ქართველი ფეისბუქ მომხმარებლები Chemtrail-ის შეთქმულების თეორიას ავრცელებენ

კითხვის დრო: 7 წუთი

კითხვის დრო: 7 წუთი

6.2k
VIEWS

2021 წლის 25 აპრილს ფეისბუქ მომხმარებელმა ლევან ნავი გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც 33 ფოტოს და ერთ ვიდეოს აერთიანებს. სურათებში ნაჩვენებია თვითმფრინავების გამონაბოლქვის კადრები, ასევე თვითმფირნავების სალონებში განთავსებული ავზები და პილოტები, რომელთა სამკლაურებსა და სამკერდე ნიშნებზე “Chemtrail” იკითხება. ფოტოებში ფიგურირებს ანგელა მერკელიც, რომელიც რამდენიმე ათეული კასრით სავსე თვითმფრინავის სალონში იმყოფება. ფოტოებთან ერთად ატვირთულ ვიდეოში რამდენიმე წამის განმავლობაში თვითმფრინავების მიერ ცაში თეთრი კვალის დატოვებაა ნაჩვენები. ვიდეოს ძირითადი ნაწილი ზემოთ აღწერილი სურათებისგან შედგება. მართალია, ლევან ნავი პოსტის აღწერაში არ აკონკრეტებს, რას ასახავს აღნიშნული ვიზუალური მასალა, თუმცა ვიდეოს რუსული სუბტიტრებში ნათქვამია, რომ ეს კადრები თვითმფრინავების გამონაბოლქვით სახიფათო ქიმიური ნივთიერებებისა და სამხედრო ლაბორატორიებში შექმნილი ვირუსების გავრცელებას ასახავს, რაშიც მთავრობები და ავიაკომპანიები არიან ჩართული.

;
2021 წლის 11 აპრილს იდენტური ფოტოები აღწერის გარეშე ფეისბუქ ანგარიშმა Goria Shiva-მაც გამოაქვეყნა. თვითმფრინავებიდან საეჭვო ნივთიერებების გავრცელების შესახებ სოციალური ქსელის მომხმარებლები ირაკლი ლომიძე და  Rau Al წერდნენ. Rau Al-ის მიერ გამოქვეყნებული რუსულენოვანი ვიდეოს თანახმად, ჯანმრთელობისთვის საზიანო სხვა ნივთიერებებთან ერთად, თვითმფრინავები კორონავირუსის გასავრცელებლადაც გამოიყენება.

;;

  ;
მტკიცება, თითქოს თვითმფრინავების საშუალებით საშიშ ნივთიერებებსა და დაავადებებს, მათ შორის კორონავირუსს, ავრცელებენ, შეთქმულების თეორიაა, რომელიც წლებია ვრცელდება, თუმცა მისი დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს. სოციალური ქსელის მომხმარებლების მიერ გავრცელებული სურათები და ვიდეოები, რომლებიც თითქოს “Chemtrail”-ის (ქიმიური გამონაბოლქვის კვალი) არსებობას ადასტურებენ, გაყალბებულია ან მანიპულაციური კონტექსტით ვრცელდება. 

შეთქმულების თეორია, რომლის მიხედვითაც თითქოს, მთავრობა და ძალაუფლების მქონე სხვა ჯგუფები თვითმფრინავების საშუალებით ატმოსფეროში ქიმიურ ნივთიერებებსა და დაავადების გამომწვევ მიკროორგანიზმებს აფრქვევენ, უკვე მრავალი წელია ინტერნეტ სივრცეში ცირკულირებს. “Chemtrail”-ის კონსპირაციის სხვადასხა ვერსია თვითმფრინავების გამონაბოლქვით მავნე სუბსტანციების გავრცელებას განსხვავებულ მიზნებს მიაწერს იქნება ეს ამინდის კონტროლი, მოსახლეობის შემცირება თუ ადამიანების სტერილიზაცია. Chemtrail-ის მიმდევრები თავიანთი თეორიის მთავარ “მტკიცებულებად” ცაში თვითმფრინავების მიერ დატოვებულ კვალს (Contrail) ასახელებენ და ამტკიცებენ, რომ ეს გამონაბოლქვი სახიფათო საწამლავებითაა დაბინძურებული.

რეალურად, თვითმფრინავის მიერ ცაზე დატოვებული კვალი ე.წ. Contrail თვითმფრინავის ტურბინებიდან გამოტყორცნილი ცხელი აირის ცივ და დაბალი წნევის მქონე გარემოში მოხვედრისას წარმოიქმნება. აირი კონდენსაციის შედეგად თეთრ ორთქლად გარდაიქმნება, რაც მას თვალისათვის ხილულს ხდის. თავის მხრივ, წარმოქმნილი ორთქლის სისქე და ინტენსივობა ჰაერის ტემპერატურის, წნევის, ტურბულენტობისა და სხვა ფიზიკური ფაქტორების გამო სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, იგი ბუნებრივი პროცესია და მხოლოდ ცაზე დარჩენილი კვალი მაშტაბური “საიდუმლო პროგრამის” არსებობის დამადასტურებელი საბუთი ვერ იქნება. არ არსებობს ფაქტობრივი ან სამეცნიერო მტკიცებულებები, თვითმფრინავებიდან გამოტყორცნილი ორთქლი დაბინძურებულია. 2016 წელს 77 მეცნიერისაგან დაკომპლექტებულმა პანელმა Chemtrail-ის შეთქმულების თეორიის მეცნიერული ანალიზი ჩაატარა, თუმცა მათ თეორიის მხარდამჭერი მყარი მტკიცებულებები ვერ აღმოაჩინეს.

მტკიცება, თითქოს კორონავირუსის გავრცელება თვითმფრინავების საშუალებით ხდება, ასევე Chemtrail-ის კონსპირაციის ნაწილია და მის შესახებ “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა. ვრცლად იხილეთ მასალა: იფრქვევა თუ არა კორონავირუსი თვითმფრინავის გამონაბოლქვიდან?

რას ასახავს სოციალური ქსელის მომხმარებლების გამოქვეყნებული ვიზუალური მასალები?

ლევან ნავისა და Goria Shiva-ს მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებს, რომლებიც თითქოს Chemtrail-ის არსებობას ადასტურებს, 2021 წლის იანვარში ინგლისურენოვანი მომხმარებლები ავრცელებდნენ, ხოლო ლევან ნავის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო პირველად რუსული სოციალური ქსელის vk.com-ის მომხმარებელმა Valentina Kholodnova-მ  2020 წლის 25 ივნისს გამოაქვეყნა. იმავე რუსული სოციალური ქსელიდანაა Rau Al-ის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოც, რომელიც vk.com-ზე პირველად 2021 წლის 11 აპრილს გამოჩნდა.

  • ქიმიკატების გავრცელება თუ აირის კონდენსაცია?

ლევან ნავისა და Rau Al-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოებში გვხვდება კადრები, რომელშიც თვითმფრინავები ცაში სქელი კვამლის კვალს ტოვებენ, თუმცა როგორც ვიდეოებისა და ფოტოების ავთენტური კონტექსტიდან ირკვევა ისინი არა Chemtrail-ს, არამედ ჩვეულებრივ გამონაბოლქვს ასახავენ, რომელიც ცაზე მხოლოდ განსაზღვრულ სიმაღლეზე, სპეციფიკურ ატმოსფერულ პირობებსა და ამინდში ჩნდება. მაგალითად, ერთ-ერთი კადრი 2017 წლის 19 იანვრისაა და იგი ბოინგ 787-ის მიერ რეგულარული ფრენის შესრულებისას დატოვებულ უჩვეულო კვალს ასახავს. ვიდეო სხვა სამგზავრო თვითმფრინავის პილოტმა ლუი ბოიერმა გადაიღო და youtube-ზე განათავსა. ვიდეო დედამიწიდან 10 კილომეტრის სიმაღლეზეა გადაღებული და ამგვარ ატმოსფერულ პირობებში აირის კონდენსაციას ასახავს.

;
კიდევ ერთი კადრი ბოინგ 777-21H-ს გვიჩვენებს, რომელიც ფრანკფურტიდან დუბაიმდე რეგულარულ ფრენას ასრულებს. აღნიშნული სურათი “Bailey – AviationImageNetwork”-ს ეკუთვნის და airliners.net-ის ონალინ კატალოგშია შესული, თუმცა სურათის ორიგინალის აღწერაში არაფერია ნათქვამი ქიმიური გამონაბოლქვის შესახებ.

;
ერთ-ერთ ვიდეოში ასევე ვხვდებით Boeing 747 Supertanker-ის კადრსაც, რომელიც ფრენისას თითქოს არა ჩვეულებრივ გამონაბლოქვს, არამედ სპრეის ავრცელებს. აღნიშნულ ვიდეო Youtube-ზე პირველად 2013 წლის 10 აპრილს გამოჩნდა და მის აღწერაში ვკითხულობთ, რომ იგი მაღალი სიმაღლის პირობებში თვითმფრინავის წყლის ავზების სატესტო დაცლას ასახავს.  Boeing 747 Supertanker მაშტაბური ხანძრების საჰაერო გზით ჩასაქრობად გამოიყენება. ;
ლევან ნავის მიერ გამოქვეყნებულ სურათებში გვხვდება კიდევ ერთი თვითმფრინავის ფოტოც, რომელიც ფრთებზე განლაგებული ექვსი ტურბინიდან კვამლის ზოლს უშვებს. Chemtrail-თან არც ეს ფოტო არაა კავშირში. სურათის ორიგინალი 1974 წელს NASA-მ გადაიღო და ის ტურბულენტური ნაკვალევის კვლევაში მონაწილე ერთ-ერთ თვითმფრინავს, ბოინგ 747-ს ასახავს. როგორც NASA-ს მიერ დართულ აღწერაში ვკითხულობთ, თვითმფრინავის ფრთების ქვეშ კვამლის 6 გენერატორი სპეციალურად დაამონტაჟეს, რათა ტურბულენტური ნაკვალების ვიზუალიზაცია მოეხდინათ. აღნიშნული კვლევა თვითმფრინავის აფრენისა და დაშვების მანძილების შემცირებაზე უფრო დიდი კვლევის ფარგლებში ტარდებოდა.;

  • თვითმფრინავის სალონებში არა ქიმიკატებით დატვირთული კასრები, არამედ წყლით სავსე ავზებია მოთავსებული, რომელთაც ავიალაინერების ტვირთგამძლეობის შესამოწმებლად იყენებენ

ერთ-ერთი სურათი, რომელშიც ანგელა მერკელი ავზებით სავსე თვითმფრინავის სალონში რამდენიმე ადამიანთან ერთად იმყოფება, Chemtrail-ის კონსპირაციის მიმდევრებში ერთ-ერთი პოპულარული ფოტოა. რეალურად, სურათი 2014 წლის 20 თებერვალს ბერლინში გამართულ ავიაკოსმოსური საფრენი აპარატების გამოფენის – “ILA International Air Show”-ს გახსნის ცერემონიაზეა გადაღებული. გერმანიის მთავრობის ოფიციალური გვერდზე ღონისძიებაზე ანგელა მერკელის ვიზიტის ამსახველი არაერთი ფოტოა განთავსებული. მანიპულაციურად გავრცელებულ ფოტოსურათში მერკელი სინამდვილეში სამგზავრო თვითმფრინავის, Airbus A350-ის პროტოტიპის სალონში იმყოფება. ლურჯი კასრები არა ქიმიკატებით, არამედ წყლითაა სავსე, რაც სამგზავრო თვითმფრინავების გამოცდისას მგზავრების წონის სიმულირებისთვის გამოიყენება. ;
ანგელა მერკელის ფოტოების გარდა ლურჯი და შავი კასრებით დატვირთული თვითმფრინავების სალონები ლევან ნავის მიერ ატვირთულ კიდევ რამდენიმე ფოტოში გვხვდება. ერთ-ერთი ფოტოს მარცხენა ქვედა კუთხეში სურათზე საავტორო უფლებების მფლობელის სახელი – Mark-Antony Payne იკითხება. აღნიშნული ფოტოს პირველწყარო გვერდი airliners.net-ა, რომლის მიხედვითაც სურათი 2009 წლის 18 ივნისს პარიზში ავიალაინერ Airbus A380-841-ის სატესტო ფრენამდეა გადაღებული, ხოლო სალონში განთავსებული კასრები წყლითაა სავსე.

;
კიდევ ერთი სურათი, რომელშიც თითქოს თვითმფირნავის სალონში “ბიოლოგიური საფრთხის” ნიშნის მქონე შავ ავზებს ვხვდებით, რეალურად  Boeing 747-8JK-ის სატესტო ფრენას ასახავს და მისი ორიგინალიც airliners.net-ზეა განთავსებული. ფოტო 2011 წლის 19 ივნისს ჯეიმს მელონმა გადაიღო და ლევან ნავის მიერ გავრცელებული ვერსიისგან განსხვავებით, ავთენტურ სურათში შავ კასრებზე “ბიოლოგიური საფრთხის” სიმბოლო არ გვხვდება. ფოტოს აღწერის თანახმად, ამ შემთხვევაშიც თვითმფრინავის სალონი წყლის ავზებით იყო დატვირთული, რომლებიც წონის დაბალანსებისათვის გამოიყენება.

;
ავზებით დატვირთული თვითმფრინავების სხვა სურათების ავთენტურ ვერსიებსა და რეალურ კონტექსტს ონლაინ ფორუმ Metabunk.org-ზე 2012 წლის 20 ივნისს განთავსებულ ვრცელ ბლოგში ვხვდებით, რომელშიც ავტორი სამგზავრო თვითმფრინავის სატესტო ფრენების ამსახველ ფოტოებსა და ვიდეომასალას უყრის თავს. ზემოთ განხილული მაგალითების მსგავსად, სხვადასხვა ფორმისა და ზომის ავზებით დატვირთული თვითმფრინავის სალონების სურათები არა Chemtrail-ის დამატასტურებელ კადრებს, არამედ თვითმფრინავის ტვირთგამძელობაზე შემოწმების გავრცელებული პრაქტიკის მაგალითებს წარმოადგენს.

  • “#TEAMChemtrail”-ის სიმბოლო სინამდვილეში პილოტთა ჯგუფმა შეთქმულების თეორიის გასაშარჟებლად შექმნეს 

ფოტოების კიდევ ერთი სერია მფრინავების სურათებს აერთიანებს, რომელთა უნიფორმაზე დატანილ სამკერდე ნიშნებზე “#TEAMChemtrail” იკითხება და მათზე თვითმფრინავის გამონაბოლქვი და საფლავის ქვებია გამოსახული. აღნიშნული ფოტოსურათები ფაქტების გადამოწმების პლატფორმამ LeadStories-მ გადაამოწმა. LeadStories-ის მიხედვით, ფოტოები პილოტების მიერ ხუმრობის მიზნით შექმნილი twitter-ის ანგარიშისა და ვებ-გვერდიდან იღებს სათავეს.

Twitter-ის ანგარიში “Team Chemtrail” 2011 წლის ნოემბერში რამშტაინის ავიაბაზაზე  (გერმანია) შექმნეს და იგი ძირითადად “მიმებსა” და ხუმრობებს აქვეყნებს. რაც შეეეხება ვებ-გვერდს teamchemtrail.com-ს, ამჟამად იგი აღარ იძებნება, თუმცა ხელმისაწვდომია გვერდის არქივის ბმული. როგორც ვებ-გვერდის შესახებ განთავსებული ინფორმაციის ველში ვკითხულობთ, გვერდი ავიაციასთან დაკავშირებულ სახალისო სუვენირებსა და პროდუქციას ყიდდა, ხოლო მისი კონტენტი “შეთქმულების თეორეტიკოსების შესაშინებლად და დასაბნევად” იქმნებოდა. ვებ-გვერდის შემოქმდებითი ჯგუფი პილოტებითა და ფრენის ინსტრუქტორებით იყო დაკომპლექტებული და გავრცელებულ სურათებზე გამოსახულ სამკერდე ნიშნების დიზაინი სწორედ მათ შექმნეს.
;
საძიებო ხელსაწყო TinEye-ის მიხედვით, ლევან ნავის მიერ გამოქვეყნებული ერთ-ერთი ფოტოს ავთენტური ვარიანტი 2017 წლის 14 ივლისს სწორედ teamchemtrail.com-ზე გამოქვეყნდა და იგი ვებ-გვერდზე განთავსებულ ერთ-ერთ პროდუქტს ასახავს, ხოლო 2017 წლის 17 სექტემბერს სახეცვლილი ვარიანტი punku.com-ზე გამოჩნდა.
;
ლევან ნავისა და Goria Shiva-ს მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებში პილოტებს სწორედ Team Chemtrail-ის მიერ კონსპიროლოგების გასაშაჟებლად შექმნილი სამკერდე ნიშნები უჭირავთ, რომელთა შეძენა ამჟმად გერმანულ პლატფორმაზე flzgmbl.de-ზე 9.90 ევროდაა შესაძლებელი.

;
ამასთანავე, ერთ-ერთი პილოტის ფოტო, რომელიც თითქოს #TEAMChemtrail-ის სამკერდე ნიშანს ატარებს დამუშავებულია. აღნიშნული სურათის ავთენტური ვარიანტი პირველად 2008 წლის 7 სექტემბერს პერსონალურ ბლოგ “in the valley”-ზე გამოჩნდა. ბლოგში ავტორი უესტოვერის საავიაციო რეზერვის ბაზაზე (აშშ) გამართულ საავიაციო შოუზე მოგზაურობის შესახებ ყვება და თავის მონათხრობს მოგზაურობისას გადაღებულ სურათებსაც ურთავს. სწორედ მათ შორისაა პილოტის ფოტოც, რომლის ფორმაზეც არა Team Chemtrail-ის ნიშანი, არამედ ამერიკის გერბია გამოსახული.

;
რაც შეეხება, სურათის დამუშავებულ ვარიანტს, იგი Chemtrail-ის კონსპირაციის კონტექსტში პირველად 2014 წლის 24 ოქტომბერს Flicker-ის მომხმარებელმა გაავრცელა.
;

  • თვითმფრინავების დატვირთვის ამსახველ კადრები არა Chemtrail-ს, არამედ სხვადასხვა ქვეყნის საავიაციო ძალებს ასახავს

რამდენიმე ფოტოში ნაჩვენებია სხვადასხვა თვითმფრინავის დიდი ზომის ავზებით დატვირთვის ეპიზოდები, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს თვითმფრინავებში ქიმიური ნივთიერებების კონტეინერებს ათავსებენ. რეალურად, ქვემოთ ნაჩვენები სურათები არა Chemtrail-ის თვითმფრინავების დატვირთვას, არამედ 2008 წლის 23 ივნისს ჩრდილოეთ კაროლინაში ამერიკის საავიაციო-სადესანტო სახანძრო სისტემის თვითმფრინავებს დატვირთვის პროცესს ასახავს. თვითმფრინავები კალიფორნიის ხანძრებთან საბრძოლველად ცეცხლმაქრი სითხით სავსე ავზებით დაიტვირთა.

;
მანიპულაციურად გავრცელებული კიდევ ერთი სურათის პირველწყარო რუსული და საბჭოთა ავიაციის ონლაინ კატალოგია. ფოტო, რომელიც თვითმფრინავში ყვითელი ავზის მოთავსებას ასახავს, 2005 წლის 12 ოქტომბერს უკრაინაში, ნიკოლაევსკის მხარეშია გადაღებული და მასზე საბჭოთა მოდელის თვითმფრინავის IL-78-ის საწვავის ავზით დატვირთვაა გამოსახული.

;
ზოგიერთ ფოტოში თვითმფრინავების შიგნით დიდი ზომის მეტალის ავზებია ნაჩვენები. ეს სურათებიც, ზემოთ განხილული მაგალითის მსგავსად, სამხედრო თვითმფრინავებია და საწვავითაა დატვირთული. ერთ-ერთი ფოტო airliners.net-ზეა განთავსებული და იგი ბრიტანული სამხედრო თვითმფრინავის კაბინას ასახავს, მეორე სურათიც იმავე თვითმფრინავში, თუმცა განსხვავებული რაკურსითაა გადაღებული.

;


მოამზადა მედეა სულამანიძემ


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
ქვეყანა/ორგანიზაცია: გერმანია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist