პრესა საბჭოთა ოკუპაციამდე და ოკუპაციის შემდეგ

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

209
VIEWS

1921 წლის 25 თებერვალს თბილისში წითელი არმიის დანაყოფები შემოვიდნენ და დედაქალაქი დაიკავეს. სახელმწიფო შენობებზე ქართული დროშა დაეშვა და კომუნისტური მმართველობა დამყარდა. საბჭოთა რუსეთ – საქართველოს ომში საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკა დამარცხდა, რითიც მისი არსებობა დასრულდა.

სახელმწიფოს გასაბჭოება ბევრ საკითხზე მაშინვე აისახა. შეიცვალა რესპუბლიკის სისტემა, დაწესდა ახალი კანონები და აკრძალვები, შეიზღუდა ინდივიდის თავისუფლება და სახელმწიფოში ნელ-ნელა კომუნისტური იდეოლოგიის თითქმის ყველა სფეროში გავრცელება დაიწყო. რა თქმა უნდა, კომუნისტებისთვის ერთ-ერთი მთავარი იარაღი პროპაგანდა იყო, შესაბამისად მედიამაც (გაზეთები) საკმაოდ მალე, მარტის თვეში, კომუნისტური პროპაგანდისტული გზავნილების გამოქვეყნება და საბჭოთა ოკუპაციის აღნიშვნა დაიწყო.

თებერვალში გაზეთების შინაარსი რადიკალურად შეიცვალა. თუ ოკუპაციამდე არსებული ნომრები ძირითადად პატრიოტული სულისკვეთების იყო, მარტიდან დაბეჭდილი საგაზეთო სტატიები მენშევიკური მთავრობის კრიტიკაზე იყო ორიენტირებული და მიზნად ისახავდა, ოკუპაცია ხალხის (მუშათა კლასის) დიდ გამარჯვებად წარმოეჩინა.

გასაბჭოებულ საქართველოში გაზეთებმა ალტერნატიული და პროპაგანდისტული რეალობის წარმოჩენა გაზეთის პირველივე ნომრიდან დაიწყეს.

  • საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკაში გამოცემული გაზეთები

აღსანიშნავია, რომ კომუნისტური გაზეთები საქართველოში ჯერ კიდევ გასაბჭოებამდე იბეჭდებოდა. მაგალითად, გაზეთი “კომუნისტი” თბილისში პირველად 1920 წლის ივნისში გამოიცა. ის ყოველდღიური იყო, თუმცა ჯამში 10 ნომრის გამოქვეყნება მოხერხდა. შემდგომში გაზეთს “საქართველოს კომუნისტი” დაერქვა და რედაქციას თავად ფილიპე მახარაძე ხელმძღვანელობდა. აღნიშული რედაქციაც მალევე გაუქმდა და გაზეთს “ახალი კომუნისტი” დაერქვა. ეს უკანასკნელი საქართველოში მენშევიკური ხელისუფლების მიერ დაიხურა და საბჭოთა ოკუპაციამდე არ აღდგა.

საგულისხმოა, რომ გასაბჭოებიდან მე-5 დღესვე (2 მარტს) გაზეთი კომუნისტი თავდაპირველი სახელწოდებით “კომუნისტი” აღდგა და აქტიურად დაიწყო კომუნისტური იდეალების გავრცელება და საქართველოს მენშევიკურ ხელისუფლებაზე გამარჯვების აღნიშვნა.

დამოუკიდებელ საქართველოში ასევე სხვა გაზეთებიც გამოიცემოდა, რომლებიც რეალურად წითელი არმიის წინააღმდეგ იყვნენ მიმართული და ბოლო პერიოდში (თებერვალი) ბრძოლის შესახებ ინფორმაციას გადმოსცემდნენ. ასეთ პოლიტიკური ხასიათის გაზეთებში გამორჩეულია “საქართველო”, “საქართველოს რესპუბლიკა” და გაზეთი “ერთობა”.

"
გაზეთ “ერთობის” ერთ-ერთი უკანასკნელი ნომერი, რომელიც გასაბჭოების დღეს გამოიცა

  • ანტისაბჭოთა გაზეთები საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ

ანტისაბჭოთა გაზეთები თებერვლის თვეში ძირითადად მსგავსი ტიპის ინფორმაციას აქვეყნდებდნენ, რაც შესაძლებელია რამდენიმე კატეგორიაში გაერთიანდეს:

  • ბრძოლის ველზე მიმდინარე ამბები;
  • ბოლშევიკების შესახებ ინფორმაცია;
  • ბრძოლაში დაღუპულ გმირთა შესახებ;
  • ხალხის დაიმედების მიზნით სხვადასხვა გამარჯვებების შესახებ.

გაზეთები უმეტესწილად იმედით უყურებდნენ მიმდინარე ბრძოლას და სტატიის ავტორები დარწმუნებულები იყვნენ, რომ ქართული ჯარი მოახერხებდა მტრის დამარცხებას და დემოკრატიის შენარჩუნებას.

გაზეთმა “საქართველოს რესპუბლიკა” უკანასკნელი ნომერი ჯერ კიდევ 1921 წლის 23 თებერვალს გამოსცა. მასში თითქმის ყველა ის სიახლე იყო მიმოხილული, რაც ბრძოლის ველზე მიმდინარეობდა. გაზეთი იმედს უჩენდა ადამიანებს და აღნიშნავდა, რომ მტერი ვერაფერს გახდებოდა ქართველი ხალხის დემოკრატიულ არჩევანთან:

„საქართველოს დემოკრატიამ კარგად იცის ვის უნდა ჩააბაროს თავისი ბედი. ქართველ ერს ნათლად აქვს წარმოდგენილი თუ რა მოელის მას მახარაძე-მდივან-ორახელაშვილების ხელში, ამიტომ არის, რომ ის დღეს ლომივით იბრძვის და მტერს სასტიკად ამარცხებს”.

გაზეთი ასევე აქტიურად აღწერდა ბოლშევიკურ მოღალატეობრივ საქმიანობას და განსაკუთრებით ქართველ ბოლშევიკებს აკრიტიკებდა (ფილიპე მახარაძე, მიხეილ ოკუჯავა, შალვა ელიავა, ბუდუ მდივანი, მამია ორახელაშვილი და სხვა), რომლებიც სახელმწიფოს წინააღმდეგ მიდიოდნენ.

"
სტატია ქართველი ბოლშევიკების შესახებ, გაზეთი “საქართველოს რესპუბლიკა, 1921 წლის 23 თებერვალი.

“ცნობილ ფილიპე მახარაძეს ნოე ჟორდანიობა უნდოდა” – აღნიშნული იყო “საქართველოს რესპუბლიკის” უკანასკნელ ნომერში.

"

ამასთანავე, სტატიებში ხშირად არის გადმოცემული ბოლშევიკთა პორტრეტები და ძირითადად მათი, ვინც ქართულ მხარეს ტყვედ ჩაუვარდა. ისინი დახასიათებულები არიან, როგორც “ნახევრად ტიტველი”, “დამშეულები”, “სასო მიხდილები”, რომლებიც მაღაზიებში “მსუნაგ ძაღლებივით იყურებოდნენ” და უკვირდათ როცა იქ “დაინახეს პური, ხორცეულობა და სხვა სურსათი”.

უნდა აღინიშნოს, რომ ასეთ სტატიებში მრავლად შეხვდებოდით ხაზგასმას დემოკრატიის მნიშვნელობასა და მისი შენარჩუნების აუცილებლობაზე. იმ ეპიზოდებში, სადაც სტატიები ქართველთა გამარჯვებაზე საუბრობდნენ, ყოველთვის აღნიშნული იყო, რომ ამით ნარჩუნდებოდა ის დემოკრატიული სისტემა, რომელიც ქართველთა მონაპოვარი იყო.

ასევე ზოგიერთი ნომერი გარდაცვლილ გმირთა შესახებ გვამცნობდა და მათ შორის მრავალი ადგილი მიეძღვნა გმირი მარო მაყაშვილის გარდაცვალების ამბავს..

"

“რესპუბლიკის ფრონტის დამხმარე მთავარი კომიტეტი აუწყებს საზოგადოებას, რომ ვერაგ მტერთან ბრძოლის პირველი მსხვერპლი ქალის, თავგანწირულად და გმირულად თავის მოვალეობის აღსრულების დროს მოკლულის, მოწყალების დის, უნივერსიტეტის სტუდენტის მარო მაყაშვილის დაკრძალვა მოხდება სამხედრო ტაძრის გალავანში…”

ამავე დღეს გაზეთმა “საქართველომ” დაღუპულ გმირებს კიდევ უფრო მეტი სტატია მიუძღვნა და ასევე მათი უფრო ვრცელი სია გამოაქვეყნა, სადაც მათ დიდებით მოიხსენიებდა.

"
ბრძოლის ველზე დაღუპულთა შესახებ

გაზეთი “საქართველო” ასევე იმ მოვლენებსაც აღწერდა რაც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მიმდინარეობდა. მაგალითად, 23 თებერვლის ნომერში აღწერილი იყო, თუ როგორ შეხვდა აჭარა და გურია საბჭოთა არმიის შემოსვლას და რა მოიქმედეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა:

“ქართველ მაჰმადიანთა მრავალრიცხოვანმა ყრილობამ მოისმინა მოხსენება დამფუძნებელი კრების წევრის ისიდორე რამიშვილის და მეჯლისის თავმჯდომარის მემედ აბაშიძის საქართველოზე ბოლშევიკური ჯარების თავდასხმის შესახებ. მიესალმება მთავრობას, უსურვებს საქართველოს შემოსულ მტერზე სრულ გამარჯვებას და აღუთქვამს დახმარებას” – აღნიშნული იყო “საქართველოს” ბოლო ნომერში.

მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში სახელმწიფომ კონსტიტუცია მიიღო, სიტუაციიდან გამომდინარე, ამ მოვლენას მხოლოდ მცირე ადგილი დაეთმო, რადგან თითქმის მთელი ნომერი ბრძოლაზე იყო ორიენტირებული.

"
კონსტიტუციის მიღების შესახებ

გაზეთი “ერთობა” სხვა გაზეთებისგან განსხვავებულ ინფორმაციას არ აქვეყნდებდა, თუმცა მათ უკანასკნელ ნომერში გამოქვეყნებული იყო ამერიკის შეერთებული შტატების დახმარების შესახებ. კერძოდ, იმ პერიოდში სოხუმიდან დაბრუნებულმა ამერიკის გენერალუმა კონსულმა მოზერმა ვაშინგტონში გაგზავნილ წერილში ამერიკისგან ტანისამოსისა და სურსათის სტამბოლიდან ბათუმში გამოგზავნა ითხოვა, რათა ისინი საქართველოს ლაზარეთებს უფასოდ გადაცემულიყო.

"
გაზეთი “ერთობა” ამერიკის დახმარების შესახებ

  • საბჭოთა გაზეთები ოკუპაციის შემდგომ

საბჭოთა მედიამ გაზეთების საშუალებით ალტერნატიული რეალობის შექმნა 2 მარტიდანვე დაიწყო. ამ დღეს “კომუნისტი” აღდგა, რომელიც ყოველდღიური გაზეთი იყო და ძირითადად პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებზე ორიენტირდებოდა.

უპირველეს ყოვლისა, 2 მარტის საგაზეთო სტატიებმა მოსახლეობას საბჭოთა ჯარების გამარჯვების შესახებ ამცნო. პირველ გვერდზე გამოქვეყნებულ დეკრეტში აღნიშნული იყო, რომ ახალი გადაწყვეტილების თანახმად, გაუქმდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჯარი და სახალხო გვარდია, მათ წევრებს კი დაევალათ, რომ იარაღი სასწრაფოდ ჩაებარებინათ სახელმწიფოსთვის.

ფაქტობრივი მონაცემების გარდა პროპაგანდისტული მასალები გაზეთის პირველივე გვერდზე გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ სოციალ-დემოკრატიული პარტია დემოკრატიული არჩევნების გზით იყო არჩეული, სტატიები ისეთ ფონს ქმნიდნენ, თითქოს ჟორდანია და სხვები საქართველოს ძალადობრივად დაეპატრონენ და ამ ძალადობისგან ისინი სწორედაც რომ საბჭოთა ჯარებმა იხსნა:

“აღსრულდა! საქართველოს მშრომელმა ხალხმა, წითელი რუსეთის დახმარებით, დაამსხვრია, ნაკუწ-ნაკუწად აქცია მენშევიკური ბატონობის ჯაჭვები. თითქმის ოთხი ხანგრძლივი წელი გაგრძელდა ეს ბატონობა. 1917 წ. თებერვლის რევოლიუციიდანვე საქართველოს დაეპატრონა ჟორდანია-რამიშვილის პარტია.”

სტატიათა ავტორები იმ “საშინელ” ცხოვრებას აღწერდნენ, რომელიც დემოკრატიული საქართველოს რესპუბლიკაში არსებობდა. ამასთანავე, გასაბჭოება გათავისუფლების ტოლფასად იყო წარმოჩენილი და გაზეთი ხალხს ულოცავდა, რომ იმ დღიდან ისინი მხოლოდ საკუთარ თავსა და რევოლუციას ეკუთვნოდნენ.

ნდობის მოპოვოების მიზნით საბჭოთა მმართველობა ხალხს განვითარებას პირდებოდა და ამასთანავე მათგან გვერდში დგომას მოითხოვდა. პროპაგანდის საშუალებით აჯერებდა, რომ ამიერიდან სახელმწიფოს უწყვეტი განვითარება იწყებოდა. რეალურად კი საბჭოთა მმართველობა რეპრესიებისთვის და შემდგომში საბჭოთა ეკონომიკური სისტემის დანერგისთვის ემზადებოდა, რომელმაც არა თუ განვითარება, არამედ მასობრივი შიმშილი და მილიონობით ადამიანის განადგურება გამოიწვია.

"
გაზეთი “კომუნისტი”, 1921 წლის მარტი

შიმშილთან და ტერორთან ერთად შემდგომ წლებში უკვე საბჭოთა კავშირმა მრავალი ე. წ. ინტელიგენციის წარმომადგენელიც გაანადგურა, რომლებსაც სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულში ედებოდათ ბრალი.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მუქარას ინტელიგენციის წინააღმდეგ ჯერ კიდევ გაზეთ “კომუნისტის” მე-2 ნომერში ვხვდებით. სტატიაში სახელწოდებით “საბჭოთა რეჟიმი და ინტელიგენცია” აღწერილი იყო, თუ ვინ იყვნენ ინტელიგენციის წევრები. გაზეთი აღნიშნავდა, რომ ისინი მოტყუებით ბურჟუაზიულ ცხოვრების წესს მიჰყვებოდნენ. რეჟიმი იმედს გამოთქვამდა, რომ ინტელიგენცია მიატოვებდა ცხოვრების ასეთ სტილს და გაითავისებდა კომუნისტური აზროვნებით ცხოვრების მნიშვნელობას.

"
გაზეთ “კომუნისტის” მე-2 ნომერი, 1921 წელი.

“მუდამ თვალმოუშორებელი სიფრთხილე და სიფხიზლე მათ მიმართ, ვინც კაციჭამია შოვინისტურ და რეაქციონურ ზრახვებთ აღსავსე გულით და საეჭვო მეგობრული ღიმილით მიეშურება დღეს სახელმწიფო ადგილის დასაკავებლათ – ასეთი უნდა იყოს საბჭოთა სახელმწიფოს დამოკიდებულება ინტელიგენციასთან ჩვენ ქვეყანაშიაც” – აღნიშნული იყო გაზეთ “კომუნისტის” 3 მარტის ნომერში.

ხაზგასასმელია ბრალდება შოვინისტურ და რაქციონურ ზრახვებში, რადგან შემდგომ წლებში (განსაკუთრებით სტალინური რეპრესიებისას) აღნიშნული ტერმინოლოგია კვლავ აქტუალური იყო და ანტისაბჭოთა დახვრეტილ მოღვაწეებს (მწერლები, დრამატურგები, მხატვრები და სხვა საზოგადო მოღვაწეები) ძალიან ხშირად სწორედ შოვინიზმში ედებოდათ ბრალი.

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist