ყალბი ინფორმაციის წინააღმდეგ კანონის წარდგენისას საფრანგეთის კულტურის მინისტრმა ფრანსუა ნაისენმა განაცხადა, რომ ყალბი ინფორმაციის გავრცელების შესაზღუდად სამართლებრივი პროცედურები დაწესდება.
France 24 -ის ცნობით, 4 თებერვალს, ფრანგულენოვან Journal du Dimanche-სთან ინტერვიუში ფრანსუა ნაისენმა აღნიშნა, რომ მთავრობა მარტისთვის წარადგენს კანონს “ინფორმაციის ნდობის” შესახებ, რომელიც ყალბი ინფორმაციის ვირუსულად გავრცელების შემთხვევაში, განსაკუთრებით არჩევნების დროს, მყისიერ რეაგირებას ითვალისწინებს.
კანონი სხვადასხვა მედია პლატფორმებისთვის ახალ ვალდებულებებს დააწესებს. ისინი ვალდებული იქნებიან, ითანამშრომლონ სახელმწიფოსთან და გამჭვირვალე გახადონ დაფინანსებულ კონტენტი. იურიდიული პროცედურა ყალბი ამბების სწრაფად დაბლოკვას ითვალისწინებს.
ყალბი ახალი ამბების გავრცელების (Fake News) წინააღმდეგ კანონის შემოღების ინიციატივით საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 2017 წლის დეკემბერში გამოვიდა. საკანონმდებლო ცვლილების შესახებ საუბრისას, მაკრონმა მკაცრად გააკრიტიკა რუსული მედია, კერძოდ ტელეარხი Russia Today (RT) და განაცხადა რომ მედიასაშუალება მის წინააღმდეგ 2017 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში დეზინფორმაციებს ავრცელებდა.
საფრანგეთში Russia Today-სა და “Sputnik”-ის ფრანგულენოვანი ვებ-პლატფორმები ფუნქციონირებს. 2017 წლის მაისში, ემანუელ მაკრონმა ვლადიმირ პუტინთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე ორივე მედიასაშუალება „ცილისმწამებლური ტყუილებისა“ და „მატყუარა პროპაგანდის“ გამოქვეყნებაში დაადანაშაულა.
საფრანგეთის მთავრობის გარდა, ყალბი ახალი ამბების გავრცელების წინააღმდეგ საკანონმდებლო მექანიზმი გერმანიაშიც შეიქმნა. კერძოდ, ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებებით, იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება ყალბი ახალი ამბების და სიძულვილის ენის შემცველი პოსტების ქსელიდან წაშლა, გერმანიაში სოციალური ქსელები 50მლნ ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდის რისკის წინაშე დადგებიან.