ჯანდაცვა/ბიოუსაფრთხოება

გადადის თუ არა კორონავირუსი ნაღდი ფულით?

23 მარტი, 2020

20 მარტს progressnews.ge-ზე გამოაქვეყნდა სტატია, სათაურით „ფული აღარ ყოფილა ვირუსის აქტიური გადამტანი, არადა, ჩინეთმა 200 მლრდ დაწვა“. სტატიაში მოყვანილია ანალიტიკოს ამირან სალუქვაძის Facebook პოსტი,  რომლის თანახმადაც, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, კორონავირუსი ფულის კუპიურებით აღარ გადადის. სალუქვაძის იგივე განცხადებას სააგენტო marshalpress.ge ავრცელებს.  

 

""

"

გავრცელებულ ინფორმაცია მკითხველებს უქმნის მცდარ შთაბეჭდილებას, თითქოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანზიაცია ამტკიცებდა, რომ ფულის ბანკნოტები კორონავირუსის გადამტანი იყო და მან მოგვიანებით ეს განცხადება შეცვალა. სინამდვილეში, ჯანმო საზოგადოებას თავიდანვე ურჩევდა ხელების დაბანას ნებისმიერ ნივთთან, მათ შორის ფულთან შეხების შემდეგ, განსაკუთრებით საკვების მიღების წინ, თუმცა გაფრთხილება ნაღდი ფულის გამოყენების წინააღმდეგ არ გაუვრცელებია.  

6 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ფადელა ჩაიბმა ნაღდ ფულთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მედიაში  ფულის კუპიურების გამოყენების წინააღმდეგ არასწორი ინტერპრეტაციები კეთდებოდა. 

ფადელა ჩაიბი, ჯანმო: “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას არ უთქვამს, რომ COVID-19 ბანკნოტებით გადადის და არც გაფრთხილება გამოუცია. ჩვენ გვკითხეს, ვფიქრობთ თუ არა, რომ ბანკნოტებით შესაძლებელია COVID-19-ის გადაცემა, რაზეც ვუპასუხეთ, რომ აუცილებელია ხელების დაბანა ნაღდ ფულთან შეხების შემდეგ, განსაკუთრებით საკვების დამუშავების ან მიღების წინ, რაც კარგი ჰიგიენის მაჩვენებელია”. 

შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ფულის კუპიურებით კორონავირუსის გადადების შესახებ როგორც ქართულ, ისე უცხოურ მედია საშუალებებშიც გავრცელდა. საინფორმაციო წყარო thehill.com-ის მიერ 4 მარტს  გამოქვეყნებული ინფორმაციით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საზოგადოებას ფულით კორონავირუსის შესაძლო გადაცემის შესახებ აფრთხილებდა და გარკვეული დროით უკონტაქტო გადახდის პირობებით სარგებლობისკენ მოგვიწოდებდა. იმავე შინაარსის ინფორმაცია გამოცემებში: The Telegraph , The Sun, Independent, Daily Email UK გამოქვეყნდა.  გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, მსოფლიოს სხვადასხვა ცენტრალურმა ბანკებმა მიიღეს სათანადო ზომები ფულის საშუალებით ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის.  

""

როგორ გადადის კორონავირუსი?

COVID-19, როგორც ახალი ვირუსი, ჯერ ისევ კვლევის საგანია. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ექსპერტები ფიქრობენ, რომ ინფექცია, ძირითადად, ადამიანიდან ადამიანზე რესპირატორული ნაწილაკების მეშვეობით გადადის. ამასთან, ისინი მიიჩნევენ, რომ ვირუსი, შესაძლოა, გადადიოდეს ინფიცირებული ზედაპირის შეხებითა და შემდგომ ხელების სახეზე, ცხვირზე ან თვალებზე მიდებითაც, თუმცა ექსპერტები არ არიან დარწმუნებულები, რომ ეს ვირუსის გადადების ძირითადი გზაა. 


მოამზადა დეა მარგველაშვილმა
მითების დეტექტორის ლაბორატორია