ევროსტანდარტები ბათუმის სატრანსპორტო სისტემაში

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

10255695_784828531536513_2249229082674452400_o
141
VIEWS

საზოგადოებაში და ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენელთა შორის მკვიდრდება სკეპტიციზმი, თითქოს დღევანდელ საქართველოში თანამედროვე სტანდარატების მქონე ტრანსპორტის განვითარება შეუძლებელია. ამ მოსაზრების ადვოკატები არც ისეთი სატრანსპორტო პოლიტიკის ფორმირებას უყურებენ ოპტიმისტურად, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ველოტრანსპორტის, სხვადასხვა ტიპის ალტერნატიული სატრანსპორტო სისტემების განვითარებას და ქალაქებში ფეხით გადაადგილების წახალისებას შეუწყობს ხელს. ამ პოზიციის მომხრეები ძველი პოლიტიკის გაგრძელებას და 10 წელზე ზემოთ ავტომობილების იმპორტისას დაბალი განაკვეთების არსებობას უჭერენ მხარს მანამ, ვიდრე ქვეყნის სოციალ-ეკონომიკური ვითარება ევროპულ სტანდარტს არ მიუახლოვდება.

ბათუმის მაგალითი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ტრანსპორტის დარგში მკაფიო სტრატეგიისა და პოლიტიკის არსებობის პირობებში საქართველოს ქალაქებში სუფთა, უსაფრთხო და ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი ტრანსპორტის განვითარება, ასევე ევროპული ინსტიტუტებიდან ტექნიკური დახმარებისა და ფინანსური რესურსების მოზიდვა შესაძლებელია.

საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების VI თავი ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს. ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლებამ, პირველ რიგში, ჩვენი კანონების ევროპულთან ჰარმონიზაცია უნდა განახორციელოს. ამასთან, ასოცირების ხელშეკრულების 293 მუხლში ხაზგასმულია, რომ საქართველომ ხელი უნდა შეუწყოს ეკოლოგიურად სუფთა, ეფექტიანი და უსაფრთხო სატრანსპორტო სისტემების განვითარებას, ტრანსპორტის სფეროს სხვა სფეროებთან ინტეგრაციას, ინტერმოდალური სატრანსპორტო პოლიტიკის შექმნას, სატრანსპორტო პარკის განახლებას, ეფექტური ინფრასტრუქტურული და ტრანსპორტის პროექტების იდენტიფიცირებასა და იმპლემენტაციას.

ბათუმს უკვე რამდენიმე წელია აქვს მდგრადი ენერგეტიკის განვითარების სამოქმედო გეგმა, რომელიც ტრანსპორტის კუთხით ქალაქში არსებული გამოწვევების გადაწყვეტის კონკრეტულ სამოქმედო გეგმასაც მოიცავს. საზღვაო ქალაქი ქვეყნის მსხვილი სატრანსპორტო კვანძია, სადაც თავს საზღვაო, სარკინიგზო და საავტომობილო კომუნიკაციები იყრის. ქალაქის მოსახლეობა 175 000 ადამიანს შეადგენს, ტურისტულ სეზონზე კი – დაახლოებით 400 000-ს. ქალაქში ავტომობილების რაოდენობა 35 000 ათასამდე მერყეობს, თუმცა ტურისტულ სეზონში ეს ციფრი ორმაგდება. ბათუმის ბიუჯეტი 140 მილიონია, საიდანაც საგზაო ინფრასტრუქტურისა და მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებისთვის საშუალოდ 35 მილიონი ლარი იხარჯება. აქედან 6 მილიონი მხოლოდ მუნიციპალური ტრანსპორტის სისტემების განვითარებისთვის იხარჯება. ავტობუსების ექპლუატაციის ხარჯი 3 მილიონი ლარია,ხოლო 1,5 მილიონ ლარი ტრანსპორტით გადაადგილებაზე შეღავათით მოსარგებლე მოქალაქეებს ხმარდება.

ქალაქში წარმოებს მსხვილი საზღვაო-სატრანსპორტო ოპერაციები და გადაზიდვები, და ის ყველაზე მეტად გადატვირთული ტურისტულ სეზონშია, თუმცა ადგილობრივი ტრანსპორტი ჯერ ახერხებს ამ პერიოდში არსებულ გამოწვევებთან გამკლავებას. 2014 წელს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მონაწილეობით სულ რამდენიმე საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა. მაღალია ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობა შშმ პირებისთვის.

ბათუმის სატრანსპორტო სამსახურს ტრანსპორტის განვითარების მოკლე და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა აქვს, კონკრეტული სამიზნეებით. ტრანსპორტის მართვისთვის მატერიალურ-ტექნიკური რესურსები ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან გამოიყოფა. სატრანსპორტო საშუალებების და ინფრასტრუქტურის განვითარება კოორდინირებულად ხდება. ქალაქს პარკინგის მართვის მოქნილი სისტემა აქვს დანერგილი და ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოებაც ჩართულია.

ბათუმში ამჟამად ხორციელდება პროექტი -“მწვანე ქალაქები: ინტეგრირებული მდგრადი ტრანსპორტი ქალაქ ბათუმისა და აჭარის რეგიონისათვის”. პროექტის მიზანს წარმოადგენს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში მდგრადი და ინტეგრირებული მუნიციპალური სატრანსპორტო სისტემების განვითარების ხელშეწყობა, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მდგრადი სატრანსპორტო პოლიტიკის ჩამოყალიბებას და მწვანე ურბანული განვითარების პოლიტიკისა და კონკრეტული მექანიზმების ფორმირებას.

მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ ორი ინსტიტუტის – ბათუმის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოსა და შ.პ.ს. ,,ბათუმის ავტოტრანსპორტი” საქმიანობას.

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტო წარმოადგენს სახელმწიფო კომპანიას, რომლის ძირითადი მიმართულებებია: საგზაო მოძრაობის რეგულირებასთან დაკავშირებული ორგანიზაციულ-ტექნიკურ ღონისძიებათა უზრუნველყოფა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე შუქნიშნებისა და საგზაო ნიშნების განთავსება, ექსპლოატაცია, სიჩქარის შემანელებელი ბარიერის მოწყობა და რემონტი, საგზაო მონიშვნების სამუშაოების შესრულებაა და ველობილიკების მოწყობა. სააგენტო ჩართულია, როგორც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროს ერთიანი პოლიტიკის ფორმირებაში, ისე პარკირების წესის დანერგვასა და განვითარებაში.

სააგენტომ რამდენიმე წლის წინ პარკომეტრები დაამონტაჟა, რომლებიც წარმოადგენენ პარკირების საფასურის გადახდის სწრაფ აპარატს. მოსახლეობისთვის პარკირების წესების დარღვევაზე ინფორმაცია ონლაინ რეჟიმშია ხელმისაწვდომი.ბათუმში არსებობს პარკირების დიფერენცირებული სისტემა, რაც ითვალისწინებს ტაქსისტების, ტურისტებისთვის განსხვავებული ტარიფით დაბეგვრას, რაც ქალაქის ბიუჯეტის დამატებითი შემოსავლის წყაროა.

ქალაქის ბიუჯეტში პარკირებიდან წლიურად ნახევარ მილიონ ლარზე მეტი შედის, რაც ისევ ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას და სატრანსპორტო პარკის განახლებას ხმარდება. საქართველოს სხვა ქალაქებისგან თბილისი, ქუთაისი, გორი და თელავი, ბათუმში შედარებით მოგვარებულია პარკინგის პრობლემა და იშვიათად ნახავთ მანქანას, რომელიც ტროტუარზე ბლოკავს მოძრაობას. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია ბათუმის პარკირების მოდელის სხვა, როგორც დიდ ისე პატარა ქალაქებში გადმოტანა.

ქალაქის გზაჯვარედინებზე კომპანიამ ბელგიური წარმოების შუქნიშნები დაამონტაჟა. მათი მართვა ვიდეოკამერის საშუალებით ხორციელდება. შუქნიშანი ავტომატურ რეჟიმში ატარებს ავტომობილების იმ ნაკადს, რომელზეც მეტი დატვირთვაა. ყველა შუქნიშანი აღჭურვილია ღილაკებითა და აკუსტიკური სისტემით ფეხით მოსიარულეთათვის, რაც უადვილებს მხედველობადაქვეითებულ მოქალაქეებს ქუჩის გადაკვეთას. სააგენტოს ოფისში განთავსებულია ცენტრალური კვანძი, რომელიც ოპტიკური კაბელით დაკავშირებულია ყველა შუქნიშანთან, რაც საშუალებას აძლევს განხორციელდეს შუქნიშნების მეთვალყურეობა ოფისიდან გაუსვლელად. შესაბამისი პროგრამული სისტემის საფუძველზე ცენტრალური კვანძიდან კომპანიას საშუალება აქვს, მოახდინოს შუქნიშნების დიაგნოსტირება და მართვა.

შ.პ.ს. ,,ბათუმის ავტოტრანსპორტი”-ს უკანასკნელი სიახლე მუნიციპალური ტრანსპორტის ელექტრონულ საბილეთო სისტემის და ბათუმველოს ახალი კატეგორიის ბარათების შექმნაა. ბათუმის ავტობუსების კომპანიაში შემუშავდა განვითარების 2011-2020 წლების გეგმა. კომპანიამ დაასრულა მუშაობამოკლევადიანი მიზნებზე: ავტობუსების ქსელის მარშრუტის დასრულება, მგზავრობის საფასურის გადახდის ეფექტიანი სისტემის ამოქმედება, სააღრიცხვო,სანგარიშგებო სტანდარტებისა და რესურსების გამყარება.შუალედური პერიოდისმთავარ მიზანს წარმოადგენს საქალაქო ქსელის რაციონალიზაცია და ეფექტიანობის გაზრდა, მგზავრების გადაჯდომის სისტემის გაუმჯობესება, ტერმინალების სისტემის დანერგვა და მგზავრების მოთხოვნების დაკმაყოფილება.გრძელვადიან გეგმაშიშედის ავტობუსების არსებული პარკის განახლება, რომელსაც ექნება მოდერნიზებული ქსელი და ინფრასტრუქტურა. მგზავრობის საფასურის გადახდა ხდება ელექტრონული ბილეთის სისტემის გამოყენებით.

საერთაშორისო დონორების დახმარებით საქალაქო ავტობუსის პარკის განახლებაში ჩაიდო ინვესტიციები. საბილეთო სისტემის დასანერგად განხორციელდა ავტობუსის ოპერატორების რესტრუქტურიზაცია და გაუმჯობესდა ავტობუსში მომუშავე მძღოლების პირობები. წლების განმავლობაში მძღოლები ერთცვლიანი სისტემით მუშაობდნენ – დღეში 14-15 საათი. ხდებოდა მძღოლის გადაღლა, რაც უარყოფითად აისახებოდა მომსახურების ხარისხზე. ამჟამად დანერგილია თანამედროვე, მძღოლთა ორცვლიანი სამუშაო დღის პროგრამა. მძღოლი აღარ იღლება და მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნებულია ავტობუსებს შორის მოძრაობის ინტერვალი.

კომპანია მგზავრებისათვის უზრუნველყოფს კომფორტულ მომსახურებას, ავტობუსები არის სუფთა. მოქალაქეები უკვე სარგებლობენ კომპანიის ოპტიმიზირებული ავტობუსების სამარშრუტო ქსელით და ელექტრონული საბილეთო სისტემით, რაც ამცირებს მგზავრობის დროს ერთი ადგილიდან მეორეში.

ბათუმში ტურისტებისთვის მიმზიდველობის გაზრდის მიზნით ავტობუსში ხმოვანი სიგნალით ( ქართულ და ინგლისურ ენებზე) ცხადდება გაჩერებები, ღირსშესანიშნავი ადგილების ჩათვლით. ასევე შეიქმნა ვირტუალური ტაბლოები – მოქალაქეებს სმს-ით მისდით ავტობუსის მოსვლის დრო.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არის მოსახლეობის გადაადგილების ერთადერთი საშუალება. ისევე, როგორც დასავლეთ ევროპის ქალაქებში, ბათუმშიც შემოვიდა ველოტრანსპორტი. ”ბათუმველო” სულ უფრო პოპულარული ხდება ადგილობრივ მოსახლეობაში.

ქალაქი ბათუმი საქართველოში სიდიდით მესამე ქალაქია, ხოლო მისი საქართველოს სხვა ქალაქებიდან განსხვავებით, ბათუმში აქცენტი კეთდება მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებაზე და მომსახურების სერვისების განვითარებაზე, რასაც ვერ ვხედავთ საქართველოს რეგიონების სხვა ქალაქებში. მაგალითისთვის ქუთაისში, თელავში, გორში მუნიციპალური ტრანსპორტი, კერძოდ ავტობუსების სისტემა არ ფუნქციონირებს, ან მთლიანად კერძო მფლობელობაშია. იმის გამო, რომ მომსახურების ფასები დაბალია, მფლობელებს უჭირთ სახსრების მოზიდვა ავტოპარკის განვითარებისთვის. ამ ქალაქებს არ აქვთ მუნიცილაპური ტრანსპორტის სისტემა და შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ევროპის განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკის დახმარებით ბათუმი არის პირველი ქალაქი, სადაც ჰიბრიდული საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემოყვანა იგეგმება. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თუ საქართველოს სხვა ქალაქები სრულყოფენ კანონმდებლობას და განახორციელებენ ინსტიტუციურ რეფორმებს, მათ შეიძლება მიიღონ დამატებით რესურსები ევროპული საფინანსო ინსტიტუტებიდან.

პოლიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ არ უნდა მოხდეს ქვეყანაში ტრანსპორტის სფეროსთან დაკავშირებული ტაქსის, პარკინგის სფეროებში არსებული პოლიტიკის გადახედვა, რადგან რეფორმების შედეგად უამრავი ადამიანი დაკარგავს სამუშაო ადგილს და შებასამისად ქართული ოჯახები შემოსავლს. აღნიშნული არის მცდარი მოსაზრება, რასაც ადასტურებს ქალაქ ბათუმის მაგალითი, სადაც საქართველოს სხვა ქალაქებთან შედარებით, ტრანსპორტის განვითარება სწორი მიმართულებით მიდის, რასაც უბრალო სტატისტიკა, მოქალაქეების მომსახურების ხარისხი, პარკინგის პრობლემების ნაკლებობა სხვა ქალაქებთან შედარებით და რაც მთავარია, ფეხით გადაადგილების, ველოსიპედის, როგორც ტრანსპორტის საშუალებად წახალისებაც ადასტურებს.


გელა კვაშილავა

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist