იდენტობა

ყალბი ინფორმაცია, თითქოს აშშ-ის სასამართლომ არასრულწლოვანს სქესის შეცვლის ნებართვა მამის თანხმობის გარეშე მისცა

14 ნოემბერი, 2019

2019 წლის 13 ნოემბერს ონლაინ გამოცემა „საქართველო და მსოფლიომ“ გამოაქვეყნა სტატია სათაურით „აშშ-ში სასამართლომ შვიდი წლის ბავშვს სქესის შეცვლის ნება დართო მამის ნების საწინააღმდეგოდ”. სტატიაში საუბარია 7 წლის ბიჭის მამაზე ჯეფრი იანგერზე, რომელიც მეუღლესთან განქორწინების შემდეგ ცდილობდა სასამრთლოს გზით მოეპოვებინა შვილზე მეურვეობის უფლება, რადგან ბავშვის დედას მისთვის სქესის შეცვლა უნდოდა. სტატიაში მითითებულია, რომ ნაფიცმა მსაჯულებმა თავიანთი ვერდიქტით ბავშვი დედას მიაკუთვნეს, ხოლო მამა დაავალდებულეს ბიჭისთვის “გოგონა ლუნათი” მიემართა. 

“საქართველოს და მსოლფიოს” მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია ყალბია. დალასის სასამართლოს ნაფიცი მსაჯულების  ვერდიქტი არარსრულწლოვან ჯეიმს იანგერზე მეურვეობის უფლების დედისათვის მიკუთვნების შესახებ მოსამართლემ შეცვალა, ორივე მშობელს ერთობლივი მეურვეობის უფლება მიანიჭა და მიუთითა, რომ ბავშვისთვის სქესის შეცვლის მიზნით ნებისმიერი სამედიცინო ჩარევისათვის ორივე მშობლის ნებართვაა საჭირო. ამასთან, მოსამართლეს არ დაუკისრებია ჯეფრი იანგერისათვის შვილის “გოგონა ლუნათი” მოხსენიების ვალდებულება.

ხანგრძლივი სასამართლო დავის შემდეგ 2019 წლის 21 ოქტომბერს დალასისის სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა 7 წლის ჯეიმს იანგერზე მეურვეობის უფლება დედას მიანიჭეს

ვინაიდან ტეხასის შტატში მოსამართლეს სამოქალაქო დავებზე ნაფიცი მსაჯულების გამოტანილი ვერდიქტის შეცვლის უფლება აქვს, რამდენიმე დღის შემდეგ, 24 ოქტომბერს, დალასის საოჯახო დავების რაიონული სასამართლოს მოსამართლე კიმ კუქსმა ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტი შეცვალა და არასრულწლოვანზე მეურვეობის უფლება ორივე მშობელს თანაბრად მიანიჭა. თავის გადაწყვეტილებაში მოსამართლემ მიუთითა, რომ 7 წლის ჯეიმსისათვის სქესის შეცვლის მიზნით ნებისმიერი სამედიცინო პროცედურის ჩასატარებლად ორივე მშობლის თანხმობა იქნება საჭირო. 

ამავდროულად, ბავშვის დედა მოითხოვდა, სასამართლოს მამისათვის დაეკისრებინა შვილის გოგონად მოხსენიების ვალდებულება. მოსამართლე კუქსის დადგენილებით, ტეხასის შტატის მხრიდან ამგვარი ჩარევა გაუმართლებელია და მამას ვერ დაეკისრება ვალდებულება, მოეპყრას შვილს როგორც გოგოს. 

დასასრულს, მოსამართლემ არასრულწლოვნის დედ-მამას ოჯახური ფსიქოთერაპიის კურსის გავლის ვალდებულება დააკისრა.

მსგავსი მანიპულაციური პუბლიკაციები ემსახურება დასავლური სამყაროს დემონიზებას და ამყარებს კრემლის  ნარატივს საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაციის შემთხვევაში იდენტობის დაკარგვის საფრთხის შესახებ. 


მოამზადა გიორგი რიჟვაძემ
მითების დეტექტორის ლაბორატორიის რეგიონული ქსელი