დეზინფორმაცია, თითქოს საერთაშორისო საზოგადოება ყირიმის ანექსიას შეეგუა

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

sanctions-russia
247
VIEWS

6 სექტემბერს, ტელეკომპანია კავკასიის თოქ-შოუ ბარიერში „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წევრმა ბესო დანელიამ განაცხადა, რომ ევროპელი და ამერიკელი ლიდერები ყირიმის ანექსიას შეეგუენ, რაც იმითაც დასტურდება რომ ბოლო პერიოდში საერთაშორისო დღის წესრიგში ყირიმის საკითხი აღარ ფიგურირებს.

ბესო დანელია, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა: „დაკარგეს ყირიმი, რომელიც უკვე აღარც ერთ საერთაშორისო შეხვედრაზე აღარ განიხილება, არც ევროპელი, არც ამერიკელი ლიდერების… ყირიმს აღარ ახსენებენ… შემახსენეთ ბოლო სამი თვის განმავლობაში, რომელიმე საერთაშორისო შეხვედრა, სადაც ან შეერთებული შტატების ან ევროპის წარმომადგენელმა საერთოდ ახსენა… ისე შეეგუენ ყირიმის დაკარგვას… ანგელა მერკელი და ის ადამიანები, რომლებიც ქმნიან პოლიტიკურ ამინდს მსოფლიოში, საერთოდ აღარ ახსენებენ რუსეთს იმას..(ყირიმს).”

კავკასია, ბარიერი,

6 სექტემბერი, 2017

აღნიშნული განცხადება სიცრუეა, რადგან 2014 წლის მარტიდან დღემდე  აშშ, ევროკავშირი და ნატო მუდმივად რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის არაღიარების პოლიტიკას ახორციელებენ.  დასავლეთის მიერ ყირიმის ანექსიის გამო რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები კი ევროკავშირმა გააფართოვა, ხოლო აშშ-მა ახალი სანქციები დააწესა.  

ამერიკის შეერთებული შტატები

2017  წლის 2 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კონგრესის მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტს რუსეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის  მიმართ მიღებული ახალ სანქციების   შესახებ.  დოკუმენტში ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ აშშ -ის პოლიტიკაა არასდროს აღიაროს ყირიმის უკანონო ანექსია რუსეთის ფედერაციის მხრიდან, ან სამხედრო ძალის გამოყენებით ნებისმიერი ტერიტორიის განცალკევება უკრაინისგან. ამასთან, აშშ არ ცნობს აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონში, ყირიმში, აღმოსავლეთ უკრაინასა და დნესტრისპირეთში უკანონო შეჭრასა და ოკუპაციას. ახალი სანქციები შეეხება იმ პიროვნებებსა და დაწესებულებებს/ორგანიზაციებს, რომლებიც ახდენენ გარკვეული თანხების ინვესტირებას რუსეთის ენერგეტიკულ საექსპორტო მილსადენებში; აწარმოებენ მნიშვნელოვან ტრანზაქციებს რუსულ თავდაცვით და დაზვერვის უწყებებთან; ახდენენ 10 მილიონი დოლარის ან მეტი ოდენობის თანხის ინვესტირებას რუსეთის სახელმწიფო მფლობელობაში მყოფი ნებისმიერი საკუთრების პრივატიზაციაში 1 წლის პერიოდში, რასაც სარგებელი მოაქვს რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების ან მათთან ასოცირებული პირებისთვის.

ევროკავშირი

ევროკავშირის მიერ ანექსირებული ყირიმის არაღიარების პოლიტიკა გამყარებულია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლობის 2015, 2016 და 2017 წლების დეკლარაციებში.

მრავალმხრივი ურთიერთობების ფორმატში, ისეთ ორგანიზაციებში, როგორებიცაა გაერო, ეუთო, ევროპის საბჭო და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, რუსეთის მხრიდან ყირიმისა და სევასტოპოლის რუსეთის ფედერაციის ნაწილად მოხსენიების შემთხვევაში, ევროკავშირი აკეთებს საპასუხო განცხადებებს, რითაც მუდმივად ადასტურებს რომ არ ცნობს ყირიმის უკანონო ანექსიას.

2017 წლის 19 ივნისს, ევროპულმა საბჭომ გააფართოვა შემზღუდველი ღონისძიებები რუსეთის მიერ ყირიმის და სევასტოპოლის უკანონო ანექსირების საპასუხოდ 2018 წლის 23 ივნისამდე. აღნიშნული ითვალისწინებს აკრძალვებს ყირიმიდან ან სევასტოპოლიდან ევროკავშირში შემოსული საქონლის იმპორტზე, ინვესტირებისა და ტურისტული სერვისების, გარკვეული საქონლისა და ტექნოლოგიების ექსპორტის აკრძალვას ყირიმში და ასევე ტექნიკურ დახმარებას/საინჟინრო სერვისებს ინფრასტრუქტურულ პროექტებში. 2017 წლის 4 აგვისტოს, ევროკავშირმა კომპანია „სიმენსის“ ტურბინების ოკუპირებულ ყირიმში ჩატანის გამო სანქცირებული პიროვნებების სიაში რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, ენერგეტიკის სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რუსული კომპანია „ტექნოპრომექსპორტის“ დირექტორი და ორი სააქციო საზოგადოებაც შეიყვანა.

ევროკავშირის მიერ რუსეთის მიმართ ყირიმის ანექსირების გამო დაწესებული სანქციები მოიცავს:

  • დიპლომატიური ღონისძიებებს –  2014 წელს ევროკავშირი-რუსეთის სამიტის გაუქმება;  რეგულარული ორმხრივი სამიტების შეწყვეტა რუსეთთან; სავიზო რეჟიმზე რუსეთთან მოლაპარაკებების შეჩერება; დიდი რვიანის შეხვედრებიდან რუსეთის გამიჯვნა.
  • ცალკეული ინდივიდების საფინანსო აქტივების გაყინვას და სამგზავრო შეზღუდვებს – 153 ადამიანისა და  40 ორგანიზაციისთვის, რომლებიც საკუთარი ქმედებებით უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას ვნებენ.
  • ეკონომიკურ სანქციებს – 2014 წლის ივლისსა და სექტემბერში, ეკონომიკის გარკვეულ სექტორებში (იარაღის იმპორტ/ექსპორტი, ცალკეული რუსული ბანკებისა და კომპანიების შეზღუდული წვდომა ევროკავშირის ბაზარზე) დაწესებული სანქციები, რომელთა გადახედვა 2015 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, ყოველ 6 თვეში ერთხელ რუსეთის მიერ მინსკის შეთანხმების შესრულების შესაბამისად ხდება. ამჟამად ეკონომიკური სანქციები 2018 წლის 31 იანვრამდეა გახანგრძლივებული.
  • ეკონომიკური ურთიერთობების შეზღუდვას ანექსირებულ ყირიმთან და სევასტოპოლთან – საქონლის იმპორტის აკრძალვა; ვაჭრობისა და ინვესტიციების შეზღუდვა; ტურისტულ სერვისებზე შეზღუდვა, ექსპორტის აკრძალვა გარკვეულ საქონელსა და ტექნოლოგიებზე.

ნატო

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, უკრაინასთან ურთიერთობის სექციაში აღნიშნულია, რომ ნატოს წევრი სახელმწიფოები არ აღიარებენ რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო და არალეგიტიმურ ანექსიას.  რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დაწყების დღიდან, ნატოს ურყევი პოზიციაა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული მხარდაჭერა. ყირიმის ანექსიის საპასუხოდ, 2014 წლის აპრილიდან ნატომ რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობა შეწყვიტა. ამასთან, ნატო-რუსეთის საბჭოს პერიოდულ შეხვედრებზე, ალიანსის წარმომადგენლების მხრიდან მუდმივად ფიქსირდება ურყევი პოზიცია უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან მიმართებაში.

ანგელა მერკელის განცხადებები

2017 წლის 8 სექტემბერს, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია და სეპარატისტების მხარდაჭერა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ დაწესებულ პრინციპებს ეწინააღმდეგება. მან ასევე აღნიშნა, რომ სანქციების საჭიროება რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის მძიმე დარღვევებითაა განპირობებული. კანცლერის თქმით, ის ისურვებდა სანქციების შემსუბუქებას, თუმცა მხოლოდ იმ პირობებში თუ აღმოსავლეთ უკრაინაში მშვიდობა იქნება მიღწეული.

10 სექტემბერს,  გერმანულენოვან  Frankfurter Allgemeine Sonntagszeitung-თან ინტერვიუში ანგელა მერკელი გამოეხმაურა გერმანიის თავისუფალი დემოკრატიული პარტიის ლიდერის, კრისრიან ლინდრენის მოწოდებას ანექსირებული ყირიმის აღიარებასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ  ეს ისეთივე მიუღებელია, როგორც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ დაყოფილი გერმანია.

„ როდესაც მესმის რომ ჩვენ უბრალოდ უნდა ვაღიაროთ ყირიმის ანექსია რუსეთის მიერ, მაინტერესებს რა მოხდებოდა  მაშინ, გდრ-ს საკითხის მიმართ დამოკიდებულება ამგვარი რომ ყოფილიყო- „გერმანია გაყოფილია და ეს არ შეიცვლება? “

მერკელის ამ განცხადებას გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა, რომლის თქმითაც მოხდა არა ყირიმელი და უკრაინელი ხალხის, არამედ რუსეთისა და ყირიმელი ხალხის გაყოფა მათი ნების წინააღმდეგ.

რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია  

2014 წლის 18 მარტს რუსეთის ფედერაციამ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და სევასტოპოლის უკანონო ანექსირება მოახდინა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ე.წ შეთანხმებას, რომლითაც სევასტოპოლთან ერთად ანექსირებული ყირიმი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში დე ფაქტოდ შევიდა.  შეთანხმების სამართლებრივ საფუძვლად გამოცხადდა 2014 წლის 16 მარტს ჩატარებული ე.წ რეფერენდუმი, რომლის ლეგიტიმურობას გაერო, ევროკავშირი და საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს. ყირიმის უკანონო ანექსიის შედეგად რუსეთი დიდი რვიანიდან გარიცხეს, ხოლო გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო სპეციალური რეზოლუცია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შესახებ, რომლითაც უკანონოდ გამოაცხადა რეფერენდუმი ყირიმის რუსეთთან მიერთების შესახებ. ყირიმის უკანონო ანექსირების საპასუხოდ, 2014 წლიდან აშშ-მა, ევროკავშირმა, სხვადასხვა ორგანიზაციებმა და ქვეყნებმა რუსეთს სანქციები დაუწესეს, რომლებიც პერიოდულად ფართოვდება ან ახალი სანქციები ემატება.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, ევროკავშირი, ნატო
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist