რას გულისხმობს ცვლილებები თანასწორობის აქტში და ვინ აყალბებს ბაიდენის სიტყვებს?

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

40
VIEWS

28 თებერვალს სახელისუფლებო ექსპერტმა სოსო მანჯავიძემ Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა. მანჯავიძე წერს, რომ კონგრესმა მიიღო თანასწორობის აქტი, რომლითაც ბიოლოგიური სქესის იურიდიული განმარტება უქმდება, ყველა, ვინც თვლის, რომ ღმერთმა ქალად და კაცად შექმნა ადამიანი, ჰეიტერად ჩაითვლება და დაისჯება, ვისაც რა სქესი უნდა, იმას აირჩევს, აიკრძალება გენდერული ნიშნის შემცველი სიტყვები (მაგალითად დედა, მამა და ა.შ.), ასევე გენდერული ნიშნით დაყოფილი ტუალეტები, ბავშვები თვითონ აირჩევენ სქესს, ხოლო რელიგიური შეხედულებები დისკრიმინაციულად გამოცხადდება.

პოსტს 2 მარტის 12:00-ის მონაცემებით 197 გაზიარება აქვს. მანჯავიძის პოსტი For.ge-მ ტოპ სიახლეების რუბრიკაში გამოაქვეყნა. პოსტი გამოაქვეყნა  ონლაინ გამოცემა Georgian Times-მაც. მანჯავიძის პოსტს ასევე  აზიარებს გვერდი “საქართველო უპირველეს ყოვლისა”. მსგავსი შინაარისის პოსტი გამოაქვეყნა გაზეთ “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტმა, გიორგი გიგაურმაც. თანასწორობის აქტზე კი taonews.ge-ც წერს. მასალაში სათაურით “ბაიდენი – ყველა, ვინც თვლის, რომ ღმერთმა ქალად და კაცად შექმნა ადამიანი ჰეიტერად ჩაითვლება და დაისჯება,” საუბარია თანასწორობის აქტზე და ნათვამია, რომ ის აუქმებს ბიოლოგიური სქესის იურიდიულ განმარტებას. მასალა გაზიარებული აქვთ გვერდებს: საქართველოს სულიერი მისსია, დედოფალი და ნანა ცაგურიას ოფიციალური გვერდი. ეს უკანასკნელი ქართული მარშის წევრის ოფიციალური გვერდია.

;

;

;

სოსო მანჯავიძის, გიორგი გიგაურის და taonews.ge-ს მტკიცება, რომ თანასწორობის აქტით ყველა, ვინც თვლის, რომ ადამიანი ღმერთმა ქალად და კაცად შექმნა, ჰეიტერად ჩაითვლება და დაისჯება, მცდარია. ბაიდენის ციტატა, რომელიც taonews.ge-ს მასალის სათაურშია მოყვანილი, ყალბია. ასევე მცდარია მანჯავიძის და გიგაურის მტკიცებები, რომ თანასწორობის აქტით გენდერული ნიშნის შემცველი სიტყვები აიკრძალება და ბავშვები თვითონ აირჩევენ სქესს.

  • თანასწორობის აქტი გენდერული ნიშნის შემცველ სიტყვებს არ კრძალავს

აქტში საუბარი არ არის გენდერული ნიშნის შემცველი სიტყვების აკრძალვაზე. სოსო მანჯავიძის ეს განცხადება, სავარაუდოდ, უკავშირდება წარმომადგენელთა პალატის მიერ მიმდინარე წელს მიღებულ ცვლილებას, რომელიც მხოლოდ წარმომადგენელთა პალატის წესებში გენდერული ნიშნის შემცველი ტერმინების გენდერულად ნეიტრალური სიტყვებით შეცვლას შეეხება. მანჯავიძის მსგავსი განცხადება 5 იანვარს წარმომადგენელთა პალატის უმცირესობის ლიდერმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა კევინ მაკართიმ გააკეთა. მან თქვა, რომ “დემოკრატები აგვიკრძალავენ ისეთი სიტყვების გამოყენებას, როგორიცაა “დედა” და “მამა”. თუმცა, იანვარში მიღებული ცვლილება მხოლოდ წარმომადგენელთა პალატის წესების ტექსტს შეეხება და გენდერული ნიშნის შემცველ სიტყვებზე რაიმე ფართო აკრძალვა არც ამ შესწორებით და არც თანასწორობის აქტით არ არის გათვალისწინებული.

  • თანასწორობის აქტი ბავშვების მიერ სქესის შეცვლას არ განიხილავს

თანასწორობის აქტში საუბარი არ არის არა მხოლოდ ბავშვების, არამედ ნებისმიერი პირის მიერ სქესის შეცვლაზე. არასრულწლოვანთა თაობაზე აქტი მხოლოდ ხაზს უსვამს კვლევებს, რომელთა მიხედვითაც ბავშვთა სახლებში არაპროპორციული რაოდენობით არიან წარმოდგენილი LGBTQ თემის წარმომადგენელი ახალგაზრდები და მათ მიმართ არასათანადო მოპყრობის შემთხვევები ასევე არაპროპორციულად მაღალია. აქტის ერთ-ერთი მიზანი სწორედ LGBTQ თემის წარმომადგენელი არასრულწლოვნების მიმართ ბავშვთა სერვისების კუთხით დისკრიმინაციის აკრძალვაა.

მსგავსი ტიპის ცრუ ინფორმაცია გავრცელდა გასულ წელსაც, როდესაც ჯო ბაიდენს მიაწერეს ციტატა, “თუ თქვენი 8 წლის შვილი ამბობს, რომ სურს ტრანსგენდერი იყოს რათა ცხოვრება გაიმარტივოს…მას აქვს ტრანზიციის უფლება და არ არსებობს მიზეზი უარის სათქმელად”. სინამდვილეში ბაიდენმა უპასუხა 8 წლის ტრანსგენდერი შვილის დედას, რომელიც მას LGBTQ თემის წარმომადგენლების უფლებების დაცვაზე ეკითხებოდა. მან თქვა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მიღებულ კანონებს შეცვლიდა და ხაზი გაუსვა, რომ არ უნდა არსებობდეს დისკრიმინაცია ტრანსგენდერი ბავშვების მიმართ. ბაიდენს ბავშვების ტრანზიციაზე არ უსაუბრია.

  • ბაიდენის ციტატა “ყველა, ვინც თვლის, რომ ღმერთმა ქალად და კაცად შექმნა ადამიანი, ჰეიტერად ჩაითვლება და დაისჯება” ყალბია

ბაიდენს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია. კონგრესში თანასწორობის აქტის წარდგენის შემდეგ თეთრმა სახლმა გაავრცელა ბაიდენის განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ არავინ უნდა გახდეს დისკრიმინაციის მსხვერპლი ან იცხოვროს შიშში იმის გამო, თუ ვინ არის ან ვინ უყვარს. აღსანიშნავია, რომ თავად ბაიდენი კათოლიკეა და საკუთარ რწმენაზე ხშირად საუბრობს. ინიუგურაციაზე წარმოთქმულ სიტყვაში მან წმინდა ავგუსტინეს სიტყვები მოიხმო:

“მრავალი საუკუნის წინ წმინდა ავგუსტინემ, ჩემი ეკლესიის წმინდანმა, დაწერა, რომ ადამიანებს, როგორც ერთობას განსაზღვრავდა მათი სიყვარულის საერთო საგანი. რა არის საერთო საგნები, რაც ჩვენ გვიყვარს და ჩვენს ამერიკელობას განსაზღვრავს? ვფიქრობ, ვიცი. შესაძლებლობა. უსაფრთხოება. თავისუფლება. ღირსება. პატივისცემა. კეთილშობილება. და დიახ, სიმართლე.”

  •  რას გულისხმობს თანასწორობის აქტი?

თანასწორობის აქტი სქესის, გენდერული იდენტობის და სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე დისკრიმინაციას კრძალავს. ის მოიცავს შესწორებებს, რომლებიც 1964 წლის სამოქალაქო უფლებების აქტში უნდა შევიდეს. შესწორებები თავის მხრივ, ემსახურებოდა რასის, კანის ფერის, რელიგიის, სქესის და ეროვნული წარმომავლობის ნიშნით დისკრიმინაციის აკრძალვას. ძირითად ნაწილში ჩამოთვლილ პუნტქებში, იქ, სადაც საუბარია რასის, კანის ფერის, რელიგიის, სქესის და ეროვნული წარმომავლობის ნიშნით დისკრიმინაციაზე,  თანასწორობის აქტი 1964 წლის სამოქალაქო უფლებების ჩამონათვალს ავრცობს და გენდერული იდენტობის და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დისკრიმინაციის აკრძალვის პუნქტებს ამატებს. მაგალითისათვის, აქტში ნათქვამია, რომ LGBTQ თემის წარმომადგენელი ადამიანები განიცდიან დისკრიმინაციას საჯარო დაწესებულებებით სარგებლობისას, როგორებიცაა რესტორნები, ხანდაზმულთა ცენტრები, მაღაზიები, გასართობი დაწესებულებები, ჯანდაცვის დაწესებულებები, სამთავრობო ოფისები, ახალგზრდული ცენტრები და ტრანსპორტი. დისკრიმინაციის ფორმებს შორის ნახსენებია ძალადობა, შევიწროება, უსამართლო და უთანასწორო მოპყრობა და დაწესებულებით სარგებლობაზე უარის თქმა. აქტში ნათქვამია, რომ LGBTQ თემის წარმომადგენლების და ასევე ქალების მიმართ მსგავსი დისკრიმინაცია ნეგატიურ გავლენას ახდენს სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე, შტატისა და ადგილობრივი მთავრობის კუთვნილი საჯარო დაწესებულების შემთხვევაში კი, პიროვნების კონსტიტუციურ უფლებებს არღვევს. სწორედ ამის გამო, აქტის მესამე სექციით იკრძალება დისკრიმინაცია და სეგრეგაცია საჯარო დაწესებულებებში, კერძოდ 1964 წლის სამოქალაქო უფლებების აქტის 201-ე სექციის “ა” ქვეპუნქტში შედის ცვლილება. 1964 წლის აქტის 201-ე სექციის “ა” ქვეპუნქტში ნათქვამია:

“ყველა პიროვნებას აქვს უფლება სრულად და თანასწორად ისარგებლოს საქონლით, მომსახურებებით, დაწესებულებებით, პრივილეგიებით, უპირატესობებით და საცხოვრებლით ყველა საჯარო დაწესებულებაში რასის, კანის ფერის, რელიგიის და ეროვნული იდენტობის მიუხედავად”.

თანასწორობის აქტი ამ ჩამონათვალს განავრცობს: “სქესის (მათ შორის სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის) მიუხედავად”.

აქტში ასევე ნათქვამია, რომ ინდივიდს საზიარო ობიექტზე, მათ შორის საპირფარეშოზე და გასახდელ ოთახზე, წვდომა არ შეეზღუდება გენდერული იდენტობის გამო. თავად ტერმინი გენდერული იდენტობა კი ამგვარად არის განმარტებული:

“გენდერული იდენტობა ნიშნავს გენდერთან დაკავშირებულ იდენტობას, გარეგნობას, მანერიზმს ან სხვა გენდერთან დაკავშირებულ თვისებებს, მიუხედავად დაბადებისას პირისათვის განსაზღვრული სქესისა”.

საერთო ჯამში, თანასწორობის აქტი ემსახურება LGBTQ თემის დისკრიმინაციისგან დაცვას საცხოვრებლის, განათლების, საჯარო სერვისების და სხვა მომსახურებების მიღებისას.

თანასწორობის აქტის ერთ-ერთი პუნტქი მოიცავს 1993 წლის რელიგიური თავისუფლების აღდგენის აქტთან ახალი კანონის მიმართებას და ნათქვამია, რომ 1993 წლის აქტი ვერ გახდება გამართლება თანასწორობის აქტით განსაზღვრული კანონის დარღვევის შემთხვევაში.

მსგავსი აქტი კონგრესში პირველად 1974 წელს შევიდა. თანასწორობის აქტი წარმომადგენელთა პალატამ 2019 წელსაც მიიღო, თუმცა მას შემდეგ უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწვეტილებების საფუძველზე, 2021 წლის აქტი კიდევ უფრო გაფართოვდა. 2020 წელს უზენაესმა სასამართლომ საქმეზე ბოსტოკი კლეიტონის ოლქის წინააღმდეგ 6 ხმით 3-ის წინააღმდეგ დაადგინა, რომ 1964 წლის სამოქალაქო უფლებების აქტი სამუშაო ადგილზე LGBT თემის წარმომადგენელების წინააღმდეგ დისკრიმინაციაზეც ვრცელდება. დასკვნაში მოსამართლე ნილ გორსაჩი წერს, რომ ჰომოსექსუალი ან ტრანსგენდერი პირის მიმართ დისკრიმინაცია იმ ქმედებების გამო, რომლებსაც სხვა სქესის წარმომადგენლის შემთხვევაში კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენებდნენ, სქესის ნიშნით დისკრიმინაციის ფორმაა და არსებული კანონით იკრძალება. გადაწყვეტილება გავრცელდა უზენაესი სასამართლოს მიერ განხილულ მსგავს საქმეზე, რომელშიც ტრანსგენდერი ქალი დამსაქმებელს გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციის და სამსახურიდან გათავისუფლების გამო უჩიოდა, მიუხედავად იმისა, რომ დამსაქმებელმა მიზეზად საკუთარი რელიგიური მრწამსი დაასახელა.

წარმომადგენელთა პალატის ახალი წესების და ჯო ბაიდენის გაყალბებული ციტატის შესახებ გავრცელებული დეზინფორმაციები “მითების დეტექტორმა” არაერთხელ გადაამოწმა:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist