კონსპირაციას როკფელერების ფონდის 2010 წლის დოკუმენტზე და ლუგარის ლაბორატორიაზე ტროლი ავრცელებს

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

353
VIEWS

2020 წლის 1 ოქტომბერს ტროლმა და ჯგუფ “კორონა მაფიას” ადმინისტრატორმა ლაშა მოდებაძემ (სავარაუდოდ ყალბი პროფილი) ამავე ჯგუფში გამოაქვეყნა ვრცელი პოსტი, რომელშიც ამტკიცებს, რომ კორონავირუსის გავრცელება დიდი ხნის წინ დაწერილი სცენარით მოხდა და ამაში წვლილი ლუგარის ლაბორატორიასაც მიუძღვის. ამის დასამტკიცებლად ყალბი ანგარიში ახსენებს როკფელერების ფონდის 2010 წლის დოკუმენტს, რომელიც მსოფლიოში ტექნოლოგიების და საერთაშორისო განვითარების პერსპექტივებს  შეეხება. ლაშა მოდებაძის მტკიცებით, სწორედ ეს დოკუმენტი ადასტურებს, რომ პანდემია დიდი ხნის წინ დაიგეგმა.  მოდებაძის ფეისბუკ პროფილი ხელოვნურად აკავშირებს ერთმანეთთან ლუგარის ლაბორატორიას და გაეროს მოსახლეობის ფონდს, რომელიც  ავტორის მტკიცებით, 1970-იანი წლებიდან რამდენიმე პარტნიორთან ერთად, მათ შორის როკფელერების ფონდთანაც, აფინანსებდა მეცნიერებს, ვინც შობადობის კონტროლის ახალ მექანიზმებზე მუშაობდა.

"

ყალბი ანგარიშის პოსტი კორონავირუსის პანდემიის წინასწარ დაგეგმილი სცენარის შესახებ კონსპირაციის თეორიას ავითარებს. როკფელერების ფონდისა და გლობალური ბიზნეს ქსელის 2010 წლის დოკუმენტი მომავლის ჰიპოთეტურ სცენარებთან მიმართებით, ტექნოლოგიების განვითარებას შეეხება. განხილული მომავლის სცენარებიდან ერთ-ერთი მსოფლიოში 2012 წელს გრიპის ეპიდემიური გავრცელებაა, თუმცა როგორც დოკუმენტის შესავალშია ხაზგასმული, მასში წარმოდგენილი სცენარები მხოლოდ ვარაუდებია და არა წინასწარმეტყველება.

ბრალდებები ლუგარის ლაბორატორიის კავშირებზე როკფელერების ფონდთან და 2010 წლის დოკუმენტთან ასევე კონსპირაციაა, რადგან პოსტის ავტორს ამის მტკიცებულებად მხოლოდ ლუგარის ლაბორატორიის სამეთვალყურეო საბჭოს საქმიანობაში სათათბირო ხმის მფლობელთა სია მოჰყავს. მისი თქმით, ამ სიაში ერთ-ერთი გაეროს მოსახლეობის ფონდია, რომელიც, თავის მხრივ, 1970-იანი წლებიდან როკფელერების ფონდთან თანამშრომლობდა.

ლაშა მოდებაძის პროფილის მტკიცება, თითქოს გაეროს მოსახლეობის ფონდს სათათბირო ხმა აქვს მცდარია, რადგან, მართალია გაეროს მოსახლეობის ფონდი ლუგარის ლაბორატორიის პარტნიორია, თუმცა ის არ არის სათათბირო ხმის მფლობელთა სიაში. დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ 2015 წელს მომზადებულ დოკუმენტის თანახმად, სამეთვალყურეო საბჭოში სათათბირო ხმით მონაწილეობენ აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტო (DTRA), აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრები (CDC), უოლტერ რიდის სამხედრო ინსტიტუტი (WRAIR) და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში სხვა საერთაშორისო/პარტნიორი ორგანიზაციები.

კონსპირაცია N1: როკფელერების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტი ამტკიცებს, რომ კორონავირუსის პანდემია წინასწარ იყო დაგეგმილი

2010 წლის მაისში, როკფელერების ფონდმა და გლობალურმა ბიზნეს ქსელმა  გამოაქვეყნეს ანგარიში, რომელიც მსოფლიო განვითარებისა და ტექნოლოგიის პოტენციურ სცენარების შეეხება. დოკუმენტის მიზანი იმაზე მსჯელობა იყო, თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ჰიპოთეტურმა მომავალმა მსოფლიოში ტექნოლოგიების განვითარებაზე.

"

დოკუმენტში განხილული 4 სცენარიდან ერთ-ერთი მსოფლიოში ვირუსის გავრცელებაა. სცენარის თანახმად, გრიპმა, რომელიც გარეული ბატებიდან წარმოიშვა, მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის 20% დააინფიცირა და 7 თვის განმავლობაში 8 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა, რაც გაცილებით მასშტაბური სცენარია დღევანდელ მდგომარეობასთან შედარებით.  სცენარის მიხედვით, პანდემიის წინაშე განვითარებული ქვეყნები უძლური აღმოჩნდნენ, მსოფლიო ეკონომიკა შეჩერდა, მაგრამ ჩინეთმა საკარანტინო გზით პანდემია პირველმა გადალახა. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტის მიხედვით, ამ შესაძლო სცენარის განვითარების დროდ 2012 წელია მითითებული და არა 2019.

გარდა ამისა, დოკუმენტის შესავალში ხაზგასმულია, რომ მასში მოყვანილი მომავლის სცენარები მხოლოდ და მხოლოდ შესაძლო პროგნოზებია და არა წინასწარმეტყველება.

კონსპირაცია N2: დოკუმენტი საიდუმლოა და ამ დროისთვის წაშლილია

ლაშა მოდებაძე საკუთარ პოსტში აღნიშნავს, რომ როკფელერების ფონდის ვებგვერდიდან აღნიშნული დოკუმენტი წაიშალა, თუმცა თვითონ მისი გადმოწერა მოასწრო. აღნიშნული ინფორმაცია შეცდომაში შემყვანია, რადგან მართალია უშუალოდ დოკუმენტი როკფელერების ფონდის ვებ-გვერდზე არაა განთავსებული, მაგრამ დოკუმენტი საჯაროა და ღია წყაროებში იძებნება, მათ შორის ის განთავსებულია academia.edu-ზეც, რომელიც სამეცნიერო ნაშრომების პლატფორმაა.

კონსპირაცია N3: პანდემიის ზუსტი სცენარი “ღონისძიება 201-ის” დროს დაიგეგმა

ლაშა მოდებაძეს პანდემიის წინასწარ დაგეგმვის კიდევ ერთ არგუმენტად 2019 წლის 18 ოქტომბერს ჯონს ჰოპკინსის ჯანმრთელობის უსაფრთხოების ცენტრის მიერ გამართული “ღონისძიება 201” მოჰყავს. ღონისძიებაზე ჰიპოთეტური პანდემიის სიმულაციური სცენარი გათამაშდა და მასზე წარმოდგენილმა სავარჯიშოებმა წარმოაჩინეს ის სფეროები, სადაც აუცილებელია კერძო და საზოგადოებრივი პარტნიორობა მწვავე პანდემიაზე რეაგირების დროს, რათა შემცირდეს მასშტაბური ეკონომიკური და საზოგადოებრივი შედეგები. მოდებაძის პოსტში აღნიშნულია, რომ სიმულაციური ტესტირება ჩინეთის ქალაქ უჰანში ჩატარდა კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებამდე ერთი თვით ადრე, რეალურად ღონისძიება ნიუ-იორკში გაიმართა.

“ღონისძიება 201-ის” პანდემიის წინასწარმეტყველების კონტექსტში განხილვა კონსპირაციის ნაწილია. ჯონს ჰოპკინსის ჯანმრთელობის უსაფრთხოების ცენტრმა გავრცელებული დეზინფორმაციის საპასუხოდ განაცხადეს, რომ მათ მიერ ჩატარებულ ღონისძიებაზე  კორონავირუსის პანდემია არ  უწინასწარმეტყველიათ და მონაცემები, რომლებიც გამოგონილი  ვირუსის პოტენციური ზემოქმედების მოდელირებისთვის გამოიყენეს COVID-19-ის მსგასვი არაა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები ჯონს ჰოპკინსის ჯანმრთელობის უსაფრთხოების ცენტრს აქამდეც გაუმართავს, მაგალითად 2018 წელს მათ მოაწყვეს პანდემიური სცენარის სახელწოდებით “Clade X-ის” მოდელირება.

პოსტის გავრცელება და მისი ავტორი

Facebook-ჯგუფ კორონა მაფიას ერთ-ერთმა ადმინისტრატორმა ლაშა მოდებაძემ პირველად პოსტისწორედ ამ ჯგუფში 1 ოქტომბერს გამოაქვეყნა. აღნიშნულ პოსტს 6 ოქტომბრის მონაცემებით 70 გაზიარება აქვს. მან იგივე პოსტი “კორონა მაფიაში” დოკუმენტის სახითაც გამოაქვეყნა, დოკუმენტს 21 გაზიარება აქვს.

4 ოქტომბერს ლაშა მოდებაძემ ახალი Facebook-ჯგუფი, სახელწოდებით “კორონამაფია და საქართველო როგორც საექსპერიმენტო ქვეყანა” შექმნა, რომელშიც აღნიშნული პოსტი დოკუმენტის სახით გამოაქვეყნა. დოკუმენტში მოდებაძეს კრემლთან დაკავშირებული ბულგარელი ჟურნალისტის, დილიანა გაიტანჯიევას მიერ ჰეზბოლასთან დაკავშირებული al-mayadeen-სთვის ლუგარის ლაბორატორიაზე მომზადებული რეპორტაჟიდან აქვს კადრები გამოქვეყნებული. გაიტანჯიევას კონსპირაციებზე მითების დეტექტორი ადრეც წერდა.

6 ოქტომბრის მონაცემებით დოკუმენტს 174 გაზიარება აქვს. ლაშა მოდებაძემ იმავე ჯგუფში გაავრცელა აღნიშნული პოსტის მეორე და მესამე ნაწილებიც. ჯგუფს ორი Facebook-ანგარიში მართავს: ლაშა მოდებაძე და Lasha Modebadze. ორივე მათგანი ყალბი ანგარიშია.

"

ლაშა მოდებაძის ორივე Facebook-ანგარიშის პროფილის ფოტო იდენტურია, ასევე არცერთ პროფილზე არაა გამოქვეყნებული პერსონალური ინფორმაცია, რომლითაც მისი მფლობელის იდენტიფიცირება იქნებოდა შესაძლებელი. ის ასევე იყო Facebook-ის მიერ დაბლოკილი ჯგუფის “STOP 5G GEORGIA!!!-ს” ადმინისტრატორიც. აღნიშნული ჯგუფის შესახებ “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა.

აღნიშნული კონსპირაცია საქართველოს გარეთაც გავრცელდა. უკრაინულმა ანალიტიკურმა პლატფორმა “VOX-მა” 21 აგვისტოს გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც როკფელერების ფონდის დოკუმენტზე დაყრდნობით გავრცელებული ეს კონკრეტული კონსპირაციაა გაბათილებული.

 

დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, გაერო
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist