მანგოს ციებ-ცხელებიდან ვინი პუჰამდე – ჩინური პროპაგანდის სტრატეგიები

კითხვის დრო: 7 წუთი

კითხვის დრო: 7 წუთი

121
VIEWS

4 ივნისს ზუსტად 32 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩინეთში ტიანანმენის მოედანზე ჩინეთის მოქალაქეები კომუნიზმს აპროტესტებდნენ და ჩინეთის ხელისუფლებისგან თავისუფლებას, დემოკრატიასა და სიტყვის თავისუფლებას ითხოვდნენ. აღნიშნულ ქმედებას სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი რეაქცია მოჰყვა და არმიის დახმარებით ხელისუფლებამ აქციის მონაწილეები დაარბია. ჩინეთი დღემდე ცდილობს, ეს საკითხი ყურადღების მიღმა დატოვოს და საზოგადოებამ ამაზე არ ისაუბროს, დამალოს თავისი დანაშაული და არაადამიანური ქმედება.

 

2010 წელს, მას შემდეგ, რაც ტიანანმენის პროტესტის მონაწილე ლიუ სიაობუ ნობელის პრემიით დააჯილდოვეს, ჩინეთს უფრო მეტად მოუწია ინფორმაციული ვაკუუმის შექმნა, რათა საერთაშორისო მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციას ჩინეთის მოქალაქეებამდე არ მიეღწია.

ამ პერიოდში ჩინეთმა შინაპატიმრობაში ამყოფა უკვე დაპატიმრებული ლიუ სიაბოუს ოჯახის წევრები, რომლებსაც მედიასთან ურთიერთობა მკაცრად აეკრძალათ. ასევე მთლიანად შეიზღუდა წვდომა CNN-სა და BBC-ზე, რომლებიც სიაობუსთვის ნობელის პრემიის მინიჭებას აშუქებდნენ. ჩინეთის მთავრობამ ამასთანავე აქტიურად შეზღუდა მოქალაქეებს შორის პირად მიმოწერებში მისი სახელის გამოყენება, რათა ინფორმაციის გავრცელება შეეკავებინა. ნობელის პრემიის გადაცემის ცერემონილმა კი ლიუ სიაობუს სურათითა და ცარიელი სკამით ჩაიარა.;
ნობელის პრემიის გადაცემა სიაობუსთვის, სადაც მისი სავარძელი ცარიელია

მსგავსი ქმედებები განხორციელდა 2019 წელს, როცა მსოფლიო 30 წლის შემდეგ ტიანანმენის პროტესტის 100-ობით დაღუპულს იხსენიებდა. ჩინეთი აქტიურად ბლოკავდა და აცენზორებდა იმ მედიებს, რომლებიც თავიანთ სტატიებში ტერმინ “ტიანანმენს” ახსენებდნენ.

;
1989 წლის 5 ივნისი, პროტესტის უცნობი მონაწილე წინ გადაუდგა ტანკების კოლონას, როდესაც ისინი ტიანანმენის მოედანს ტოვებდნენ. ფოტო ჩინეთში ცენზურის გამო აკრძალულია. ყველა ვიდეოს, რომელშიც ეს კადრებია გამოყენებული ჩინეთში ცენზურა ეხება და კადრები შავი ეკრანითაა ჩანაცვლებული ან ამოჭრილი.

ჩინეთს, ისევე როგორც სხვა დიქტატორულ სახელმწიფოებს, პროპაგანდის წარმოების მნიშნველოვანი ისტორიული გამოცდილება აქვს. სხვადასხვა მანიპულაციის, დეზინფორმაციისა და მიკერძოებული ინფორმაციის საზოგადოებაში მასობრივად გავრცელების მაგალითებს იქ ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის ადრეულ წლებში ვხვდებით. პროპაგანდა კომუნიზმის გამარჯვების პერიოდში საკმაოდ გაძლიერდა და მან მნიშვნელობა დღემდე შეინარჩუნა.

უნდა აღინიშნოს, რომ ტერმინ პროპაგანდას ჩინეთში, მისი მოსახლეობის დიდ ნაწილში უარყოფითი მნიშვნელობა არ აქვს, რაც ისტორიული გამოცდილებითაც აიხსნება. ტერმინი პროპაგანდა აღიქმება როგორც განათლების სინონიმი, თუმცა ამ შემთხვევაში განათლების, რომელიც უფრო მასობრივად გარკვეული საჭირო ინფორმაციის გავრცელებას უკავშირდება. ჩინეთის მოქალაქეებისთვის პროპაგანდა არის გზა, რომ უფრო სწრაფად მოხდეს პოლიტიკური, სოციალური ტრანსფორმაცია და შედეგად ისეთი გარემო მიიღონ, როგორიც კომუნისტურმა პარტიამ დაისახა მიზნად.

ჩინეთის შემთხვევაში, დროის გასვლასთან ერთად, სტრატეგიებიც იცვლებოდა, რითიც სახელმწიფო საზოგადოებაში სხვადასხვა იდეების ჩანერგვას ახერხებდა.

ტექნოლოგიური განვითარებისა და მიღწევების დამსახურებით ჩინეთი დღესდღეობით პროპაგანდის საკმაოდ მრავალფეროვან სტრატეგიებს გვთავაზობს, რომლებსაც ხშირ შემთხვევებში სხვა სახელმწიფოებში ვერ ვხვდებით. ჩინეთის მთავრობა მკაცრად აკონტროლებს მედიას, დაწესებული აქვს ცენზურა, თუმცა აშკარაა, რომ მისთვის ეს საკმარისი არ არის და ჩინეთი მუდმივად ცდილობს სტრატეგიები განავითაროს და ის უფრო მეტად თანამედროვე სამყაროსთან შეთავსებული გახადოს.

  • ჩინური პროპაგანდა მე-20 საუკუნის 20-30-იან წლებში

ჩინეთის ისტორიული პროპაგანდა მე-20 საუკუნის 20-30 იან წლებში არც თუ ისე მრავალფეროვანი და მდიდარი იყო. ჩინეთის კომუნისტური პარტია აქტიურად მიჰყვებოდა საბჭოთა კავშირის გზას და ცდილობდა “საბჭოთა რეფორმები” თავის სახელმწიფოშიც განეხორციელებინა. რა თქმა უნდა, აღნიშნული რეფორმები პროპაგანდის გამოყენებასა და გაძლიერებასაც გულისხმობდა. ამ პერიოდში საგულისხმოა, რომ საბჭოთა კავშირის ტრენინგ ცენტრები ჩინეთის კომუნისტურ პარტიაში პროპაგანდისტებს აგზავნიდნენ, რათა მათ თავიანთი გამოცდილება და ცოდნა გაეზიარებინათ.

1923-1927 წლებში პროპაგანდა ძირითადად ერთ მიზანს ემსახურებოდა – ჩინეთის ნაციონალისტური რევოლუცია კომუნისტურ რევოლუციად გადაექცია. კომუნისტებმა მიზანს ვერ მიაღწიეს და 1927 წლიდან პარტია დაახლოებით 10 წლით აიკრძალა. 1937 წელს ჩინეთი იაპონიასთან ომში ჩაერთო, რის შედეგადაც კომუნისტები გაერთიანებული ფრონტის წევრები გახდნენ და გარკვეული თანამდებობები დაიკავეს.

ამ ნაბიჯით კომუნისტებმა პროპაგანდის გარკვეული რესურსი მიიღეს. ამ პერიოდში მათ საზღვარგარეთ გაავრცელეს მითი, რომ ჩინეთის კომუნისტები რეალურად “აგრარული რეფორმატორები” იყვნენ და არა კომუნისტები და ისინი ჩინეთში დემოკრატიის შენებას აპირებდნენ. შემდგომ პერიოდში კომუნისტებმა კიდევ უფრო მეტი გავლენის მიღების შედეგად პროპაგანდის ხარისხი გაზარდეს.

  • ჩინური პროპაგანდის ისტორია – მაოს პროპაგანდა

უკვე 40-იანი წლებიდან, როცა სახელმწიფოს ლიდერი მაო ძედუნი ხდება, პროპაგანდა უფრო აქტიურდება და მისი მეთოდები მეტად მრავალფეროვანი ხდება. მაო ძედუნის მოღვაწეობის პირველ ეტაპზე მის “დიდებულებაზე” ყურადღება ნაკლებადაა გამახვილებული, თუმცა მომდევნო ეტაპზე მისი განდიდება უფრო და უფრო აქტუალური ხდება.

ჯერ კიდევ 1942 წელს მაო ძედუნი წერდა, რომ

“ლიტერატურა და ხელოვნება კარგად მოერგება რევოლუციურ მანქანას, როგორც მთავარი კომპონენტი… ორივე მათგანი ძლიერი იარაღია ხალხის განათლებისა და გაერთიანებისთვის, შედეგად კი მტერზე თავდასხმისთვისა და მისი განადგურებისთვის”.

თავდაპირველად მაო ძედუნის პროპაგანდა ძირითადად კომუნიზმის იდეების გავრცელებაზე მუშაობდა და საზოგადოებას სამომავლო “განვითარებისთვის” განაწყობდა. ამ პერიოდში სახელმწიფო საკუთარი თავის დამკვიდრებას და საზოგადოებისგან პროპაგანდის შედეგად ლეგიტიმაციის მიღებას ცდილობდა. ჩინეთი პოსტერებს პროპაგანდის პროცესში აქტიურად იყენებდა. ;
ჩინეთის რესპუბლიკის ეროვნული დღის აღნიშვნა – ხალხთა მთავრობა ერთადერთი ლეგიტიმური მთავრობაა (1950წ)

ამასთანავე, საბჭოთა კავშირის მსგავსად, აქტიურად მიდიოდა იმის პროპაგანდა, თუ რა მიღწევები ჰქონდა სახელმწიფოს სოფლის მეურნეობასა და ინდუსტრიაში და რამდენად კარგ მომავალს მოიტანდა ეს განვითარება ჩინელი ხალხისთვის. ძირითადად პოსტერებზე გამოსახული იყვნენ მშრომელი ჩინელები და მათთან ერთად კომუნისტების მიღწეული წარმატებები.

საგულისხმოა, რომ ჩინური პროპაგანდა უკვე 50-იან და შემდგომ წლებში 40-იან წლებთან შედარებით უფრო მეტად აქტიურად განადიდებდა მაო ძედუნს და მისი კულტის ჩამოყალიბებას უწყობდა ხელს.

პროპაგანდა ხშირად იმისკენ იყო მიმართული, რომ მოქალაქეების ქვეყნისთვის სარგებლის მოტანაში გაერთიანებულიყვნენ. მაგალითად კულტურული რევოლუციის პერიოდში, როდესაც მაო ურბანულ ტერიტორიებზე მცხოვრებ სტუდენტებს სოფლებში წასვლას მოუწოდებდა, იქმნებოდა შესაბამისი პოსტერებიც. ამ ნაბიჯით მაო სტუდენტებისა და გლეხების დაახლოებას ცდილობდა, რათა მათში ბურჟუაზიული წარმოდგენები მთლიანად გამქრალიყო.

;
წადი სოფლებში. წადი იმ ადგილებში სადაც სამშობლოს სჭირდები!

მაო ძედუნის პერიოდში საზოგადოების ერთ აზრზე ფორმირებისთვის ლიდერმა სპეციალური განათლების სისტემაც კი შექმნა, რომელსაც გლეხები კაპიტალიზმისა და ბურჟუაზიის წინააღმდეგ უნდა განეწყო. მნიშვნელოვნად კონტროლდება ხელოვნება, სადაც სახელმწიფოს შესაბამისი სტანდარტი ჰქონდა შექმნილი, რომლისგანაც ხელოვანს არ უნდა გადაეხვია. მაგალითისთვის, მაო ძედუნის დახატვის შემთხვევაში განსაზღვრული იყო ფერები და ფორმები (წითელი, ნათელი, კაშკაშა). აკრძალული იყო ნაცრისფერი ფერი (ჩრდილებისთვის) და შავი, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იყო სასჯელის წინაპირობა გამხდარიყო.

  • მანგოს ციებ-ცხელება

მაოს პერიოდში განხორციელებულ პროპაგანდისტულ კამპანიებს შორის გამორჩეულია ე. წ. მანგოს ციებ-ცხელების ამბავი.

1966 წელს ჩინეთში კულტურული რევოლუცია დაიწყო, რომლის მიზანი კაპიტალიზმისა და ჩინური ტრადიციული ელემენტების აღმოფხვრა და სახელმწიფოს მაოიზმის იდეოლოგიაზე გადაყვანა იყო. რევოლუცია პროპაგანდასთან ერთად მასობრივ რეპრესიებს, რადიკალურ რეფორმებს, ადამიანთა დევნასა და მრავალ სოციალურ რეფორმას მოიცავდა. ამ მოვლენებს მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ასევე დაახლოებით მილიონი ადამიანი სხვა ფორმით დაზარალდა.

1968 წელს პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩინეთში ვიზიტის დროს მაო ძედუნს მანგოს შეკვრა გადასცა. ლიდერს მანამდე აღნიშნული ხილი გასინჯული არ ჰქონდა, ამიტომ ამ შემთხვევაშიც ისინი რეგიონებში მცხოვრებ გლეხებს გაუგზავნა, რომლებმაც მაოს საჩუქარი დიდი ენთუზიაზმით მიიღეს. როგორც სხვადასხვა მედიაშია აღნიშნული, მანგოს ხალხი ცრემლით სავსე ხვდებოდა, მისი მიღებისთვის მზადდებოდა სპეციალური ცერემონიები.

მანგოს განდიდება კომუნისტმა პროპაგანდისტებმა სათავისოდ გამოიყენეს და ხალხს მანგოს განდიდების ანუ მაო ძედუნის შექების კიდევ უფრო მეტი საშუალება მისცეს. ამ პერიოდში შეიქმნა მრავალი პოსტერი, რომელზეც მანგო იყო დატანილი.

;
მანგო იმდენად განდიდებული იყო და იმდენად დიდ როლს ასრულებდა მაონძედუნის პიროვნული კულტის გამყარებაში, რომ ერთ-ერთ ადგილობრივ სტომატოლოგს, რომელმაც ეს ხილი ტკბილ კარტოფილს შეადარა, მკრეხელობაში დასდეს ბრალი, დააპატიმრეს და სიკვდილით დასაჯეს.

;
მანგოს ცვილის ფიგურები შუშის ყუთებში 1968 წლის ეროვნული დღის აღულმზე
წყარო: BBC

  • ჩინური პროპაგანდა მაო ძედუნის გარდაცვალების შემდგომ

ამ პერიოდში კომუნისტურმა პარტიამ და შესაბამისად პროპაგანდამ მიზანში პარტიის 4 ლიდერი (ე. წ. “ოთხთა ბანდა”) ამოიღო, რომელსაც ბრალად კულტურული რევოლუციის პერიოდში ნორმების გადაჭარბება და პარტიის უზურპაციის მცდელობა წაუყენეს. 4-თა შორის ასევე მაო ძედუნის მესამე ცოლი, ჯიანგ ქინგიც, იყო.

სახელმწიფომ პროპაგანდის ყველა საშუალები გამოყენება 4-ეულის წინააღმდეგ დაიწყო. ამ პერიოდში მომზადდა პოსტერები, რომლებიც გმობდა მათ ქმედებას, საზოგადოებისა სახელმწიფოს მხრიდან ოთხთა ბანდის გასამართლებას ამართლებდა და ახალისებდა.

;
გაანადგურე 4-თა ბანდა!

მას შემდეგ, რაც ჩინეთის ლიდერი დენ სიაოპინი გახდა, პროპაგანდის ძირითადი მიზანი ჩინური ელემენტებით შექმნილი სოციალიზმის გავრცელება იყო. აღნიშნული სოციალიზმი კაპიტალისტურ და მარქსისტულ პრინციპებს აერთიანებდა. ასევე შემდგომ ყოველ ახალ პერიოდში ლიდერი ცდილობდა მოქალაქეებისთვის წარსული მხოლოდ ერთი მიმართულებით ეჩვენებინა. ისტორიული ფიგურებს ან ძალიან დადებითად ან პირიქით რადიკალურად უარყოფითად ახასიათებდნენ, შედეგად კი მოსახლეობას ისტორიულ ფიგურათა მოღვაწეობის ინტერპრეტაციის საშუალებას აღარ აძლევდნენ.

;
პოსტერზე გამოსახული არიან 4-თა ბანდის წევრები

  • უახლესი ისტორიული პროპაგანდა სუვერენიტეტისთვის – სინძიანი, ტიბეტი, ტაივანი, ჰონგ-კონგი

უახლეს ისტორიაში ჩინეთისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს პრობლემური რეგიონები და ტერიტორიები წარმოადგენს, როგორებიცაა სინძიანის პროვინცია, ტიბეტი, ტაივანი და ჰონგ-კონგი. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადამიანი ამ პროვინციებსა და რეგიონებში თავს ჩინელად არ აიდენტიფიცირებს, ჩინეთი მაინც ცდილობს პროპაგანდა იმ კონკრეტული მიზნისკენ მიმართოს, რათა შეიქმნას სურათი, რომ ჩინეთს ამ ტერიტორიებზე შეულახავი სუვერენიტეტი აქვს.

ადგილობრივ დონეზე ჩინეთი სხვადასხვა პატრიოტულ გზავნილებს ავრცელებს და ამ ქმედებაში თითქმის ყველა მეთოდს იყენებს, დაწყებული სოციალურ ქსელებში გავრცელებული ე.წ. ჰაშთაგებიდან, უკვე დღეს დამთავრებული TikTok-ის ვიდეოებით.  მაგალითისთვის ჩინეთის მთავრობამ ჰონგ-კონგისა და ტაივანის საკითხებზე საკმაოდ პოპულარული ჰეშთეგი #wanwancomehome (დაბრუნდი სახლში) შექმნა. ამასთანავე გამოქვეყნდა სხვადასხვა მიმი და რეპ სიმღერა, რომელიც ჰონგ-კონგის მოვლენებში აშშ-ის ჩართულობას უსვამდა ხაზს.

{“preview_thumbnail”:”/sites/default/files/styles/video_embed_wysiwyg_preview/public/video_thumbnails/0qk3f3H1W2o.jpg?itok=m8NwmFZm”,”video_url”:”https://www.youtube.com/watch?v=0qk3f3H1W2o&t=12s “,”settings”:{“responsive”:1,”width”:”854″,”height”:”480″,”autoplay”:0},”settings_summary”:[“Embedded Video (Responsive).”]}

ამასთანავე, ჰონგ-კონგის პროტესტის ფონზე აქციის მონაწილეთა მადისკრედიტებელი და პოლიციის საქებარი მრავალი ქლიქბაით გვერდი შეიქმნა, რომელიც საზოგადოებაში კონკრეტული აზრის ჩამოყალიბებას ცდილობდა. შემდგომში საკმაოდ პოპულარულ მიმად იქცა ჩინეთის კონტროლის ქვეშ მყოფ მედიაში გასული ვიდეოს კადრი, სადაც ჩინელი ჟურნალისტი ტაივანელებს ბავშვური ფორმით “სახლში დაბრუნებისკენ” მოუწოდებს. მიმებს, ვიდეოებსა და სხვა მსგავსი ტიპის ნაწარმებს ჩინეთი ძირითადად ახალგაზრდების მოსაზიდად ქმნის.

;
#wanwancomehome – დაბრუნდი სახლში

  • ინფორმაციის შეკავება – “დიდი ცეცხლოვანი კედელი”

იმისათვის, რომ სახელმწიფომ თავის საზოგადოებაში კონკრეტული აზრი ეფექტიანად დანერგოს, არა მხოლოდ პროპაგანდაა საჭირო, არამედ იმ ინფორმაციის დაბლოკვაც, რომელიც საზღვრების გარედან შემოდის. ინფორმაციის დაბლოკვაზე აქტიურად მუშაობდნენ როგორც საბჭოთა კავშირში, ასევე მაო ძედუნის დროინდელ ჩინეთში და ამ უკანასკნელის შემთხვევაში ეს დღემდე გრძელდება.

ტერმინი “დიდი ცეცხლოვანი კედელი” სწორედ ინფორმაციის შეკავების აღმნიშნველია. ისტორიულ ეპოქაში თუ ინფორმაციის შეკავება უფრო მარტივი იყო, 21-ე საუკუნეში ჩინეთს უფრო მეტი მექანიზმის ამუშავება უწევს, რათა თავიდან აიცილოს არასასურველი ინფორმაციების ქვეყანაში შედინება. მაგალითად, ჩინეთში აქტიურად კონტროლდება ინტერნეტკაფეები, არის მკაცრი მოთხოვნები იმის შესახებ, თუ რომელი პროგრამული უზრუნველყოფა უნდა იყოს გამოიყენებული, რათა ინფორმაციის გაფილტვრა მოხდეს.

;
ჩინეთის დიდი ცეცხლოვანი კედელი

  • ვინი პუჰის და “ბრინჯის ბაჭიას” აკრძალვა

ჩინეთის ცენზურას შეეწირა ასევე ვინი პუჰი, რომელიც ოპონენტების მიერ ჩინეთის ლიდერთან სი ძინპინთან მიმსგავსების გამო მთავრობამ აკრძალა. ამ მიზეზით ქვეყანაში დაიბლოკა ფილმის “კრისტოფერ რობინის” ჩვენებაც.

აღსანიშნავია, რომ ხშირად სი ძინპინის მოწინააღმდეგეები აქტიურად იყენებენ მისი და ვინი პუჰის შედარებას, რაც ჩინეთის ლიდერში გაბრაზებას იწვევს, სახელმწიფო კი ამის აღსაკვეთად ბლოკავს ყველა იმ ინფორმაციას, ვიდეოს, ფოტოსა და ფილმს, რომლებიც ვინი პუჰს შეიცავენ.

ჩინურ სოციალურ ქსელებში ისეთი ფრაზების, როგორიცაა “ემიგრაცია”, “პიროვნების კულტი”, “შეცვალე კონსტიტუცია”, “არ ვეთანხმები” და ა.შ. აკრძალვის შემდეგ აქტივისტები სხვადასხვა მეთოდს მიმართავენ ხოლმე გზავნილების გასავრცელებლად. მაგალითად, MeToo მოძრაობის ჩინეთში გავრცელების შემდეგ, როდესაც ეს ჰეშთეგი დაიბლოკა დაიწყო მსგავსი ჩინური ჰეშთეგის გამოყენება, რაზეც ცენზურა დაწესდა. შედეგად, აქტივისტებმა აიტაცეს ახალი ჰეშთეგი, რომელიც ჟღერადობით მსგავსი იყო და ბრინჯის ბაჭიას ნიშნავდა. საბოლოოდ ჩინურმა ცენზურამ “ბრინჯის ბაჭიაც” დაბლოკა.

;

თემატიკა: ისტორია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ჩინეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist