ჯანდაცვა/ბიოუსაფრთხოება

რა საერთო აქვთ katyusha.org-ს, Geworld-სა და tvm.ge-ს? 

24 ნოემბერი, 2020

2020 წლის 17 ნოემბერს ნოემბერს კრემლისტურმა გამოცემამ “საქართველო და მსოფლიო” გამოაქვეყნა სტატია, სათაურით “კათოლიკე არქიეპისკოპოსი ამხელს: პანდემია დიდი განტვირთვისთვის მოიგონეს”. სტატიაში მოცემულია ამერიკაში მოღვაწე არქიეპისკოპოსის კარლოს მარია ვიგანოს მიერ 25 ოქტომბერს დონალდ ტრამპისათვის მიწერილი ღია წერილი, რომელშიც არქიეპისკოპოსი კორონავირუსის პანდემიას “გლობალური  ელიტების” გეგმას უწოდებს და მას ბილ გეითსსა და რომის პაპთან აკავშირებს. ის საპრეზიდენტო არჩევნებში ასევე მხარდაჭერას უცხადებს დონალდ ტრამპს, როგორც გლობალურ “ელიტასთან” მებრძოლს. 

კარლო მარია ვიგანო: “რეალიზაციის პროცესშია გლობალური გეგმა სახელწოდებით “დიდი გადატვირთვა”. მისი არქიტექტორია გლობალური  ელიტა, რომელიც ცდილობს,  დაიმორჩილოს კაცობრიობა იძულებითი ზომების შემოღებით... მსოფლიო ლიდერების უკან  დგანან არაკეთილსინდისიერი პერსონაჟები, რომლებიც თავიანთი დღის წესრიგის ცხოვრებაში გასატარებლად აფინანსებენ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმსა და “ღონისძიება 201”-ს... “დიდი გადატვირთვის” მიზანია ე.წ.  ჯანმრთელობის დიქტატურის დაწესება,რომელსა ბილ გეიტსი ლობირებს წამყვან ფარმაკოლოგიურ ჯგუფებთან ერთად.”

სტატიის ავტორი კორონავირუსის შესახებ არქიეპისკოპოსის ნარატივის განავრცობს და დამატებით ავითარებს შეთქმულებას, რომ კათოლიკური ეკლესია და ვატიკანი ბოროტ ძალებს ემსახურებიან და მართლმადიდებელმა ეკლესიამ მასთან არ უნდა ითანამშრომლოს. 

;  

 

“საქართველოს და მსოფლიოს” მიერ გამოქვეყნებული სტატიის ორიგინალი პირველად რუსული გვერდზე katyusha.org-ზე 9 ნოემბერს გამოქვეყნდა. “საქართველოს და მსოფლიოს” მიერ გამოქვეყნებული ტექსტი, სათაური და ვიზუალიც რუსული სტატიის იდენტურია.18 ნოემბერს “საქართველოს და მსოფლიოს” სტატია უცვლელად გამოაქვეყნა ონლაინ გამოცემამ tvm.ge.

;;

არქიეპისკოპოს კარლო მარია ვიგანოს წერილი და სტატიაში მოყვანილი მტკიცებები კორონავირუსის პანდემიის შესახებ კონსპირაციებია: 1. “დიდი გადატვირთვა” არა გლობალური ელიტების მიერ ტოტალური ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად გაწერილი სცენარი, არამედ COVID-19-ის კრიზისის საპასუხო ინიციატივაა; 2.ბილ გეითსის მიერ კოვიდ-19-ის ვაქცინის დაფინანსება ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის ზრდას ემსახურება; 3. 2019 წელს გამართული “ღონისძება 201” კორონავირუსის პანდემიას არ უკავშირდება.

კონსპირაცია #1: “დიდი გადატვირთვა” ელიტების მიერ ტოტალური ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად გაწერილი სცენარია, რომელსაც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი აფინანსებს. რომის პაპი მხარს გლობალისტების დღის წესრიგს უჭერს.

კარლო მარია ვიგანოს მტკიცებით, კორონავირუსის პანდემია გლობალისტურმა ელიტებმა ხელოვნურად გაავრცელეს, რათა თავიანთი გეგმა “დიდი გადატვირთვა” განახორციელონ და ამით კაცობრიობაზე ტოტალური კონტროლი მოიპოვონ. რეალურად, “დიდი გადატვირთვა” არა წინასწარ, საიდუმლოდ შემუშავებული გეგმა, არამედ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ 2020 წელს შემუშავებული ინიციატივაა, რომლის მიზანიც COVID-19-ით გამოწვეული საერთაშორისო კრიზისის მართვის და წარმოქმნილი პროგლემების გრძელვადიანი გადაჭრების გზების მოძიებაა. ინიციატივის ფარგლებში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ფასილიტატორობასა და თავის პლატფორმებს სთავაზობს იმ საერთაშორისო აქტორებს, რომელთაც პანდემიის და პოსტ-პანდემიური პერიოდის განმავლობაში მთავარი გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ. ფორუმის ოფიციალურ  გვერდზე აღნიშნულია, რომ COVID-19-ის კრიზისმა ფუნდამენტურად შეცვალა გადაწყვეტილების მიღების ტრადიციული კონტექსტი, გამოიკვეთა ფუნდამენტური წინააღმდეგობები საზოგადოებრივი ჯანდაცვის და ეკონომიკური განვითარების მიზნებს შორის, რაც მიდგომების ახლებული გადახედვის აუცილებლობას ქმნის. 

კონსპირაცია #2: ბილ გეითსის მიერ კოვიდ-19-ის ვაქცინის დაფინანსება “ჯანმრთელობის დიქტატურის” დამყარებას ემსახურება 

ცნობილი ფილანტროფი, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ერთ-ერთი უმსხვილესი დონორი, ბილ გეითსი კორონავირუსთან დაკავშირებული კონსპირაციების ტრადიციული სამიზნეა. ბილ გეითსი უკვე წლებია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით მუშაობს და კორონავირუსის ვაქცინის შექმნის აუცილებლობაზე პანდემიის დასაწყისიდანვე საუბრობდა. ამიტომაც, ანტივაქსერი აქტივისტები და კონსპიროლოგები ხშირად მას იძულებითი ვაქცინაციის მხარდაჭერასა და არაკეთილსინდისიერ განზრახვებს მიაწერენ. კარლო მარია ვიგანოს მტკიცებებიც მსგავს ნარატივს იმეორებს.

ბილ გეითსის შესახებ გავრცელებულ კონსპირაციის თეორიებისა და დეზინფორმაციის შესახებ “მითების დეტექტორიმა” 2020 წელს არაერთი მასალა მოამზადა: 

კონსპირაცია #3:  2019 წელს ჯონ ჰოპკინსის ჯანმრთელობის უსაფრთხოების ცენტრის მიერ გამართული “ღონისძება 201”  კორონავირუსის პანდემიის წინაწარ გაწერილი სცენარია 

“ღონისძიება 201”  2019 წლის 18 ოქტომბერს გაიმართა.  ღონისძიებაზე ჰიპოთეტური პანდემიის სიმულაციური სცენარი გათამაშდა და მასზე წარმოდგენილმა სავარჯიშოებმა წარმოაჩინეს ის სფეროები, სადაც აუცილებელია პარტნიორობა მწვავე პანდემიაზე რეაგირების დროს, რათა მასშტაბური ეკონომიკური და სოციალური შედეგები შემცირდეს. პანდემიის პერიოდში ვრცელდებოდა კონსპირაცია, რომ აღნიშნულმა ღინისძიებამ პანდემია და მისი სცენარი იწინასწარმეტყველა, თუმცა რეალურად, მოდელირებაში გამოყენებული გამოგონილი ვირუსის მონაცემები COVID-19-ს არ ემთხვევა. ამასთანავე, მსგავსი ღონისძიებები ჯონს ჰოპკინსის ჯანმრთელობის უსაფრთხოების ცენტრს აქამდეც გაუმართავს.

არქიეპისკოპოს კარლო მარია ვიგანოს შესახებ 

კარლო მარია ვიგანო 2009-2011 წლებში ვატიკანის სახელმწიფოს გენერალური მდივანი იყო, ხოლო 2011-2016 წლებში - ვატიკანის ელჩი ამერიკაში. 2018 წელს ვიგანომ რომის პაპი ფრანცისკე კათოლიკური ეკლესიის მაღალი სასულიერო იერარქების სექსუალური დანაშაულების დაფარვაში დაადანაშაულა. ამჟამად, არქიეპისკოპოსი ამერიკაში მოღვაწეობს და მკვეთრად კონსერვატორული შეხედულებებითა და გზავნილებით გამოირჩევა. ვიგანომ 2020 წლის განმავლობაში რამდენიმე “ღია წერილით” მიმართა დონალდ ტრამპს და მას საპრეზიდენტო არჩევნებში ღია მხარდაჭერა გამოუცხადა, როგორც “ბნელეთის შვილების” წინააღმდეგ მებრძოლს, თავის წერილებში იგი კორონავირუსის პანდემიის და მასთან დაკავშირებული პროცესების ასახსნელად სხვადასხვა კონსპირაცის თეორიას იყენებდა, მათ შორის კონსპირაციებს მასონების, ახალი მსოფლიო წესრიგის და “დიდი გადატვირთვის” შესახებ. აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპი რამდენჯერმე ტვიტერით გამოეხმაურა ვიგანოს წერილებს და მას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

სტატიის პირველწყაროს შესახებ

katyusha.org რუსული ონლაინ გამოცემაა, რომელიც ხშირად აქვეყნებს ანტი-დასავლურ და ანტი-ლიბერალურ სტატიებს, რომლებიც დასავლურ პოლიტიკაში ბილ გეითსისა და ჯორჯ სოროსი ფარულ მონაწილეობას შეეხება. გვერდზე გვხვდება მასალები, რომლებიც კათოლიკურ ეკლესიას და განსაკუთრებით პაპი ფრანცისკეს კრიტიკას და მის დისკრედიტაციას ცდილობს.

 

;;

“საქართველოს და მსოფლიოს” და tvm.ge-ის სტატიების გავრცელება 

2020 წლის 20 ნოემბრის 15:00 საათის მონაცემებით “საქართველოს და მსოფლიოს” მიერ გამოქვეყნებული სტატიის ბმულს 35 გაზიარება აქვს. სტატია შემდეგ  საჯარო ჯგუფებსა და გვერდებზე გაზიარდა : კოტე ჩიკვილაძის და გულბაათ რცხილაძის თანამოაზრეების ჯგუფი: Россия и Грузия, პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერები ! ! !, სტალინი, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, რუსთავი 21 👁️ RUSTAVI 21, ბიძინა ივანიშვილის მეგობრები "ფეისბუქზე, Info Rustavi ინფო რუსთავი 

;

tvm.ge-ის სტატიის ბმულს 318 გაზიარება აქვს. სტატია გაზიარდა ჯგუფებში: ანტი-მასონობა. „ანტიქრისტეს“ ახალი მსოფლიო წესრიგი (NWO); ანტი-ეკუმენიზმი, "ქართული მარში - ეროვნული მოძრაობის" მხარდამჭერთა ჯგუფი, ქართველ ემიგრანტ ქალთა გაერთიანება, პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერები ! ! !, რუსთავი 21 👁️ RUSTAVI 21, მთავარი სიახლეები

;

მოამზადა მედეა სულამანიძემ 


მასალაში გამოყენებულია CrowdTangle-ის მონაცემები, რომელიც ფეისბუქის საძიებო ინსტრუმენტია.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.