პოლიტიკა

პრეზიდენტობის კანდიდატის ტყუილი, თითქოს საქართველომ თურქეთს 6 ჰექტარი მიწა გადასცა

26 ოქტომბერი, 2018

2018 წლის 19 ოქტომბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს შორის გამართულ დებატებში  “საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობის” საპრეიზდენტო კანდიდატმა გელა ხუციშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერმა თურქეთს 6 ჰექტარი მიწის ფართობი გადასცა:

გელა ხუციშვილი, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი: „ის, რაც თურქეთის საზღვარზე ხდება, ყოველგვარ კრიტიკას მოკლებულია, ვეღარ უძლებს ვეღარაფერს. ბატონებო, მე არ ვიცი, რა დავარქვა ამას, როდესაც საკონსტიტუციო უფლებას არღვევს პრემიერი და თავისი გადაწყვეტილებით…6 ჰექტარ მიწის ფართობს მდინარე ჭოროხთან უთმობს მოპირდაპირე მხარეს, თითქოსდა, მდინარემ კალაპოტი დაარღვიაო...“

პრეზიდენტობის კანდიდატის, გელა ხუციშვილის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება. 1. ეს დეზინფორმაცია უკვე 2 წლისაა და პირველად 2016 წელს გავრცელდა. 2. საუბარი არა ჭოროხს, არამედ მდინარე ჯაყისწყალს შეეხება. 3. მდინარე ჯაყისწყალი კალაპოტს პერიოდულად იცვლიდა, 2016 წელს კი მოხდა მისი ბუნებრივი კალაპოტის აღდგენა 1973 წლის საზღვრის რედემარკაციის მასალების მიხედვით.

     1. მოვლენა, რომლის შესახებაც პრეზიდენტობის კანდიდატი თურქოფობიულ კონტექსტში საუბრობს, 2016 წელს მდინარე ჯაყისწყლის ბუნებრივი კალაპოტის აღდგენას უკავშირდება

2016 წლის 20 აპ­რილს ქართულ და თურქულ დელეგაციებს შორის თურ­ქე­თის არ­და­ჰა­ნის შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც დელეგაციის წევრებმა სასაზღვრო მდინარე ჯაყისწყლის აღსადგენი კალაპოტი მოინახულეს და კა­ლა­პო­ტის ღერ­ძი რე­დე­მარ­კა­ცი­ის მა­სა­ლე­ბით გან­სა­ზღვრუ­ლი კო­ორ­დი­ნა­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად დაკვალეს.

მდინარე ჯაყისწყალი, რომელიც მდინარე ფოცხოვისწყლის შენაკადია, ბუ­ნებ­რი­ვი პი­რო­ბე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად პერიოდულად იცვლიდა კა­ლა­პო­ტს. შედეგად ტერიტორიის ნაწილი, რომელიც 1973 წელს თურქეთთან გაფორმებული საზღვრის შესახებ შეთანხმების მიხედვით თურქეთის რესპუბლიკას ეკუთვნოდა, საქართველოს მხარეს ექცეოდა. 2016 წლის 27 აპრილს  სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ოფიციალურად განაცხადა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მიერ თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კი­სათ­ვის ტე­რი­ტო­რი­ის გა­და­ცე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია სი­ნამ­დვი­ლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბოდა.

განცხადებაში განმარტებული იყო, რომ  საზღვართან და მის ცვლილებასთან  დაკავშირებით რაიმე სახის მოლაპარაკებები და შეთანხმება გამორიცხულია, რადგან საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია დემარკაცია ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში, მე-20 საუკუნის 70-იან წლებში დასრულდა. 1992 წელს კი საქართველომ და თურქეთმა ადრე შეთანხმებული საზღვრის ხაზი აღიარეს. სწორედ ამ შეთანხმების საფუძველზე მოხდა მდინარე ჯაყისწყლის კალაპოტის დაკვალვა.

    2. მდინარე ჯაყისწყალი თურქეთისა და საქართველოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სასაზღვრო მდინარეა, მდინარე ჭოროხი კი თურქეთიდან აჭარაში მიედინება და შემდეგ შავ ზღვაში ჩაედინება

"

    3. დეზინფორმაცია უკვე 2 წლისაა

დეზინფორმაცია, თითქოს საქართველომ თურქეთს 6 ჰექტარი მიწის ფართობი გადასცა, პირველად 2016 წელს გავრცელდა, ხელახალი ტალღა 2017 წელს დაიწყო, 2018 წელს კი პრეზიდენტობის კანდიდატმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გააჟღერა

ინფორმაცია თურქეთისთვის 6 ჰექტარი მიწის ფართობის გადაცემაზე 2016 წლის მარტში გავრცელდა. თურქული გამოცემა Daily Sabah-ი წერდა, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის შედგა შეთანხმეა მდინარე ჯაყისწყლის ბუნებრივი კალაპოტისა და მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველო-თურქეთის საზღვრის 1973 წლის შეთანხმების საფუძველზე აღდგენის შესახებ. 2016 წელს სხვადასხვა ქართულ-ენოვანმა გამოცემებმა, აღნიშნული შეთანხმება თურქოფობიულ კონტექსტში გააშუქეს.

2017 წელს დეზინფორმაციის ახალი ტალღა იმ წელს გაზრდილ თურქოფობიულ განწყობებს უკავშირდებოდა. 2017 წელს “ქართული მარშის” მიერ ანტი-საიმიგრაციო მსვლელობა ჩატარდა, იმავე წელს დღის წესრიგში “დიდგორობის” უქმე დღედ გამოცხადების საკითხი დადგა.


მოამზადა გვანცა დევიძემ