სხვადასხვა

რატომ სურთ გამოკითხვაში მონაწილე სან-ფრანცისკოელებს ქალაქის დატოვება?

12 ივლისი, 2021

8 ივლისს ტელეკომპანია ალტ-ინფოს ვებ-გვერდ altinfo.org-ზე გამოქვეყნდა მასალა შემდეგი სათაურით: “კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 40%-ს სურს დატოვოს გეი მეგობრული ქალაქი სან-ფრანცისკო, რომელსაც აფროამერიკელი მერი მართავს”. სათაური ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს მოქალაქეების მხრიდან სან-ფრანცისკოს დატოვების სურვილის მიზეზი ისაა, რომ ქალაქი “გეი მეგობრულია” და “აფროამერიკელი მერი” ჰყავს.

;
altinfo.org-ის სათაური შეცდომაში შემყვანია, რადგან გამოკითხულთა სურვილს, დატოვონ სან-ფრანცისკო არაფერი აკავშირებს ქალაქის “გეი მეგობრულობასთან” და იმასთან, რომ მას “აფროამერიკელი მერი” ჰყავს. გამოკითხვაში მონაწილეები ქალაქის შესაძლო დატოვების მთავარ მიზეზებად უსახკლარობას და კრიმინალის გაზრდილ დონეს ასახელებენ.

altinfo.org-ზე გამოქვეყნებული მასალის სათაური მანიპულაციური და შეცდომაში შემყვანია, გარდა ამისა, ის სიძულვილის გაღვივებასაც უწყობს ხელს. უშუალოდ მასალის ტექსტი კიდევ ერთხელ იმეორებს სათაურში გამოთქმულ ფრაზას და ხაზს უსვამს, რომ სან-ფრანცისკოს “გეი-მეგობრულია” და აფროამერიკელი მერი ჰყავს, ამის შემდეგ კი ტექსტში უკვე წერია, თუ რატომ სურს გამოკითხვაში მონაწილეთა 40%-ს ქალაქის დატოვება.

altinfo.org-ზე გამოქვეყნებული მასალის წყარო გამოცემა Blaze Media-ა. გამოცემას ალტინფოსგან განსხვავებული, ნეიტრალური სათაური აქვს და გამოკითხულთა მხრიდან სან-ფრანცისკოს დატოვების სურვილის რეალურ მიზეზებს, უსახლკარობასა და კრიმინალს, უსვამს ხაზს.

;
როგორც CBS San Francisco წერს, გამოკითხვა სან-ფრანცისკოს სავაჭრო პალატაიმ სან-ფრანცისკოს 500-ზე მეტ მცხოვრებში ჩაატარა. გამოკითხვაში მონაწილეების 80% მიიჩნევს, რომ ბოლო წლებში კრიმინალური მდგომარეობა გაუარესდა, 70%-ის აზრით, გაუარესდა ცხოვრების დონეც, ხოლო 88% უსახლკარობის პრობლემის გამწვავებაზე საუბრობს. გარდა ამისა, 76%-ს მიაჩნია, რომ კრიმინალის დონის გაზრდასთან ერთად ქალაქში პოლიციელების რიცხვის გაზრდა პრიორიტეტი უნდა იყოს.

ალტინფოს მიერ ამ ამბისთვის შერჩეული სათაური, რომელშიც სექსუალურ ორიენტაცია და რასა ხაზგასმულია, სიძულვილის გაღვივებას უწყობს ხელს. საქართველოს ჟურნალისტური ქარტიის სიძულვილის ენასთან ბრძოლის სახელმძღვანელო წესებში აღნიშნულია, რომ  ჟურნალისტის მხრიდან რომელიმე იდენტობაზე უარყოფით კონტექსტში ხაზგასმა მხოლოდ იმ შემთხვევაშია მიზანშეწონილი, თუ ეს დეტალი ჟურნალისტურ მასალას მნიშვნელოვან და ღირებულ დამატებით ინფორმაციას სძენს, სხვა შემთხვევაში რომელიმე იდენტობის დაკონკრეტება სტიგმატიზებისა და სტერეოტიპების გაღრმავების რისკს აჩენს.

ადამიანთა წარმოშობის, რელიგიის, სექსუალური ორიენტაციის, გარეგნობის თუ სოციალური მდგომარეობის უარყოფით კონტექსტში ხაზგასმა მხოლოდ მაშინ არის რეკომენდებული, თუ მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, მაგალითად თუ თავს დაესხნენ, გახდა დისკრიმინაციის მსხვერპლი ანდა აგრესიის ობიექტი სწორედ ამ ნიშნის (რელიგია, წარმოშობა, მრწამსი და ა.შ.) გამო.

11 ივლისს ჰოსტინგ კომპანიისთვის მიმართვის საფუძველზე, რომელიც მიზეზად სიძულვილის ენის გამოყენებასა და აგრესიისკენ მოწოდებას ასახელებდა, ჰოსტინგის Abuse განყოფილებამ ალტ-ინფოს საიტის გათიშვის გადაწყვეტილება მიიღო.


მოამზადა მარიამ ტალახაძემ


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

პროფილები: