“ევრაზიული ინსტიტუტი” და კრემლის სხვა აქტორები კიბერთავდასხმაში რუსეთის სპეცსამსახურების კვალს “შლიან”

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

swfw
181
VIEWS

26 თებერვალს ონლაინ გამოცემა “საქართველო და მსოფლიოში” გამოქვეყნდა ინტერვიუ “ევრაზიული ინსტიტუტის” დამფუძნებელთან გულბაათ რცხილაძესთან. ინტერვიუში რცხილაძემ გასული წლის ოქტომბერში ქართულ ვებ-გვერდებზე განხორციელებულ მასშტაბურ კიბერშეტევაში რუსული სპეცსამსახურების მონაწილეობა გამორიცხა და ეს დავით გარეჯში მიმდინარე მოვლენებისაგან ყურადღების გადატანად შერაცხა. რცხილაძე ასევე ამტკიცებს, რომ კიბერშეტევის მიზანი ინფორმაციის მოპარვა არ ყოფილა და ის მხოლოდ ვებ-გვერდების ბლოკირების მიზნით განხორციელდა.

გულბაათ რცხილაძე, ევრაზიული ინსტიტუტი: “საქართველოზე კიბერშეტევა არ იყო ინფორმაციის მოსაპარავად განხორციელებული, ეს იყო დროებითი ბლოკირება ვებგვერდებისა… თურმე რუსეთის ფედერაციის გენერალური შტაბი ზის და ხულიგნობს – “იმედს” უთიშავს ეთერს. წარმოუდგენელია ამ ინფორმაციის გულგრილად მოსმენა. რამე აზრი ხომ უნდა ჰქონდეს მსგავს განცხადებას?! რატომ უნდა ჩაიდინოს რუსეთის გენშტაბმა ასეთი რამ?! შესაძლოა, რუსეთის ტერიტორიიდან მართლაც განხორციელდა კიბერშეტევა, რაც, ალბათ, გამოიძიეს კიდეც, მაგრამ ასევე შესაძლოა, რომ ეს გააკეთა 15 წლის ბიჭმა სხვა პატარა ნიჭიერ ბიჭებთან ერთად. წარმოუდგენელი და უცნაურია, როგორ და საიდან დაადგინეს ის, რომ კიბერშეტევა რუსეთის გენშტაბმა განახორციელა.ეს არის მორიგი პროვოკაცია და ემსახურება ერთ მიზანს – დავითგარეჯაში, უფრო ზუსტად, უდაბნოსა და ჩიჩხიტურში, ისევ არ უშვებენ ჩვენს სამღვდელოებას, საერთოდ არავის საქართველოდან და სწორედ ამ თემის გადასაფარავად დაიწყეს ახლა ეს “.

აღნიშნული განცხადებები სიცრუეა, რადგან კიბერშეტევაში რუსეთის ჩართულობა ქართული მხარისა და მისი პარტნიორების ერთობლივი გამოძიებით დადგინდა. ატლანტიკური საბჭოს ციფრული კვლევის ლაბორატორიის დასკვნით კი, ჰაკერული თავდასხმისას გამოყენებულ ფოტოში მავნე კოდი აღმოჩნდა, რომლის მიზანი, შესაძლოა, პირადი ინფორმაციის მოპარვაც ყოფილიყო, რაც უბრალოდ ვებ-გვერდების ბლოკირებად ვერ ჩაითვლება.

კიბერშეტავაში რუსეთის მონაწილეობა საქართველოსა და მისი პარტნიორების ერთობლივი გამოძიებით დადგინდა 

გაერთიანებული სამეფოს ეროვნული კიბერუსაფრთხოების ცენტრის (NCSC) დასკვნით, 95%-ზე მეტი ალბათობით ქართული ვებ-გვერდების წინააღმდეგ განხორციელებული კიბერშეტევის უკან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველო (გრუ) იდგა. მითითებული დაკსვნისა და ფართო კონტექსტის გათვალისწინებით 20 თებერვალს გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ კიბერთავდასხმაში რუსეთი დაადანაშაულა.

იმავე დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქართულ სერვერზე მასობრივი კიბერთავდასხმა რუსეთმა განახორციელა. სამინისტროს წარმომადგენლის, ვლადიმერ კონსტანტინიდის თქმით, კიბერშეტევა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ დაიგეგმა და განხორციელდა. სამინისტრო აცხადებს, რომ, ქართული მხარის მიერ ჩატარებულ გამოძიებასთან საერთაშორისო პარტნიორები თანამშრომლობდნენ.

ატლანტიკური საბჭოს DFRLab-მა თავდასხმისას გამოყენებული მავნე კოდი აღმოაჩინა

ატლანტიკური საბჭოს ციფრული კვლევის ლაბორატორიის დასკვნით, ქართულ სერვერზე განხორციელებული თავდასხმა უფრო მეტი იყო ვიდრე ვებ-გვერდების იერსახის დამახინჯება (“დიფეისფმენთი”). დასკვნაში ვკითხულობთ, რომ ჰაკერის მიერ სერვერზე განთავსებული გამოსახულება შეიცავდა მავნე კოდს, რომელმაც ვერ შეძლო დასახული მიზნის განხორციელება. “მალვეარი” ანუ მავნე პროგრამა, რომელიც სავარაუდოდ დაკავშირებული იყო მავნე კოდთან (თუმცა ვებ-გვერდზე არ აღმოჩნდა) – საქციელით Nymeria-ს ჰგავდა, ანუ მავნე პროგრამას, რომელიც მომხმარებლების პირად ინფორმაციას იპარავს.

"
მიხელ სააკაშვილის ფოტოს გადიდებულ ვერსიაში ჩანს პატარა gif ფორმატის ფაილი, რომელსაც მავნე პროგრამის (მალვეარის) ნიშნები ჰქონდა. (წყარო Computex.ge/DFRLab)

ვრცლად ატლანტიკური საბჭოს ციფრული კვლევის ლაბორატორიის გამოძიებაზე იხილეთ ქართულ საიტებზე კიბერთავდასხმა მავნე კოდს შეიცავდა, რომელსაც მნახველების კომპიუტერის დაინფიცირება ჰქონდა განზრახული.

2019 წლის 28 ოქტომბერს ქართულ სერვერზე განხორციელებული კიბერთავდასხმის შედეგად  15 000-ზე მეტი სამთავრობო, არაკომერციული და კერძო საიტი დაიბლოკა, მათ შორის “მედიის განვითარების ფონდის” ვებ-გვერდი www.mdfgeorgia.ge-ც იყო. ვებ-გვერდებზე გამოჩნდა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტო წარწერით “I’ll be back”. კიბერთავდასხმას გამოეხმაურნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, აშშ-ის საელჩო, დანია, ლიეტუვა, ნიდერლანდები, ავსტრალია, პოლონეთი.

გულბაათ რცხილაძის ნარატივს რუსეთის ფედერაციის უდანაშაულობის შესახებ სხვა კრემლისტური აქტორებიც იმეორებენ.

გზავნილი წყარო
“რუსეთის “კიბერშეტევები”
დავით გარეჯიდან ყურადღების გადატანის საშუალებაა
ნიუს ფრონტი
“მას [კონსტანტინიდის] არ მოუყვანია რუსეთის ფედერაციის მონაწილეობის რაიმე მტკიცებულება.” Sputnik საქართველო
“ამ კომენტარებს დავტოვებთ საქართველოს იმ წარმომადგენლების სინდისზე, რომლებმაც ის გააკეთეს. რუსეთი არ აპირებდა და არც აპირებს საქართველოს საშინაო საქმეებში ამა თუ იმ სახით ჩარევას“ ანდრეი რუდენკო, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე,
“ეს ინფორმაციული შეტევა პროფესიონალურ დონეზე რომ ყოფილიყო განხორციელებული სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების მხრიდან მათი საინფორმაციო რესურსებით, ყველაფერი უფრო მაღალ დონეზე განხორციელდებოდა” ვიტალი ვეხოვი, ექსპერტი “სპუტნიკისთვის” მიცემულ ინტერვიუში
„საქართველოს მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, თუმცა მის დასავლელ მოკავშირეებს ისინი არც ჭირდება. აშშ, დიდი ბრიტანეთი და კანადა თბილისის მხარეს დგანან…მოსკოვის დადანაშაულება ინფორმაციული ომის ახალ აქტს ჰგავს. რაში დასჭირდა რუსეთს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის სურათის განთავსება, ვერავინ ახსნა.” Sputnik საქართველო

 

თემატიკა: პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist