ჯანდაცვა/ბიოუსაფრთხოება

დეზინფორმაციები ნანორობოტებზე, გერმანულ რეგულაციებსა და ვაქცინებზე

25 ნოემბერი, 2020

19 ნოემბერს ფეისბუკ მომხმარებელმა Koba Janiashvil-მა ჯგუფში ,,საერთო სახალხო მოძრაობა ქართველი ერის გადარჩენისთვის!” კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა. პოსტში მომხმარებელი ბოლო პერიოდში შექმნილი ვაქცინების მავნებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, ,,ბოლო ათწლეულებში შექმნილი ვაქცინები შეიცავს უამრავ მავნე დანამატს, რომელთა ადამიანზე მავნე ზემოქმედება წლების შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს და არა აცრიდან რამდენიმე დღეში ან კვირაში”. აღნიშნულ ციტატას თან ახლავს Ekaterine Nadiradze-ს მიერ თავის პირად გვერდზე ატვირთული რუსულენოვანი ვიდეოს ბმული, სადაც 3 რესპონდენტი: საშა სტოუნი, როკო გალატი და ტედ კუნცი ვაქცინაციის ირგვლივ შემდეგ მოსაზრებებს ავითარებენ:

  • H1N1-ის ვაქცინაში მეცნიერებმა ნანორობოტები აღმოაჩინეს;
  • ინგლისში აპირებენ შეიმუშავონ კანონი, რომლის მიხედვითაც კოვიდ-19 ტესტთან ერთად ადამიანის თითის ანაბეჭდიც უნდა აიღონ;
  • ვაქცინის წარმოების მიღმა დიდი პოლიტიკური და ფინანსური ინტერესები დგას;
  • ე.წ. დნმ-ზე დაფუძნებული ვაქცინებით ადამიანების დნმ მონაცემთა ბაზას შექმნიან, რასაც ეთნიკური წმენდის ან გადარჩევისთვის გამოიყენებენ.

პოსტში ასევე საუბარია იმ საკანონმდებლო რეგულაციებზე, რომლებიც, ავტორის თქმით, სხვადასხვა ქვეყნებში ადამიანის პიროვნული თავისუფლების შეზღუდვისკენ არის მიმართული. ამის საილუსტრაციოდ მას გერმანიაში 2 დღის წინ მიღებული ახალი  რეგულაციები მოჰყავს და ამტკიცებს, რომ კანონის ძალით გერმანულ პოლიციას მოქალაქეების სახლებში ორდერის გარეშე შესვლის, ჩხრეკისა და სხვა ისეთი ქმედებების უფლება ეძლევა, ,,რომლებიც ადამიანის პიროვნების ძირითად უფლებებს არღვევს”. 22 ნოემბერს მსგავსი ინფორმაცია გვერდმა საქართველო უპირველეს ყოვლისა გაავრცელა.

აღნიშნული პოსტი 2 დეზინფორმაციას, 2 კონსპირაციასა და 1 ნახევრად სიმართლეს შეიცავს: 1) ინფორმაცია, რომ გერმანიაში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა პოლიციას მოქალაქეთა სახლებში შეჭრის, ჩხრეკისა და იძულებით იზოლაციაში გადაყვანის უფლებას აძლევს, მცდარია; 2) მტკიცება, თითქოს H1N1-ის ვაქცინაში მეცნიერებმა დრაკონისგამოსახულებიანი ნანორობოტები აღმოაჩინეს, სიმართლეს არ შეესაბამება; 3) თითის ანაბეჭდით ტესტირების მეთოდთან დაკავშირებული ცნობები ნაწილობრივ სიმართლეა; 4) ვაქცინაციის მიღმა ფინანსური ინტერესების არსებობისა და ვაქცინის ეთნიკური წმენდისთვის გამოყენების მტკიცება კონსპირაციის თეორიებია. 

რა რეგულაციები ტარდება გერმანიაში?

გერმანიაში კორონავირუსით 854 500-ზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული. ლეტალობისა და ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის პირობებში, 18 ნოემბერს ეპიდემიოლოგიური დაცვის კანონში მთავრობისა და პარლამენტის მიერ ინიცირებული ცვლილებები მიიღეს, რაც აკრძალვებისა და რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრებას გულისხმობს. გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის თქმით, კონტაქტების შემცირება წარმატების ფორმულაა. 

ბუნდესტაგის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 28 ა პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებები, რომლებიც ინფექციის დაცვის შესახებ აქტს დაემატა, მხოლოდ COVID-19-ზე და მხოლოდ ეროვნული მასშტაბის ეპიდემიური სიტუაციის დადგენის შემთხვევაში ვრცელდება. 

გამკაცრებული ზომები ითვალისწინებს:

  • სოციალური კონტაქტების შეზღუდვას;
  • დამცავი ნიღბების სავალდებულო გამოყენებას;
  • საგანმანათლებლო დაწესებულებების ფუნქციონირების შეჩერებას/შეზღუდვას;
  • რეკრეაციული, რელიგიური, კულტურული და სპორტული ღონისძიებების შეზღუდვას.

დოკუმენტში არ არის საუბარი პოლიციის უფლებამოსილებაზე, რომლითაც მას შეუძლია ნებისმიერ სახლში შევიდეს, ჩაატაროს ჩხრეკა და პირი იძულებით იზოლაციაში გადაიყვანოს. 

აღნიშნული რეგულაციების წინააღმდეგ ბერლინში 19 ნოემბერს საპროტესტო აქციები გაიმართა. ქალაქის ცენტრში მიმდინარე აქციაში, რომელშიც რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობდა, სამართალდამცავებთან დაირისპირებაში გადაიზარდა. დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციამ წყლის ჭავლიც გამოიყენა. ცვლილებების მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ახალი კანონი მოქალაქეთა უფლებებს და თავისუფლებას ზღუდავს.

რა მტკიცებები ვრცელდება რუსულენოვან ვიდეოში?

Ekaterine Nadiradze-ს მიერ 18 ნოემბერს ატვირთული ვიდეოს ორიგინალი პირველად  ლეა მატინსონის გასართობ Youtube არხზე 25 სექტემბერს გამოქვეყნდა.  1-საათიანი ვიდეოს 8-წუთიანი რუსულად გამოხმავენული მონაკვეთი კი რუსულ საიტ brighteon.com-ზე 17 ნოემბერს არის ატვირთული. აღნიშნული ვიდეოს სპიკერები: საშა სტოუნი, როკო გალატი და ტედ კუნცი ვაქცინაციის შესახებ აქამდე არსებულ და ახალ კონსპირაციებს ავრცელებენ:

დეზინფორმაცია: H1N1-ის ვაქცინაში მეცნიერებმა ნანორობოტები აღმოაჩინეს

აღნიშნულ მოსაზრებას ვიდეოში ერთ-ერთი სპიკერი, საშა სტოუნი ავითარებას. მისი თქმით, მეცნიერებმა H1N1-ის ვაქცინაში ნანორობოტები მიკროსკოპული დაკვირვების შედეგად აღმოაჩინეს. ნანორობოტებს, ორი მეტალის ფირფიტა ჰქონდათ და მასზე დრაკონის გამოსახულების გარჩევაც იყო შესაძლებელი. სტოუნის მტკიცებით, ნანორობოტი ადამიანისთვის სახიფათო მომწავლავ პათოგენებს შეიცავდა, რაც ნანოტექონოლოგიური ,,სიკეთის” მავნებლობას კიდევ ერთხელ ამტკიცებს. 

ნანოტექნოლოგიას და კონკრეტულად კი ნანომასალებს უჯრედისთვის ანტიგენის მიწოდების კარგი უნარი აქვთ. შესაბამისად, მეცნიერები ცდილობენ ტექნოლოგიური პროგრესის ეს თვისება ვაქცინების შექმნისთვის გამოიყენონ. დღეს ყველაზე აქტუალური Covid-19-ის საწინააღმდეგო კანდიდატი ვაქცინა, რომელზეც კლინიკური კვლევები დაიწყო, ე.წ. ლიპიდური ნანონაწილაკების საშუალებით მიიღეს

რაც შეეხება უშაულოდ H1N1-ის ვაქცინას, მის წარმოებაში ნანოტექონოლოგიის ჩართულობა მხოლოდ ცხოველებზე ჩატარებულ ექპერტიმენტს მოიცავს. ჯორჯიის შტატის უნივერსიტეტის კვლევაზე დაყრდნობით, ვაქცინამ დადებითი შედეგი თაგვებზე აჩვენა და კვლევა ამ მიმართულებით გრძელდება.

ნანორობოტების მედიცინაში სრულად ჩართვას მეცნიერები ჯერ კიდევ სამომავლო პერსპექტივად განიხილავენ. შესაბამისად, იმისი მტკიცება, რომ  ნანორობოტები H1N1-ის ვაქცინაში შეიძლება აღმოეჩინათ, სიმართლეს არ შეესაბამება. 

ნანორობოტები, რომლებსაც ნანობოტებსაც უწოდებენ, ნანოინჟინერიის უმცირესი ზომის პროდუქტია, რომლის დაპროგრამებაც კონკრეტული დავალების შესასრულებლად არის შესაძლებელი. მიკრო ზომის ნანო რობოტები სხეულის შიგნით მოლეკულურ დონეზე დაიცავენ ბიოლოგიურ სისტემას, რაც ისეთი დაავადებების ეფექტურ მკურნალობაში იქნება გამოყენებული, როგორიც არის სიმსივნე. 

თავად საშა სტოუნი, რომელიც ნანოტექნოლოგიებზე დეზინფორმაციას ავრცელებს, ყოფილი როკ მუსიკოსი და ხელოვანია. როგორ მისი პერსონალური ბლოგის გვერდიდან ირკვევა, ის ჯერ კიდევ 2019 წლიდან გამოდიოდა 5G-ის წინააღმდეგ. სხვა ინტერვიუებში ის covid-19-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს მონსტრულ პანიკას და პანდემანიას უწოდებს. 

ნახევრად სიმართლე: ინგლისში აპირებენ შეიმუშავონ კანონი, რომლის მიხედვითაც კოვიდ-19 ტესტთან ერთად ადამიანის თითის ანაბეჭდიც უნდა აიღონ

რუსულენოვან ვიდეოში აღნიშნულ ინფორმაციას იტალიელი წარმოშობის კანადელი იურისტი როკო გალატი ავრცელებს. მისი მტკიცებით, კოვიდ ტესტირებას თითის ანაბეჭდის მეთოდით ინგლისში სავალდებულო ხასიათი ექნება და მას კანონი დაარეგულირებს. გალატის თქმით, ეს პროცედურა ადგილობრივ ხელისუფლებას მილიონობით ადამიანის თითის ანაბეჭდის ბაზაზე წვდომის საშუალებას მისცემს. 

მეცნიერები კოვიდ ტესტირების ამჟამინდელი მეთოდების გაუმჯობესებას ამ დრომდე ცდილობენ. მათ შორის არის ,,ჭკვიანი თითის ანაბეჭდის” მოდელი, რომელზეც ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის მეცნიერები მუშაობენ. თუკი გამოცდა წარმატებით დასრულდება, მაშინ ტესტი შედეგს 10 წუთში აჩვენებს, ამასთან ის ამჟამინდელ მეთოდზე უფრო სწრაფია და ტესტირების პროცესში სამედიცინო პერსონალის ჩართვა საჭირო არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ტესტირების ე.წ. ,,თითის ანაბეჭდის” მოდელი მართლაც არსებობს, არც ერთ სანდო წყაროში არ დასტურდება, რომ მსგავსი ტიპის ტესტირება კანონში იქნება ჩაწერილი და მას სავალდებულო ხასიათი ექნება. 

კონსპირაცია N1: ვაქცინის წარმოების მიღმა დიდი პოლიტიკური და ფინანსური ინტერესები დგას

ვაქცინისა და ტესტების წარმოების დაკავშირება პოლიტიკურ ინტერესებთან გავრცელებული კონსპირაციაა, ამ თეორიის მიხედვით, ვირუსის ვაქცინა  ფინანსური და პოლიტიკური ინტერესების ერთგვარი იარაღია. პოლიტიკოსებთან ერთად მსგავსი ბრალდება ენტონი ფაუჩის მისამართითაც გავრცელდა, თითქოს ვაქცინაცია მას მილიონობით დოლარის მოგების შესაძლებლობას მისცემს. 

ქართველი მომხმარებლის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ამ კონსპირაციას ტედ კუნცი იმეორებს. კუნცი კანადაში არსებული ანტი ვაქსერთა ჯგუფის Vaccine Choice Canada-ს (VCC) პრეზიდენტია. ორგანიზაციის მიზანს  ოჯახების ხელშეწყობა წარმოადგენს, რათა მათ ვაქცინაციის შესახებ ნებაყოფლობითი და ინფორმირებული გადაწყევტილება მიიღონ. ორგანიზაცია სავალდებულო ვაქცინაციის საწინააღმდეგო კომიტეტთანაც თანამშრომლობს. ვიდეოს სრულ ვერსიაში კუნცი პირბადეების წინააღმდეგაც გამოდის და ამბობს, რომ მასში ფსიქოლოგიური დამონების საშუალებას ხედავს. 

კონსპირაცია N2: ე.წ. დნმ-ზე დაფუძნებული ვაქცინებით ადამიანების დნმ მონაცემთა ბაზას შექმნიან, რასაც ეთნიკური წმენდის ან გადარჩევისთვის გამოიყენებენ

აღნიშნულ კონსპირაციას დნმ ვაქცინების მავნებლობის შესახებ გავრცელებული სხვა მოსაზრებებიც უკავშირდება, რაც ამ ტიპის ვაქცინაციის დემონიზაციას ისახავს მიზნად.  არსებობს ის მოსაზრებაც, თითქოს ვაქცინაციით ,,დნმ მონაცემების გადაწერა” ხდება, რაზეც  Poynter-ის ინსტიტუტი ოქტომბერში წერდა. მათი ინფორმაციით, ამ მოსაზრებას Newsmax.com-ის კორესპონდენტი რობინსონი თავის ტვიტერის გვერდზე ავრცელებდა. 

ფართოდ იყო გავრცელებული ის მტკიცებაც, რომ დნმ ვაქცინა ადამიანებში ,,გენეტიკური მოდიფიკაციის” გამომწვევია, რაც მეცნიერულად ასევე არ დასტურდება. ამის შესახებ ინფორმაცია  როიტერსმაც  გადაამოწმა, მასალაში აღნიშნულია, რომ მოსაზრებას ანტი ვაქცინაციის აქტივისტები დაბნეულობისა და უნდობლობის წარმოშობის მიზნით შეგნებულად ავრცელებენ.  Covid-19-ის ვაქცინის მიერ ადამიანის უჯრედის გენეტიკურ თავისებურებებს შეცვლაზე გავრცელებული დეზინფორმაციის შესახებ ,,მითების დეტექტორიც” წერდა

მტკიცება, თითქოს დნმ მონაცემების შეგროვებას ეთნიკური წმენდისა და გადარჩევის მოტივით ხდება, ასევე კონსპირაციულია. აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA)  სახელმძღვანელო დოკუმენტის მიხედვით, ორგანიზაცია ვაქცინაციის კლინიკური განვითარების პროცესში მრავალფეროვანი პოპულაციის ჩართვის რეკომენდაციას გასცემს. FDA ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ვაქცინების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შემოწმების პროცესში, საჭიროა ჩაერთონ რასობრივი და ეთნიკური უმცირესობები, რომლებიც პანდემიით ყველაზე მეტად დაზარალდნენ, ასევე ხანდაზმულების და იმ ინდივიდების შესაბამისი რეპრეზენტაცია, რომლებსაც თანმხლები დაავადებები აწუხებდათ.

პოსტების გავრცელება

Koba Janiashvili-ს პოსტს ჯგუფში ,,საერთო სახალხო მოძრაობა ქართველი ერის გადარჩენისთვის!” 25 ნოემბრის მონაცემებით 2 გაზიარება, ხოლო გვერდის საქართველო უპირველეს ყოვლისა პოსტს 4 გაზიარება აქვს. თუმცა, უფრო ფართოდ ვრცელდება Ekaterine Nadiradze-ის მიერ ატვირთული ვიდეო, რომელსაც ძირითადად ინდივიდუალური მომხმარებლების მიერ 60-მდე გაზიარება აქვს.

;

Koba Janiashvili, სხვა ანტივაქსერებთან ერთად ჯგუფის ,,საერთო სახალხო მოძრაობა ქართველი ერის გადარჩენისთვის!” ადმინია და ხშირად ავრცელებს პანდემიის შესახებ პოსტებს. მათ შორის გამოდის ჩიპიზაციისა და პირბადეების ტარების წინააღმდეგ და ამტკიცებს, რომ პირბადის მატარებლების გონება მათ აღარ ეკუთვნით. ვაქცინაციისა და ასევე 5G ტექნოლოგიის მოწინააღმდეგეა Ekaterine Nadiradze-ც, რაც მის პირად ფეისბუკ გვერდზე გაზიარებული პოსტებისა და ფოტოების შინაარსითაც დასტურდება. 


მოამზადა გვანცა დევიძემ


არქივის ბმულები: 
კობა ჯანიაშვილის პოსტი - https://archive.ph/aR4dz 
ეკა ნადირაძის ვიდეო - https://archive.ph/rSNog


მასალაში გამოყენებულია CrowdTangle-ის მონაცემები, რომელიც ფეისბუქის საძიებო ინსტრუმენტია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.