EUvsDisinfo-ს ცნობით, 29 აგვისტოს რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ლუბოვ სობოლს საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ. სობოლი აცხადებს, რომ როდესაც ის მანქანაში ჯდებოდა, მას ორი პირი მიუახლოვდა, ერთმა სობოლს “ბინძური” სითხე შეასხა, მეორე კი ყველაფერს კამერით იღებდა. რუსი ოპოზიციონერის თქმით, თავდამსხმელებიდან მხოლოდ ერთის ამოცნობა მოახერხა და დარწმუნებულია, რომ ის “ტროლების ქარხნის” მფლობელთან, ევგენი პრიგოჟინთან, დაკავშირებული პირია.
როგორ გააშუქა აღნიშნული ინციდენტი კრემლისტურმა მედიამ
რუსულმა კრემლისტურმა მედიამ მსხვერპლი დაადანაშაულა და მომხდარს დადგმული სპექტაკლი უწოდა. მათი მტკიცებით, სობოლმა თანამოაზრეებთან ერთად “თავდასხმა” გაითამაშა, რათა საზოგადოების ყურადღება მიეპყრო. Pravda.ru-მ, Regnum.ru-მ და Tsagrad tv-მ სტატიები შემდეგი სათაურებით გამოაქვეყნეს: “‘ფეკალური სპეკტაკლებით’ ნავალნი ცდილობს სობოლისგან ტკბილეული დაამზადოს”; “თვითონ ისხამენ, თვითონ იღებენ”, “წარუმატებელი ინსცენირება? სობოლი შეტევის შემდეგ ინტერნეტში გამოააშკარავეს”.
Novaya Gazeta-ს ინფორმაციით, 2016 წლის ნოემბერში სობოლის მეუღლეს, სოციოლოგ სერგეი მოხოვს ასევე თავს დაესხნენ და ფეხში გაურკვეველი სითხე შეუყვანეს, რის შედეგადაც მან გონება დაკარგა. ორგანიზაცია Anti-corruption Foundation-მა (ФБК) მომხდარი კრემლთან დაახლოებულ პირს, ზემოთხსენებულ პრიგოჟინს დაუკავშირა, ხოლო მოგვიანებით ვალერი ამელჩენკომ, რომელიც პრიგოჟინთან მუშაობდა, Novaya Gazeta-სთან ინტერვიუში მოხოვზე თავდასხმაში თავისი მონაწილეობა აღიარა.