ისტორია

რა საზღვრებში ცნო ერთა ლიგამ საქართველო?

25 იანვარი, 2021

2021 წლის 20 დეკემბერს ფეისბუკზე პარლამენტის ყოფილმა წევრმა დემურ გიორხელიძე საქართველოს რუკის ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ავტორის მტკიცებით, საქართველო  ერთა ლიგის მიერ აღიარებულ საზღვრებში არის გამოსახული. ფოტოს თანახმად, ფრანგულენოვანი რუკა ცნობილი არ იყო და ის გერმანიაში, გოტინგენის ბიბლიოთეკაში აღმოაჩინეს. ფოტოს წყაროდ გვერდი “ცოდნა ძალაა” მითითებული. იდენტური შინაარსის მასალა 2015 წელს Reportiori.ge-მაც გამოაქვეყნა. 

;

გიორხელიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ერთა ლიგამ საქართველო წარმოდენილი რუკის საზღვრებში ცნო, მცდარია: მართალია, ქართული დელეგაცია დემოუკიდებლობის აღიარებას წარმოდენილი რუკის იდენტურ ტერიტორიაზე ითხოვდა, მაგრამ ერთა ლიგას ამ ტერიტორიულ საზღვრებში საქართველოს დამოუკიდებლობა არ უცნია.

ქართული დელეგაცია წარმოდენილი რუკის იდენტურ ტერიტორიაზე დემოუკიდებლობის აღიარებას ითხოვდა.

პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ გამარჯვებულმა ანტანტის სახელმწიფოებმა პარიზის სამშვიდობო კონფერენცია მოიწვიეს, რომელიც 1919 წლის 18 იანვარიდან 1920 წლის 21 იანვარამდე მოქმედებდა. კონფერენციის მიზანი დამარცხებულ სახელმწიფოებთან ზავების შინაარსზე შეთანხმება და მათი გაფორმება იყო. აღნიშნულ კონფერენციაზე საქართველოს წარმომადგენლობაც იმყოფებოდა.

საქართველოს წარმომადგენლებმა კონფერენციაზე სპეციალურად შემუშავებული რუკა წარადგინეს, რომელიც სხვადასხვა ისტორიულ ტერიტორიას მოიცავდა. სპეციალურად ამისთვის, დელეგაციაში ივანე ჯავახიშვილიც იყო შეყვანილი, რათა მას დაედასტურებინა საქართველოს იმ საზღვრების ლეგიტიმურობა, რომლებიც რუკაზე იყო გამოსახული, ისტორიულ-ეთნოგრაფიულად. რუკა დიდი სახელმწიფო მნიშვნელობის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მემორანდუმის ნაწილი იყო და ეს დოკუმენტი საქართველოს დამოუკიდებლობას სწორედ რუკაზე არსებულ საზღვრებში ითხოვდა.

;

;
პარიზის კონფერენციაზე ქართული დელეგაციის მიერ მოთხოვნილი რუკა
წყარო

საგულისხმოა, რომ  ბოლშევიკების ოკუპაციამდე საქართველო ართვინისა და არდაგანის ტერიტორიას ფლობდა. სოჭში ჯერ კიდევ 1919 წელს დენიკინის არმია იყო შესული და შემდგომ საქართველოს 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებით, რომელიც ბოლშევიკურ რუსეთთან დაიდო, სოჭის დათმობა მოუწია, ვინაიდან საზღვარი მდინარე ფსოუზე გატარდა. აღსანიშნავია, რომ დენიკინმა ასევე დაიკავა გაგრა, თუმცა ქართულმა მხარემ გაგრის გათავისუფლება მოახერხა და ის მის ტერიტორიაზე დარჩა. ამ პერიოდში ასევე სადაო იყო ზაქათალის ტერიტორია აზერბაიჯანთან, ხოლო ლორეს ტერიტორია (ბორჩალოს მაზრის სამხრეთი ნაწილი) ნეიტრალურ ზონად იყო გამოცხადებული.

დემურ გიორხელიძის გამოქვეყნებული რუკა ლაზეთის ტერიტორიასაც მოიცავს და საქართველოს საზღვარი დღევანდელი თურქეთის ქალაქ რიზეს სამხრეთიდან იწყება. ამ ფაქტზე იმ პერიოდში აკაკი ჩხენკელი წერდა:

“ჩვენს მოთხოვნილებაში უკვე ლაზისტანსაც ვათავსებთ რიზეს ქვევით.”

ერთა ლიგას საქართველო პოსტში წარმდგენილი რუკის  საზღვრებში არ უცნია. მან საქართველო თავის რიგებში არ მიიღო, განცხადებაში კი აღნიშნული იყო, რომ ქვეყანას საზღვრების საკითხი  მოგვარებული არ ჰქონდა.

აღსანიშნავია, რომ ეს ტერიტორია რუკაზე საქართველოს საზღვრებში მართლაც იყო, რადგან ქართული მხარე ასე ითხოვდა, თუმცა პარიზის კონფერენციაზე და შემდგომ ერთა ლიგის სახელმწიფოებმა მსგავსი საზღვრებით საქართველო არ უცნიათ.

საქართველომ ერთა ლიგას გაწევრიანებაზე 1920 წელს მიმართა. აღსანიშნავია, რომ ერთა ლიგის შექმნა პარიზის კონფერენციას მოსდევდა. ერთა ლიგის საბჭოს პირველი შეხვედრა 1920 წლის 16 იანვარს გაიმართა. პირველი ანსამბეა კი 1920 წლის 15 ნოემბერს შეიკრიბა. ანსამბელეის ძირითადი საკითხი სახელმწიფოთა, მათ შორის, საქართველოს, ერთა ლიგაში გაერთიანება იყო. ერთა ლიგის დეკემბრის განცხადებამ საქართველოს ისტორია და ერთა ლიგაში გაწევრიანება მიმოიხილა. მნიშვნელოვანია, რომ განცხადება საზღვრებსაც შეეხო და აღნიშნული იყო, რომ საქართველოს საზღვრების საკითხი მოგვარებული არ იყო. განცხადებაში ასევე წერია, რომ შეთანხმება სომხეთსა და აზერბაიჯანთან შედგა, თუმცა ერთა ლიგა ეჭვს გამოთქვამდა ამ შეთანხმების შესრულებაზე:

“კავკასიის მოუგვარებელი მდგომარეობა ზოგადად ტოვებს ეჭვს, რომ ეს შეთანხმება საბოლოოდ შესრულდება.”

;
ერთა ლიგის დოკუმენტი, სადაც საუბარია საზღვრების შესახებ

საბოლოო გადაწყვეტილებით, ერთა ლიგამ საქართველო თავის რიგებში არ მიიღო. 14-მა სახელმწიფომ საქართველოს წინააღმდეგ მისცა ხმა, 10-მა კი სასარგებლოდ. 18-მა სახელმწიფომ კი თავი შეიკავა. იმისათვის, რომ საქართველო წევრი გამხდარიყო, მას 16 ხმა ესაჭიროებოდა.

;
ერთა ლიგის დოკუმენტი, რომელიც აჩვენებს თუ რომელმა სახელმწიფოებმა დაუჭირეს/არ დაუჭირეს მხარი ან თავი შეიკავეს საქართველოს მიღებაზე

როგორც ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე ონლაინ გამოცემა at.ge-სთან ინტერვიუში აცხადებს, დე-იურედ აღიარების დროს საზღვრების დადგენა არ ხდებოდა, ხოლო აღნიშნული რუკა მხოლოდ და მხოლოდ სურვილი იყო და არა იმ პერიოდის რეალობა:

დიმიტრი სილაქაძე, ისტორიკოსი: “ერთა ლიგამ საქართველო არ მიიღო თავის რიგებში, მაგრამ ქართულ სახელმწიფოს მასთან ჰქონდა გარკვეული კომუნიკაცია, მონაწილეობდა მისი ზოგიერთი კომისიის მუშაობაში. რაც შეეხება ამ რუკას, ეს იყო სურვილი ასეთ საზღვრებში დავენახეთ და ვეცნეთ, მაგრამ მსგავსი რამ არ მომხდარა. როდესაც ჩვენი დე იურე აღიარება ხდებოდა რომელიმე სახელმწიფოს მხრიდან, არ კონკრეტდებოდა საზღვრები, რა საზღვრებში ცნობდნენ საქართველოს.”

მოთხოვნილ ტერიტორიებიდან საქართველო რეალურად ლაზეთის ტერიტორიას, ქალაქ რიზეს და არც მის სამხრეთს არ ფლობდა. დღევანდელი თურქეთის ტერიტორიიდან მას მხოლოდ ართვინის ტერიტორია გააჩნდა, რომელიც საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ თურქეთს გადაეცა.

რეალური ტერიტორია და მისი რუკა

მოთხოვნილი ტერიტორია და მისი რუკა

; ;

დიმიტრი სილაქაძე ასევე აცხადებს, რომ რეალური რუკა 1920 წელს ბოლშევიკურ რუსეთთან დადებულ ხელშეკრულებაშია. აღნიშნულ რუკა დღეს საქართველოს ეროვნულ არქივშია დაცული.

;
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რუკა, 1920 წელი. რუკა დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში

მოთხოვნილ ტერიტორიებიდან საქართველო რეალურად ლაზეთის ტერიტორიას, ქალაქ რიზეს და არც მის სამხრეთს არ ფლობდა. დღევანდელი თურქეთის ტერიტორიიდან მას მხოლოდ ართვინის ტერიტორია გააჩნდა, რომელიც საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ თურქეთს გადაეცა. ასევე სომხეთს გადაეცა სადაო ლორე, ხოლო ზაქათალის ტერიტორია კი აზერბაიჯანს.


მოამზადა ირაკლი იაგორაშვილმა


არქივის ბმული


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.