გვიცავს თუ არა პირბადეები კორონავირუსით დაინფიცირებისგან?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

52
VIEWS

7 ნოემბერს კრემლისტურმა გამოცემა News Front Georgia-მ გამოაქვეყნა სტატია, სათურით “21 საუკუნეში მიმდინარე, სრულიად დაუჯერებელი და უპრეცენდენტო გამოუცხადებელი გენოციდის ამბავი!!!…” მასალა ფეისბუქ მომხმარებლის გიორგი აბაშიძის პოსტს ეყრდნობა, რომელიც კოვიდ19-ის პანდემიას შეეხება. სტატიის ნაწილი შეფასებითია და პანდემიის გამო სახელმწიფოს დაწესებული შეზღუდვების კრიტიკას ეხება, თუმცა ასევე გამოთქმულია მოსაზრებები, რომ კოვიდ19 გრიპისმაგვარი ვირუსია და მსოფლიო პანდემია მოსახლეობის შესამცირებლად დაგეგმილი ხელოვნური პროცესია. სტატიას თან ერთვის ინგლისურენოვანი ვიდეო, სადაც ვიდეოს ავტორი ამტკიცებს, რომ პირბადეს არავითარი დამცველობით ფუნქცია არ გააჩნია. ვიდეო იუთუბ არხ Jacob Jugashvili-ს მიერ რუსულად არის გახმოვანებული.

Crodwtangle-ის მონაცემებით, News Front Georgia-ს სტატია 7 ნოემბერს 10 საჯარო ფეისბუქ ჯგუფში გაზიარდა, მათ შორის ყველაზე მეტი ინტერაქცია ჰქონდა ჯგუფში “კოტე ჩიკვილაძის და გულბაათ რცხილაძის თანამოაზრეების ჯგუფი: Россия и Грузия”, სადაც ამ გამოცემის სტატიები მას შემდეგ ვრცელდება ხშირად, რაც ნიუს ფრანტის ქსელს ფეისბუკმა ანგარიშები წაუშალა.

eph 8 გვიცავს თუ არა პირბადეები კორონავირუსით დაინფიცირებისგან?

the 3 გვიცავს თუ არა პირბადეები კორონავირუსით დაინფიცირებისგან?

პუბლიკაცია მოიცავს ძველ კონსპირაციებსა და დეზინფორმაციას კოვიდ19-ის პანდემიის შესახებ. რეალურად: 1) პირბადეების ტარება მნიშვნელოვნად ამცირებს ვირუსის გადადების რისკებს; 2) კოვიდ19 გრიპის ვირუსის მსგავსი არ არის და ის ბევრად მწვავე ინფექციაა; 3) მტკიცება, თითქოს პანდემია მოსახლეობის შემცირებას ემსახურება მტკიცებულებების გარეშეა და კონსპირაციის თეორიაა.

  • პირბადეები კოვიდ19-ის გადაცემას აკავებს

News Front Georgia-ს სტატიაში გამოქვეყნებული ვიდეო ეკუთვნის ამერიკელ პროდიუსერს დელ ბიგთრის. ვიდეო იუთუბ არხ Jacob Jugashvili-ს მიერ რუსულად არის გახმოვანებული. აღნიშნული არხის მიერ კოვიდ19-ზე კონსპირაციული და დეზინფორმაციული შინაარსის ვიდეოების გავრცელება “მითების დეტექტორმა” ადრეც გამოავლინა.

რაც შეეხება ორიგინალი, ინგლისურენოვანი ვიდეოს ავტორ დელ ბიგთრის, მას აქვს საკუთარი თოქ შოუ The HighWire და სწორედ ამ გადაცემაში აკრიტიკებს პირბადეების გამოყენებას. დელ ბიგთრი ანტივაქსერი აქტივისტია, რომელიც ვაქცინაციას აუტიზმთან აკავშირებს. ის იყო ფილმ Vaxxed: From Cover-Up to Catastrophe-ის პროდიუსერი, რომელიც შორს არის მეცნიერებისგან და კონსპირაციულ თეორიებს ეფუძნება.

დელ ბიგთრის მტკიცებით, პირბადეები ვირუსის გადაცემისგან არ გვიცავს და ამის დასადასტურებლად მას ჰავაის შტატის და ფილიპინების მაგალითი მოჰყავს, სადაც საჯარო თავშეყრის ადგილებში ნიღბების ტარება აპრილიდან სავალდებულო გახდა. ამის მიუხედავად როგორც ფილიპინებში, ისე ჰავაიში კოვიდის ახალი შემთხვევების რაოდენობა ჯერ ისევ ზრდადია.

ჰავაის გუბერნატორი აცხადებს, რომ კუნძულებზე როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ისე ტურისტები, ხშირად არღვევენ წესს და პირბადეებს არ ატარებენ. მაგალითად, შტატის დედაქალაქ ჰონოლულუში 20 სექტემბრიდან მოყოლებული, დახლოებით 33 000-მა ადამიანმა გაფრთხილება მიიღო, ხოლო 3 100 დაჯარიმდა. კლინიკების ქსელ Hawaii Pacific Health-ის აღმასრულებელი დირექტორი, ასევე ჰავაის განსახლებისა და ტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტი აღნიშნავენ, რომ ჰავაის კუნძულ ვაიკიკიზე პირბადის ტარება ფართოდ გავრცელებული არ არის.

რაც შეეხება ფილიპინებს, აქ ჰავაისგან განსხვავებული სურათი იკვეთება. Imperial College of London-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, 91% სახლიდან გამოსვლისას პირბადეებს მუდმივა ატარებს, 5% – ხშირად, 2% – ზოგჯერ, ხოლო 1% – არ ატარებს.

დელ ბითრის ჰავაის და ფილიპინების მაგალითები მანიპულაციურად მოჰყავს და არ ითვალისწინებს რიგ გარემოებებს, რომელიც მოქმედებს ვირუსის გავრცელებაზე, მაგალითად, რამდენად სწორად იყენებენ ადამიანები ნიღბებს, იცავენ თუ არა სოციალურ დისტანციას და ა.შ. ბოლოდროინდელი კვლევები ადასტურებს, რომ პირბადეები კოვიდ19-ის გავრცელებას პოპულაციურ დონეზე ამცირებს და აფერხებს ეპიდემიის მრუდის ზრდას, თუმცა ასევე უნდა ითქვას, რომ პირბადეების ეფექტიანობის განსაზღვრა კომპლექსური საკითხია და ჯერჯერობით კვლევის აქტიურ ფაზაშია, რასაც ართულებს ის ვითარება, რომ კოვიდ ინფექციის გავრცელების გზები ბოლომდე გარკვეული არ არის და ამას ემატება პირბადეების სწორი გამოყენება და მორგება, ასევე გარემოს ცვლადები.

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მიხედვით, ქირურგიული პირბადე არ ატარებს დიდი ზომის ნაწილაკებს, რომელიც ბაქტერიულ და ვირუსულ მიკრობებს შეიძლება შეიცავდეს. როგორც მკვლევრები აღნიშნავენ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირბადე დაინფიცირებულ ადამიანს ეკეთოს. გამომდინარე იქიდან, რომ დაინფიცირებულებისგან ვირუსის გავრცელება შესაძლოა ლაპარაკის დროსაც მოხდეს, პირბადე საჭიროა იმისათვის, რომ ბარიერის შექმნით პირისა და ცხვირის ღრუდან წვეთოვანი გამონადენი შეაკავოს და ამ ნაწილაკების გაფანტვის არეალი შეამციროს. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) რეკომენდაციებით, პირბადის გამოყენება განსაკუთრებით აუცილებელია საზოგადოებრივი თავშეყრის არეალებში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სხვა სოციალური დისტანცირების ზომების მიღება რთულია.

გარდა ლაბორატორიული კვლევებისა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ როგორც ქირურგიული, ისე ნაჭრის პირბადეები აკავებენ რესპირატორულ წვეთებს, ამას აშშ-ის 15 შტატსა და კოლუმბიის ფედერალურ ოლქზე დაყრდნობით ეპიდემიოლოგიური მონაცემებიც ადასტურებს, სადაც ნიღბების სავალდებულო ტარების შემდეგ, კოვიდ19-ის ყოველდღიური შემთხვევების რიცხვი შემცირდა. გამომდინარე იქიდან, რომ სხვადასხვა ქვეყნებში პირბადეების ტარების სავალდებულო წესთან ერთად სხვა სახის შეზღუდვებიც დაწესდა, რთულია იმის მტკიცება, თუ კონკრეტულად ამ ერთმა ცვლადმა რა გავლენა იქონია ვირუსის გავრცელებაზე. თუმცა, მეორე მხრივ, გვაქვს შემთხვევები, რაც მაღალი რისკის სცენარებში კოვიდ19-ის გადადების შეკავებაზე მეტყველებს. მაგალითისთვის, მამაკაცს, რომელიც ჩინეთიდან ტორონტოში გაფრინდა, კოვიდ19 დაუდასტურდა, მას თვითმფრინავში პირბადე ეკეთა. მამაკაცთან ყველაზე ახლოს მსხდომი 25 ადამიანი ასევე დაიტესტა ვირუსზე, თუმცა ისინი ინფიცირებულები არ აღმოჩნდნენ. კიდევ ერთი ცნობილი მაგალითია მაისში მისურის შტატში სილამაზის სალონის შემთხვევა: 2 სტილისტს ახლო კონტაქტი ჰქონდა 140 კლიენტთან, მაშინ როდესაც ისინი კოვიდინფიცირებულნი იყვნენ, თუმცა ყველა კლიენტს და ასევე სტილისტებს პირბადე ეკეთა. 140 ადამიანიდან ტესტირებას 46 დათანხმდა და ყველას პასუხი უარყოფითი იყო.

საინტერესოა კალიფორნიის უნივერსიტეტის მედიცინის პროფესორის მონიკა განდის კვლევაც, რომელიც კოლეგებთან ერთად არსებულ ლიტერატურაზე და სტატისტიკაზე დაყრდნობით ავითარებს თეორიას, რომ პირბადე ვირუსის გავრცელებისთვის არამარტო ბარიერს ქმნის, არამედ დაინფიცირების შემთხვევაში მის მსუბუქად მიმდინარეობასაც განაპირობებს, რადგან პირბადე ძირითადად ფილტრავს დიდ წვეთებს და ამცირებს ვირუსის დოზას, რომელიც დაინფიცირების წყაროსთან კონტაქტის დროს ვიძენთ. აღნიშნული თეორია ჯერჯერობით ცხოველების მოდელით დაიტესტა, კვლევაში აღნიშნულია, რომ ადამიანებში  SARS-CoV-2-ის სხვადასხვა დოზების გავრცელება და ამ მიმართულებით ექსპერიმენტების ჩატარება არაეთიკურია.

  • კოვიდ19 უბრალო გრიპი არ არის და ის გაცილებით მწვავე ინფექციაა

პანდემიის უარმყოფელთა შორის პოპულარულია მოსაზრებია, თითქოს ახალი ტიპის კორონავირუსი სინამდვილეში საფრთხისშემცველი არ არის და ის გრიპის ვირუსის რისკებს უტოლდება. ხშირად ხდება აპელირება სიკვდილიანობის მაჩვენებელზე, რომელიც სეზონური გრიპის შემთხვევაში 0.1%-ია, რაც კოვიდ19-ის ლეტალურობაზე ბევრად ნაკლებია. ამასთანავე, კორონავირუსი განსხვავებულად კლასიფიცირდება, ის არ წარმოადგენს გრიპის ვირუსს, კორონა ვირუსების ჯგუფი ცალკე, საკმაოდ დიდი ჯგუფია, სადაც შედის ახალი Covid-19-იც, რომელიც აქამდე ადამიანის ორგანიზმში არ ყოფილა. ახალი ტიპის კორონავირუსის შემთხვევაში მთავარ პრობლემას, ინფექციის გავრცელების სისწრაფე და ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვა წარმოადგენს. ინფლუენსას ვირუსი კი, რომელიც სეზონური გრიპის სახით გამოვლინდება, უფრო მეტად შესწავლილი და მართვადია ვიდრე კოვიდ19 და ამ უკანასკნელისგან განსხვავებით მისი საწინააღმდეგო ვაქცინაც არსებობს. შესაბამისად, ახალი ტიპის კორონავირუსის გრიპის ვირუსთან გაიგივება არარელევანტურია.

  • კონსპირაცია მსოფლიო მოსახლეობის პანდემიის საშუალებით შემცირების შესახებ

მოსახლეობის შემცირების შესახებ კონსპირაცია როგორც პანდემიის გამოცხადების შემდეგ, ასევე მის დაწყებამდეც ვრცელდებოდა. ნიუსფრონტის სტატიაში არ არის მოყვანილი რაიმე წყარო ან მაგალითი, რაც ამ მოსაზრების დასასაბუთებლად გამოდგება, თუმცა მოსახლეობის შემცირების გეგმას ხშირად უკავშირებენ ხოლმე ბილ გეიტსს და ვაქცინაციას, რაზეც “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა. 2010 წელს Ted Talk-ში გამოსვლისას ბილ გეიტსმა წარმოადგინა წინადადება “განახლება ნულისკენ”, სადაც CO2-ის გამონაბოლქვის შემცირებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვაქცინაციამ შესაძლოა მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს მოსახლეობის რაოდენობის კონტროლის თვალსაზრისით. ბილ გეიტსის აზრით, ვაქცინაცია განვითარებად ქვეყნების ხელს შეუწყობს ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირებას და შესაბამისად შობადობის უკონტროლო ზრდის შენელებასაც. გეიტსი ფიქრობს, რომ მეტი ბავშვის გადარჩენის შემთხვევაში, მშობლები გადაწყვეტილებას მიიღებენ ნაკლები შვილი ჰყავდეთ. ქალებს ეყოლებათ იმდენი ბავშვი, რომ შეძლონ მათი შენახვა, განათლების მიცემა და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, რაც არის წინაპირობა სიღარიბის დასაძლევად და ცხოვრების დონის ასამაღლებლად. ბილ გეიტსის 2010 წელს გაჟღერებული წინადადება ბუნებრივია არაფერ კავშირშია კოვიდ19-ის პანდემიასთან და ასევე არ გულისხმობს მსოფლიო მოსახლეობის დეპოპულაციას.


მასალაში გამოყენებულია CrowdTangle-ის მონაცემები, რომელიც ფეისბუქის საძიებო ინსტრუმენტია


არქივის ბმული: https://bit.ly/3km7quF

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

წყარო

sa
News Front Georgia

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist