მითი, თითქოს უკრაინაში სამხედრო მოქმედებების პროვოცირება დასავლეთმა მოახდინა, მცდარია

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ukrain_3
144
VIEWS

უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებზე პასუხისმგებლობის დასავლეთზე დაკისრება საქართველოში მოქმედი პრო-რუსული ძალების პროპაგანდის ნაწილია. სინამდვილეში, უკრაინის კრიზისს წინ რუსეთის ფედერაციის მინაზმიმართული ქმედებები უძღოდა, რაც საბოლოოდ დაუფარავ სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა.

2013 წლის ნოემბერში უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა მიიღო გადაწყვეტილება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის გადავადების თაობაზე. ეს გადაწყვეტილება იანუკოვიჩმა კრემლის ზეწოლით მიიღო.ზეწოლის შემადგენელი ნაწილი იყო 2013 წლის აგვისტოში უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სავაჭრო ომი. რუსეთის საბაჟომ ერთბაშად აკრძალა უკრაინული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე შეტანა. შედეგად, 2013 წლის დეკემბერში უკრაინული ექსპორტი 1.4 მილიარდი დოლარით შემცირდა. იმავე პერიოდში, მნიშვნელოვნად შემცირდა, ასევე, უკრაინის ინდუსტიული წარმოება (2012 წელთან შედარებით 4.9%-ით).

კრემლის ძლიერი ეკონომიკური და პოლიტიკური ზეწოლის შედეგად, იანუკოვიჩმა ფაქტობრივად უარი თქვა ევროკავშირთან ინტერგრაციაზე, რაც უკრაინაში მასობრივი დემონსტრაციების მიზეზი გახდა. საპროტესტო გამოსვლების დროს რუსეთის ხელისუფლება იანუკოვიჩს დემონსტრანტების წინააღმდეგ მკაცრი ზომების გატარებისკენ მოუწოდებდა. 2014 წლის 18 თებერვალს, მომიტინგეებზე ხელისუფლების გადამწყვეტი შეტევის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, რასაც მრავალრიცხოვანი მსხვერპლი მოჰყვა, მოსკოვმა უკრაინის მთავრობას 2 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის დახმარება გამოუყო.

2014 წლის 22 თებერვალს, უკრაინის პარლამენტის მიერ იანუკოვიჩის გადაყენების შემდეგ, ცხადი გახდა, რომ კრემლი კიევზე პოლიტიკურ კონტროლს კარგავდა. რუსეთის ფედერაციამ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის განხორციელება დაიწყო, რისთვისაც საინფორმაციო სივრცეს დიდი ხნის განმავლობაში ამზადებდა. რუსული პროპაგანდა უკრაინაში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებს „ფაშისტებს” უწოდებდა, ხოლო მათი წარმატების შემთხვევაში, უკრაინის დაშლას წინასწარმეტყველებდა.

2014 წლის 27 თებერვალს, იანუკოვიჩის გადაყენებიდან მხოლოდ 5 დღის შემდეგ, რუსეთის სპეცდანიშნულების რაზმმა ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტის და მთავრობის შენობები აიღო. რუსეთის ფედერაციის რეგულარული ჯარი ყირიმში შეიჭრა და მისი ოკუპაცია მოახდინა. იმავე წლის აპრილში, რუსეთი აქტიურ მოქმედებებზე უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებშიც გადავიდა. დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში რუსული დივერსიული ჯგუფების გამოყენებით კრემლმა საბრძოლო მოქმედებების პროვოცირება მოახდინა.

2014 წლის აპრილიდან აგვისტომდე რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს 1992-1993 წლების აფხაზური სცენარით წარმართავდა. კერძოდ, რუსეთის რეგულარული ჯარის მონაწილეობა არტილერიით და სპეცდანიშნულების რაზმებით შემოიფარგლებოდა. ძირითად საბრძოლო მოქმედებებს კი რუსეთიდან უკრაინაში გადასული უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებები ახორციელებდნენ. თუმცა, ასეთი ტაქტიკა საკმარისი არ აღმოჩნდა უკრაინის არმიის დასამარცხებლად, ამიტომ 24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, რუსეთის რეგულარულმა ჯარმა დონბასის რეგიონში რუსეთ-უკრაინის საზღვარი გადაკვეთა.

რუსეთის შეტევის შედეგად უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ნაწილობრივ უკან დაიხიეს, ხოლო 3 სექტემბერს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გაფორმდა. ამის მიუხედავად, დონბასში დღემდე გრძელდება შეტაკებები. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმების შემდეგ საბრძოლო მოქმედებებს 300-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. რუსეთი არღვევს შეთანხმების პირობებს და უკრაინული პოზიციების დაკავებას ცდილობს.

უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სამხედრო ინტერვენცია პოსტ-საბჭოთა ქვეყნების სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართული კრემლის ზოგადი სტრატეგიის ნაწილია, ხოლო უკრაინის კრიზისის დასავლეთზე გადაბრალება აგრესორის გამართლების მცდელობაა. ამავე სტრატეგიას მიეკუთვნება ქართული ტერიტორიების ოკუპაცია; ეკონომიკური და პოლიტიკური ზეწოლა მოლდოვაზე იმისათვის, რომ ამ ქვეყანამ ევროკავშირთან ინტეგრაციაზე უარი განაცხადოს; სომხეთის იძულება, დათანხმდეს ევრაზიული კავშირის წევრობას და მუდმივი პროვოკაციები ბალტიის ქვეყნების წინააღმდეგ.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist