ეკონომიკა

რას უკავშირდება სომხეთის ეკონომიკური ზრდა, რომელსაც “აზიმუტი” ევრაზიულ კავშირს მიაწერს?

16 იანვარი, 2020

 

2019 წლის 12 იანვარს პრო-რუსულმა ფეისბუკ გვერდმა “აზიმუტი” სომხეთის ეკონომიკის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. “აზიმუტი” სომხეთის ეკონომიკურ წინსვლას “ევრაზიულ კავშირს” მიაწერს, რამაც გვერდის მტკიცებით, გაზარდა ექსპორტი და ეკონომიკა გააჯანსაღა. 

აზიმუტი: “ამიერ კავკაშიაში სომხეთი ლიდერია ეკონომიკური ინდექსით ერთ სულ მოსახლეზე. სომხეთი 4 760 $ აზერბაიჯანი 4 720 $ 0საქართველო 4 630 $ რაშია ფაშინიანის თავრობის ეკონომიკური "სასწაულის" საიდუმლო? არც არაფერში სომხეთმა მას შემდეგ რაც შეწყვიტა ჭოჭმანი ევროკავშირის დროშების ფრიალი და გაწევრიანდა ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაიზარდა ექსპორტი, საქართველოში რუსი ტურისტების ნაკადის გადამისამართებამ ერევანზე რეისების მიბმამ და ა.შ გააჯანსაღა სომხური ეკონომიკა და რაც "მთავარია" განუწყვეტელმა მიგრაციამ ქვეყვნიდან ეკინომიკა ნაკლებ მოსახლეზე გადაანაწილა ესაა და ეს.”

“აზიმუტის” განცხადება, თითქოს სომხეთის ეკონომიკური წინსვლა “ევრაზიული კავშირის”დამსახურებაა მანიპულაციურია, რადგან, სომხეთის ეკონომიკურ განვითარებას წარმოების ზრდამ, ფისკალური ანგარიშების გადაჭარბებით შესრულებამ, ტექნოლოგიების სფეროში ინვესტიციების ზრდამ და საერთაშორისო დახმარებამ შეუწყო ხელი და არა ქვეყნის  “ევრაზიულ კავშირში” გაწევრიანებამ. 

1. უცხოური ინვესტიციების ზრდა, განსაკუთრებით  ტექნოლოგიების სფეროში.

  • სომხური ტექნოინდუსტრია  ყოველწლიურად  20 პროცენტით იზრდება.
  • ამასთან, სომხეთში რამდენიმე უმსხვილესი IT კომპანიის ოფისებია წარმოდგენილი, მათ შორისაა, Microsoft, Google და Oracle. 
  • სომხეთის მთავრობა ხელს უწყობს ამ კორპორაციების გაფართოებას მისი ”ღია კარის” პოლიტიკის იმპლემენტაციით, რომელიც მიზნად ისახავს უცხოური ბიზნესის მფლობელებისა და ინვესტორების წახალისებას, ისეთი სამართლებრივი რეჟიმების არსებობით, რომლებიც იცავენ უცხოურ კაპიტალს.
  • მნიშვნელოვანია აღნიშნულ სფეროში ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებაც, გარდა დიდი სომხურ დიასპორისა ამერიკაში, აღსანიშნავია რომ,  მაგალითად 2011 წელს, Microsoft– მა სომხეთში ინოვაციის ცენტრი დააფუძვნა აშშ – ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.
  • ერევანში ასევე  3 თავისუფალი ეკონომიკური ზონა მოქმედებს, სადაც სტრატაპები, რომლებიც გარკვეულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, გათავისუფლებული არიან სახელმწიფო გადასახადებისგან (დღგ, მოგების, ქონების, საშემოსავლო და საექსპორტო გადასახადები). ერთ-ერთი ასეთი თავისუფალი ზონაა  “RAO Mars”-ის დახურული სააქციო საზოგადოებისა და მათემატიკური აპარატების ერევნის კვლევითი ინსტიტუტის არეალში მდებარეობს, სადაც ახალი ტექნოლოგიების წარმოება და ექსპორტი მიმდინარეობს.

2. სომხეთმა ასევე,  მნიშვნელოვანი დახმარება მიიღო საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, მას შემდეგ, რაც სამმა მნიშვნელოვანმა სარეიტინგო სააგენტომ (Standard & Poor’s, Moody’s და Fitch Ratings)  ქვეყნის  საკრედიტო რეიტინგი 2019 წლის დასაწყისში განაახლა.

  • საკრედიტო რეიტინგები მსხვილი სახელმწიფო მსესხებლების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რაც ხშირად გადამწყვეტ როლს ასრულებს სახელმწიფოების მიერ ფინანსური ინსტიტუტებიდან სესხის მიღების საკითხში. 
  • აღსანიშნავია, ისინც რომ   საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2019 წლიდან მომდევნო სამი წლის განმავლობაში სომხეთს 248.2 მილიონი აშშ დოლარის დახმარებას მიაწვდის ქვეყნის ეკონომიკურად გაძლიერების მიზნით.

 3. სომხეთმა ყურადღება აგრარული სექტორიდან საწარმოო და მომსახურების სფეროზე გადაიტანა.

  • 2019 წლის მანძილზე, მომსახურების  სფეროს 10 %-იან ზრდასთან ერთად აღსანიშნავია 2019 წლის პირველ ნახევარში მაღაროების წარმოების აღდგენაც, რამაც ინდუსტრიული სექტორის მნიშვნელოვანი ზრდა განაპირობა.  ეკონომიკური განვითარების ინიციატივების ცენტრი საკუთარ მოხსენებაშიც  აღნიშნვს, რომ სამთო და ღია-კარიერული სამაღაროე წარმოება  2019 წელს 20,3 % ით გაიზარდა.
  • მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, სომხეთის ეკონომიკურ ზრდას ყველაზე მეტად კერძო მომხმარებლებმა შეუწყვეს ხელი, 2019 წლის მანძილზე სომხეთში რეალური ხელფასები 3.5%-ით და მომხმარებელთა კრედიტების რაოდენობა კი 40 %-ით გაიზარდა.

 4. ფისკალური ანგარიშების გადაჭარბებით შესრულებამ მნიშვნელოვნად განაპირობა ეკონომიკური ზრდა.

  • მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა საგადასახადო შემოსავლები, რაც გამოწვეული იყო რეგისტრირებულ დასაქმებულთა რაოდენობის ზრდით.
  • ამასთან ვერ მოხდა დადგემილი ხარჯების, განსაკუთრებით, მსხვილი სახელმწიფო  ხარჯების გამოყენება.

2. ევრაზიის ეკონომიკური კავშირის გავლენა სომხეთის ეკონომიკაზე 

სომხეთი ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში 2015 წელს გაწევრიანდა. ევრაზიის ეკონომიკური კავშირი რუსეთის ეგიდით მოქმედებს და მოიცავს სომხეთს, ბელარუსს, ყაზახეთს და ყირგიზეთს. ორგანიზაციის მიზანი მის წევრ ქვეყნებს შორის ერთიანი ბაზრის შექმნაა, რაც მუშახელის, საქონლის, მომსახურებისა და კაპიტალის თავისუფალ გადაადგილებას მოიცავს. 

  • ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრობის გამო, სომხეთმა უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე

    უნდა აღინიშნოს, რომ  2013 წელს სომხეთმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებები შეწყვიტა, რის ძირითადი მიზეზადაც  ქვეყნის ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში შესვლის გადაწყვეტილება დასახელდა. 

    იქიდან გამომდინარე, რომ ასოცირების ხელშეკრულება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმებასაც ითვალისწინებს (DCFTA) სომხეთი DCFTA-ს წევრი არ არის და  შესაბამისად DCFTA-სგან სარგებელს ვერ იღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სომხური პროდუქცია ევროპის უმსხვილეს ბაზარზე საბაჟო მოსაკრებლის გარეშე ვერ გავა.

    აშშ-ის შემდეგ ევროკავშირის ბაზარი მსოფლიოს რიგით მეორე ყველაზე მსხვილი ბაზარია, რომელიც 500 მილიონ მომხმარებელს აერთიანებს და $19 ტრილიონამდე მთლიან შიდა პროდუქტს ითვლის. შედარებისთვის, ევრაზიული საბაჟო კავშირში 180 მილიონი მომხმარებელია, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტი $1.8 ტრილიონია.

ეკონომისტების პროგნოზით, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის მიერ დაწესებული შეზღუდვა იმპორტირებულ საქონელზე, სომხეთში პროდუქტის ფასების ზრდას გამოიწვევს. 2020 წლის 1 იანვრიდან სომხეთში ახალი საბაჟო გადასახადები ამოქმედდა იმპორტირებულ საქონელზე. კერძოდ, საბაჟო გადასახადებმა მოიმატა 700-ზე მეტი დასახელების პროდუქტზე, რომელიც  ევრაზიის ეკონომიკური კავშირის არაწევრი სახელმწიფოებიდან სომხეთში უნდა შევიდეს.

სომხეთის ეკონომიკის სამინისტროში ვარაუდობენ, რომ კურსების ცვლის გავლენა ინფლაციაზე ნახევარ პროცენტი იქნება, თუმცა ადგილობრივი ექსპერტები სკეპტიკურად არიან განწყობილნი და ამბობენ, რომ  ფასების ზრდა გარდაუვალია.

აღნიშნული ცვლილება სომხეთში სავარაუდოდ  შინაური ფრინველისა, მსხვილფეხა საქონლის ხორცის ,ზეთის, კარაქის, ბრინჯის, რძის პროდუქტების და წამლების ფასს გაზრდის, რადგან ამ პროდუქთა დიდი ნაწილის იმპორტი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის არაწევრი ქვეყნებიდან ხდება. ასევე მოსალოდნელია სომხეთში მესამე ქვეყნებიდან შემოტანილი ავტომობილების ფასის  ზრდა, რადგან,აღნიშნული რეგულაციის გამო მათი განბაჟების თანხა რამდენჯერმე გაიზარდა.

ეკონომისტი ვააგან ხაჩატურიანი Jam News-თან  ამბობს, რომ საბაჟო გადასახადების გაძვირება არამხოლოდ რეგულაციით განსაზღვრული პროდუქტის ფასების ზრდას გამოიწვევს, არამედ, ამოქმედდება მულტი ეფექტი. ანუ, გარკვეული პროდუქციის გაძვირება, სხვა საქონლის ფასის ზრდასაც მოიტანს შედეგად.

ხაჩატურიანი: „ეს ყველაფერი ნეგატიურ გავლენას მოახდენს ჩვენს მოქალაქეებზე. ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებში საბაჟო გადასახადები  2,7-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე სომხეთში. ასევე აღვნიშნავ, რომ ევრაზიულ კავშირში შესვლამდე სომხეთში ღია კარის პოლიტიკა მოქმედებდა, როდესაც გადასახადები ხუთ-ათ პროცენტს არ აჭარბებდა“.   

წყაროს შესახებ

Facebook გვერდი „აზიმუტი” 2017 წლის 19 დეკემბერს შეიქმნა. ორგანიზაციის შესახებ ინფორმაციაში გვერდს მითითებული აქვს, რომ ის ემსახურება სამხედრო ანალიტიკურ მიმართულებას და უსაფრთხოების საკითხების ირგვლივ მოსახლეობის ინფორმირებას. ფეისბუკის თანახმად, გვერდი იმართება, საქართველოდან, საფრანგეთიდან და  რუსეთიდან. რუსეთიდან ადმინისტრატორის ლოკაცია პერიოდულად იცვლება.

მოამზადა მარიამ თოფჩიშვილმა,
მედიაწიგნიერების ლაბორატორიის რეგიონული ქსელის წევრი

პროფილები: