ჩინეთში აღმოჩენილ კორონავირუსზე და მისგან დაცვის გზებზე სოციალურ ქსელებში არაერთი ცნობა და ცრურწმენა ვრცელდება. კორონავირუსის შემთხვევები პირველად 2019 წლის დეკემბერში, ჩინეთის ქალაქ უხანში დაფიქსირდა და ჯერჯერობით სათანადოდ შესწავლილი არ არის. მაშინ, როდესაც მეცნიერები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავების პროცესში არიან, საქართველოსა და ტაივანში მკურნალობას ნივრითა და თეთრი ძმრით ცდილობენ.
მაგალითად, “ნიუს ჰოსპიტალსის“ პედიატრიული ამბულატორიის სამსახურის უფროსმა ინგა მამუჩიშვილმა კორონავირუსისგან თავდაცვის გზად გადაკოცნაზე უარის თქმა, ხილის, ბოსტნეულისა და ნივრის მიღება დაასახელა.
ბრძოლის თავისებურ მეთოდს მიმართავენ ტაივანშიც. ტაივანელმა ფაქტჩექერების ცენტრმა (Taiwan FactCheck Center) რამდენიმე ფართოდ გავრცელებული დეზინფორმაცია შეისწავლეს, მათ შორის ის, რომ თითქოს ახალი ტიპის კორონავირუსს თეთრი ძმარი – ძმრის მჟავა (White vinegar , Acetic Acid ) ამარცხებს. ტაივანის ინფექციურ დაავადებათა სამედიცინო ასოციაციის დირექტორისა და ტაივანის სახელმწიფო საუნივერსიტეტო საავადმყოფოს პედიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ჰუანგ ლიმინის თქმით, თეთრი ძმარი/ძმრის მჟავა სტერილიზაციის და დეზინფექციისთვის არ გამოდგება, შესაბამისად მისი გამოყენება რეკომენდებული არ არის.
“მითების დეტექტორი” კომენტარისთვის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს პაატა იმნაძეს დაუკავშირდა. მისი განცხადებით, ნიორს გააჩნია გარკვეული ანტიბაქტერიული თვისებები, თუმცა კორონავირუსისგან დაცვის მხრივ ნიორის მნიშვნელობაზე მეცნიერული დასაბუთება ან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაცია არ არსებობს.