იცავენ თუ არა სახალხო დამცველი და საერთაშორისო ორგანიზაციები შრომით უფლებებს?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

წდწ
119
VIEWS

2020 წლის 8-14 ივნისის ნომერში გაზეთ “ალიაში” იურისტ გიორგი ლილუაშვილის ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც ის აცხადებს, რომ დასაქმებულთა უფლებების დარღვევით საქართველოში  არც საერთაშორისო ორგანიზაციები და არც საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია არ ინტერესდებიან. მისი თქმით, სახალხო დამცველი მთელ მის დროს ლგბტ თემის უფლებათა დაცვას ახმარს და სხვა საკითხებისთვის არ სცალია.

გიორგი ლილუაშვილი: „სამუშაო ადგილზე დასაქმებულებს პირდპაირ უქმნიან მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიშ პირობებს. სად არის გაეროს წარმომადგენლობა? ევროპის საბჭოს წარმომადგენლობა? ყოველ ნაბიჯზე ირღვევა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციები. ამ დროს კი ეს ვაჟბატონები და ქალბატონები გაჩუმებულები არიან რა თქმა უნდა, გაჩუმებულია სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, რომლისთვისაც ადამიანის უფლებები შემოიფარგლება გაუკუღმართებული სექსუალური ორიენტაციისა და გარყვნილების დაცვით სად სცალია მას მშრომელთა ჯანმრთელობის სიცოცხლის საზრუნავად.”

განცხადება, თითქოს  სახალხო დამცველის აპარატი და საერთაშორისო ორგანიზაციები შრომითი უფლებებით არ ინტერესდებიან, ტყუილია. სახალხო დამცველის აპარატი მუდმივად აკვირდება დასაქმებულთა მდგომარეობას, რაც მის განცხადებებში, რეკომენდაციებსა და ანგარიშებში აისახება. ადამიანის უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციები და ევროკავშირი საქართველოს შრომითი კანონმდებლობის დახვეწაში ეხმარებიან და ანგარიშებითა თუ განცხადებებით სამუშაო ადგილებზე გამოვლენილ დარღვევებს  ეხმიანებიან. ამასთანავე საერთაშორისო ორგანიზაციები მხარს უჭერენ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც შრომითი უფლებების ადვოკატირებას ეწევიან, რის შედეგადაც არაერთი ადამიანი აღადგინეს სამსახურში.

  • სახალხო დამცველის როლი დასაქმებულთა უფლებების დაცვაში 

ომბუდსმენის აპარატი არაერთი წელია ჩართულია საქართველოში დასაქმებულთა უფლებების გაუმჯობესებასა და შრომის უსაფრთხოების გაძლიერების საკითხებში.  ამ პრობლემასთან დაკავშირებულ შემთხვევებსა და ცვლილებებს სახალხო დამცველი მუდმივად ეხმაურება. ომბუდსმენის აპარატის აქტივობა ძირითადად პრობლემის შესწავლას, კამპანიებს,  განცხადებების გაკეთებასა და ანგარიშების მომზადებას გულისხმობს.

გასულ წელს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სამუშაო ადგილებზე გამოხატულ სხვადასხვა დარღვევებსა და უბედურ შემთხვევებს გამოეხმაურა. 6 აპრილს, როდესაც ტყიბულის შახტაში ჭერის ჩამონგრევას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ნინო ლომჯარია ამ საკითხზე  განაცხადა, რომ ომბუდსმენის აპარატი აქტიურად მიადევნებდა თვალს გამოძიებას. მსგავსი ტიპის საკითხებზე სხვადასხვა რეკომენდაცია გაიცა სახალხო დამცველის 2017 წლის საპარლამენტო ანგარიშშიც. სახალხო დამცველმა სოლიდარობა გამოუცხადა ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს და აღნიშნა, რომ შრომით უფლებების დაცვა აუცილებელია როგორც ღირსეული სამუშაოს, ასევე მდგრადი ეკონომიკური ზრდისა და პროდუქტიული დასაქმების ხელშეწყობისთვის.

"

აღსანიშნავია, სახალხო დამცველის აპარატის ჩართულობა შრომითი უსაფრთხოების კანონის მიღებასა და სამართლიანად აღსრულებაში. ომბუდსმენის აპარატი ჩართული იყო კანონპროექტის ინიცირების შემდეგ პარლამენტში შექმნილ სამუშაო ჯგუფში, სადაც განიხილებოდა რიგი შენიშვნები კანონთან დაკავშირებით. სახალხო დამცველი კვლავ განაგრძობს ამ მხრივ ადამიანთა უფლების მდგომარეობის შესწავლას და შესაბამისი რეკომენდაციების გამოქვეყნებას.

მნიშვნელოვანია სახალხო დამცველის ყოველწლიური საპარლამენტო ანგარიშებიც, რომლებიც საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის მიმართ სხვადასხვა რეკომენდაციას  შეიცავს. აღსანიშნავია 2019 წლის ანგარიში, რომელშიც შრომით უფლებების შესახებ ცალკე თავს “შრომის უფლებას” ვხვდებით. ანგარიშში ომბუდსმენი მიმოხილავს სხვადასხვა პრობლემასა და გამოწვევას და საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას მნიშვნელოვანი რეკომენდაციებით მიმართავს.

  • საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა საქართველოში შრომითი უფლებების გაუმჯობესებაში

საქართველოს შრომის კოდექსის 1(1) მუხლით  შრომის კოდექსთან მიმართებით განსაზღვრულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა უპირატესი იურიდიული ძალა. ამ სფეროში რეფორმების განხორციელებას საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ავალდებულებს.

დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულია ILO-ს (შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის) 18 კონვენცია, რომელიც სხვადასხვა შრომით საკითხს ეხება და მნიშვნელოვან სტანდარტებს აწესებს. აღნიშნული ორგანიზაცია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ერთ-ერთი სააგენტოა, რომელიც სწორედ შრომის საკითხებზე მუშაობს. ამასთან ერთად, დიდია გამოხმაურება არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, როდესაც შრომითი უსაფრთხოება ირღვევა.

"

'

მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია Human Right Watch-ის ყოველწლიური ანგარიშები საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე. 2020 წელს გამოქვეყნებულ  მიმოხილვაში შრომითი კანონმდებლობის ხარვეზებზეა  ყურადღება გამახვილებული.

“საქართველოს შრომითი კანონმდებლობა საკმარისად არ არეგულირებს სამუშაო საათებს, დასვენების დროს, ყოველკვირეულ დასვენებას და ღამის საათებში მუშაობას. ასევე, არ უზრუნველყოფს შრომის პირობებზე მთავრობის ზედამხედველობას. მაგალითად, მარგანეცის ზოგიერთ მაღაროში მუშები მიწის ქვეშ, 12 საათიან ცვლებში, მათ შორის ღამის საათებში, 15 დღის განმავლობაში უწყვეტად მუშაობდნენ, რაც იწვევდა გადაღლას და სამუშაო ადგილზე ავარიის და სხეულის დაშავების ალბათობის ზრდას.”

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ასევე გასათვალისწინებელია საერთაშორისო ექსპერტ მეგი ნიკოლსონის შეფასება, რომელიც მომზადდა ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროგრამის „ადამიანის უფლებები ყველასათვის“ ფარგლებში. ეს პროგრამა გაეროს ოთხმა სააგენტომ – გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP), ადამიანის უფლებების უმაღლესმა კომისარიატმა (OHCHR), გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF) და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ILO) განახორციელა.

"

დოკუმენტი საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის 2014-2020 წლების ეროვნული სტრატეგიის განხორციელებას მიმოიხილავს. შეფასება ძირითადად სახალხო დამცველის ანგარიშებს, საერთაშორისო, ადგილობრივ ორგანიზაციებსა და სხვა დამატებით წყაროებს ეყრდნობა. მასში ის ძირითადი პრობლემებია ასახული, რაც საქართველოში შრომითი უსაფრთხოების კუთხით არსებობს.

ამასთანავე, ევროკავშირი და საერთაშორისო ორგანიზაციები ეხმარებიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სამუშაო ადგილებისა და დასაქმებულთა უსაფრთხოების მონოტირინგის უკეთ განახორციელებაში. ამ ეტაპზე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარებით სამინისტროს მიერ  შრომის ინსპექციის მართვის ელექტრონული სისტემის, სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევის დაზღვევის სტანდარტებისა და სტანდარტული ოპერაციული პროცედურების შემუშავება ხდება. ასევე, ახლდება შრომის უსაფრთოებისა და ჯანმრთელობის დაცვის პროფილი. დახმარებას ასევე უწევს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია და შედეგად მიმდინარეობს ინსპექტორთა გადამზადება ადამიანით ვაჭრობის, იძულებითი შრომის, შრომითი ექსპლოატაციის საკითხებზე და ასევე საკანონმდებლო ჩარჩოს გაუმჯობესების მიმართულებით.

ადვოკატირება

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით ახორციელებენ ადვოკატირების პროგრამებს, რომლებიც მოქალაქეებისთვის უფასო იურიდიული დახმარების გაწევას ისახავს მიზნად, მათ შორის შრომით დავებზე. ასეთი პროგრამების ფარგლებში საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას არაერთი შრომითი დავა აქვთ მოგებული.

 

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist