ეკონომიკა

გააყალბა თუ არა კონკურენტმა კომპანიამ ლუდი “კორონას” გამოკითხვის შედეგები?

4 მარტი, 2020

The Chicago Tribune-ს მასალის მიხედვით

ახალი კორონავირუსის ეპიდემიის აფეთქებასთან ერთად სოციალური ქსელები ვირუსის შესახებ ცრუ ინფორმაციის ტალღამ მოიცვა. ერთ-ერთი ასეთი ინფორმაცია მექსიკურ ლუდ “კორონას” უკავშირდებოდა. ნიუ-იორკში დაფუძნებულმა პიარ კომპანია 5WPR-მა გამოაცხადა, რომ სახიფათო კორონავირუსის გავრცელების შემდეგ ლუდი “კორონას” მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებები გამოიკვლია.  პიარ კომპანიის დასკვნით, გამოკითხული ამერიკელების 38% “კორონას” არც ერთ შემთხვევაში არ იყიდდა. 

აღნიშნული სტატისტიკა მედიასა და სოციალურ ქსელებს ვირუსულად მოედო. მასზე დაწერეს ისეთმა ცნობილმა გამოცემებმა, როგორებიცაა CNN Business და New York Post. 

28 თებერვალს Constellation Brands-მა, აშშ-ში მექსიკური ლუდის ოფიციალურმა დისტრიბუტორმა, პრეს-რელიზი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ლუდი “კორონას” გაყიდვებმა ბოლო კვირებში კიდევ უფრო მოიმატა.

საბაზრო კვლევის კომპანია IRI-ს მონაცემებით, 16 თებერვლამდე ოთხი კვირის განმავლობაში “კორონას” გაყიდვები დოლარში  5%-ით გაიზარდა, რაც ორჯერ აღემატება 2019 წლის იმავე თვის მონაცემებს. აშშ-ში “კორონა” გაყიდვების მიხედვით მე-7 ადგილზეა და 2020 წლის დასაწყისიდან ქვეყანაში 110 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების “კორონა” გაიყიდა. 

პიარ კომპანია 5WPR-ი აცხადებს, რომ ინფორმაცია მომხმარებელთა 38%-ს შესახებ 737 ამერიკელის სატელეფონო გამოკითხვის შედეგად მიიღო. თუმცა, ვებ-გვერდი TruthOrFiction.com სტატისტიკას კონტექსტიდან ამოგლეჯილს უწოდებს და უთითებს, რომ 5WPR-ის კლიენტი ლუდის კონკურენტი დისტრიბუტორი კომპანია  Anheuser-Busch-ია. პიარ კომპანიას The Chicago Tribune-ს შეკითხვებზე პასუხი ჯერ არ გაუცია.