განათლება

“პატრიოტთა ალიანსის” 2 ტყუილი მანდატურების ისტორიასა და განათლების შესახებ კანონზე

6 აგვისტო, 2020

26 ივლისს ტვ ობიექტივის “ღამის სტუდიის” ეთერში პატრიოტთა ალიანსის წევრმა ვაჟა ოთარაშვილმა მანდატურების ინსტიტუტი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მანდატურები ევროპაში პირველად ნაცისტური პარტიის მმართველობის დროს გაჩნდა. მისი თქმით, საქართველოში მათი გამოჩენა “მომავალი თაობის გამოლენჩებას” ემსახურება. ოთარაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ განათლების კანონით მასწავლებელს მოსწავლისთვის შენიშვნის მიცემა ეკრძალება. 

ვაჟა ოთარაშვილი, პატრიოტთა ალიანსი: „მანდატურების შემოყვანა პირველად ევროპაში განახორციელა ნაცისტურმა პარტიამ, ...1918-24 წლების პერიოდი გერმანიისა, ერთი საუკუნის წინანდელი პერიოდი ერთი ერთზე ჰგავს საქართველოს პერიოდს, როდესაც დაშვებულია ყველანაირი აღვირახსნილობა ახალგაზრდებში, როდესაც ეკლესიის როლი მცირდება და ებრძვიან ეკლესიებს, როდესაც ყოველგვარ ძალადობას პროპაგანდა ეწევა და ასე შემდეგ… ნახეთ, განათლების კანონით მასწავლებელს უფლება წავართვით, უფლება წავართვით, რომ ბავშვს შენიშვნა მისცეს, უფლება წავართვით, რომ თავისი ღირსება დაიცვას… ეს არის სპეციალური პროგრამა, რომელიც მომავალი თაობის გამოლენჩებას ემსახურება, რათა უტვინო თაობა ადვილად მართონ.”

ოთარაშვილის განცხადება დეზინფორმაციაა, გერმანიის სკოლებში მანდატურის სამსახური არ არსებობს. ინფორმაცია ასევე არ იძებნება ნაცისტური მმართველობის პერიოდში მანდატურების შემოყვანაზე.  ევროპის კონტინენტზე მანდატურის თანამდებობა კი ჯერ კიდევ მეშვიდე საუკუნეში ბიზანტიის სამეფო კარზე არსებობდა, საქართველოს ისტორიულ წყაროებში კი მეცხრე საუკუნიდან იხსენიება. რაც შეეხება განათლების შესახებ კანონს, ის კრძალავს არა შენიშვნის მიცემას, არამედ მოსწავლის სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას. 

  • მანდატურის მსგავსი ინსტიტუტი ევროპაში

დასავლეთში პირველად 1950-იან წლებში აშშ-მა შეიმუშავა სასკოლო რესურსების ოფიცრების (School Resourse Officer SRO) მოდელი, რომელიც გულისხმობდა სკოლაში სამართალდამცავების იმგვარი კატეგორიის არსებობას, რომელიც სკოლის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით უსაფრთხო გარემოს შემქმნას შეუწყობდა ხელს. დღეს მათ მოვალეობაში ასევე შედის მოსწავლეებისთვის მენტორისა და მრჩეველის, ასევე ახალგაზრდებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ სწავლების ფუნქციები. 

აშშ-ს მსგავსი მოდელები შეიმუშავეს კანადაში, ავსტრალიასა და დიდ ბრიტანეთშიც, დიდი ბრიტანეთის შემთხვევაში ამ თანამდებობას სკოლის მეკავშირე ოფიცერი ეწოდება. 

რაც შეეხება გერმანიას, გერმანულ სკოლებში მანდატურის მსგავსი სამსახური არ არსებობს, ღია წყაროებში არ იძებნება ინფორმაცია არც ნაცისტური მმართველობის პერიოდში სკოლებში არსებულ მსგავს ინსტიტუტზე. 

  • მანდატურების ისტორია

ბიზანიტიის სახელმწიფოში მანდატურები წარმოადგენდნენ პირებს, რომლებიც სპეციალური მოვალეობით იყვნენ აღჭურვილნი და ინფორმაციის გადამტანის როლს ასრულებდნენ ყველა სამოქალაქო და სამხედრო დაწესებულებაში. ეს ადამიანები თანამდებობას იღებდნენ მათი ზემდგომი საიმპერატორო მანდატურისგან. მანდატურები ნახსენები არიან მეშვიდე-მეთერთმეტე საუკუნეების წყაროებში. 

საქართველოში კი ტერმინი “მანდატური” XI საუკუნიდან იხსენიება. მანდატურები მანდატურთუხუცესს ექვემდებარებოდნენ და სხდომების დროს სავაზირო შენობის დაცვა, საპატიო მგზავრის გაყოლა, სამეფო ზვრების სამუშაოთა ხელმძღვანელობა და სხვა ევალებოდათ. თავის მხრივ მანდატურთუხუცესის, როგორც ერთ-ერთი ვეზირის,  პასუხისმგებლობა იყო უცხო ქვეყნების ელჩების მიღება და დაცვა. იგი თვალყურს ადევნებდა სამეფო კარზე წესრიგის დაცვასა და ადმინისტრაციულ ფუნქციებს ასრულებდა.  XVII საუკუნიდან კი მანდატურთუხუცესი ეშიკაღასბაშმა ჩაანაცვლა.

  • მანდატურები საქართველოში

დღევანდელ საქართველოში მანდატურებს შევხვდებით პარლამენტში, სადაც მათი ძირითადი მოვალეობა პლენარული და კომიტეტის სხდომების მიმდინარეობისას დარბაზში და მის გარე პერიმეტრზე წესრიგის დაცვა, მანდატურები ადგენენ ასევე პარლამენტის პლენრული სხდომების გამცდენ პარლამენტართა სიასაც. 

რაც შეეხება მანდატურებს სკოლებში, პირველად ისინი 2010 წლის 12 აპრილს თბილისის 10 საპილოტე სკოლაში გამოჩნდნენ, მანდატურის სამსახურის დებულებაში ვკითხულობთ, რომ სამსახურის ძირითადი მიზნებია, საჯარო სკოლების ტერიტორიაზე ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად და ემოციურად უსაფრთხო სასკოლო გარემოს უზრუნველყოფა და წესრიგის დაცვის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, დარღვევაზე კი ეფექტური რეაგირება. სამსახურის ერთ-ერთი ამოცანა და უფლებამოსილებაა ფსიქოსოციალური მომსახურების გაწევის უზრუნველყოფა მოსწავლეებისა და მათი მშობლებისათვის, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლების და მასწავლებლებისათვის.

  • კრძალავს თუ არა განათლების შესახებ კანონი მოსწავლისთვის შენიშვნის მიცემას?

მოსწავლისადმი შეურაცხყოფის მიყენების აკრძალვაზე საუბარია ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში, სადაც ვკითხულობთ (მუხლი 9.8):  “ მოსწავლეს უფლება აქვს დაცული იყოს არასათანადო მოპყრობის, უყურადღებობისა და შეურაცხყოფისაგან,” ნათქვამია ისიც (მუხლი 20.1), რომ  “დაუშვებელია სკოლაში ძალადობა მოსწავლის ან ნებისმიერი სხვა პირის მიმართ. ფიზიკური ან/და სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევაში სკოლა ვალდებულია, დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.” განათლების შესახებ კანონში არაფერია ნათქვამი შენიშვნის მიცემაზე, შესაბამისად ვაჟა ოთარაშვილის მტკიცება სიმართლეს არ შეესაბამება.

მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობის ამ ნაწილზე საუბარია მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსშიც, სადაც ხაზგასმულია (მუხლი 4.1), რომ “მასწავლებელი არ აყენებს მოსწავლეს სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას და არ ახდენს მასზე ემოციურ (ფსიქოლოგიურ) ზეწოლას.”


მოამზადა მარიამ დანგაძემ
მითების დეტექტორის ლაბორატორიის რეგიონული ქსელი