რა ცნობები ვრცელდება ვაქცინების გვერდითი მოვლენების შესახებ?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

45
VIEWS

2021 წლის 11 მარტს Facebook მომხმარებელმა შორე შანიძემ თავის პირად გვერდზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ გამოაქვეყნა პოსტი, რომელსაც თან ერთვის ცხრილი. პოსტის ავტორი აღნიშნავს, რომ ის ვაქცინების ლეტალობასა და მძიმე შედეგებს ასახავს. შანიძის მტკიცებით, ვაქცინაციით გამოწვეული მძიმე შედეგები ასტრაზენეკას შემთხვევაში 72,8%-ს, მოდერნას – 49%-ს, ხოლო ფაიზერის – 30%-ს შეადგენს. თანდართულ ცხრილში, რომელიც გერმანულ ენაზეა, ინფორმაციის წყაროდ წამლების გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყონებების ევროპული მონაცემთა ბაზა – EudraVigilance -ია მითითებული. გარდა ამისა, 18 მარტს შორე შანიძემ ვაქცინების გვერდით ეფექტებზე კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნავს, რომ 4 თვის მანძილზე ფაიზერითა და მოდერნათი გარდაცვლილთა რიცხვი სხვა ვაქცინებით ათი წლის განმავლობაში გარდაცვლილთა რიცხვს უტოლდება. ცხრილზე, რომელიც თან ერთვის პოსტს წყაროდ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ვაქცინების გვერდითი მოვლენების აღრიცხვის სისტემაა მითითებული.

;;

შორე შანიძის პოსტებში მოყვანილი მტკიცებები სიმართლეს არ შეესაბამება, შემდეგ გარემოებათა გამო: 

დეზინფორმაცია N1: ასტრაზენეკას, მოდერნას და ფაიზერის ვაქცინებით აცრებში შესაბამისად 72%, 49% და 30% მძიმე შედეგები დაფიქსირდა

ფაქტი 1. რეალურად, ეს რიცხვი არა აცრების მთლიან სტატისტიკას, არამედ გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინებების საერთო რაოდენობას ასახავს, წყაროდ კი EudraVigilance სისტემაა დასახელებული, სადაც გვერდითი ეფექტების აღირიცხვა მომხმარებელთა მიერ ხდება, რაც შემდგომ კვლევას და დადასტურებას საჭიროებს

ცხრილის მიხედვით, 2021 წლის 6 მარტის მდგომარეობით, გაცხადებული 21 172 შემთხვევიდან 15 291 სერიოზულ გვერდით მოვლენას უკავშირდება, რაც 72.8%-ს შეადგენს. ეს პროცენტული რაოდენობა აცრების მთლიანი რაოდენობის გვერდით მოვლენებს არ ასახავს. გარდა ამისა, წყაროდ მითითებულ EudraVigilance-ის მონაცემთა ბაზის ვებ-გვერდზე მსგავსი ცხრილი არ მოიპოვება. ცხრილში ასევე არ არის დაკონკრეტებული, თუ რომელ გეოგრაფიულ ზონას ეხება აღნიშნული ინფორმაცია.

სქრინები, რომლებიც Facebook პოსტებს თან ერთვის, Telegram არხზე “Fact Sheet Austria” არის განთავსებული. არხი 3 იანვარს შეიქმნა და 3 ათასზე მეტი წევრი ჰყავს.

;

წყაროდ მითითებულ EudraVigilance-ის ვებ-გვერდზე მედიკამენტების, ასევე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინების განთავსება, როგორც პაციენტებს, ასევე მედპერსონალს შეუძლია. სისტემაში ცალ-ცალკე მოცემულია შეტყობინებები კორონავირუსის საწინააღმდეგო სამი ვაქცინის – ფაიზერის, მოდერნასა და ასტრაზენეკას სავარაუდო გვერდითი რეაქციების შესახებ.

;

;

წყარო: adrreports.eu

წამლების გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყონებების ევროპული მონაცემთა ბაზის – EudraVigilance-ის ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ სისტემაში განთავსებული ინფორმაციის სისრულეზე ან სისწორეზე ევროპის წამლების სააგენტო მხოლოდ შეზღუდულ კონტროლს ახორციელებს. EudraVigilance-ის თანახმად, ინფორმაცია სავარაუდო გვერდით მოვლენებს ეხება, რაც ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული მოვლენები პაციენტს აღნიშნული მედიკამენტის მიღების შემდეგ განუვითარდა. ამგვარად, კონკრეტული შემთხვევის შესახებ შეტყობინება ხდება, როდესაც არსებობს ეჭვი იმისა, რომ გვერდითი მოვლენა მედიკამენტს უკავშირდება. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მედიკამენტსა და გვერდით მოვლენას შორის რაიმე კავშირი დადგინდა. გვერდითი მოვლენა შეიძლება სხვა ფაქტორებით იყოს გამოწვეული. შესაბამისად, შეტყობინება მხოლოდ ვარაუდს ეფუძნება.

EudraVigilance-ი ასევე აღნიშნავს, რომ

  • ვებ-საიტზე განთავსებული ინფორმაცია ვერ გამოიყენება გვერდითი მოვლენის განვითარების ალბათობის განსასაზღვრად. გასათვალისწინებელია აღნიშნული მედიკამენტის მიმღები ადამიანების რაოდენობა და მისი ბაზარზე არსებობის ხანგრძლივობა.
  • ვებ-გვერდზე მოცემული მონაცემები წარმოადგენს მხოლოდ ნაწილს იმ ინფორმაციისა, რომელსაც ევროპის წამლების სააგენტო და მედიკამენტების მარეგულირებელი ეროვნული ორგანოები მედიკამენტის ავტორიზების შემდეგ მისი რისკებისა და სარგებლის მონიტორინგის განსახორციელებლად იყენებენ.

გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მონაცემთა ბაზაში მოცემულ ინდივიდუალურ შემთხვევათა რაოდენობა ყოველთვის არ ემთხვევა გვერდითი მოვლენების რაოდენობას. EudraVigilance-ის სისტემაში ერთ პირს თავის შეტყობინებაში ერთზე მეტი გვერდითი მოვლენა შეუძლია დააფიქსიროს.

დეზინფორმაცია N2: 4 თვის მანძილზე ფაიზერით და მოდერნათი გარდაცვლილთა რაოდენობა სხვა ვაქცინებით 10 წლის განმავლობაში გარდაცვლილთა რიცხვს უტოლდება

ფაქტი 2. აშშ-ში ფაიზერით და მოდერნათი გარდაცვალების შემთხვევები აქამდე არ გამოვლენილა, მეორე პოსტში მითითებეული სტატისტიკა მხოლოდ გვერდითი ეფექტების შესახებ VAERS სისტემაში შესულ მომხმარებელთა შეტყობინებებს ასახავს, ხოლო ორივე ცხრილი ტელეგრამ არხს Fact Sheet Austria-ს ეკუთვნის, რაც მტკიცებულებად ვერ გამოდგება.

შორე შანიძის გაზიარებულ მეორე ცხრილში მითითებულია, რომ სტატისტიკა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებების (CDC) VAERS სისტემის მონაცემეს ეყრდნობა. თუმცა ეს ცხრილიც, ისევე როგორც პირველი ცხრილი ტელეგრამის არხზე არის გამოქვეყნებული და ოფიციალურ წყაროს არ წარმოადგენს.

CDC-მ 16 მარტს გამოაქვეყნა ინფორმაცია VAERS-ის სისტემაში Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდგომ გაცხადებულ გვერდით მოვლენებთან დაკავშირებით. CDC-ის თანახმად, აშშ-ში 2020 წლის 14 დეკემბრიდან 2021 წლის 15 მარტამდე პერიოდში 109 მილიონ დოზაზე მეტი COVID-19 ვაქცინის ადმინისტრირება განხორციელდა. ამ პერიოდში VAERS-ის სისტემაში  გარდაცვალების 1,913 (0.0018%) შეტყობინება შემოვიდა იმ ადამიანებისგან, რომლებმაც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. როგორც CDC-ის, ასევე აშშ-ის საკვებისა და და წამლების სააგენტოს (FDA) ექიმები გარდაცვალების თითოეულ შეტყობინებას აანალიზებენ, ხოლო შეტყობინებების დამატებითი შეფასებისთვის CDC სამედიცინო დოკუმენტაციასაც ითხოვს. კლინიკური ინფორმაციის, მათ შორის, გარდაცვალების მოწმობების, აუტოფსიისა და სამედიცინო ბარათების ანალიზმა რაიმე მტკიცებულება, რომ ვაქცინაციამ პაციენტების გარდაცვალება გამოიწვია არ გამოავლინა.

VAERS-ის სისტემის შესახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” პუბლიკაცია:

  • რა არის VAERS-ის სისტემა და რა ვიცით ამერიკაში ვაქცინაციის  პროცესზე?

მონაცემები ვაქცინების გვერდითი მოვლენების შესახებ 

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის თანახმად, ნებისმიერი ვაქცინაციის შემდეგ მძიმე ალერგიული რეაქციები შეიძლება გამოვლინდეს. მაგალითად, ანაფილაქსიური შოკი, რომელიც კოვიდ-ვაქცინებსაც ახასიათებს, ძალიან იშვიათად ვლინდება და VAERS-ის სისტემაში ასახული მოვლენების შესწავლამ აჩვენა, რომ აშშ-ში ის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილთა ყოველ ერთ მილიონში დაახლოებით 2-დან 5-მდე პირს გამოუვლინდა. ამავე დროს, მისი გამოვლენის შემთხვევაში ექიმების მხრიდან დაუყოვნებლივი და ეფექტიანი რეაქციაა შესაძლებელი.

საქართველოში დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ევროკავშირის ქვეყნებში აცრილი 60 მილიონამდე ადამიანიდან, სერიოზული გვერდითი ეფექტი 16,8%-ს დაუფიქსირდა და მათ არც ერთი ფატალური შემთხვევა არ მოჰყოლია.

The Times of Israel-ის თანახმად, ფაიზერის პირველი დოზის მიღების შემდეგ 2,768,200 ისრაელის მოქალაქიდან 6,575-ს გვერდითი მოვლენების გამო სამედიცინო დახმარება დასჭირდა, რაც 0.24%-ს შეადგენს. მეორე დოზით 1,377,827 მოქალაქის აცრის შემდგომ ასეთი ადამიანების რიცხვი 3,592-ს (0.26%-ს) შეადგენდა. ამასთან აღსანიშნავია, რომ ჰოსპიტალიზაცია პირველი დოზის შემდეგ მილიონზე 17 პაციენტს, ხოლო მეორე დოზის შემდეგ მილიონზე დაახლოებით 3 პაციენტს დასჭირდა.

კანადის შემთხვევაში, 5 მარტის მდგომარეობით ვაქცინის 2 255 174 დოზის ადმინისტრირება მოხდა. კანადის მთავრობის მიერ შექმნილ ბაზაში ვაქცინაციის შემდეგ გამოვლენილი გვერდითი მოვლენების შესახებ 1923 (ფაიზერი -1061, მოდერნა- 862) შეტყობინება შევიდა, რაც დოზების საერთო რაოდენობის 0.085%-ს შეადგენს. მათ შორის სერიოზული გვერდითი მოვლენის რაოდენობა 214-ს შეადგენდა (ყველა დოზის 0,009%). გარდა ამისა, 15 შეტყობინება ვაქცინის ადმინისტრირების შემდეგ გარდაცვალების შემთხვევებს ეხებოდა. თუმცა, ამ შემთხვევების შესწავლამ დაადგინა, რომ ცხრა შემთხვევა COVID-19 ვაქცინას არ უკავშირდებოდა, ხოლო დანარჩენი 6 შემთხვევის შესწავლა ჯერ მიმდინარეობს.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

 

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist