იწვევს თუ არა ვაქცინები კორონავირუსის მუტაციებს? – ანტივაქსერი ფეისბუქ მომხმარებლები მანიპულაციურ ცნობებს ავრცელებენ

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

41
VIEWS

2021 წლის 26 ივნისს კობა კუპრაშვილმა ფეისბუკზე გერმანულენოვანი ვიდეოკოლაჟი გამოაქვეყნა, რომელშიც გერმანელი ეპიდემიოლოგი, ჯანდაცვის პოლიტიკის ექსპერტი და ბუნდესტაგის წევრი კარლ ლაუტერბახი კორონავირუსის ვაქცინებისა და ე.წ. დელტა ვარიანტის შესახებ საუბრობს. პოსტის აღწერაში კუპრაშვილი ვიდეოს პროფესორი ლაუტერბახის შემდეგ ციტატას ურთავს: “რაც უფრო მეტი ადამიანი აიცრება, ვირუსი უფრო გადამდები გახდება… სწორედ ასე გაჩნდა დელტა ვარიანტი.” 27 ივნისს კობა კუპრაშვილმა საკუთარი ვიდეოს ბმული გააზიარა, რომელშიც კორონავირუსის შტამების წარმოშობას კვლავ ვაქცინაციის პროცესს უკავშირებს. კობა კუპრაშვილის მტკიცებით, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ბევრი ავტორიტეტული მეცნიერი თანხმდება, რომ პანდემიის პარალელურად საყოველთაო ვაქცინაციის კამპანიის ჩატარება კატასტროფით დასრულდება, რადგან ვირუსი უფრო აგრესიული ახალ-ახალი შტამები გაჩნდებიან. ამ მტკიცების არგუმენტად კუპრაშვილს ინგლისის და ინდოეთის მაგალითები მოჰყავს და აღნიშნავს, რომ კორონავირუსის ახალი შტამები სწორედ მაშინ და იმ ქვეყნებში წარმოიქმნა, სადაც მოსახლეობის მასობრივად აცრა დაიწყო, რაც ადასტურებს, რომ ვირუსის მუტაციის წყარო აცრილი ადამიანები არიან.

;
მსგავსი შინაარსის პოსტი 29 ივნისს ფეისბუქ მომხმარებელმა ქეთევან გეჯაძემაც გამოაქვეყნა. პოსტის მიხედვით, ვაქცინირებული ადამიანები კორონავირუსის მუტაციური შტამების მთავარი წყარო და გამავრცელებლები არიან, რის გამოც ვირუსით ინფიცირებულთა დიდ ნაწილს სწორედ ვაქცინირებულები შეადგენენ.

;
გავრცელებული მტკიცება, თითქოს ვაქცინირებული ადამიანები კორონავირუსის მუტაციური ვარიანტების მთავარ გადამტანებს წარმოადგენენ და ე.წ. დელტა შტამის წარმოშობის მიზეზი ვაქცინაციაა, მანიპულაციურია. რეალურად, კორონავირუსის ყველაზე გადამდები შტამები ვაქცინაციის საყოველთაო პროგრამების დაწყებამდე წარმოიშვა. ხოლო გერმანელი ეპიდემიოლოგის კარლ ლაუტერბახის ციტატა კონტექსტის გარეშე ვრცელდება. ახალი შტამების წარმოქმნის მიზეზებიდან შეიძლება ვაქცინაცია ერთ-ერთი იყოს, თუმცა ახალი ვარიანტების წარმოშობა ხდება ასევე მას შემდეგ,  რაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ვირუსს გადაიტანს და ბუნებრივი იმუნიტეტი გამოუმუშავდება, რადგან ვირუსი ცდილობს თავი გადაირჩინოს და გაძლიერდეს.

  1. არ არსებობს მტკიცებულებები, რომ კორონავირუსის მუტაციების წყარო ვაქცინიებული ადამიანები არიან. კორონავირუსის ყველაზე გადამდები შტამები ვაქცინაციის დაწყებამდე გაჩნდა. 

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ექსპერტების მიხედვით, სხვა რნმ ვირუსების მსგავსად კორონავირუსის თანდათანობითი ცვლილება და სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში ვირუსის ახალი მუტაციების წარმოქმნა ბუნებრივი და სრულიად მოსალოდნელი პროცესია. COVID-19-ის გამომწვევ ვირუსში მუტაციები ყოველ კვირას ხდება, თუმცა მათი უმეტესობა ფაქტობრივად გავლენას არ ახდენს ინფიცირებისა და დაავადების სიმწვავეზე.

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის მუტაციებთან დაკავშირებით განმარტავს, როდესაც ვირუსი მოსახლეობაში ფართოდაა გავრცელებული და ბევრ ადამიანს აინფიცირებს, ვირუსის მუტაციის შესაძლებლობა იზრდება. ჯანმო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არ არსებობს მტკიცებულებები, რომ კორონავირუსის ორიგინალი შტამში მუტაციური ცვლილებების პირდაპირი მიზეზი ვაქცინაციის პროცესი გახდა და ვირუსის მუტაცია სწორედ ვაქცინირებულ ადამიანებს უკავშირდება. აღსანიშნავია ისიც, რომ  კორონავირუსის ორიგინალ შტამთან შედარებით უფრო გადამდები ბრიტანული, ინდურიბრაზილიური და სამხრეთ აფრიკული ვარიანტები იქამდე წარმოიშვა, ვიდრე ამ ქვეყნებში ვაქცინაციის კამპანია დაიწყებოდა. კორონავირუსის ბრაზილიური შტამი, მეცნიერების შეფასებით, 2020 წლის ნოემბერში წარმოიშვა, მაშინ როცა ბრაზილიაში პირველი ადამიანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 2021 წლის 18 იანვარს აცრეს. ხოლო სამხრეთ ამერიკული შტამით ინფიცრების პირველი შემთხვევები 2020 წლის ოქტომბრის დასაწყისში დაფიქსირდა მაშინ, როცა სამხრეთ აფრიკამ ვაქცინების პირველი დოზები 2021 წლის თებერვალში მიიღო. რაც შეეხება კორონავირუსის ბრიტანულ და ინდურ (დელტა) ვარიანტებს, პირველი მათგანის ყველაზე ადრეული შემთხვევების იდენტიფიცირება 2020 წლის სექტემბერში მოხდა, ხოლო დელტა შტამი 2020 წლის ოქტომბერში მაჰარაშტრას პროვინციაში წარმოიშვა.

  1. ვაქცინირებული ადამიანები ვირუსს უფრო ნაკლებად ავრცელებენ

ამასთანავე, როგორც ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ჯანდაცვის ექსპერტები აღნიშნავენ, მტკიცებულებათა სულ უფრო მზარდი რაოდენობა მიუთითებს, რომ სრულად ვაქცინირებული ადამიანები არავაქცინირებულებთან შედარებით ნაკლებად არიან სიმპტომური ან ასიმპტომური ინფიცირების რისკქვეშ, შესაბამისად სრულად ვაქცინირებული ადამიანები ვირუსის ტრანსმისიაშიც ნაკლებად მონაწილეობენ. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინები ვირუსით ინფიცირებას სრულად არ გამორიცხავენ, სხვადასხვა კვლევა აჩვენებს, რომ ვაქცინები კორონავირუსის ფართოდ გავრცელებას ნაწილობრივ მაინც აფერხებენ, რაც თავის მხრივ, ვირუსის ახალი მუტაციების წარმოქმნასაც აფერხებს. ამგვარად, კორონავირუსის სახიფათო მუტაციების წარმოქმნის პრევენციის ერთადერთი საშუალებად ვაქცინაცია და პანდემიის დასრულებამდე უსაფრთხოების ზომების დაცვა რჩება, რომლებიც ხელს უშლის ვირუსის გავრცელებას. როგორც ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ექსპერტი რობერტ ბოლინგერი განმარტავს, კორონავირუსის ახალი ვარიანტების სწრაფი გავრცელების ძირითად წყაროს არავაქცინირებული ადამიანები წარმოადგენენ, რომლებიც სრულად ვაქცინირებულებთან შედარებით ინფიცირების და დაავადების გავრცელების ბევრად უფრო მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევიან.

აღნიშნულ თემაზე “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა, ვრცლად იხილეთ მასალა:
რას აჩვენებს უახლესი კვლევები AstraZeneca-ს, Johnson&Johnson-ის და სხვა ვაქცინების ეფექტიანობასა და გვერდით ეფექტებზე?

  1. გერმანელი ეპიდემიოლოგის კარლ ლაუტერბახის ციტატა ვაქცინებისა და დელტა ვარიანტის შესახებ კონტექსტის გარეშე ვრცელდება. 

კობა კუპრაშვილის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო, რომელშიც გერმანელი ეპიდემიოლოგი და პოლიტიკოსი კარლ ლაუტერბახი კორონავირუსის დელტა ვარიანტზე საუბრობს, ტუტციგის ევანგელისტური აკადემიის საზაფხულო კონფერენციაზე ლაუტერბახის ერთსაათიანი გამოსვლის სხვადასხვა ფრაგმენტს აერთიანებს.

კორონავირუსის ახალი შტამების წარმოქმნაზე საუბრისას ლაუტერბახი აღნიშნავს, რომ მკურნალობის მეთოდებისადმი უფრო რეზისტენტული და მეტად გადამდები შტამების, მათ შორის კი დელტა ვარიანტის გავრცელების ერთ-ერთი მიზეზი იმუნიზაციის პროცესია. ლაუტერბახის თქმით, იმისათვის, რომ ვირუსი გადარჩეს, მან თავი უნდა აარიდოს ადამიანის იმუნურ სისტემას და მის მიმართ რეზისტენტულობა უნდა შეიძინოს, რის გამოც ბუნებრივი გადარჩევის ზემოქმედებით უფრო ძლიერი შტამის წახალისება შეიძლება მოხდეს. თუმცა ლაუტერბახი ვირუსის ბუნებრივი გადარჩევის პროცესს მხოლოდ ვაქცინას არ უკავშირებს და ვიდეოს სრულ ჩანაწერში [ტაიმკოდი: 22:55-24:30] კორონავირუსის ვარიანტებზე საუბრისას ამბობს, რომ ვირუსის უფრო გადამდები შტამების წარმოქმნა მოსალოდნელია არა მხოლოდ მოსახლეობის აცრისას, არამედ მაშინაც, როცა მოსახლეობის დიდი ნაწილი ვირუსს გადაიტანს და ბუნებრივი იმუნიტეტი გამოუმუშავდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ გერმანელი ეპიდემიოლოგი და პოლიტიკოსი კარლ ლაუტერბახი რეალურად ვაქცინაციის მხარდამჭერია და როგორც კონფერენციის ჩანაწერში, ისე მედიასთან თავისი პოზიციის დაფიქსირებისას დელტა ვარიანტთან გასამკლავებლად  ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ხაზგასმით საუბრობს. კარლ ლაუტერბახი მიიჩნევს, რომ გერმანიასა და ევროპული ქვეყნების უმეტესობას დელტა ვარიანტის შემოტევა 2021 წლის შემოდგომაზე ემუქრება, რის გამოც ვაქცინაციის პროცესი უნდა დაჩქარდეს და ქვეყნებმა საკუთარი მოსახლეობის აცრა უნდა მოასწრონ, რადგან ვაქცინირებული ადამიანები ვირუსის “სუპერ გამავრცელებლები” აღარ ხდებიან. ამასთანავე, ლაუტერბახი ამტკიცებს, რომ დელტა ვარიანტი განსაკუთრებით სახიფათო არავაქცინირებული ჯგუფებისთვის, მათ შორის ბავშვებისთვის, იქნება და ვაქცინაციის პროგრამაში ბავშვების ჩართვაც აუცილებელია.

  1. მუტაციური შტამების წარმოქმნას ვაქცინაცია იმდენადვე უწყობს ხელს, რამდენადაც დაავადების შედეგად გამომუშავებული ბუნებრივი იმუნიტეტი.

ვირუსის მუტაციის მიზეზებთან დაკავშირებით კარლ ლაუტერბახის მოსაზრების იდენტურ მსჯელობას  ავტორიტეტულ სამეცნიერო ჟურნალ Nature-შიც ვხვდებით. 2021 წლის მარტში გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ ბუნებრივი გადარჩევის წნეხი წაახალისებს იმ ვარიანტებს, რომლებსაც იმუნიზებული ადამიანების ინფიცირება შეუძლიათ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ბუნებრივი გადარჩევა ამგვარად მხოლოდ ვაქცინაციის პირობებში იმუშავებს. მაშინაც კი, თუ ვაქცინაციაზე საერთოდ უარს ვიტყვით და კორონავირუსზე იმუნიტეტის გამომუშავება ბუნებრივი გზით (ე.ი. დაავადების გადატანის შედეგად) მოხდება, ვირუსის შტამების სელექცია კვლავ იგივე მექანიზმით წარიმართება და მაინც ის ვარიანტები წახალისდება, რომლებსაც იმუნიტეტშეძენილი ადამიანების ინფიცირება შეუძლიათ. ამიტომაც, ახალი ვარიანტებისგან თავის დასაცავად აუცილებელია ვაქცინაციის პროცესის გაგრძელება, რათა ვირუსის გავრცელება და ინფიცირების მძიმე შემთხვევები გამოირიცხოს.

ვაქცინებისა და კორონავირუსის მუტაციური შტამების შესახებ მანიპულაციური ცნობები ინტერნეტსივრცეში ადრეც ვრცელდებოდა. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატია: ქართველი ანტივაქსერები ბელგიელი ვირუსოლოგის ჰიპოთეტურ სცენარს რეალობად წარმოაჩენენ

კორონავირუსის ვაქცინების ეფექტიანობა დელტა ვარიანტის წინააღმდეგ

კორონავირუსის დელტა ვარიანტი  ვაქცინების მიმართ ვირუსის სხვა შტამებთან შედარებით უფრო მეტი რეზისტენტულობით გამოირჩევა. 2021 წლის 22 მაისს Public Health England-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ასტრაზენეკასა და ფაიზერის მხოლოდ ერთი დოზაც კი ვარიანტის მიერ გამოწვეული სიმპტომების განვითარებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. AstraZeneca-ს / Pfizer-ის ერთი დოზით ვაქცინრებულებში დელტა ვარიანტის შედეგად სიმპტომური დაავადების განვითარების ალბათობა – 33%-ით მცირდება. AstraZeneca-ს ვაქცინის ორი დოზა დელტა ვარიანტის სიმპტომური შემთხვევების წინააღმდეგ – 60%-ით, ხოლო Pfizer – 88%-ით ეფექტიანია.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist