თავდაცვა/უსაფრთხოება

რა დეზინფორმაციას ავრცელებს “პატრიოტთა ალიანსის” მაჟორიტარობის კანდიდატი ამერიკულ ჯაველინებზე?

21 ოქტომბერი, 2020

12-18 ოქტომბერის ნომერში გაზეთმა “ალიამ”  “პატრიოტთა ალიანსის” მაჟორიტარობის კანდიდატ გურამ ნიკოლაიშვილთან  ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც მან განაცხადა, რომ ჯაველინები, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები  საქართველოს სთავაზობს, ერთჯერადი მოხმარებისაა და 80 000 დოლარი ღირს მაშინ, როცა რუსეთმა და ჩინეთმა ჯაველინებზე ეფექტიანი ყუმბარმტყორცნი შექმნეს. 

გურამ ნიკოლაიშვილი, “პატრიოტთა ალიანსი”: „ამერიკელები გვეუბნებიან, თქვენთვის ჯაველინები საუკეთესო შეიარაღებააო და ეს იმ დროს, როცა ერთი ცალი ჯაველინი, რომელიც ერთჯერადი გამოყენებისაა, ყუმბარმტყორცნია, ბაზარზე ღირს - 80 000 დოლარი!.. მათ ჩვენ იდიოტები ვგონივართ თავიანთ წარმოდგენებში, გამიგეთ?... ამ ჯაველინებზე დახვეწილი ყუმბარმტყორცნები შექმნეს როგორც რუსებმა, ისე ჩინელებმა!“

გურამ ნიკოლაიშვილის მტკიცება, თითქოს ჯაველინი ერჯერადი გამოყენებისაა და $80 ათასი ღირს, რაც მის ეფექტიანობას ეჭვქვეშ აყენებს, მცდარია. სინამდვილეში 1. ჯაველინის გამშვები დანადგარი მრავალჯერადი გამოყენებისაა; 2. ტექნიკური უპირატესობების და სამიზნის სიზუსტის გამო ჯაველინი ერთ-ერთ საუკეთესო ტანკსაწინააღმდეგო სისტემა მიიჩნევა, ის 20-მდე ქვეყანაშია ესქპორტირებული და მისი შეკვეთების რაოდენობა 45 000 აჭარბებს; 3. ჯაველინები $80 ათასზე მეტი, დაახლოებით $200 ათასი ღირს.

"

  • ჯაველინი ერთჯერადი მოხმარების არ არის, მისი გამშვები დანადგარი მრავალჯერადი გამოყენებისაა

ჯაველინი არის პორტატული ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, რომელიც რეითეონის და ლოკჰიდ მარტინ ჯაველინის ერთობლივი საწარმოს  (Raytheon / Lockheed Martin Javelin) მიერ არის წარმოებული. ის  ერთჯერადი მოხმარების არ არის

ჯაველინის ტანკსაწინააღმდეგო სისტემა ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტისა და მართვადი გამშვები დანადგარისაგან შედგება. მართვადი რაკეტა სამიზნეზე დაცემის შემდეგ ფეთქდება, მართვადი გამშვები დანადგარი კი მრავალჯერადი გამოყენებისაა. სწორედ ამიტომ,  2017 წელს  საქართველომ აშშ-სგან 410 რაკეტისა და მხოლოდ 72 გამშვები დანადგარის შესყიდვა მოითხოვა.

"
წყარო: businessinsider

  • ტექნიკური უპირატესობების და სამიზნის სიზუსტის გამო ჯაველინი ერთ-ერთ საუკეთესო ტანკსაწინააღმდეგო სისტემა მიიჩნევა, ის 20-მდე ქვეყანაშია ესქპორტირებული და მისი შეკვეთების რაოდენობა 45 000 აჭარბებს

ჯაველინი საკმაოდ პოპულარული ტანკსაწინააღმდეგო სისტემა. აღნიშნული სისტემა ხშირად გამოიყენება ავღანეთსა და ერაყში საბრძოლო მისიებისთვის, ამიტომ რაკეტის შეკვეთების საერთო რაოდენობა ამ დროისთვის 45 000-ს აჭარბებს და ეს რიცხვი მზარდია, რადგან ჯაველინები აშშ-ს ოპერაციულ მოქმედებებში სავარაუდოდ  2050 წლამდე იქნება გამოყენებული.

ასევე, სხვადასხვა სამხედრო შეიარაღების მომიმხილველ ვებ-გვერდებზე ჯაველინი ერთ-ერთ საუკეთესო ტანკსაწინააღმდეგო სისტემა მოიხსენიება, მაგალითად,  Military-today.com ჯაველინს მე-4 ადგილზე ასახლებს, პორტატულ ტანკსაწინააღმდეგო მართვად რაკეტებს შორის. მას წინ უსწრებენ მხოლოდ ფრანგული MMP, თურქული OMTAS და Spike LR2, რომელიც ისრაელშია შექმნილი. 

"

აღსანიშნავია ისიც, რომ ჯაველინი ექსპორტირებულია დაახლოებით 20 ქვეყანაში, მათ შორის ავსტრალიაში, საფრანგეთსა და გაერთიანებულ სამეფოში.

ჯაველინის სხვა უპირატესობები:

ჯაველინის სროლის მანძილი დაახლოებით 2 500 მეტრია, რაც მისი წინამორბედის დრაკონის სროლის მანძილზე ორჯერ მეტია. ჯაველინს აქვს შესაძლებლობა თავდასხმა განახორციელოს ვერტმფრენებზე, ისევე როგორც სახმელეთო საბრძოლო პოზიციებზე. მას აქვს ზემოდან შეტევის (top attack) რეჟიმი, რომლის გამოყენების დროსაც რაკეტა ჯერ მაღლა ადის, მიფრინავს მიზნისკენ და ზემოდან ეცემა მას. ამ ფორმით ხდება  თავდასხმა ტანკის ყველაზე დაუცველ ჯავშანზე. თუმცა,  მას ასევე აქვს პირდაპირი შეტევის შესაძლებლობა, რაც შენობებსა და ბუნკერებში სამიზნეების გასანადგურებლად გამოიყენება.

ჯაველინის სისტემა აღჭურვილია ვიზუალიზაციის ინფრაწითელი (I2R) სისტემით, ამიტომ რაკეტის გამოსაყენებლად მსროლელმა სამიზნე უნდა შეარჩიოს, სურათზე მისი ადგილმდებარეობის მონიშვნით. ამის შემდეგ კი სისტემა  თავად განსაზღვრავს მიზნის ზუსტ ადგილმდებარეობას და რაკეტას მისი მიმართულებით გაისვრის. შესაბამისად,  მსროლელს, რაკეტის გასროლის შემდეგ მისი თვალყურისდევნება  აღარ ჭირდება ან გასროლილი რაკეტის მართვა, როგორც ეს მოძველებული თაობის ტანკსაწინააღმდეგო სისტემა შემთხვევაში იყო საჭირო. 

ის ფაქტორი, რომ გასროლის შემდეგ რაკეტა სამიზნისკენ ავტონომიურად  მიფრინავს და  მის ლოკაციას მიჰყვება, ჯაველინის მნიშვნელოვან უპირატესობას წარმოადგენს, სწორედ ამიტომ ჯაველინს გაისროლე და დაივიწყე (fire-and-forget) ტიპის იარაღად მოიხსენიებენ.

ამასთან, ე.წ. "რბილი გაშვება" საშუალებას იძლევა გასროლა განხორციელდეს  შენობებიდან და დაფარული საბრძოლო პოზიციებიდან. ეს უზრუნვეყოფს იმასაც, რომ გასროლის შემდეგ მსროლელმა ადგილი შეიცვალოს, შესაბამისად ჯაველინის გამოყენება მსროლელის გადარჩენის შესაძლებლობას ზრდის. 

  • ჯაველინები $80 ათასზე მეტი, დაახლოებით $200 ათასი ღირს

აშშ-ს არმიის 2018 წლის  ბიუჯეტის მიხედვით,  ერთი ცალი ჯაველინის სისტემის (გამშვები ერთეული და რაკეტა) ფასი 206 705 აშშ დოლარია. მიმდინარე წელს, ჯაველინის გამშვები დანადგარი და რაკეტები პოლონეთმა (60 გამშვები და 180 რაკეტა) და ლიეტუვამაც (31 მილიონი დოლარის ღირებულების რაკეტები) შეიძინა, რომელთა ფასიც ასევე 200-250 ათას დოლარს შორის მერყეობდა.

აღსანიშნავია, ისიც, რომ 2017 წლის ნოემბერში,  საქართველომ სახელმწიფო დეპარტამენტმა ამერიკის შეერთებული შატატებისგან, დაახლოებით 75 მილიონი დოლარის ღირებულების ჯაველინის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტები და მართვადი გამშვები დანადგარები შეიძინა.

ნოემბერში სულ  საქართველოს მთავრობამ 410 ჯაველინის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტა, 72 მართვადი გამშვები დანადგარი, 10 ძირითადი უნარების საწვრთნელი მოწყობილობა და სამოცდაათამდე  სიმულაციური ჭურვი იყიდა, რაც ასევე მოიცავდა აშშ-ის მთავრობის და კონტრაქტორის ტექნიკური დახმარებას და შეძენილი იარაღის ტრანსპორტირებას.

აღსანიშნავია, რომ დეზინფორმაციები იმის შესახებ, თითქოს აშშ-ს მიერ საქართველოსთვის მოწოდებული შეიარაღება უსარგებლოა სხვადასასხვა დროს ქართულ მედიაში პრო-რუსული აქტორების მიერ ვრცელდობოდა.  ნარატივს, რომ  დასავლეთი ვერ დაგვიცავს და ის  რუსეთის წინააღმდეგ უძლურია, კრემლის პროპაგანდა ბოლო წლებში აქტიურად ავრცელებს. 

 ჯაველინების შესახებ “მითების დეტექტორმა”  “სპუტნიკის” “საქართველოს და მსოფლიოს”, “ობიექტივის”  და “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის დავით-თარხან მოურავის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია გადაამოწმა.

იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ გამოქვეყნებული მასალა:


მოამზადა მარიამ თოფჩიშვილმა
მითების დეტექტორის ლაბორატორიის რეგიონული ქსელი