ჯანდაცვა/ბიოუსაფრთხოება

ნოვოსიბირსკის მორგის მძიმე კადრებს FB მომხმარებელი კორონას მანიპულაციურად უკავშირებს

27 ნოემბერი, 2020

25 ნოემბერს ფეისბუკ მომხამრებელმა ზვიად გოგნაძემ გამოაქვეყნა რუსულენოვანი ვიდეო, რომელიც მისი მტკიცებით იმის დასტურია, რომ კოვიდ-19-ით გარდაცვლილ ადამიანებს ოჯახის წევრებს იმიტომ არ აჩვნებენ, რათა მათი ორგანოები გამოიყენონ. მისი თქმით, პანდემიასთან დაკავშირებული “პანიკის” მიზეზიც სწორედ ეს არის.  ზვიად გოგნაძის მიერ ატვირთულ რუსულენოვან ვიდეოში ავტორი აცხადებს, რომ “ვითომ კორონავირუსისაგან” გარდაცვლილ ადამიანებს ოჯახის წევრებს არ აჩვენებენ, რადგან მათ სხეულებს სხვა მიზნით იყენებენ. ის ვიდეოში მორგში, სავარაუდოდ დერეფანში გადაღებულ კადრებს აჩვენებს, სადაც  ადამიანების დასახიჩრებული გვამები და სისხლი  ჩანს.  ვიდეო სენსიტიურ კადრებს შეიცავს, რომლის ნახვაც რეკომენდირებული არ არის, რის გამოც მასალას შესაბამისი ბმული არ ერთვის და მხოლოდ დაბლარული სქრინებია წარმოდგენილი.  27 ნოემბრის 17 საათის  მონაცემებით პოსტს 3100-ზე მეტი გაზიარება და 685 რეაქცია აქვს.


;;

გამოქვეყნებულ ვიდეოში მორგში გადაღებული კადრები მანუპულაციურად არის გამოყენებული კონსპირაციის განსავითარებლად, თითქოს კოვიდ-19-ის პანდემიის და მის გარშემო გავრცელებული ინფორმაციის  რეალური მიზანი ადამიანის ორგანოებით ვაჭრობაა. სინამდვილეში, მორგის კადრები მისი ავტორის მტკიცებით, რუსეთში ნოვოსიბირსკის რეგიონში  არსებულ რთულ მდგომარეობას ასახავს, რასაც არც რეგიონის ხელისუფლება უარყოფს. 

InVID-ის ხელსაწყოს მეშვეობით გადამოწმების შემდეგ დადგინდა, რომ მორგში გადაღებული ვიდეო 10 ნოემბერს  ნოვოსიბირსკელმა სამოქალაქო აქტივისტმა მოძრაობა “სამოქალაქო პატრულის”  ხელმძღავნელმა როსტისლავ ანტონოვმა გამოაქვეყნა. რუსულ სოციალურ ქსელშ VKontakte-ს გვერდის Новосибирск-ის თანახმად, როსტისლავ ანტონოვმა ვიდეო ნოვოსიბირსკის ერთ-ერთ მორგში გადიღო და ის იქ არსებეულ რთულ მდგომარეობას წარმოაჩენს.

;

Комсомольская правда-ს ინფორმაციით, გავრცელებულ ვიდეოს  ნოვოსიბირსკის ჯანდაცვის მინისტრიც გამოეხმაურა. მან განაცხადა, რომ ვიდეო ამ რეგიონში გადაღებული არ არის. თუმცა, ის რეგიონში ამ კუთხით არსებულ პრობლემებს არ უარყოფს. მან   რეგიონის მორგებში არსებული რთული მდგომარეობის შესახებ განცხადებაში აღნიშნა. მინისტრმა განმარტა, რომ მორგის განყოფილებაში გარდაცვლილი ადამიანები არ ამხოლოდ ინფექციური, არამედ სხვა განყოფილებიდანაც ხვდებიან. შესაამისად, იქ მხოლოდ კოვიდ-19-ით გარდაცვლილი ადამაინები არ არიან. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე