ჯანდაცვა/ბიოუსაფრთხოება

რას მალავენ რუსეთში COVID-19-ზე და დაკეტა თუ არა მოსკოვმა ჩინეთთან საზღვარი?

18 მარტი, 2020

12 მარტს ობიექტივის გადაცემაში “ღამის სტუდია” მოწვეულმა სტუმარტმა ვიქტორ ჰუგო ვაკამ განაცხადა, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში ყველაზე წარმატებული ქვეყანა რუსეთია, რადგან ადრევე ჩაკეტა საზღვარი ჩინეთთან.

ვიქტორ ჰუგო ვაკა, ამერიკის მოქალაქე: „სხვათაშორის, ყველაზე წარმატებული ქვეყანა ამ ვირუსთან [კორონავირუსთან] ბრძოლაში არის რუსეთი. ორი კომუნისტური ქვეყანა [ჩინეთი და რუსეთი] ერთი და იგივე პრობლემით უმკლავდება მას და აჩვენებს დანარჩენ სამყაროს, რომ მათ არ აინტერტესებთ დანარჩენი ფაქტორები. მომენტი, როდესაც რუსეთ აცნობიერებს, რომ ჩინეთს აქვს ეს ძალიან სერიოზული პრობლემა, ისინი კეტავენ 2000-ნი მილისიგრძის საზღვარს ჩინეთთან. მათ არ ადარდებთ, თუ რას ფიქრობს ამაზე ჩინეთი. და რეაქცია, რომელიც მათ მიიღეს ჩინეთიდან იყო ის, რომ რუსეთი იყო ძალიან ბოროტი, ვინაიდან ჩაკეტა საზღვრები ჩინეთთან“.

ობიექტივის ეთერში გაჟღერებული ეს განცხადება მანიპულაციაა და სიმართლეს არ შეესაბამება, რუსეთსა და ჩინეთს შორის საჰაერო მიმოსვლა დღემდე გრძლედება. გავრცელებული ცნობებით, რუსეთში კორონავირუსს პნევმონიის დიაგნოზით ნიღბავენ და ინფიცირებულთა რიცხვი გაცილებით მაღალია, COVID-19-ზე ტესტირებისთვის კი არაეფექტურ საშუალებას იყენებენ.

  • რუსეთსა და ჩინეთს შორის საჰაერო მიმოსვლა კვლავ გრძელდება

რუსეთმა ჩინეთთან სახმელეთო საზღვარი 31 იანვარს ჩაკეტა, 18 თებერვლიდან კი რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა ჩინეთის ყველა მოქალაქეს აეკრძალა. მიუხედავდ ამ ზომებისა, ჩინეთის მიმართულებით რუსეთის მოქალაქეებისთვის საჰაერო მიმოსვლა არ შეჩერებულა და რუსული ავიახაზები პირდაპირი ფრენებით ჩვეულებრივ რეჟიმში ოპერირებენ. 

  • პნევმონიის დიაგნოზი COVID 19-ს ნაცვლად

გავრცელებული ინორმაციით, რუსეთის ხელისუფლება ცდილობს ახალი ტიპის კორონავირუსით დაავადებული ადამიანებისთვის განკუთვნილი სტაციონარები პნევმონიის სამკურნალო დაწესებულებებად შენიღბოს. ამის შესახებ თავის ვიდეო მიმართვაში პროფკავშირის “ექიმების ალიანსის” აქტივისტმა და ექიმმა ანასტასია ვასილევამ ისაუბრა. მან ასევე აღნიშნა, რომ ექიმებს ყოველგვარი აღჭურვილობის გარეშე უწევეთ კორონავირუსისგან გამოწვეული პნევმონიის მქონე პაციენტებთან მუშაობა, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს ვირუსის გავრცელების საფრთხეს.

Эхо Москвы-სთან ინტერვიუში კი პოლიტოლოგმა ვალერი სოლოვეიმ თქვა, რომ უმეტესად არა პნევმონიის, არამედ ნებისმიერი სხვა დაავადების დიაგნოზს სვამენ, რაც მეტად უწყობს ხელს ვირუსის რეალური მაჩვენებლის დამალვას, სინამდვილეში კი რუსეთში 130000-ზე მეტი დაინფიცირებული და 1600 გარდაცვლილია.

  • COVID 19-ზე ტესტირების პროცესი რუსეთში

ახალი ტიპის კორონავისრუსის წინააღმდეგ საბრძოლველად რუსეთის მზაობის შესახებ საუბრისას ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტსაც, რომ რუსეთში COVID-19-ს სადიაგნოსტიკოდ საუკეთესო ტესტს არ იყენებენ.  იქ კორონავირუსის ლაბორატორიული კვლევისას გამოიყენება პჯრ (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის) სადიაგნოსტიკო პანელების ნაკრები, რომელსაც  ნოვოსიბირსკული კომპანია “ვექტორი” აწარმოებს. მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში გამოიყენება ერთსაფეხურიანი ტესტი, “ვექტორის” მიერ შექმნილი ტესტი კი ორი საფეხურსიგან შედგება და მას  პირველ ეტაპზე არ აქვს პოზიტიური კონტროლი, რაც ნიშნავს, რომ წინასწარ ვერ ხდება იმის შეფასება, მუშაობს თუ არა ტესტი და ასევე ეს ტესტი არ არის უშუალოდ COVID 19-ზე გათვილილი. მეორე საფეხურის ეფექტურობა კი დამოკიდებულია წინა საფეხურის შედეგებზე, რომელიც ზემოთჩამოთვილილი მიზეზების გამო შეცდომაში შემყვანი შეიძლება იყოს. 

აქვე საინტერესოა ისიც, რომ  რუსეთში COVID 19-ზე ტესტირება ხანგრძლივ პროცედურებთანაა დაკავშირებული და სამ დონეს მოიცავს: საწყის ეტაპზე გამოკვლევა ტარდება ადგილობრივ კლინიკაში, შემდეგ ეროვნული კონტოლის სააგენოს მიერ, ბოლოს კი ნოვოსიბირსკში არსებული ვირუსოლოგიისა და ბიოტექნელოგიების საკვლევ ცენტრში. შესაბამისად, შედეგების ლოდინი ხანგრძლივია და ამ პერიოდში პაციენტის იზოლირება ყოველთვის არ ხდება, როგორც ეს იტალიიდან დაბრუნებული რუსეთის მოქალაქის შემთხვევაში მოხდა, ტესტის პასუხების მოლოდინში ყოფნა მას სამხრეთ კორეიდან, ირანიდან და იტალიიდან დაბრუნებულ ადამიანებთან ერთად ერთ პალატაში მოუწია მანამ, სანამ თავად არ მოითხოვეს იზოლირება, მოგვიანებით კი ვირუსი რამდენიმე მათგანს დაუდგინდა. 

COVID 19-თან ბრძოლა მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული ჰიგიენასთან, რუსეთის მზაობის შესახებ საუბრისას კი უნდა გავიხსენოთ 2019 წლის სახელმწიფო აუდიტის შედეგებიც, რომელთა მიხედვითაც, ჯანდაცვის დაწერებულებების 40%-ში არ არის ცენტრალური გათბობა, ნახევარზე მეტში კი - ცხელი წყალი, თითქმის მესამედს კი ცენტრალური წყლის სისტემა საერთოდ არ აქვს.


მოამზადა მარიამ დანგაძემ
მედიაწიგნეირების ლაბორატორიის რეგიონული ქსელის წევრი