ირმა ინაშვილის 2 ტყუილი ვიზალიბერალიზაციასა და ქართველი მეწარმეების შესახებ

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

irmairmainashvili-cr-721x405 - Copy
1.1k
VIEWS

2018 წლის 20 თებერვალს “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა, ტელეკომპანია იმედის გადაცემაში “პირისპირ” ვიზალიბერალიზაციის შეფასებისას განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორია 30 000-35 000-მა მოქალაქემ დატოვა მაშინ, როდესაც აზიის ქვეყნებიდან საქართველოს საზღვარი 2-ჯერ მეტმა ადამიანმა გადმოკვეთა. მისივე თქმით, აჭარასა და კახეთში არ არსებობენ ქართველი მეწარმეები, რადგანაც აჭარაში თურქები, კახეთში კი მხოლოდ ირანელი ბიზნესმენები არიან. ინაშვილის განმარტებით, ეს პირდაპირ კავშირშია ვიზალიბერალიზაციასთან, რადგანაც აზიის ქვეყნებიდან შემოსული პირები საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებას აიძულებენ. იგივე ნარატივი გაავრცელა გაზეთ “რეზონანსის” ჟურნალისტმა ნათია ლომიძემ 2018 წლის 17 თებერვალს. მისი თქმით, ვიზალიბერალიზაციამ მოქალაქეებს სამუშაოს საძებნელად წასვლის სურვილი გაუღვივა. ამის დასადასტურებლად ჟურნალისტს 2016 წლის მონაცემები მოჰყავს, რომლის თანახმად საქართველოში შრომისუნარიანი მოსახლეობა 0.6%-ით შემცირდა.

ირმა ინიაშვილი: “ჩვენ გვეუბნებიან, რომ დაახლოებით 35 000-მა ქართველმა დატოვა საქართველო და გავიდა. ნუ ციფრებზე არ ვიკამათოთ, იმიტო რო ზოგი 30 000-ს ამბობს, ორჯერ მეტი ერაყელი შემოვიდა, სირიელი შემოვიდა, ორჯერ მეტი შემოვიდა აზიის ქვეყნებიდან, იმ ქვეყნებიდან, სადაც მაღალია ტერორიზმის საფრთხე. ეს ხალხი მკვიდრდება ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს სამშობლოში, სადაც ქართველმა კაცმა ვერ გაიხარა. ვერ გაიხარა აჭარაში, სადაც თურქებსა აქვთ ყველაფერი მიცემული… შემდეგ, ქართველმა კაცმა ვერ გაიხარა კახეთშიც, სადაც ირანელები არიან დომინანტები და არა ქართველი, რომელსაც ასევე შეუძლია ბიზნესიც განავითაროს, მიწაც დაამუშაოს და წარმოებაც შექმნას, ამიტომ ტოვებს, ეს პირდაპირ კავშირშია ვიზალიბერალიზაციასთან და მთელ ამ პროცესებთან, ამიტომ მიდის ჩვენი ხალხი საქართველოდან.”

ვიზალიბერალიზაციასა და კახეთსა და აჭარაში ქართველი მეწარმეების შესახებ ირმა ინაშვილის განცხადებები მცდარია და სტატისტიკურ მონაცემებს არ შეესაბამება, რადგანაც იმ 160 000 პირიდან, რომელმაც ვიზალიბერალიზაციით ისარგებლა, 90 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ საქართველოში მხოლოდ 10 000-მდე მოქალაქე არ დაბრუნდა. მცდარია რეზონანსის ჟურნალისტის განცხადებაც, რადგანაც ვიზალიბერალიზაცია 2017 წლის 28 მარტს ამოქმედდა და 2016 წელს შრომისუნარიანი მოსახლეობის შემცირებაზე გავლენას ვერ მოახდენდა.
რაც შეეხება სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის საკითხებს, მხოლოდ UNDP-ის ფარგლებში აჭარაში 79 ქართველი მეწარმის პროექტია დაფინანსებული, ხოლო კახეთში ENPARD-ის ფარგლებში – 23.

     1. მანიპულაცია რიცხვებით

ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებიდან (2017 წლის 28 მარტი) 2017 წლის 20 ოქტომბრის მდგომარეობით, ვიზალიბერალიზაციით სულ საქართველოს 160 000-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა. 90 დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ საქართველოში არ დაბრუნდა 10 000–მდე მოქალაქე. ეს მონაცემი არ მოიცავს მხოლოდ არალეგალურად დარჩენილი მოქალაქეების რიცხვს. ამ რიცხვში შედიან ისინიც, ვისაც:

  1. ევროკავშირის ქვეყნებში ცხოვრების უფლება (ე.წ. residence permit) ან ორმაგი მოქალაქეობა აქვთ;
  2. ევროკავშირის ქვეყანაში უვიზოდ ჩასვლის შემდეგ მოიპოვეს ამ ქვეყანაში უფრო მეტი ხნით დარჩენის უფლება (მაგ. სტუდენტები, თავშესაფრის მაძიებლები);
  3. ევროკავშირის ქვეყნებიდან გადავიდნენ მესამე ქვეყანაში (მაგ. უკრაინაში, ბელორუსში) და საქართველოში არ დაბრუნებულან ამ ქვეყნებიდან.

გარდა ამისა, ვიზალიბერალიზაციის თემას ხშირად უკავშირებენ მცდარ მტკიცებას, თითქოს უვიზო მიმოსვლა საქართველოს დააცარიელებს და ქვეყანას დემოგრაფიულ კატასტროფამდე მიიყვანს. შენგენის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლის საკითხის დემოგრაფიულ ჭრილში განხილვა და მისი საფრთხედ წარმოჩენა მანიპულაციურია, რადგანაც ვიზალიბერალიზაცია არ გულისხმობს საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპის ქვეყნებში სამუშაო მიზნით თავისუფალ მიმოსვლას და ის მოკლევადიან ვიზიტებს ითვალისწინებს. ამასთან, საქართველოში შრომისუნარიანი მოსახლეობის შემცირების დაკავშირება ვიზალიბერალიზაციასთან 2016 წლის მონაცემებით მანიპულაციურია, რადგან ვიზალიბერალიზაცია საქართველომ 2017 წლის 28 მარტს მიიღო, შესაბამისად 2016 წელს შრომისუნარიანი მოქალაქების შემცირებაზე გავლენა ვერ ექნებოდა.

     2. ქსენოფობიური გზავნილი

ინაშვილის განცხადება, თითქოს აჭარაში წარმოება მხოლოდ თურქების, კახეთში კი ირანელების ხელშია დეზინფორმაციაა და მოსახლეობაში ქსენოფობიური განწყობების დამკვიდრებას ისახავს მიზნად.

ა. აჭარა

მხოლოდ UNDP-ის პროგრამის ფარგლებში აჭარაში 77 პროექტია მხარდაჭერილი, რომელშიც 435 საქართველოს მოქალაქე აჭარელია ჩართული. პროექტები მოიცავს როგორც წარმოებას, ასევე გადამუშავებას და ფარავს ისეთ სექტორებს როგორიცაა თხილის წარმოება, სათბურები, მეღვინეობა, მეთევზეობა, მეფუთკრეობა, მეფრინველეობა, მოცვის, ციტრუსის, პომიდვრის, კარტოფილის წარმოება, მეცხოველეობა და სხვა.

წარმატებული მაგალითები

  • ხულოელმა ფერმერმა ჯემალ ართმელაძემ, მიხეილ ჩოგაძემ, ალექსანდრე იშხნელიძემ და ბიძინა შავაძემ 4 ტონა ქართული ნიორი ევროკავშირის ბაზარზე  გაიტანეს.
  • აჭარელმა ფერმერმა ცეზარ კახაძე მის მიერ წარმობულ შებოლილ სულგუნს აშშ-ის ბაზარზე   ჰყიდის.
  • მიქელაძეების ოჯახს მაღალმთიან აჭარაში მოცვი მოჰყავს და ოჯახი 3000 კვადრატული მეტირს მოცვის მდელოს  მფლობელია.

ბ. კახეთი

კახეთის რეგიონში ENPARD-ის მიერ მხარდაჭერილი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატიცების რიცხვი 23-ია. აჭარის მსგავსად, კახეთშიც სხვადასხვა სექტორია მხარდაჭერილი. მაგალითად: ყველის წარმოება, კარტოფილის კულტივაცია, მევენახეობა, მარცვლეულის, ბოსტნეულის, ხილის წარმოება, მეფუტკრეობა, მესაქონლეობა და სხვა.

წარმატებული მაგალითები

  • მეღვინეებს ზაზა და მალხაზ ჯაყელებს საკუთარი ღვინო “ჯაყელების ორგანული ღვინო და ვენახები” 2014 წლიდან ევროკავშირის ბაზარზე  გააქვს.
  • ფერმერმა გიორგი ლაცაბიძემ კახეთში გიგანტური მაყვლის პლანტაცია გააშენა, რაც ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი  პროდუქტია.
  • ფერმერმა იზოლდა ქიტესაშვილმა, გერმანიიდან 10 ტონა ხურმის შეკვეთა  მიიღო.

პროპაგანდა ვიზალიბერალიზაციის შესახებ

ირმა ინაშვილი ვიზალიბერალიზაციის შესახებ პროპაგანდის გზავნილებს იმეორებს და უვიზო მიმოსვლას ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხის კონტექსტში განიხილავს. ინაშვილი ხელოვნურად აკავშირებს მიგრაციის ბუნებრივ პროცესს ვიზალიბერალიზაციასთან, ხოლო აზიური ქვეყნებიდან საქართველოში მიგრაციას ტერორიზმის საფრთხის ზრდასთან აიგივებს.

ევროკავშირისა და მიგრაციის შესახებ ირმა ინაშვილის გზავნილები თანხვედრაშია ტელეკომპანია “ობიექტივის” გზავნილებთან. მედიის განვითარების ფონდის კვლევაში “მუსლიმთა თემატიკის გაშუქება ქართულ, რუსულ, აზერბაიჯანულ და თურქულ ტრადიციულ და ახალ მედიაში” აღნიშნულია, რომ მიგრაციისა და უცხოელი ინვესტორების საკითხი “ობიექტივის” გადაცემების ერთ-ერთი წამყვანი თემაა. მიგრანტების დაკავშირება ხდება სხვადასხვა ტიპის დანაშაულებებთან, ხოლო ქსენოფობიური გზავნილები აზიური იდენტობის უცხოელი ინვესტორების წინააღმდეგ იყო მიმართული.

ირმა ინაშვილის შესახებ

ირმა ინაშვილი ულტრა-მემარჯვენე პოლიტიკური პარტია “პატრიოტთა ალიანსის” გენერალური მდივანია. ის ასევე არის საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი.

თემატიკა: მიგრაცია
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist