სხვადასხვა

მითი, თითქოს დასავლეთი ებრძვის საქართველოს კულტურულ თვითმყოფადობას, მცდარია

28 ოქტომბერი, 2014

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისდღიდან დასავლეთის ქვეყნების სამთავრობო სტრუქტურები, კერძო ფონდები თუ საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოსკულტურული მემკვიდრეობის სფეროს განვითარებისა და დაცვისათვის მნიშვნელოვან ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას უწევენ. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის კვლევის, დაცვისა და პოპულარიზების მიზნით 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, რამდენიმე ასეული პროექტი განხორციელდა და კვლავაც ხორციელდება.

სამთავრობო პროგრამები

კულტურის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით საქართველოს გაფორმებული აქვს ხელშეკრულებები და მემორანდუმები ევროპის ოცზე მეტ ქვეყანასთან. ამ ხელშეკრულებების საფუძველზე რეგულარულად ხორციელდება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი თუ უძრავი ძეგლების რესტავრაცია, შესაბამისი დარგის სპეციალისტების მომზადება და სამეცნიერო კვლევების დაფინანსება.

  • ორმხრივი ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოსთვის გაწეული დახმარების მხოლოდ ერთი მაგალითია ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელებული თბილისის ისტორიული უბნის - ბეთლემის კლდისუბნის რეაბილიტაცია, ეთნოგრაფიული მუზეუმის ექსპონატების რესტავრაცია და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ეროვნული რეესტრის ციფრული ვერსიის შექმნა, რაც 2006 წლიდან დღემდე 2 მილიონ ევრომდე დახმარებას ითვალისწინებდა.
  • აშშ-ის საელჩოს დიდი საგრანტო პროგრამის დახმარებით საქართველომ არაერთი მნიშვნელოვანი ძეგლის გადარჩენა შეძლო. კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების ელჩის კულტურიდ დაცვის ფონდის მეშვეობით საქართველოში 14 პროექტი განხორცილდა, რომელთა საერთო ბიუჯეტი 1 მილიონი დოლარია.მათ შორისაა სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის დაცვითი სისტემებით აღჭურვა, მასში დაცული ხელნაწერებისა და ხატების რესტავრაცია, არმაზციხის არქეოლოგიური ძეგლისა და უდაბნოს მონასტრის ფრესკების კონსერვაცია, ხელოვნების მუზეუმში დაცული ნაქარგობის კოლექციის რესტავრაცია და კატალოგიზაცია, ასევე ამჟამად გელათის კომპლექსზე მიმდინარე მასშტაბური სარესტავრაციო სამუშაოები აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტების მცირე ჩამონათვალია.

საქველმოქმედო ფონდები

სამთავრობო პროგრამების გარდა, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის და რეაბილიტაციის საქმეში დიდი წვლილი შეაქვთ ევროპისა და აშშ-ს კერძო საქველმოქმედო ფონდებს. მაგალითად:

  • პრინც კლაუსის ფონდმა (ნიდერლანდები) დააფინანსა ნიქოზის საეპისკოპოსო კომპლექსის ომის შემდგომი რეაბილიტაცია (70.000 ევრო), ალავერდის კათედრალისთვის წყალდიდობის შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრის სამუშაოები და იკვის ტაძრის მე-12-13 საუკუნეების კედლის მხატვრობის კონსერვაცია.
  • მსოფლიო ძეგლების ფონდის (აშშ) მხარდაჭერით მოხერხდა დაფინანსების მოპოვება არაერთი პროექტისთვის, მათ შორის განხორციელდა მიწისძვრის შედეგად დაზიანებული იკორთის ტაძრის აღდგენა, ფიტარეთის ტაძრის რეაბილიტაცია და მცხეთის ჯვრის მონასტრის სრული დოკუმენტაცია და შესწავლა. დაფინანსდა სამუშაოები ტიმოთესუბნისა და ყინწვისის ტაძრებზე, აგრეთვე თბილისის სინაგოგაზე (თითოეული პროექტის ბიუჯეტი საშუალოდ 25.000 დოლარს შეადგენდა).
  • ჰოლანდიური ფონდი „ჰორიზონტი" წლების მანძილზე აფინანსებდა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული დ. ერმაკოვის ფოტო არქივის რესტავრაცია-კონსერვაციასა და დიგიტალიზაციას.

საერთაშორისო ორგანიზაციები

ევროპის საბჭო

·ევროპის საბჭოს მიერდაფინანსდა თბილისის ისტორიულ უბანში 2001 წლის მიწისძვრის შედეგად დაზიანებული ძეგლების აღნუსხვა და გადაუდებელი რეაბილიტაცია;

·2008 წლის საომარი მოქმედებების შემდეგ, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, გორის მუნიციპალიტეტში განხორციელდა პროექტი „კონფლიქტის შემგდომი გადაუდებელი ქმედება კულტურული გარემოსა და საზოგადოების სოციალური და ეკონომიკური რევიტალიზაციისთვის". პროექტის ფარგლებში, სხვა ღონისძიებებთან ერთად, შემუშავდა რეაბილიტაციის გეგმა ნიქოზის მონასტრისა და სოფ. ზემო ნიქოზისათვის.

·წლების მანძილზე მიმდინარეობს მცირე და საშუალო ზომის ისტორიული ქალაქების პროგრამა, რომელმაც მოიცვა შემდეგი ქალაქები: აბასთუმანი, ბორჯომი, დუშეთი, გორი, წყალტუბო და სხვ. პროექტის შედეგად, ქალაქების სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის მათი მემკვიდრეობის პოტენციალის შეფასება განხორციელდა.

ევროკავშირი

  • 2010 წლიდან დღემდე ევროკავშირის ENPI (ევროპის სამეზობლო და პარტნიორობის პროგრამის ინსტრუმენტი) პროგრამის ფარგლებში კულტურის სფეროში ორი ე.წ. ინსტიტუციური დაძმობილების პროექტი (Twinning Project) ხორციელდება: ეროვნული მუზეუმის პროექტი საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინსტიტუციურ გაძლიერებას და ეროვნული მუზეუმის საქმიანობაში ევროკავშირის საუკეთესო გამოცდილების დანერგვას ისახავს მიზნად (ბიუჯეტი: დაახლოებით 2 მილიონი ევრო); საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში მიმდინარე დაძმობილების პროექტი კი მიზნად ისახავს სააგენტოს ინსტიტუციონალური განვითარების მხარდაჭერას. სააგენტოს პარტნიორები იტალიის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრო და დანიის კულტურის სააგენტოა (ბიუჯეტი: დაახლოებით 1 მილიონი ევრო).
  • ევროკავშირმა 2012 წელს პირველად აამოქმედა აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის პროგრამა, რომლის ფარგლებში საქართველოში 15-მდე პროექტი დაფინანსდა, ხოლო კულტურის სამინისტროს შესაძლებლობა მიეცა, გამოეყენებინა ევროკავშირის ექსპერტთა დახმარება კულტურის პოლიტიკისა თუ სხვა სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავების პროცესში.
  • ევროკავშირის კიდევ ერთი პროგრამის - Investing in People მეშვეობით ტრადიციული ხალხური რეწვის განვითარების პროგრამა ხორციელდება (ბიუჯეტი 500.000 ევრო).

UNESCO

  • გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) მხარდაჭერით, განხორციელდა ეთნოგრაფიული მუზეუმის რამოდენიმე დარბაზული სახლის რეაბილიტაცია, ქართველი ხელოსნების სწავლება ნორვეგიელი ხის რესტავრატორების მიერ, ეროვნული მუზეუმის ეთნოგრაფიული კინო-ფოტო არქივის დიგიტალიზაცია და კონსერვაცია. მნიშვნელოვანია იუნესკოს წვლილი სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის რეაბილიტაციის საქმეში.
  • იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრი რეგულარულად უწევს ტექნიკურ დახმარებას საქართველოს მხარეს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის საქმეში. მაგალითად, წმინდა ჯვრის დიდი ტაძრის რელიეფების შესწავლის პროექტი, მცხეთის მართვის გეგმის შემუშავება თუ სხვ.

ICCROM

  • კულტურულ ფასეულობათა დაცვისა და რესტავრაციის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (ICCROM) ექსპერტები ხშირად უწევენ კონსულტაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს მნიშვნელოვან პროექტებში. მაგალითისთვის, იკრომის მსოფლიოში ცნობილი ქვის კონსერვაციის სპეციალისტი მცხეთის წმინდა ჯვრის ტაძრის რელიეფების გამაგრებასა და ამ პროცესში ქართველი სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებაში იყო ჩართული.

მნიშვნელოვანი სამეცნიერო აღმოჩენები

აღსანიშნავია აგრეთვე ევროპისა და ამერიკის კერძო თუ სახელმწიფო სამეცნიერო ფონდების მხარდაჭერა, რომლის ფარგლებში არაერთი კვლევითი პროექტი დაფინანსდა და მნიშვნელოვანი სამეცნიერო აღმოჩენები გაკეთდა:

  • გერმანიის კვლევითი საზოგადოებისა და ფოლკსვაგენის ფონდის მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში, საყდრისში აღმოჩნდა მსოფლიოში უძველესი ოქროს წარმოების კერა, რომლის კვლევაშიც არაერთი ევროპული წამყვანი სამეცნიერო ინსტიტუტია ჩართული;
  • მნიშვნელოვანი არქეოლოგიური კვლევა მიმდინარეობს საფრანგეთის სამეცნიერო კვლევის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით მარნეულის რაიონში მდებარე ნეოლითური ხანის ნასოფლარზე - გადაჭრილი გორა;
  • დმანისის პრეისტორიული ძეგლის კვლევის, კონსერვაციისა და პოპულარიზაციის საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის ევროპული და ამერიკული კერძო ფონდებისა და სამეცნიერო ინსტიტუტების ფინანსურ მხარდაჭერას, მათ შორის ბრითიშ პეტროლიუმ, როლექს, სორიას ჰერცოგთა კულტურის ფონდი (ესპანეთი) და სხვ.

მანანა თევზაძე

ტეგები: