ე.წ. სამხრეთ ოსეთის კგბ-ს დეზინფორმაცია, თითქოს ღორის აფრიკული ჭირი საქართველოდან ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

101
VIEWS

20 ივლისს Sputnik-Ossetia-მ გამოაქვეყნა სტატია, სათაურით “კგბ-მ სამხრეთ ოსეთში აფრიკული შავი ჭირის შემთხვევები საქართველოში ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობას დაუკავშირა”. განცხადებას ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი ავრცელებს, რომლის თანახმად, ივლისის თვეში ცხინვალის რეგიონში აფრიკული ჭირისგან ღორების დაღუპვის შემთხვევები დაფიქსირდა. კგბ-ს განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ დეპარტამენტი არ გამორიცხავს ეპიდემიის ლუგარის ლაბორატორიასთან კავშირს და ოფიციალური თბილისისგან ბიოტერორიზმის საფრთხეს ხედავს. ოკუპირებული ცხინვალის კგბ-ს თანახმად, 2007-2018 წლებში აფრიკული შავი ჭირი სამხრეთ ოსეთში, რუსეთსა და ევროპაში საქართველოდან გავრცელდა.

 

;
ცხინვალის რეგიონში ღორის აფრიკული ჭირის ახალ შემთხვევებს ლუგარის ლაბორატორიასთან კავშირი არ აქვს, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე აფრიკული შავი ჭირი 2016 წლიდან აღარ დაფიქსირებულა. ინფორმაცია, თითქოს ლუგარის ლაბორატორია ბიოლოგიურ დივერსიას ეწევა და 2007 წლიდან ღორის აფრიკულ ჭირს ავრცელებს, კრემლის კონსპირაციაა. აფრიკული ჭირის ეპიდემია 2007 წლიდან ვრცელდება, ხოლო ლუგარის ლაბორატორია 2011 წელს გაიხსნა.

ღორის აფრიკული ჭირი საქართველოში 2016 წლის შემდეგ აღარ დაფიქსირებულა

ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (Oie) 2020 წლის ანგარიშში გამოაქვეყნა მსოფლიო რუკა, სადაც ის ქვეყნებია აღრიცხული, რომლებშიც ღორის აფრიკული ჭირის შემთხვევები 2016-2020 წლებში ფიქსირდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ 2007 წელს აფრიკული ღორის ჭირის ეპიდემია საქართველოში დაიწყო და შემდეგ რუსეთსა და ევროპაშიც გავრცელდა, აღსანიშნავია, რომ 2016 წლიდან საქართველო აფრიკული ღორის ჭირისგან თავისუფალი ქვეყანაა.

დაავადება სამ კონტინენტზე, აზიაში, ევროპასა და აფრიკაშია გავრცელებული, ქვეყნებს შორის არის რუსეთიც, თუმცა ოკუპირებული ცხინვალის კგბ-ს არ გაუკეთებია დაშვება იმის შესახებ, რომ შესაძლოა ღორის აფრიკული ჭირი ე.წ. სამხრეთ ოსეთში მეზობელი რუსეთიდან შესულიყო.

;
წყარო: Oie.int

რაც შეეხება 2021 წლის მონაცემებს, Oie-ს N64 ანგარიშში აღრიცხული აქვს 5 თებერვლიდან 18 თებერვლის ჩათვლით დაფიქსირებული შემთხვევები ევროპაში, აფრიკასა და აზიაში. ახალი ან მიმდინარე ღორის აფრიკული ჭირის შემთხვევები აღნიშნულ პერიოდში სამივე კონტინენტზე ჯამში 25 ქვეყანაში იყო, მათ შორის რუსეთის ევროპულ და აზიურ ნაწილში.

;
წყარო: Oie.int

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გარდა, 2021 წლის ივნისი-ივლისის მონაცემებს აზიასა და წყნარ ოკეანეში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) და ევროპაში დიდი ბრიტანეთის მთავრობის გარემოს, სურსათისა და სასოფლო საკითხების დეპარტამენტი აქვეყნებს. ღორის აფრიკული გრიპის გავრცელების ქვეყნებში ბოლო მონაცემებით საქართველო არ შედის.

;
წყარო: FAO

;
წყარო: gov.uk

ღორის აფრიკული გრიპის ლუგარის ლაბორატორიასთან კავშირი კრემლის კონსპირაციაა

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ღორის აფრიკული ჭირის გავრცელებაში ლუგარის ლაბორატორიას ადრეც ადანაშაულებდნენ, აღნიშნულ კონსპირაციაზე კრემლის პროპაგანდისტული მედია წერდა. გარდა ღორის აფრიკული ჭირისა, რუსეთის ხელისუფლების პროპაგანდა ეხებოდა სხვა დაავადებებსაც, როგორიცაა მაგალითად, აზიური ფაროსანა და ზიკას ვირუსი. დაავადებების გავრცელებას ლუგარის ლაბორატორიას აბრალებდნენ რუსეთის ყოფილი მთავარი სანიტარი გენადი ონიშჩენკო და რუსეთის ფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის (“როსსელხოზნადზორი”) ხელმძღვანელის მრჩეველი იულია მელანო.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ღორის აფრიკული ჭირის ეპიდემია 2007 წელს დაიწყო, ხოლო ლუგარის ლაბორატორია საქართველოში 2011 წელს გაიხსნა.

რა არის ღორის აფრიკული ჭირი და როგორ ვრცელდება ის?

ღორის აფრიკული ჭირი მომაკვდინებელი დაავადებაა, რომელიც მაღალი გადადების მაჩვენებლით ხასიათდება და გარეულ და შინაურ ღორებში იჩენს თავს. დაავადება შესაძლოა გავრცელდეს როგორც ცოცხალ ღორებში, ასევე ღორის პროდუქტების საშუალებითაც, ამიტომაც ღორის ხორცის იმპორტზე ქვეყნები ბიოუსაფრთხოების ზომებს იღებენ. ვარაუდობენ, რომ 2007 წელს საქართველოში ღორის აფრიკული ჭირი აღმოსავლეთ აფრიკიდან დაბინძურებული ღორის პროდუქტებით შემოვიდა. 2007 წლის შემდეგ, რაც დაავადება ევროპაში გავრცელდა, მეორე დიდი მასშტაბის ეპიდემია 2018 წელს ჩინეთში დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ ვირუსი ფეხსაცმელზე და ტანსაცმელზეც ჩერდება, ამიტომ გადამტანი ადამიანებიც შეიძლება იყვნენ, თუმცა ღორის აფრიკული ჭირი ადამიანებს არ აინფიცირებს და შესაბამისად, მათთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ღორის აფრიკული ჭირი ღორის გრიპისგან, რომლის პანდემიაც 2009 წელს იყო, განსხვავდება.

ღორის აფრიკული ჭირის შესახებ კონსპირაციებზე იხილეთ “მითების დეტექტორის” ადრინდელი პუბლიკაციები:

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist