მედია

რა ხიბლავს კრემლის “სპუტნიკს” ჩინურ მედიაში?

14 ივლისი, 2020

8 ივლისს “სპუტნიკის” ქართულენოვან ვებ გვერდზე გამოქვეყნდა სტატია, სათაურით “მოსაზრება: რატომ კარგავს დასავლური მედია პოზიციებს”. მასალა შეეხება Россия сегодня-ს  კვლევას „რვაფეხა 2.0. კორონავირუსი რუსეთში“. კვლევის ავტორის შეფასებით, ჩინური და რუსული მედია დასავლურ მედიასთან შედარებით ბევრად უფრო ეფექტიანია და დასავლურ მედიასაშუალებებს მათთვის კონკურენციის გაწევა უჭირთ. კვლევის ავტორი ირინა ალქსნისი აღნიშნავს, რომ დასავლურ მედიასაშუალებებთან შედარებით კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებს ჩინური მედია უფრო ნეიტრალურად აშუქებს. “Sputnik-Georgia”-ზე დაყრდნობით იდენტური მასალა ონლაინ გამოცემა “საქინფორმაც” გამოაქვეყნა

Sputnik-Georgia: "სამ თვეში ჩინურმა მედიამ თემაზე „კორონავირუსი რუსეთში“ თითქმის სამჯერ მეტი მასალა გამოაქვეყნა, ვიდრე თითქოსდა პლანეტის ყველაზე მძლავრმა ამერიკულმა მედიამ. ამასთან უნდა შეგახსენოთ, რომ ჩინური პულიკაციების 80%-ს ნეიტრალურ–საინფორმაციო ხასიათი ჰქონდა. შეცდომა იქნებოდა, რომ მსგავსი კოლოსალური განსხვავება ჩინეთის განსაკუთრებული ყურადღებისა და ინტერესისთვის მიგვეწერა რუსეთის მიმართ. ყველაფერი ბევრად მარტივად და ბანალურადაა: საქმე წამყვანი ჩინური მედიასაშუალებების უფრო დაძაბულ მუშაობასა და უფრო მაღალ ეფექტურობაშია. ფაქტობრივად ამას ადასტურებს დასავლური შიშები ინფორმაციული ლიდერობის დაკარგვის თაობაზე... დასავლურ მედიასაშუალებებს სულ უფრო უჭირთ კონკურენციის გაწევა „არათავისუფალი სამყაროს“ მედიისთვის — იქნება ეს ჩინეთი თუ რუსეთი.” 

რუსეთი და ჩინეთი პრესის თავისუფლების კუთხით მსოფლიო რეიტინგში უკანასკნელ ადგილებს იკავებენ. ხელისუფლების მიერ მედიისა და ინტერნეტის კონტროლი, ჟურნალისტების დევნა და შევიწროვება, მედიის პროპაგანდის ინტრუმენტად გამოყენება ორივე ქვეყანაში მიღებული პრაქტიკაა. ამდენად ჩინეთის მედიის ნეიტრალურად წარმოჩენა და მისი ეფექტიანობის სტატიების რაოდენობით გაზომვა, მანიპულაციურია. ჩინეთის და რუსეთის პროპაგანდას დემოკრატიისთვის საფრთხის შემცველად არაერთი კვლევა ასახელებს.

ჩინეთი მედიის თავისუფლების მხრივ 180 ქვეყნიდან 177-ე ადგილს იკავებს 

“რეპორტიორები საზღვრების გარეშე” შეფასებით პრესის თავისუფლების მხრივ ჩინეთი 180 ქვეყნიდან 177-ე ადგილს იკავებს. 

"

ჩინეთის მედია ხელისუფლების - კომუნისტური პარტიის ძლიერი კონტროლის ქვეშ მოქმედებს. დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა და გაშუქება ძირითად შემთხვევაში სოციალური სტაბილურობის ან პარტიისთვის საფრთხედ განიხილება. 

“რეპორტიორები საზღვრების გარეშე”  ჩინეთის პრეზიდენტს “პლანეტის წამყვან ცენზორს და პრესის თავისუფლების მიმტაცებელს” უწოდებს. ორგანიზაციის შეფასებით ჩინეთის ხელისუფლება ცდილობს საერთაშორისო მედია გარემოზეც მოახდინოს გავლენა.

უცხოური მედიის აკრძალვა

ჩინეთის ხელისუფლება ცდილობს უცხოურ მედია საშუალებებზე წვდომა მათი მაუწყებლობის და ქვეყანაში სატელიტების აკრძალვის გზით შეზღუდოს. გარდა ამისა, ბევრი მედია საშუალების ვებ-გვერდი, მათ შორის The New York Times, Finacial Times, The Wall Street Journal, The Economist, Bloomberg, Reuters, the Washington Post და სხვა დაბლოკილია. 

უცხოეთში დაფუძნებული მედია საშუალებები, რომლებიც ჩინურად მაუწყებლობენ მაგრამ,  ჩინეთის ხელისუფლების მიერ არ კონტროლირდებიან, ასევე აკრძალულია. 

ზოგიერთი  ახალი ამბების ვერბ-გვერდი, მაგალითად BBC დაბლოკილი არ არის, მაგრამ ის სტატიები, რომლებიც კომუნისტური პარტიის რიტორიკასთან წინააღმდეგობაში მოდის, ცენზურის შედეგად იბლოკება

ცენზურა

ათუელობით სახელისუფლებო უწყება  ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებული კანონების შემუშავებასა და აღსრულებაზე მუშაობს. ყველაზე გავლენიანი ცენზურის ორგანო კომუნისტური პარტიის ცენტრალური პროპაგანდის დეპარტამენტია.

ჩინეთში მედია თავად ქირაობს მონიტორებს, რომლებიც მასალის პოლიტიკურ რელევანტურობას აკონტროლებენ.  კომუნისტური პარტიის პროპაგანდის დეპარტამენტისა და ინტერნეტ საქმეების სახელმწიფო ბიუროსაგან ცენზურის შესახებ მითითებები წამყვან რედაქტორებსა და მედიებს ყოველკვირეულად ეგზავნება. 

ინტერნეტში განთავსებული  შინაარსის კონტროლის მიზნით ხელისუფლებას უამრავი ადამიანი ჰყავს დაქირავებული. 2013 წლის მონაცემებით მათი რიცხვი 2 მილიონი იყო. 

ტრადიციული მედია კონტენტის გარდა, ინიტერნეტში ცენზურას გართობის მიზნით შექმნილი ფოტოები და ვიდეობიც ემორჩილება, იმ შემთხვევაში თუ ის კომუნისტურ იდეოლოგიასთან შეუსაბამოა. ასევე, ხელისუფლება ბლოკავს ისეთ ანგარიშებს, რომლებიც მიუთითებენ კორუფციაზე, ჯანდაცვისა და გარემოსდაცვით პრობლემებზე და ა.შ.

ინფორმაციის შეკავების შოკისმომგვრელ ფორმას მიმართა ჩინეთის მთავრობამ, როცა 2010 წელს ჩინელი ადვოკატი ლიუ სიაობო დემოკრატიაში შეტანილი წვლილისთვის ნობელის პრემიით დააჯილდოვეს.  ამის შესახებ ინფორმაცია ჩინურენოვან მედიასა და ინტერნეტპორტალებზე საერთოდ არ გაშუქებულა. CNN-ის მაუწყებლობა, რომელიც შეძლებულთა ოჯახებში და სასტუმროებში აღწევდა, დაიბლოკა. მობილურ ტელეფონებზე კი გზავნილების გაგზავნა, რომლებიც სიაობუს სახელს შეიცავდა, შეუძლებელი იყო. ჩინეთის მთავრობამ ლიუს მეუღლეს სატელეფონო და ინტერნეტკონტაქტები შეუზღუდა და გააფრთხილა, რომ მედიასთან და მეგობრებთან კონტაქტი არ ჰქონოდა. მას შემდეგ, რაც მეუღლე ციხეში მოინახულა, ის შიდაპატიმრობაში დატოვეს. გარდაუვალი ხდებოდა, რომ დაჯილდოვების შესახებ ინფორმაცია მაინც გასაჯაროვდებოდა, ამდენად, ჩინეთის მთავრობის ოფიციალურ განცხადებაში ეს ჯილდო  მკრეხელობად შეფასდა.  სიაობოს 2009 წელს 11 წლიანი პატიმრობა დემოკრატიული რეფორმებისა და სიტყვის თავისუფლების ადვოკატირებისათვის მიუსაჯეს

"

ჟუნრალისტების დევნა და დაპატიმრება

“რეპორტიორების საზღვრებს გარეშე” ცნობით ჩინეთში 100-ზ მეტი ჟურნალისტი და ბლოგერი არის დაპატიმრებული და ზოგიერთ მათგანს სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა აქვს. 

“ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის” (Committee to Protect Journalists - CPJ) მონაცემების თანახმად, დაკავებული ჟურნალისტების რაოდენობით ჩინეთი პირველ ადგილზეა მსოფლიოში. 

კონტროლი ინტერნეტზე

ჩინეთში აკრძალულია ისეთი ვებ-გვერდები და სოციალური ქსელები, როგორიცაა Wikipedia, Facebook, Twitter, YouTube და Google-ი. გარდა ამისა, ხელისუფლება დაქირავებული ტროლებით, რომელიც 50 ცენტიან პარტიად არის ცნობილი ხელისუფლების მხადამჭერი კომენტარების დაწერით საზოგადოებრივი აზრზე გავლენის მოხდენას ცდილობს

კორონა ვირუსის დროს ჩინეთში მედიის თავისუფლების მხრივ მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა

კორონა ვირუსის გავრცელების პარალელურად ჩინეთში სიტყვის თავისუფლების მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა და ცენზურა განსაკუთრებით გააქტიურდა. Amnesty international-ის თანახმად, ჩინურ სოციალური მედიის პლათმორმებზე Weibo-სა და  WeChat-ზე იბლოკებოდა ყველა პოსტი, სადაც ვუჰანი და ხუბეი, კორონავირუსის პირველი აფეთქების რეგიონები იყო ნახსენები. ასევე, იბლოკებოდა სიტყვების სხვადასხვა კომბინაცია, რომელსაც ცენზურა კრიზისის გაშუქების ან ხელისუფლების კრიტიკას აღმოჩენის მარკერად იყენებდა.

ჩინეთის ხელისუფლებამ 2020 წლის დასაწყიდსიდან ქვეყნიდან 16-ზე მეტი უცხოელი კორესპოდენტი გააძევა

RSF-მა ჩინეთის მიერ კორონავირუსის ადრეულ ეტაპზე ვირუსის გაშუქების შესახებ ამოქმედებული ცენზურა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მსოფლიო პანდემია შესაძლოა, თავიდან ყოფილიყო არიდებული ან შემსუბუქებილი, ჟურნალისტებს ქვეყანაში მეტი თავისუფლება რომ ჰქონოდათ. 

ევროპული კომისიის (ევროკომისიის) მიერ ივნისში გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად,  პანდემიის პირობებში ჩინეთი, რუსეთთან ერთად, ევროპაში კორონავირუსთან დაკავშირებული დეზინფორმაციისა და ინფორმაციული გავლენის ოპერაციების საშუალებით დემოკრატიული პროცესების ხელის შეშლას და საზოგადოების პოლარიზაციას ცდილობს

მედიის გავლენის ინსტრუმენტად გამოყენება

ჩინეთი ცდილობს გავკლენა მოახდინოს ჰონგ-კონგისა და ტაივანის მედიაგარემოზეც. ჰონგ-კონგში ანტისახელისუფლო პროტესტის გაშუქებისას პოლიცია თავს ესხმოდა ჟურნალისტებს. გარდა ამისა, რუსეთის მსგავსად, ჩინეთი ცდილობს საკუთარი საინფორმაციო გავლენა სხვა ქვეყნებზეც გაავრცელოს, რაც ხშირ შემთხვევაში  პროპაგანდის გავრცელობის მცდელობაა.

რუსეთი

რუსეთი პრესის თავისუფლების მხრივ მსოფლიო რეიტინგში 149-ე ადგილზეა

რეპორტიორები საზღვრებს გარეშე შეფასებით, პრესის თავისუფლების მხრივ რუსეთი 180 ქვეყნიდან 149-ე ადგილს იკავებს. ორგანიზაცია რუსეთის ინდექსს დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლისა და სამთავრობო პროპაგანდის გათვალისწინებით განსაზღვრავს.

'

ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მედია

BBC-ის ცნობით, მთავარი ნაციონალური ტელევიზიების უმეტესობას რუსეთში პირდაპირ ხელისუფლება, ან კრემლთან დაახლოებული პირები ფლობენ. ხელისუფლების მხრიდან მედია საშუალებების კონტროლი ერთი მხრივ ამ მედიების მფლობელების კრემლთან დაახლოებული პირების ჩანაცვლებით, მეორე მხრივ კი სარედაქციო კოლეგიასა და ჟურნალისტებზე ზეწოლით მოხდა. სამთავრობო პროპაგანდა ქვეყანაში და მის გარეთ ყირიმის ანექსიის შემდეგ განსაკუთრებით გაძლიერდა.  კისილიოვს, როგორც  რუსეთის სამხედრო ძალების უკრაინაში განლაგების მხარდაჭერაში სამთავრობო პროპაგანდის ცენტრალურ ფიგურას, ევროკავშირის საბჭოს პერსონალური სანქციაც აქვს მიღებული.

მედიის შინაარსობრივი კონტროლის ერთ-ერთი მაგალითი “მასობრივი საშუალებების შესახებ კანონის” მე-4 მუხლია, რომელიც მედიების მიერ ექსტრემისტული საქმიანობის გაშუქებას ეხება.

უცხო ქვეყნიდან მედიის დაფინანსების კონტროლი

უცხო ქვეყნიდან დაფინანსებული არასამთვარობო ორგანიზაციების პოტენციურ უცხოეთის აგენტებად გამოცხადების შესახებ კანონი 2019 წლის დეკემბერში მიღებული შესწორების თანახმად მედიაზეც გავრცელდა. მედია, რომელიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებს იუსტიციის სამინისტროში უნდა დარეგისრორდეს. Freedom House-ის შეფასებით, ეს რუსეთის ხელისუფლების მიერ მედიაზე კონტროლის გაძიერების კიდევ ერთი ინსტრუმენტია. 

ინტერნეტზე კონტროლი

“სუვერენული ინტერნეტის” კანონით, რომელიც ძალაში 2019 წლის ნოემბერში შევიდა, რუსეთის ხელისუფლებას შეუძლია  ქვეყანა გლობალური ინტერნეტისგან იზოლირებული გახადოს. „სუვერენული რუსული ინტერნეტის“ კანონი ინტერნეტპროვაიდერებს ავალდებულებს, გამოიყენონ „როსკომნადზორის“ მიერ შეთავაზებული მოწყობილობა, რაც მონაცემებზე სახელმწიფოს სრულ წვდომას ნიშნავს. 

გარდა ამისა, ექსტრემიზმისა და მასობრივი არეულობების შესახებ საკანონმდებლო ნორმებს რუსეთის ხელისუფლება სოციალური მედიის რეგულირებისთვისაც იყენებს, რომლის  მიზანი სოციალურ ქსელებში კრემლის მიმართ ღიად კრიტიკული ხმების ჩახშობაა.

ჟურნალისტების დევნა და შევიწროვება

1992 წლიდან 2020 წლის ჩათვლით რუსეთში 82 ჟუნრალისტი არის მოკლული. 2019 წელს რუსეთში 9 ჟურნალისტი იყო დაპატიმრებული.

რუსეთში ჟურნალისტების დევნისა და სიტყვის თავისუფლების მდგომარეობის შესახებ უფრო ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ ადრე მომზადებული მასალები:

კორონავირუსის გაშუქება რუსულ მედიაში დეზინფორმაციული და მანიპულაციურია

რუსეთში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული საკითხების გაშუქება მედიაში სახელმწიფოს მიერ კონტროლდება, რის შესახებაც “რეპორტიორებმა საზღვრების გარეშე” შეშფოთება გამოხატა. კორონავირუსის შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაცია Roskomnadzor-ის (კავშირის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მასობრივი კომუნიკაციების ზედამხედველობის ფედერაციული სამსახური”), მედიის კონტროლის მიზნით შექმნილი უწყების ცენზურას ექვემდებარება და დეზინფორმაციის შესახებ მარტში მიღებული კანონით რეგულირდება. Roskomnadzor-მა ადგილობრივ გამოცემას,  Говорит Магадан-ს გამოქვეყნებული ინფორმაციის წაშლა აიძულა. დეზინფორმაციის შესახებ მარტში მიღებული კანონის საფუძველზე  Radio Echo Moskvy-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია, Facebook-ში  და რუსული სოციალურ ქსელ VKontakte -ში კორონავირუსთან დაკავშირებული არაერთი პოსტი წაიშალა. ევროპული კომისიის (ევროკომისიის) მიერ ივნისში გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად,  პანდემიის პირობებში ჩინეთის მსგავსად რუსეთი ევროპაში კორონავირუსთან დაკავშირებული დეზინფორმაციისა და გავლენის ოპერაციების საშუალებით დემოკრატიული პროცესების ხელის შეშლას და საზოგადოების პოლარიზაციას ცდილობს. Eu vs Disinfo-ს თანახმად, მაისის მონაცემებით კორონავირუსთან დაკავშირებული კრემლისტური დეზინფორმაციის 500-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი. აღსანიშნავია, რომ Россия сегодня-ს  კვლევა კრემლისტური მედიის მხრიდან ჩინეთის მედიის მხარდაჭერის პირველი მცდელობა არ არის. EUvsDisinfo-ს  თანახმად, კრემლის კონტროლირებული მედია დეზინფორმაციული ნარატივებითა და პრო-პეკინური გაშუქებით  ჩინეთის ხელისუფლებას კორონავირუსთან დაკავშირებული კრიტიკის წინააღმდეგ აქტიურად იცავს. 


მოამზადა ანა ჩიტალაძემ