ჯანდაცვა/ბიოუსაფრთხოება

კოვიდ-19-ზე დეზინფორმაცია ფეისბუქ ჯგუფებში ორგანიზებულად ვრცელდება

20 ოქტომბერი, 2020

17 ოქტომბერს ფეისბუქ მომხმარებელმა Nina Marji გაავრცელა ვიდეო პოსტი, სადაც აღნიშნულია, რომ 7 ქვეყნის ექიმს “კორონა აფიორის” წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეაქვთ და უამრავი მასალა აქვთ იმის დასამტკიცებლად, რომ კოვიდ 19 არ არსებობს. ვიდეოში საუბარია ხელოვნურად გაზრდილ სტატისტიკასა და PCR ტესტების სიყალბეზე. 

ამავე დღეს Nina Marji-მ ინფორმაცია გააზიარა ჯგუფებში: კორონა აფიორა,  “ანტი-მასონობა, “ანტიქრისტეს” ახალი მსოფლიო წესრიგი (NWO); ანტიეკუნიზმი,” ქართული ლოგოსი და “მოქალაქე” არასამთვრობო ორგანიზაცია. 19 ოქტომბერს კი ვიდეო ფეისბუქ მომხმარებელმა Max Bill გააზიარა რამდენიმე საჯარო ჯგუფში, მათ შორის “საერთო სახალხო მოძრაობა ქართველი ერის გადარჩენისთვის,” “კორონა მაფია”, “ოზურგეთი და კორონამაფია და საქართველო, როგორც საექსპორტო ქვეყანა.” 

სხვა ფეისბუქ მომხმარებლების საშუალებით პოსტი მოხვდა შემდეგ ჯგუფებში: ქართველები ისრაელში, ქართველ ემიგრანტ ქალთა გაერთიანება და Украина без коронаистерии

Nina Marji-ის პოსტს 20 ოქტომბრის მდგომარეობით 1 000-ზე მეტი გაზიარება აქვს.

"

"

Nina Marji-ს მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში წარმოდგენილი ექიმები ორგანიზაცია World Doctors Alliance-ის წევრები არიან, რომლებიც კოვიდ-19-თან დაკავშირებულ მოსაზრებებს მტკიცებულებების გარეშე ავრცელებენ. მათი განცხადებები არ ეყრდნობა სტატისტიკას და მეცნიერულ დასაბუთებას. რეალურად, გრიპის ვირუსისგან კოვიდ-19 მნიშვნელოვნად განსხვავდება გადადების სიხშირითა და სიმწვავით, სიკვდილიანობის შედარებით მაღალი მაჩვენებლით. PCR ტესტები კი მაღალი სიზუსტით გამოირჩევა. 

  • ვიდეოს წარმოშობა და ავტორები

Nina Marji-ს მიერ გავრცელებული ვიდეოს ავტორები WORLD DOCTORS ALLIANCE-ის წევრები არიან, რომელიც ექიმებს სხვადასხვა ევროპული ქვეყნებიდან აერთიანებს. ორგანიზაციის პირველი მოსმენა ბერლინში 10 ოქტომებრს გაიმართა, ვიდეოს სრული ვერსია კი იუთუბ არხზე JSUK 14 ოქტომბერს გამოქვეყნდა. ორგანიზაცია ვიდეოში წარმოდგენილმა ერთ-ერთმა სპიკერმა, მოჰამედ ადილმა დაარსა. ორგანიზაციის მიზანია “არასაჭირო” პანდემიასთან დაკავშირებული ყველა შეზღუდვის გაუქმება და საერთო ჯანმრთელობის სტანდარტის თავიდან შემუშავება. ორგანიზაციის საიტზე ამ მოთხოვნებით განთავსებულია პეტიცია, რომლის სამიზნეც ყველა სახელმწიფოს მთავრობაა, პეტიციას 19 ოქტომბრის მდგომარეობით 13 500 ადამაინი აწერს ხელს. 

ვიდეოში ერთ-ერთი ექიმი და ორგანიზაციის წევრია დოლორეს კაჰილი, რომელიც ევროკომისიის და ევროპული ფარმაცევტული ინდუსტრიის მიერ დაფინანსებული ინოვაციური მედიცინის ინიციატივის (IMI) სამეცნიერო კომიტეტის ვიცე ხელმძღვანელი იყო, თუმცა მაისში ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა, რომ კორონავირუსის შესაჩერებლად სოციალური დისტანცია და ნიღბის ტარება არ არის საჭირო და ვიტამინების მიღებით მისი პრევენცია შესაძლებელია, მან ასევე გააჟღერა ანტივაქსარების პოზიცია და აღნიშნა, რომ “პოლიტიკოსები და მედია” პანდემიის შესახებ პროპაგანდას იძულებითი ვაქცინაციის მიზნით ახორციელებს. ამის შემდეგ ევროკომისიამ მას თანამდებობის დატოვება მოსთხოვა

საეჭვო რეპუტაცია აქვს აღნიშნული ორგანიზაციის კიდევ ერთ წევრს, მიკაელ ნოდფორსს. მას პაციენტების უკმაყოფილების გამო ჯერ კიდევ 2015 წელს დანიაში სამედიცინო აქტივობა აეკრძალა. დანიური მედიის ცნობით, მან არაპროფესიონალიზმის გამო კოპენჰაგენის კერძო კლინიკაში პაციენტს ჯანმრთელობისთვის მძიმე დაზიანება მიაყენა, ხოლო პაციენტების მხრიდან მისი მისამართით უკმაყოფილებები 1995 წლიდან ისმოდა. 

ნოდფორსი ასევე ამტკიცებდა, რომ ჰიდროქსიქლოროქვინის და ცინკის კომბინაციით კორონავირუსის საწინააღმდეგოდ იმუნიტეტის გაძლიერება ხდება. რეალურად კი ეს მოსაზრება არ დადასტურდა და კვლევების შედეგად მკურნალობის ამ მეთოდის გამოყენება არაეფექტურად მიიჩნიეს

ორგანიზაციის საიტზე ვხვდებით ადვოკატი რაინერ ფულმიხის იუთუბ ვიდეოებსაც, ფულმიხიც “კორონააფიორას” ავტორების წინააღმეგ გეგმავს სასამართლოში სარჩელის შეტანას. მითების დეტექტორმა სოციალურ ქსელში მტკიცებულებების გარეშე გავრცელებული მისი ერთ-ერთი ვიდეო მიმართვა გადაამოწმა.

  • რით განსხვავდება კოვიდ-19 სეზონური გრიპის ვირუსისაგან?

გავრცელებულ ვიდეოში ექიმები ამტკიცებენ, რომ სეზონური გრიპით გარდაცვლილთა რაოდენობა უფრო მეტია, თუმცა ამის გამო პანდემიას არავინ აცხადებს. რეალურად, ძირითადი განსხვავება კოვიდ-19-სა და სეზონურ გრიპს შორის, მათი ინკუბაციის პერიოდი და გავრცელებაა. სეზონური გრიპის შემთხვევაში სიმპტომების გამოვლენა პირველიდან მეოთხე დღემდე პერიოდში მიმდინარეობს, მაგრამ კორონავირუსისთვის სიმპტომების გამოვლენა ტიპურად დამახასიათებელია მეხუთე დღიდან, თუმცა არსებობს შემთხვევები, როცა ნიშნები ინფიცირებიდან 2 ან 14 დღის შემდეგად გამოჩნდა.

განსხვავდება დროის პერიოდიც, რომლის განმავლობაშიც ადამიანი ვირუსის გამავრცელებელი შეიძლება იყოს, გრიპის დროს ვირუსის მატარებელი 3-4 ან მაქსიმუმ 7 დღის განმავლობაში შეიძლება დააინფიციროს სხვა. თუმცა კორონავირუსის შემთხვევაში პაციენტი შესაძლოა 10 დღე იყოს გადამდები.

რაც შეეხება კორონავირუსის და და სეზონური გრიპის ფატალურობის მაჩვენებლის შეფასებას, მაგალითად, აშშ-ში პანდემიის პიკის მომენტში 7-14 აპრილის მოანცემებით კორონავირუსისგან გარდაიცვალა 14 478 ადამიანი მაშინ, როცა CDC-ის მიხედვით სეზონური გრიპის ფატალური შემთხვევები პიკის კვირაში 2018 წელს (14-21 იანვარი) 1626-ს შეადგენდა. ჯერჯერობით შეუძლებელია ზუსტად დასახელდეს კოორნავირუსით გარდაცვალების პროცენტული მაჩვენებლი, ვინაიდან WHO-ს მიხედვით, სხვადასხვა რეგიონზე დაყრდნობით, ეს მონაცემი 0.1%-დან 25%-მდე მერყეობს.  ამ მომენტისთვის ინფიცირებულთა რაოდენობასა და გარდაცვალების მონაცემებზე დაყრდნობით მსოფლიო მასშტაბით საშუალოდ ეს რიცხვი 2.8%-ია. სეზონური გრიპის შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი 0.1%-ს არ აღემატება

  • PCR ტესტები და მათი სარგებელი

მსოფლიოს ექიმების ალიანსის კიდევ ერთი მტკიცება PCR ტესტების არასწორ სტატისტიკას ეხებოდა. რეალურად კი RT-PCR მოლეკულური ტესტი არის ერთ-ერთი ტესტი, რომელიც ორგანიზმში კორონა ვირუსის არსებობის დასადგენად გამოიყენება, მას ოქროს სტანდარტსაც უწოდებენ. ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის(FDA) თანახმად, მისი საშუალებით აქტიური კორონავირუსის დიაგნოსტირებაა შესაძლებელი და მაღალი სიზუსტით გამოირჩევა. 

პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (PCR) არის დამკვირდრებული მეთოდი ბიოლოგიისა და მედიცინის მრავალ დარგში. 1993 წელს მისი შექმნისთვის კერი მიულისმა ქიმიის მიმართულებით ნობელის პრემიაც დაიმსახურა. PCR მეთოდით ნუკლეინის მჟავის სპეციფიკური მონაკვეთის მილიონობით ასლის მიღებაა შესაძლებელი, რითაც მარტივდება სამიზნის აღმოჩენა, რაც არ უნდა მცირე იყოს მისი კონცენტრაცია. PCR მეთოდი მრავალი ინფექციური პათოგენის ამოსაცნობად, მათ შორის ჰეპატიტები, პაპილომა ვირუსი, მალარია, ჯილეხი და სხვა. 

პოსტის ავტორის შესახებ

Nina Marji ანტიკორონა აქტივისტია, ის კორონავირუსთან დაკავშირებულ დეზინფორამაციებს ხშირად ავრცელებს, მათ შორის ის აზიარებდა ყალბ და მანიპულაციურ ამბებს კორონავირუსის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის, ვენაში ექიმების მხარდასაჭერად შეკრებილ ათასობით ადამიანის, პირბადის ტარების უარყოფითი მხარეებისა და გაეროს საიდუმლო დოკუმენტის შესახებ.

მსგავს საკითხებზე იხილეთ “მითების დეტექტორის” პუბლიკაციები:


მარიამ დანგაძე