კრემლს ალ-ბაღდადის სიკვდილის არ სჯერა

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

წგფ
130
VIEWS

27 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ISIS-ის ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაცია დაადასტურა, რასაც რუსულ მედიაში სკეპტიკური გამოხმაურება მოჰყვა. კრემლის აქტორებმა ალ-ბაღდადის სიკვდილს დადგმული სპექტაკლი უწოდეს და მისი მნიშვნელობა დააკნინეს. გთავაზობთ კრემლისტურ მედიაში გავრცელებულ ძირითად ნარატივებსა და მათ წყაროებს.

"

    1. აშშ-მა ალ-ბაღდადის სიკვდილი გააყალბა

Sputnik-georgia და Sputnik-ossetia ამტკიცებენ, რომ აშშ-მა ალ-ბაღდადის სიკვდილის დამამტკიცებელი საბუთი არ წარმოადგინა და ამავდროულად ოპერაციის შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია მოგვაწოდა. სპუტნიკის მიმომხილველის არმენ გასპარიანის განცხადებით, არავინ იცის ალ-ბაღდადი მართლა ლიკვიდირებულია, თუ მაიამიში საკურორტო გამაჯანსაღებელ დაწესებულებაში წავიდა სამკურნალოდ.

Царьград-ის სტატიაში აღნიშნულია, რომ ალ-ბაღდადი უკვე ბევრჯერ “დაასაფლავეს” და არ არის გამორიცხული, რომ მისი სიკვდილი ამჯერადაც ტყუილი აღმოჩნდეს. ხოლო “ტროლების ფაბრიკის” გამოცემა  Федеральное агентство новостей კი 7 მიზეზს გვთავაზობს, იმის დასამტკიცებლად, რომ ალ-ბაღდადის ლიკვიდაცია არ მომხდარა. 7 მიზეზიდან ერთ-ერთში “შაჰიდის ქამრის” გამოყენება არალოგიკურია და ასეთ სიტუაციაში ალ-ბაღდადი აუცილებლად დააღწევდა თავს ამერიკელ ჯარისკაცებს, რადგან მისთვის მიწისქვეშა გვირაბში ნავიგაცია მარტივი იყო.

    2. ალ-ბაღდადის ლიკვიდაცია უმნიშვნელოა

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ ალ-ბაღდადის სიკვდილს არანაირი ოპერაციული მნიშვნელობა არ აქვს სირიაში სხვა ტერორისტთა მოქმედებებისთვის. ისლამური კვლევების ცენტრის უფროსი კირილ სემიონოვი თავდაცვის სამინისტროს მოსაზრებას იზიარებს და აღნიშნავს, რომ ალ-ბაღდადის როლი ISIS-ის ქსელურ სტრუქტურაში არც ისეთი დიდი იყო და მას “ნომერ პირველ” ტერორისტს ვერ დავარქმევთ.

ოპერაციას უმნიშვნელო უწოდა სპუტნიკის კომენტატორმა არმენ გასპარიანმაც, რომელმაც განაცხადა, რომ “ალ-ბაღდადი არ ყოფილა ISIS-ის არავითარი რეალური ხელმძღვანელი. ის იყო ამ ბანდიტიზმის პროპაგანდისტი, იდეოლოგი, გნებავთ, თეორეტიკოსი. ხელმძღვანელობით კი სხვა ხალხი ხელმძღვანელობდა.”

    3. ალ-ბაღდადის სიკვდილი ტრამპს რეიტინგისთვის, აშშ-ს კი საგარეო იმიჯისთვის სჭირდებოდა

РИА Новости სირიაში აშშ-ის ოპერაციასთან დაკავშირებით “ექსპერტის” შეხედულებას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც იმ შემთხვევაში, თუ ალ-ბაღდადი ნამდვილად მკვდარია, ეს მაინც ტრამპის გეგმის ნაწილია, რომელიც მას რეიტინგისთვის სჭირდებოდა. ერთი მხრივ, ალ-ბაღდადის ლიკვიდაციას კრემლისტური აქტორები საპრეზიდენტო არჩევნებს, მეორე მხრივ, კი სირიაში პოზიციების აღდგენის მცდელობას უკავშირებენ.

რუსეთ-ისლამური სამყაროს სტრატეგიული კვლევის ცენტრის პრეზიდენტი შამილ სულთანოვი აღნიშნულ ოპერაციას 2011 წელს ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს ალ-კაიდას ლიდერის ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციას ადარებს და ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ორივე შემთხვევაში გათვლა სწორედ მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე იყო გაკეთებული.

მოსკოვის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის ლექტორი ვლადიმირ შაპოვალოვი და სპუტნიკის მიმომხილველი არმენ გასპარიანი აღნიშნავენ, რომ ეს უბრალო დათხვევა არ არის და ალ-ბაღდადი სწორედ მაშინ მოიშორეს თავიდან, როდესაც აშშ-მა ქურთები მიატოვა და სირია რუსეთს გადააბარა. შაპოვალოვის თქმით, თეთრ სახლს რეპუტაციის ამაღლება სჭირდებოდა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ. “აშშ ახლა ცდილობს რეიტინგი მოიმატოს და წარმოაჩინოს, რომ ის მთავარი ძალაა, ვინც საერთაშორისო ტერორიზმს ებრძვის.” – აცხადებს შაპოვალოვი.

არმენ გასპარიანი კი აღნიშნავს, რომ ალ-ბაღდადი “სახელმწიფო დეპარტამენტისა და თეთრი სახლის მონდომებით გამოზრდილი ბავშვია”, რომლის ყოველ ნაბიჯსაც აშშ აკონტროლებდა და შესაბამისად აქამდეც კარგად იცოდნენ, თუ სად იმყოფებოდა ის. “ჯერ ერთი, ამ ბარმალეის [ალ-ბაღდადის] ლიკვიდაცია უცნაურად დაემთხვა სირიასთან დაკავშირებით რუსეთისა და თურქეთის შეთანხმებას. ანუ მანამდე ალ-ბაღდადი ძალიანაც აწყობდათ თეთრ სახლსაც და სახელმწიფო დეპარტამენტსაც.” – ამტკიცებს გასპარიანი.

ალ-ბაღდადის შესახებ

2011 წლიდან აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი გლობალურ ტერორისტად ითვლება, რომლის ადგილსამყოფელზე ინფორმაციის მიწოდებაში ან მოკვლაში აშშ-მა 10 მილიონი დოლარი დააწესა. 2006-2011 წლებში აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი ტერორისტული ორგანიზაცია ალ-კაიდას წევრი იყო, შემდგომ კი ISIS-ის რიგებს შეუერთდა და 2014 წელს თავი ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს ხალიფად გამოაცხადა. ალ-ბაღდადი პასუხისმგებელია ორგანიზებულ გაუპატიურებებსა და ათასობით ადამიანის სიკვდილზე ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის ეზიდების რელიგიური უმცირესობის გენოციდზე. 2014 წელს ის ხელმძღვანელობდა 3 000 ეზიდის ამოხოცვას ჩრდილოეთ ერაყში. ალ-ბაღდადს ასევე ბრალი ედებოდა აშშ-ის მოქალაქე ადამიანის უფლებათა აქტივისტის კაილა მიულერის გაუპატიურებაში, წამებასა და სიკვდილით დასჯაში.

“დოიჩე ველესთან” ინტერვიუში საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხებში გერმანული ინსტიტუტის (SWP) ახლო აღმოსავლეთის ექსპერტი გუიდო შტაინბერგი აცხადებს, რომ ალ-ბაღდადის სიკვდილი ISIS-ს დაასუსტებს, რადგან მასსავით კარგად ორგანიზებული და იდეოლოგიურად მოტივირებული ადამიანის პოვნა არც ისე მარტივია. შტაინბერგმა აღნიშნა, რომ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი სათავეში ჩაუდგა 1 000 მებრძოლზე ნაკლები შემადგენლობის ორგანიზაციას და ის კვაზი-სახელმწიფოდ აქცია.

30 ოქტომბერს პენტაგონმა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციისთვის ჩატარებული სამხედრო ოპერაციის ვიდეო გამოაქვეყნა.


მოამზადა მაიკო რატიანმა

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist