ჯორჯ ბუშის კლონი “ობიექტივის” ეთერში

კითხვის დრო: 6 წუთი

კითხვის დრო: 6 წუთი

4.7k
VIEWS

2019 წლის 20 ივლისს ტელეკომპანია ობიექტივის გადაცემაში  “ოქროს კვეთა” ტელეწამყვანმა ვალერი კვარაცხელიამ მაყურებლებს წარუდგინა ვიდეო, რომელიც ავტორის მტკიცებით ამერიკის შეერთებული შტატებში იყო მომზადებული და თავად ამერიკას ამხელდა. საუბარია დაახლოებით 20 წუთიან ფრაგმენტზე დოკუმენტური ფილმიდან, რომელიც ინტერნეტში “Большое Американское Шоу”-ს (დიადი ამერიკული შოუ) სახელით ვრცელდება. ვიდეოში სავარაუდოდ ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის ჯორჯ ბუში უმცროსის კლონი გამოსახულება, რომელიც ვიდეოს გაყალბების შედეგადაა მიღებული, მაყურებელს ამერიკული იმპერიალიზმის შესახებ უყვება.

როგორ ყალბდებოდა ვიდეო DeepFake-ის გაჩენამდე?

“ობიექტივის” ეთერის მეშვეობით გავრცელებული დოკუმენტური ფილმი, რომელშიც ჯორჯ ბუშ უმცროსის კლონი ანტიამერიკული კონსპირაციების წყაროდ გვევლინება, სავარაუდოდ იმ ვიზუალური  ეფექტების (VFX) მეშვეობითაა გაყალბებული, რომელსაც კინოინდუსტრიაში ათლწეულებია იყენებენ. ჰოლივუდში უკვე  70-იან წლებში გამოიყენებოდა კომპიუტერის მეშვეობით შექმნილი ოპტიკური ეფექტები, რომლებიც მომდევნო წლებში დაიხვეწა და უკვე 2008 წელს ფილმის The Curious Case of Benjamin Button შექმნელებმა ბრედ პიტის კომპიუტერულად დაბერებული სახე მომცრო ზომის სხეულს “მიაბეს”.

როგორც ჩანს, ფილმში ჯორჯ ბუშის გამოსახულების კლონი სწორედ ვიზუალური ეფექტის გამოყენებითაა “ჩასმული”. მაყურებლებმა სიყალბე რომ ვერ შეამჩნიონ, კამერა “პრეზიდენტს” შორი ხედით იღებს.

ხელოვნური ინტელექტის განვითარების შედეგად 2014 წელს შეიქმნა მანქანური სწავლების სისტემა generative adversarial network (GAN), რომელიც საფუძვლად დაედო სახის გაყალბების ისეთ ტექნოლოგიას, როგორიცაა Deepfake. მისი მეშვეობით  შესაძლებელია, კონკრეტულ ინდივიდზე სხვა ადამიანის თავის მოძრაობის, სახის გამომეტყველების, მზერისა და თვალის დახამხამების გადატანაც კი, როგორც ეს ქვემოთ მოცემულ სურათზე ჩანს.

"

ჯორჯ ბუშის კლონის 7 ანტიამერიკული კონსპირაცია

ვიდეოში გაჟღერებული არაერთი კონსპირაციის თეორიიდან და ანტიამერიკული გზავნილიდა “მითების დეტექტორი” 8 ყველაზე ცნობილ მითს გთავაზობთ:

     1. ჰიტლერი ხელისუფლებაში აშშ-მა მოიყვანა 

“პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ჩვენ ხელისუფლებაში მოვიყვანეთ ჰიტლერი, რომელმაც დაიწყო მეორე მსოფლიო ომი”,- უყვება მაყურებელს ჯორჯ ბუშის კლონი.

აშშ-ს მთავრობის მიერ ადოლფ ჰიტლერის მხარდაჭერის შესახებ ისტორია კრემლისტური მედიების საყვარელი კონსპირაციის თეორიაა. ამ კონსპირაციის თანახმად, რუსეთის თავიდან მოშორების მიზნით, აშშ ჰილტერთან თანამშრომლობაზეც კი არ იტყოდა უარს. აშშ-ჰიტლერის კავშირის  საპირწონედ, ხშირად, სტალინის მოხერხებულობა და რუსეთის უძლეველობა მოჰყავთ.

""

"

        2. ტყუპი ცათამბჯენები ამერიკელმა სამხედროებმა ააფეთქეს

ობიექტივის ეთერში გასულ ვიდეორგოლში “ჯორჯ ბუში” მაყურებელს არწმუნებს, რომ ოსამა ბინ ლადენი მოგონილი მტერი იყო, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტი თავად ამერიკელებმა მოაწყვეს, ხოლო პენტაგონის შენობას ბოინგი არ დაჯახებია.

შეთქმულების ეს თეორია ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია. მიუხედავად იმისა, რომ სპეციალურმა კომისიამ  ტერაქტის გარემოებები შეისწავლა და 600 გვერდიანი დასკვნა გამოაქვეყნა, ხოლო ალ-ქაიდას ლიდერმა ოსამა ბინ ლადენმა ტერორისტული აქტისთვის პასუხმსგებლობა საკუთარ თავზე აიღო, შეთქმულების თეორიის მოყვარულები დღემდე  საპირისპიროს ამტკიცებენ.

ასობით თვითმხილველმა დაინახა, თუ როგორ შეეჯახა თვითმფრინავი პენტაგონის შენობას. გატაცებული თვითმფრინავის მინიმუმ ორმა მგზავრმა ოჯახის წევრებს ტელეფონით შეატყობინა მათი თვითმფრინავის გატაცების შესახებ. შეთქმულების თეორიის ავტორები ამტკიცებენ, რომ შენობაზე აღმოჩენილი ხვრელები ბევრად პატარა იყო, ვიდრე ბოინგის შესაძლო კვალი. თუმცა, სამგზავრო თვითმფრინავმა ფრთები შეჯახებამდე დაკარგა. ამასთან, პენტაგონის შენობის რკინა-ბეტონის სვეტების გამო თვითმფრინავის გარე ნაწილი შეჯახებისთანავე დაიმსხვრა. მოგვიანებით, თვითმფრინავის კორპუსის ნაწილები პენტაგონის გაზონზე იპოვეს. 9/11 ტერაქტის შესახებ გავრცელებული სხვა კონსპირაციების შესახებ იხილეთმითების დეტექტორის ადრინდელ პუბლიკაციაში.

"
ფოტო: Associated Press

          3. პერლ ჰარბორი ამერიკელებმა დაბომბეს

ვიდეორგოლში ჯორჯ ბუშის კლონი ამტკიცებს, რომ პერლ-ჰარბორი თავად ამერიკელებმა მოაწყვეს და ყველაფერი იაპონელებს გადააბრალეს.

შეთქმულების თეორია ამერიკელების მიერ პერლ ჰაბრორის დაბომბვაზე ტრაგედიიდან მალევე გაჩნდა. ყველას აწუხებდა კითხვა, როგორ ჩაატარეს იაპონელემა ასეთი მასშტაბური ოპერაცია ყველასთვის და განსაკუთრებით, ამერიკელებისათვის მოულოდნელად. ზოგიერთი მათგანი პრეზიდენტ რუზველტსაც ადანაშაულებდა, რომელსაც თითქოს იმდენად უნდოდა ომი, რომ მან სპეციალურად გამოიწვია იაპონელები და პერლ ჰარბორი არასათანადოდ მოამზადა.

მიუხედავად იმისა, რომ კონსპირაციის თეორიის უარყოფას დეზინფორმაციის ექპსერტები დროის ფლანგვას უწოდებენ,  პერლ ჰარბორთან დაკავშირებით არსებობს არაერთი მტკიცებულება, რომელიც მის გამომწვევ მიზეზებსა და რეალურ ფაქტებს ადასტურებს.

პერლ ჰარბორზე თავდასხმისას იაპონელებმა 29 საჰაერო ხომალდი დაკარგეს და მათი უმეტესობა უშუალოდ შემთხვევის ადგილზე ან მასთან ახლოს ჩამოვარდა.  ერთ-ერთ ასეთ ფოტოზე 00 ტიპის იაპონური ბობმდამშენია გამოსახული, რომელიც ფორტ კამეჰამეჰასთან, პერლ ჰარბორთან ახლოს, ჩამოვარდა. ხომალდი, რომლის კუდზე კოდი A1-154 იყო მითითებული, ხოლო უკანა კორპუსზე წითელი ზონარი ჰქონდა შემოვლებული, ავიამზიდ “აკაგიდან” აფრინდა.


ფოტო: Naval History and Heritage Command

ამ ფოტოზე კი პერლ ჰარბორის საზღვაო ჰოსპიტალთან ჩამოვარდნილი 97 ტიპის იაპონური ბობმდამშენის ფრთა  ჩანს. საჰაერო ხომალდი ავიამზიდ “კაგადან” აფრინდა.

"
ფოტო: Naval History and Heritage Command

      4. ადამიანებს სხეულში მიკროსქემას დაუმონტაჟებენ 

“ძალიან მალე ყველა ადამიანს ექნება ჩაშენებული მიკროსქემა, რომელიც იქნება მისი პასპორტიც და საფულეც ერთდროულად”, აცხადებს ბუში უმცროსის კლონი და მტკიცებულებად ახალი აღთქმის თავიდან “გამოცხადება” 13:16-17 მუხლი მოჰყავს, სადაც “მხეცის ნიშანზეა” საუბარი.

ამ შეთქმულების თეორიაზე ევროკავშირთან მიმართებით “მითების დეტექტორი” 2015 წელსაც წერდა. ტელეკომპანია ობიექტივი, სააგენტო პირველი და ონლიან გამოცემა “საქართველო და მსოფლიო” ერთხმად აცხადებდნენ, რომ ევროკავშირში ახალშობილებისათვის მიკროჩიპების ჩადგმა სავალდებულო გახდებოდა. 2017 წელს კი ცნობილი ქართველი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი “ასავლ-დასავალისთვის” მიცემულ ინტევრიუში  აცხადებდა, რომ ევროკავშირში ადამიანის კანქვეშ ათავსებდნენ ჩიპს, რომელიც ადამიანს ბრძანების შემსრულებელ ზომბიდ აქცევდა.

ქართული მედია საშუალებების გარდა, ეს შეთქმულების თეორია  რუსულ ონლიან გამოცემებშიც ფართოდ ვრცლდება:

"

     5. ყველა ტერორისტული აქტის დამკვეთი აშშ-ა

დოკუმენტურ ფილმში ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიოში მომხდარი ყველა ტერორისტული აქტის მოწყობაშია დადანაშაულებული.

EU Vs Disinfo-ს ვებ-გვერდზე ვხდებით იმ კრემლისტური ტელეკომპანიებისა თუ ონლაინ გამოცემების ჩამონათვალს, რომლებიც არამხოლოდ აშშ-ს, არამედ ევროპასაც საკუთარ და სხვის ტერიტორიებზე ყველა ტერორისტრული აქტების მოწყობაში ადანაშაულებენ.

"

"

ერთ-ერთი ბლოგი OrgoNet უფრო შორს წავიდა და ამტკიცებდა, რომ ტერორისტულ აქტების უმეტესობა დადგმულია, ხოლო 2016 წლის თებერვალში ლონდონის მეტროში მომხდარი აფეთქება სინამდვილეში არ მომხდარა და მასში მსახიობები მონაწილეობდნენ.

"

       6. საქართველო და უკრაინა ამერიკის კოლონიები არიან

დოკუმენტურ ფილმში ჯორჯ ბუშის კლონი ამტკიცებს, რომ აშშ-მა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში გადატრიალებები დააფინანსა  და ისინი თავის კოლონიებად აქცია. შედეგად, საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებები ამერიკის დაველებებით მოქმედებენ.

“საქართველო ჩვენ გვჭირდება, როგორც ბაზა, ირანისთვის. უკრაინა – რუსეთისთვის,”- ნათქვამია ვიდეოში.

აღნიშნულ ნარატივს კრემლი წლებია ავრცელებს და ამკვიდრებს აზრს, რომ თითქოს ამერიკის შეერთებული შტატები ხელყოფს საქართველოს სუვერენიტეტს, ერევა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და რეალურად მართავს ქვეყანას. ვიდეო მასალასთან ასავე თანხვედრაშია გზავნილი, რომლის თანახმადაც,  ამერიკა საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ პლაცდარმად იყენებს.

       7. აგვისტოს ომი ამერიკელების წაქეზებით დაიწყო

კიდევ ერთი ანტიამერიკული გზავნილი, რომელსაც ვიდეო მასალაში ვხვდებით არის შეთქმულება იმის შესახებ, რომ 2008 წელს საქართველომ ომი რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის წაქეზებით დაიწყო. “ჩვენ შევაიარაღეთ გიჟი ქართველი სააკაშვილი, და ვუთხარით, რომ თავს დასხმოდა სამხრეთ ოსეთს და მოეწყო იქ გენოციდი,”- ამტკიცებს ჯორჯ ბუშის კლონი.

აღნიშნულ გზავნილს  კრემლისტური მედია წლებია ავრცელებს, რითაც რუსეთის პასუხისმგებლობის საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებზე გადატანას ცდილობს.

ვიდეოს წარმომავლობა

მართალია, ობიექტივის წამყვანი ვალერი კავარცხელია ამტკიცებს, რომ ვიდეო მასალა ამერიკის შეერთებულ შტატებშია დამზადებული, ამის დამადასტურებელი ინფორმაცია ღია წყაროებში არ იძებნება. გარდა იმისა, რომ ვიდეო მხოლოდ რუსულენოვან პორტალებზე მოიპოვება, არც ერთ წყაროში არ იძებნება ვიდეოს “ორიგინალი”, ინგლისურენოვანი ვარიანტი. ყველა ვერსია, რომელიც “მითების დეტექტორმა” მოიპოვა, რუსულადაა გახმოვანებული. სანაცვლოდ ინტერნეტში ხელმისწვდომია დოკუმენტური ფილმის რუსული ტრანსკრიპტი.

"

ვინ ავრცელებს ვიდეოს

ვიდეოს ჩართვამდე კვარაცხელია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აღნიშნული მასალის ეთერში გაშვებაზე ყველა ამერიკულმა ტელევიზიამ უარი თქვა. აღსანიშნავია, რომ ვიდეორგოლი ამერიკული კომპანია Google-ის კუთვნილ ვიდეოპორტალ Youtube-ზე ყველაზე ადრე 2010 წლიდანაა ხელმისაწვდომი.

"

ობიექტივის ეთერში ნაჩვენები ვიდეო რამდენიმე წელია ვიდეოპორტალ Youtube-ზე ვრცელდება და მისი ხილვა რუსულენოვანი მოხმარებლების არხებზეა შესაძლებელი.

"

"

ვიდეოს ავრცელებენ რუსულენოვანი ბლოგები და ონლიან გამოცემებიც.

"

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist