დეზინფორმაცია ხშირად სატირულ-იუმორისტული პლატფორმებიდან ვრცელდება. თუ 3 დღის წინ ბელგიელებისა და ტრადიციული ოჯახური ღირებულებების შესახებ სატირული გამოცემის მიერ გამოგონილი ამბავი პრორუსულმა ონლაინ გამოცემა “საქინფორმმა” გაავრცელა, ამჯერად 18 თებერვალს, იდენტური მესიჯ-ბოქსი “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით-თარხან მოურავმა “ობიექტივის” რუსულენოვანი გადაცემა “ ნედელიას” ეთერში გაიმეორა და რეალურ ინფორმაციად წარმოაჩინა გამოგონილი ამბავი, თითქოს ბელგიაში ტრადიციული ოჯახური ღირებულებების პროპაგანდა დასჯადი გახდა.
დავით თარხან-მოურავი, პატრიოტთა ალიანსი: “რასაც ჩვენ ახლა ბრიუსელში ვხედავთ, ეს გამაოგნებელია. ბელგიის, არა ევროპარლამენტი, არამედ ბელგიის პარლამენტი იღებს გადაწყვეტილებას, უბრალოდ, გამაოგნებელია, წარმოიდგინეთ, ტრადიციული ოჯახური ღირებულებების პროპაგანდა უკვე დანაშაული ხდება. ჯერ ჯარიმა, მერე სისხლის სამართლებრივი სასჯელი. წარმოიდგინეთ – ტრადიციული ოჯახის პროპაგანდა სისხლის სამართლებრივად დასჯადია და პედერასტიის პროპაგანდა კარგია, ესე იგი. ეს რას ნიშნავს, ეს ნიშნავს, რომ იმ ბელგიის პარლამენტში ნახევარი პედერასტები სხედან. “
სატირული panorama.pub-იდან “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერამდე
ბელგიაში ოჯახური ღირებულებების პროპაგანდისათვის სისხლის სამართლის სასჯელის დაწესების შესახებ ინფორმაცია 2020 წლის 14 თებერვალს სატირულმა გამოცემა panorama.pub-მა გამოაქვეყნა.
სატირული გამოცემის გამოქვეყნებული მასალა ნამდვილი ამბის სახით გაავრცელეს სხვა რუსულენოვანმა საინფორმაციო სააგენტოებმაც: kolibri.press, mediabrest.bu, 7dniv.info, twnews.co.ua.
რუსული ტაბლოიდებიდან გამოგონილმა ამბავმა ქართულ მედიაშიც გადმოინაცვლა. 17 თებერვალს ეს ამბავი როგორც რეალური ინფორმაცია საქინფორმმა გაავრცელა, 18 თებერვალს კი “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა გაახმოვანა.
panorama.pub-ს მისიის განაცხადში გაფრთხილების სახით მითითებული აქვს ინფორმაცია გამოცემის იუმორისტული ხასიათის შესახებ:
“გაფრთხილება საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი მასალა სატირული ხასიათისაა და გამოგონილია. ნებისმიერი დამთხვევა panorama.pub-ის ტექსტებსა და რეალურ მოვლენებსა და ადამიანებს შორის არ ემსახურება ვინმეს ღირსების, პატივისა და რეპუტაციის შელახვას, რამდენადაც სტატიები შექმნილია სატირისა და ფელეტონის სახით”.
გამოცემის იუმორისტული შინაარსი მინიშნებულია panorama.pub-ის ლოგოშიც.
სატირულ-იუმორისტული გამოგონილი ამბების რეალურ ინფორმაციად წარმოჩენა
სატირულ-იუმორისტული გამოგონილი ამბების რეალურ ინფორმაციად წარმოჩენა პროპაგანდის ერთ-ერთი მეთოდია. ამ მეთოდით ტაბლოიდური და პროპაგანდისტული გამოცემები ცდილობენ დაამკვიდრონ აზრი, რომ დასავლური საზოგადოებისთვის დამახასიათებელია ისეთი მოვლენები, როგორიცაა ტრადიციებისა და ღირებულებების უგულებელყოფა, ზოოფილია, ნეკროფილია და ა.შ.
“მითების დეტექტორი” გამოგონილ ამბებზე ადრეც წერდა:
- როგორ იქცა სხვისი სატირა სპუტნიკზე ნიუსად;
- კისინჯერის ინტერვიუ სსრკ-ზე ყალბია და პროგრესნიუსმა რუსულ სატირულ გამოცემაზე დაყრდნობით გაავრცელა;
- დეზინფორმაცია ჯიმი ოლსენის მიერ ალიგატორის გაუპატიურების მცდელობაზე;
- Geworld-ის ფოტომანიპულაციები და დეზინფორმაცია მუმიისა და ცვილის ფიგურის გაუპატიურების შესახებ.