რას ამტკიცებს რეალურად ვიდეოკოლაჟი ამირან გამყრელიძის და თენგიზ ცერცვაძის მონაწილეობით?

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

77
VIEWS

4 სექტემბერს ფეისბუქ მომხამრებელმა ვამეხ ფუსდანმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც სხვადასხვა დროს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორ ამირან გამყრელიძისა და ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორ თენგიზ ცერცვაძის მიერ გაკეთებულ სამ სატელევიზიო კომენტარს შეიცავს. აღწერის თანახმად, ვიდეო პანდემიის დასაწყისშია ჩაწერილი და ადასტურებს, რომ ეს ადამიანები საქართველოს მოსახლეობას ექსპერიმენტებისთვის წირავენ და საქართველო ოფიციალურად გახდა საცდელი ლაბორატორია.

"
ვიდეოს უფრო მოკლე ვერსია თენგიზ ცერცვაძის ერთ-ერთი კომენტარის გარეშე მომხმარებელმა გიო რგი-მ 11 სექტემბერს გამოაქვეყნა და ფეისბუკ მომხმარებელი გიორგი გულიკაშვილი მოთაგა, რომელსაც პროფილის სურათზე ლევან ვასაძის პარტია “ერთობა, რაობა, იმედის” ჩარჩო უყენია. მისი აღწერის მიხედვით, საქართველოში ექსპერიმენტები ტარდება, მათ შორის ქვეყანა ილონ მასკის კომპანიის მიერ 5G ინტერნეტის გამოსაცდელ ადგილად განიხილება.

"
გავრცელებული პოსტი დეზინფორმაციულია, რადგან თანმხლები ვიდეო 2020 წლის სხვადასხვა სატელევიზიო ეთერებიდან ამოჭრილი 3 სხვადასხვა ფრაგმენტის კოლაჟს წარმოადგენს, რომელთაც ერთმანეთთან საერთო არ აქვთ და არც პოსტის ავტორის მტკიცებას ამყარებს, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელობა ქართველებზე ექსპერიმენტებს ატარებენ. 

  1. პირველ ვიდეოში ამირან გამყრელიძე რეალურად არა “ასტრაზენეკასა” და “ფაიზერის” ვაქცინების საქართველოში გამოცდაზე, არამედ ავტორიზების შემდეგ მათ სწრაფ მიღებაზე საუბრობს

პირველ ვიდეოში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) დირექტორი  ამირან გამყრელიძე საერთაშორისო ალიანს “გავისთან” პარტნიორობაზე და ალიანსთან კომუნიკაციის გზით “ასტრაზენეკასა” და “ფაიზერის” კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინების ოპერატიულად მიღებაზე საუბრობს. ვიდეო 2020 წლის 21 ივლისის ბრიფინგიდან ამოჭრილ ნაწყვეტს წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ გავრცელებულ ნაწყვეტშიც კი გამყრელიძე არსად  ამბობს, რომ რომელიმე ვაქცინა საქართველოში უნდა გამოიცადოს, თუმცა სრულ ჩანაწერში კარგად ჩანს, რომ თავდაპირველად NCDC-ის დირექტორი იმ პერიოდში არსებულ პერსპექტიულ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინებზე საუბრობს. “გავისთან” დაწყებულ პარტნიორობამდე გამყრელიძემ ახსენა, რომ “ასტრაზენეკას” გამოცდის ერთ-ერთი ეტაპი დასრულდა და ვაქცინის მიერ კარგი იმნური პასუხის წარმოქმნის უნარი დადასტურა, თუმცა 10-15 ათას ადამიანზე ჩასატარებელი კიდევ წინ იყო. გამყრელიძეს არსად უთქვამს, რომ ეს ეტაპი საქართველოში ჩატარდებოდა. მეტიც, მან საქართველოზე საუბარი  მიმართვის მხოლოდ შემდეგ ნაწილში დაიწყო, სადაც ხაზი გაუსვა, რომ “გავის” დახმარებით საქართველოში ვაქცინები მხოლოდ მათი დამტკიცების შემდეგ შემოვიდოდა:

ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი: “[ასტრაზენეკას] ვაქცინამ გაიარა მესამე ფაზის კვლევების ერთ-ერთი ეტაპი და ახლა კიდევ ერთი დიდი კვლევის ნაწილი დარჩა, როდესაც უფრო გაფართოებულ ჯგუფზე, დაახლოებით, 10-15 ათას ადამიანზე უნდა მოხდეს კვლევის ჩატარება. აქამდე დადგენილია ვაქცინის საკმაოდ კარგი იმუნური პასუხის გამოწვევის უნარი. თუ დადგინდა ვაქცინის უსაფრთხოება, მაშინ ვაქცინა შეიძლება ხელმისაწვდომი გახდეს. რაც შეეხება საქართველოს, ამ კომპანიასთან ვმუშაობთ, ერთი თვის წინ გვქონდა პირდაპირი კონტაქტები კომპანიასთან. ამავე დროს საქართველო მუშაობას „გავის ალიანსთან“, რომელიც დიდი საერთაშორისო ორგანიზაციაა, ვაქცინების გლობალური ალიანსი, რომელსაც ბილ გეითსის ფონდი პირადად აფინანსებს. ჩვენ დიდი ხანია „გავისთან“ გვაქვს კონტაქტები, მათი საშუალებით მრავალი ვაქცინა დავნერგეთ ქვეყანაში. მიმდინარეობს ამ ორ წყაროსთან მუშაობა – „ასტრა ზენეკასთან“ და „გავისთან“, რათა ვაქცინის დამტკიცებისთანავე საქართველო იყოს რეციპიენტთა რიგებში.“

ხაზგასასმელია, რომ 2020 წლის 8 დეკემბერს გამოქვეყნებულ კვლევაში, რომელიც “ასტრაზენეკას” ვაქცინის უსაფრთხოებისა და ეფექტიანობისას ეხება, ვკითხულობთ, რომ ვაქცინის გამოცდის პროცესში დიდი ბრიტანეთიდან, სამხრეთ აფრიკიდან და ბრაზილიიდან 35,484 ადამიანი მონაწილეობდა.  “ასტრაზენეკას” კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდის მესამე კლინიკური ფაზა აშშ-შიც ჩატარდა და მასში 32,449 ადამიანი მონაწილეობდა. არ არსებობს არანაირი ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “ასტრაზენეკას” ვაქცინა რომელიმე ეტაპზე საქართველოში გამოიცადა.

“ასტრაზენეკას” კოვიდსაწინააღმდეგო საქართველოში გამოცდის შესახებ დეზინფორმაცია საქართველოში გასულ წელსაც გავრცელდა, ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:

  1. კოლაჟის მეორე ვიდეოში თენგიზ ცერცვაძის მიერ ნახსენებ WHO-ს ორგანიზებულ კვლევაში პაციენტები მსოფლიოს 30 ქვეყნიდან საკუთარი თანხმობის საფუძველზე მონაწილეობდნენ

ვიდეო კოლაჟის მეორე ვიდეოში თენგიზ ცერცვაძე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ კვლევაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ საუბრობდა. ცერცვაძის მიხედვით, კვლევა მიზნად კორონავრირუსის წინააღმდეგ  იმ დროისთვის 4 ყველაზე იმედისმომცემი პრეპარატის გამოცდას ისახავდა. ცერცვაძემ ამის შესახებ 2020 წლის 8 მაისს ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ისაუბრა. ამავე თემაზე მასთან ინტერვიუ გამოცემა “ინტერპრესნიუსმაც ჩაწერა. ცერცვაძე ორივე შემთხვევაში აღნიშნავდა, რომ კვლევის დაწყებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია უახლოეს მომავალში გეგმავდა, მასში 20-მდე ქვეყანა მიიღებდა მონაწილეობას და 4 პრეპარატს: პლაქვენილს, რემდესივრის, ლოპინავირ/რიტონავირსა და ინტერფერონი ბეტას ერთმანეთს შეადარებდნენ.

2020 წლის მაისში თენგიზ ცერცვაძე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ კვლევაზე სახელწოდებით SOLIDARITY საუბრობდა. თავდაპირველად ამ ოთხი პრეპარატის კვლევის პროცესში 30 ქვეყნის 405 კლინიკის 12 000-მდე პაციენტი მონაწილეობდა. ჰოსპიტალიზებულ პაციენტებს აღნიშნული პრეპარატები მხოლოდ მათი ან მათი სამართლებრივი  მეურვის წერილობითი თანხმობის შემდეგ უკეთდებოდათ. კვლევის შუალედურ ეტაპზე 2020 წლის ივლისში გადაწყდა, რომ პლაქვენილი და ლოპინავირ/რიტონავირი კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელს არ ამცირებს, ამიტომ მათზე კვლევები აღარ გაგრძელებულა. 2021 წლის თებერვალში გამოქვეყნებულ საბოლოო კვლევაში კი ვკითხულობთ, რომ ასეთივე შედეგი დანარჩენი ორი პრეპარატის რემდესივირისა და ინტერფერონ ბეტას შემთხვევაშიც დადგა. თუმცა კვლევა SOLIDARITY პლუსი ახლა 52 ქვეყანაში გრძელდება და მის ფარგლებში ამჟამად 3 სხვა პრეპარატის (არტესიუნატი, იმანტინიბი, ინფლიქსიმაბი) ეფექტიანობის გამოცდა მიმდინარებს და მასში პაციენტები ნებაყოფლობით ერთვებიან. "
Solidarity პლუსის მონაწილე ქვეყნები, ფოტო: WHO

  1. მესამე ვიდეოში თენგიზ ცერცვაძე არა ავტორიზების მიღებამდე “ასტრაზენეკას” გამოყენებაზე, არამედ დამტკიცებამდე მის წარმოებაზე საუბრობს

ვიდეო კოლაჟში გამოყენებული მესამე ფრაგმენტი 2020 წლის 25 ივნისს ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “ღია ეთერში” თენგიზ ცერცვაძის სტუმრობის ამსახველი ვიდეოდან ამოჭრილი ნაწყვეტია. ცერცვაძემ ისაუბრა მსოფლიოში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინების შექმნისა და გამოცდის პროცესის მიმდინარეობის შესახებ. სწორედ ამ კონტექსტში  ახსენა მან “ასტრაზენეკას” კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა. ცერცვაძე ამ ნაწილში საუბრობს არა იმაზე, რომ აღნიშნული ვაქცინა დამტკიცებამდე მასშტაბურად გამოიყენება, არამედ იმაზე, რომ ჯერ კიდევ მანამდე, სანამ ვაქცინა ავტორიზაციას მიიღებს, მისი წარმოება დაიწყო, რაც ნიშნავს, რომ მის მწარმოებლებს ვაქცინის ეფექტიანობის დამადასტურებელი მტკიცებულებები აქვთ. ცერცვაძე არ ამბობს, რომ “ასტრაზენეკას” ვაქცინა მის დამტკიცებამდე რომელიმე ქვეყანაში მასობრივად გამოიყენება.

თენგიზ ცერცვაძე, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორი: “ოქსფორდის ვაქცინაზე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ სანამ კვლევა დამთავრდება და დამტკიცდება მისი ეფექტიანობა, მანამდე ის ჩაშვებულია წარმოებაში. თან ჩაშვებულია უზარმაზარი რაოდენობით. ანუ მიდიან იმაზე, რომ ვაქცინა, რომლის ეფექტიანობა ჯერ დადასტურებული არ არის, მაგრამ წინასწარი მონაცემებით რაღაც იმედი არსებობს, უკვე ჩაუშვეს წარმოებაში (…) მე ვფიქრობ, რომ ან ისინი წავიდნენ დიდ რისკზე, თუ გაუმართლათ, დიდ მოგებას ნახავენ, თუ არ გაუმართლათ, დიდ ზარალს ნახავენ, ანუ მათ უკვე აქვთ სარწმუნო მონაცემები იმისი, რომ ის ვაქცინები იქნება ეფექტიანი.”

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის მაისიდან ივნისის ჩათვლით “ასტრაზენეკამ” დიდი ბრიტანეთთან, აშშ-სთან, ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ორ საერთაშორისო ორგანიზაციასთან (CEPI და GAVI) დადო შეთანხმებები, რომელთა მიხედვითაც ვაქცინის გამოცდის დასრულების შემდეგ ეს ქვეყნები და ორგანიზაციები ვაქცინის გარკვეულ რაოდენობას  მალევე მიიღებდნენ, სანაცვლოდ კი კვლევისა და წარმოების დაფინანსებისვის თანხებს გამოყოფდნენ. სწორედ ამ შეთანხმებების შედეგად კვლევების პარალელურად დაიწყო “ასტრაზენეკას” ვაქცინის წარმოებაც. თუმცა ვაქცინის გამოყენება მხოლოდ კვლევების დასრულების შემდეგ, ავტორიზაციის მიღების შემდეგ დაიწყო, 2020 წლის 30 დეკემბერს დიდი ბრიტანეთი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც “ასტრაზენეკას” კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა აღიარა.

  • ელონ მასკის კომპანია საქართველოს არა 5G ინტერნეტის გამოსაცდელ ქვეყანად, არამედ Starlink-ის პროექტის ფარგლებში მარტივად ხელმისაწვდომი ინტერნეტის მიმღებ ქვეყნად განიხილავს

ფეისბუქ მომხმარებელ გიო რგის მტკიცებით ილონ მასკის კომპანია საქართველოს “ზე სიჩქარის” 5 G ინტერნეტის გამოცდის ადგილად განიხილავს. რეალურად საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) 13 აგვისტოს განცხადების მიხედვით, ამერიკელი ბიზნესმენის ილონ მასკის კომპანია SpaceX-ი საქართველოს საქართველოს თანამგზავრული ინტერნეტის მიწოდების ერთ-ერთ პირველ საპილოტე ქვეყნად განიხილავს.

SpaceX-ის პროექტი Starlink-ი გლობალური თანამგზავრული სისტემაა, რომლის მიზანია მაღალი სიჩქარის ინტერნეტის მიწოდება ისეთ ადგილებში, სადაც ინტერნეტკავშირი არასტაბილური, ძვირი ან მიუწვდომელი იყო და მას 5G ტექნელოგიის გამოცდასთან კავშირი არ აქვს.

აღსანიშნავია ისიც, რომ 5G ტექნელოგიის საფრთხეებთან დაკავშირებით დეზინფორმაციები არა ერთხელ გავრცელდა, რეალურად 5G ტექნელოგია Radiation Watch-ის მიერ უსაფრთხოდაა აღიარებული. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist