კონფლიქტები

რატომ ადანაშაულებს ემზარ კვიციანი აფხაზეთის კონფლიქტში რუსეთის ნაცვლად საქართველოს ხელისუფლებას?

4 ივნისი, 2020

2020 წლის 2 მაისს ანტილიბერალურმა Facebook გვერდმა „კარდჰუმ“ გამოაქვეყნა “პატრიოტთა ალიანსის” წევრის ემზარ კვიციანის ციტატა, რომლის თანახმადაც 1994 წელს “საქართველოს, რუსეთს, აფხაზურ მხარესა და გაეროს შორის” დადებული “ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება” საქართველოს დამარცხებულ მხარედ ცნობდა. მისი თქმით, კოდორის ხეობის შენარჩუნება ადგილობრივი აჯანყებულების მეშვეობით მოხერხდა, რომელსაც კვიციანი ლიდერობდა. 

"

აღნიშნული ციტატა არის ამონარიდი 11 მაისს ულტრა-ნაციონალისტური გვერდის „ალტ-ინფოს“ FB Live-ში ემზარ კვიციანის მიერ გაკეთებული კომენტარიდან, სადაც იგი კოდორის ხეობის დაკარგვის ისტორიაზეც ისაუბრა.

ემზარ კვიციანი: „ეს იყო ოთხმხრივი შეთანხმება, მოსკოვის 1994 წლის 14 მაისის შეთანხმება, შეთანხმებას ხელი მოაწერა: აფხაზებმა, ქართველებმა, რუსებმა და გაეროს მისიამ, ყველას თავთავისი ვალდებულებები ქონდა, ჩვენ ხელი რო მოეწერა მაგას ეს იყო უბრალოდ კაპიტულაცია, იმიტომ რომ არცერთი შეიარაღებული დაჯგუფება არ უნდა დარჩენილიყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრებში ქართული მხრიდან, მაგრამ ჩვენ ამას ხელი ავუკარით.“

იგივე თემა კვიციანმა 17 მაისს TV პალიტრანიუსის გადაცემა “პოლიტ-ქალაქში” განაგრძო, სადაც განაცხადა, რომ მისივე ლიდერობით ჩამოყალიბებული შეიარაღებული ჯგუფის “მონადირის” გასანეიტრალებლად 2006 წელს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციით დაირღვა 1994 წლის შეთანხმება, რომელიც ხეობაში ჯარის შეყვანას კრძალავდა. 

ემზარ კვიციანი: “...როდესაც მთელ მსოფლიოს უნდოდა, რომ დაშლილიყო საქართველო, გაეროდან დაწყებული, აბსოლუტურად მთელ მსოფლიოს... ამერიკამ ხელი შეუწყო სააკაშვილს, ოქრუაშვილს იმაში, რომ შემოსულიყვნენ ხეობაში, დაერღვიათ ოთხმხრივი მოლაპარაკება, რომელიც მოსკოვის შეთანხმება იყო, იმ ოთხმხრივ მოლაპარაკებაში მარტო რუსები და ქართველები არ იყვნენ, იქ იყო გაერო ხელმომწერი, აფხაზები, რა თქმა უნდა ქართელები და რუსებიც. აი, ეს ოთხმხრივი შეთანხმება უნდა ყოფილიყო გაუქმებული და მერე შემობრძანებულიყვნენ, რასაც მე ვითხოვდი, მაგარ არ გააკეთეს... კოდორის ოკუპაციამდეა ლაპარაკი, 2006 წელი, რომელმაც ოკუპაციას გაუხსნა გზა და ლეგიტიმაცია მისცა რუსებს…”

ემზარ კვიციანის განცხადებები 1994 წლის 14 მაისის შეთანხმებაზე ერთდროულად დეზინფორმაციულიც არის და მანიპულაციურიც. 1. 1994 წლის შეთანხმებაში არ არის ჩანაწერი, რომელიც რომელიმე მხარეს დამარცხებულებად ან გამარჯვებულებად აღიარებს; 2. 2006 წლის 25 ივლისის სპეცოპერაცია ქართული მხარის მიერ კონტროლირებად კოდორის ხეობაში ჩატარდა, სადაც არა სამხედრო დანაყოფები, არამედ პოლიციის ძალები მართლწესრიგის აღსადგენად  შევიდნენ. 

ფაქტი 1. 1994 წლის 14 მაისის შეთანხმებაში ჩანაწერი, რომელიც რომელიმე მხარეს დამარცხებულებად ან გამარჯვებულებად აღიარებს, არ არის

1994 წლის 14 მაისს მოსკოვში გაეროს ეგიდით მიღწეულ იქნა შეთანხმება საქართველოსა და აფხაზურ მხარეს  შორის ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ, რომლის თანახმადაც კონფლიქტის მონაწილე მხარეები ვალდებულებას იღებდნენ, უარი ეთქვათ ერთმანეთის წინააღმდეგ მიმართულ ყველანაირ სამხედრო მოქმედებაზე.

“მხა­რე­ე­ბი გა­ნუხ­რე­ლად და­ი­ცა­ვენ ცეც­ხ­ლის შეწ­ყ­ვე­ტის პირობას ხმე­ლეთ­ზე, ზღვა­სა და სა­ჰა­ე­რო სივ­რ­ცე­ში და თავს შე­ი­კა­ვე­ბენ ერ­თ­მა­ნე­თის წი­ნა­აღ­მ­დეგ ყვე­ლა სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბი­სა­გან,”  - ნათქვამია შეთანხმებაში.

შეთანხმების ტექსტში არ არის ნახსენები სიტყვები “გამარჯებული მხარე” ან “დამარცხებული მხარე” და ეს მხოლოდ ემზარ კვიციანის ინტერპრეტაციაა.  

ფაქტი 2. 2006 წლის 25 ივლისის სპეცოპერაცია ქართული მხარის მიერ კონტროლირებად კოდორის ხეობაში ჩატარდა, სადაც არა სამხედრო დანაყოფები, არამედ მართლწესრიგის აღსადგენად პოლიციის ძალები შევიდნენ 

1994 წლის შეთახმება მხარეებს ავალდებულებს, თავი შეიკავონ ერთმანეთის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დაწყებისაგან. 2006 წლის 25 ივლისის სპეცოპერაცია კოდორის ხეობაში არ შეიძლება ჩაითვალოს სამხედრო ოპერაციად. კოდორის ხეობაში შსს-ს ძალები არა აფახაზური მხარის წინააღდმეგ, არამედ ემზარ კვიციანის უკანონო ფორმირების გასანეიტრალებლად იყო მიმართული. 

ემზარ კვიციანი 2004 წლამდე კოდორის ხეობაში საქართველოს ექს-პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის წარმომადგენელი იყო, თუმცა, ეს თანამდებობა 2004 წლის დეკემბერში გაუქმდა. კვიციანი ხელმძღვანელობდა დაახლოებით 400 ადამიანისაგან შემდგარ გასამხედროებულ ჯგუფ "მონადირეს“, რომელიც 2002 წელს თავდაცვის სამინიტროს დაქვემდებარებაში შევიდა, თუმცა, 2005 წელს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა შენაერთი დაშლილად გამოაცხადა

2006 წლის 22 ივლისს ემზარ კვიციანმა საქართველოს ხელისუფლებას კოდორის ხეობიდან დაუმორჩილებლობა გამოუცხადა და გააფრთხილა, რომ წინ აღუდგებოდა მისი დაჯგუფების განიარაღების ნებისმიერ მცდელობას. 

2006 წლის 25 ივლისს, საქართველოს მთავრობამ ქართული მხარის მიერ კონტროლირებად კოდორის ხეობაში საპოლიციო სპეცოპერაცია დაიწყო. შეიარაღებულმა ფორმირება „მონადირემ “ პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც დაიჭრა შსს-ს 2 თანამშრომელი, ხოლო  ემზარ კვიციანმა თავი რუსეთის ფედერაციას შეაფარა. 

რუსეთის პირველ არხთან ინტერვიუში, ემზარ კვიციანი საქართველოს ხელისუფლებას სპეცოპერაციისას დაქირავებული მკვლელების გამოყენებაში ადანაშაულებდა. მისი თქმით, ამ პროცესში ამერიკელებიც მონაწილეობდნენ, რადგან მან სპეცოპერაციის ერთ - ერთ მონაწილეს  ნიღაბი ჩამოგლიჯა და ის შავკანიანი აღმოჩნდა. 

2018 წელს ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში კვიციანმა აღიარა, რომ რუსულ მედიასთან საუბარში კოდორის 2006 წლის მოვლენების თაობაზე ტყუილ ინფორმაციას ავრცელებდა.

1994 წლის შეთანხმებას რუსეთი და აფხაზური მხარე უკვე წლებია არღვევენ. მაგალითად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჯერ კიდევ 2000 წლის 13 ნოემბერს გააკეთა სპეციალური განცხადება 8-9 ნოემბერს აფხაზური მხარის "სამხედრო ძალების" მიერ შეზღუდული შეიარაღების ზონაში მძიმე ტექნიკის გამოყენებითა და სარაკეტო გასროლების წარმოებით წვრთნების ჩატარებასთან დაკავშირებით. 


მოამზადა ლიკა ბუჩუნტელმა
მითების დეტექტორის ლაბორატორია