტიკით, ბოლო 6 თვეში ევროკავშირიდან მხოლოდ 624 მოქალაქეა დეპორტირებული. ამ პროცესის რუსეთის მიერ 2006 წელს ეთნიკურად ქართველების გამოძევებასთან გაიგივება კი  არარელევანტურია, ვინაიდან პირველ შემთხვევაში დეპორტაციის საფუძველი – კანონმდებლობის დარღვევაა, მეორე შემთხვევაში 2,380 მოქალაქის მასობრივი დეპორტაციის საფუძველი კი ეთნიკური ნიშანი და პოლიტიკური მოტივი, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის მხრიდან ადამიანის უფლებების ხელყოფად ცნო.

   1. ბოლო 6 თვის განმავლობაში  ევროკავშირიდან საქართველოს 624 მოქალაქე გამოაძევეს

შსს-ს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ბოლო 6 თვის განმავლობაში (სექტემბერი, 2018 – თებერვალი, 2019) ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეთა დეპორტაცია მნიშვნელოვან ზრდას არ განიცდის. მითითებული პერიოდის განმავლობაში ევროკავშირიდან საქართველოს 624 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა.

"

წყარო: შსს

ამ პერიოდში ყველაზე მეტი დეპორტაცია თურქეთიდან (755 საქართველოს მოქალაქე) და ისრაელიდან (387 საქართველოს მოქალაქე) განხორციელდა.

   2. ევროკავშირის სახელმწიფოებიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციას საფუძვლად სამართლებრივი რეგულაციები უდევს, რუსეთის მიერ საქართველოს 2,380 მოქალაქის დეპორტაცია კი ეთნიკური ნიშნით განხორციელდა და მას პოლიტიკური საფუძველი ჰქონდა, რაც საერთაშორისო ორგანიზაციებმა და ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ადამიანის უფლებების ხელყოფად ცნეს.

ევროკავშირის ტერიტორიიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციას საფუძვლად უვიზო რეჟიმის პირობებისა და ადგილობრივი კანონმდებლობის დარღვევა უდევს.

2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ხელისუფლებამ ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ მასობრივი რეიდები მოაწყო. 2006 წლის სექტემბრის ბოლოდან 2007 წლის იანვრის ბოლომდე გაძევების ბრძანება საქართველოს 4 634 მოქალაქის მიმართ გაიცა, რის შედეგადაც 2,380 ადამიანი  რუსეთიდან გამოაძევეს, დანარჩენებმა კი ქვეყანა სასწრაფო წესით დატოვეს.

მასობრივი რეიდებისა და დეპორტაციის პროცესში საქართველოს 4 მოქალაქე დაიღუპა. ქართველების წინაააღმდეგ რეიდები ხორციელდებოდა ღირსების შემლახავი, დამამცირებელი მოპყრობითა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევით.

რუსეთის გადაწყვეტილებას ქართველების დეპორტაციის შესახებ პოლიტიკური მოტივი ედო საფუძვლად. რეიდებს წინ უძღოდა საქართველოში ჯაშუშობის ბრალდებით რუსი ოფიცრების დაკავება და ქართულ-რუსული ურთიერთობების გაუარესება.  რუსეთიდან დეპორტაცია ეთნიკური ნიშნით ხდებოდა. 2006 წლის 5 ოქტომბერს რუსეთის მიგრაციის ფედერალური სამსახურის პრესმდივანმა განაცხადა, რომ „ყოველი მეასე ქართველი დანაშაულს სჩადის, რაც იმას ნიშნავს, რომ ის კრიმინალია“. რუსეთის მიგრაციის ფედერალურ სამსახურში სპეციალური „ქართული დეპარტამენტი“ შექმნა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ადევნებდა თვალყურს.

საქართველოს მთავრობა აცხადებდა, რომ ეს იყო შურისძიება, რომელიც თბილისში 2006 წლის 27 სექტემბერს ოთხი რუსი ოფიცერის დაკავებას მოჰყვა.

საქართველოს მთავრობამ, ევროსასამართლოს წარუდგინა მტკიცებულებების სახით დოკუმენტაცია, რომლის მიხედვით დეპორტაციის  ზრდა იყო სპეციფიურად საქართველოს მოქალაქეებზე მიმართული პოლიტიკის შედეგი. დოკუმენტები გამოცემული იყო 2006 წლის ოქტომბერში სანქტ პეტერბურგის შინაგან საქმეთა პოლიციის ორგანოების, ასევე რუსეთის ფედერაციის მიგრაციის სამსახურის მიერ და ამ უწყებების თანამშრომლებს ფართო მასშტაბიანი ზომების მიღებას ავალებდა, გამოევლინათ მაქსიმალურად ბევრი საქართველოს მოქალაქე, რომელიც რუსეთში უკანონოდ ცხოვრობდა – იმ მიზნით, რომ  ისინი დაეკავებინათ და დეპორტაცია მოეხდინათ.

2019 წლის 31 იანვარს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ სახელმწიფოთაშორის სარჩელზე “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” მიიღო გადაწყვეტილება 2006-2007 წლებში რუსეთიდან 4 634 ეთნიკური ქართველის გამოძევებასთან დაკავშირებით. ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთის სახელმწიფომ ქართველების მიმართ დაარღვია პროტოკოლის მე-4 მუხლის (კოლექტიური გამოძევების), 5.1 (თავისუფლების უკანონო აღკვეთისა) და მე-3 (დაკავებისას არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის) მუხლები. რუსეთის ხელისუფლებას ქართვლებისთვის შესაბამისი ოდენობის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა, ჯამში 10 მილიონი ევრო.

Human Rights Watch-მა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტმა  და ადამინის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციამ წარადგინეს ანგარიშები რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეების გამოძევებასთან დაკავშირებით, სადაც ადამიანის საუბარი იყო ადამიანის უფლებების დარღვევასა და ადმინისტრაციული და სასამართლო ხელისუფლების კოორდინირებულად მუშაობის შესახებ.

 

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი, რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist