პოლიტიკა

როდის დაწვეს “ქართული ოცნების” დროშები - საარჩევნოდ თუ “გავრილოვის ღამის” შემდეგ?

26 ოქტომბერი, 2020

2020 წლის 25 ოქტომბერს ფეისბუკ გვერდმა ,,ყოველდღიური მოვლენები” გააზიარა ფოტო, წარწერით: “ჭიათურა დღეს!” ფოტოზე ჩანს, თუ როგორ წვავენ ქართული ოცნების დროშებს. ფოტოს აღწერიდან და ვიზუალიდან გამომდინარე, იქმნება შთაბეჭდილება, რომ აღნიშნული ვიზუალი მიმდინარე მოვლენას ასახავს. ფოტოს ბოლო მონაცემებით, 700-მდე გაზიარება და 1 500-მდე რეაქცია აქვს. 

"

,,ყოველდღიური მოვლენების” მიერ გაზიარებული პოსტი ფოტომანიპულაციაა, რადგან ის რეალურად არა ჭიათურაში, არამედ თბილისში, რუსთაველის გამზირზეა გადაღებული და ის პირველად 2019 წლის 21 ივნისს  ე.წ. ,,გავრილოვის ღამის” მოვლენების პროტესტთან დაკავშირებით გამოვეყნდა. წინასაარჩევნოდ 2019 წლის ფოტოს მანიპულაციურად გამოქვეყნება ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მმართველი პარტიის მიმართ პროტესტს ჭიათურაში ახლა აქვს ადგილი.

აღნიშნული ფოტო პირველად liberali.ge-ზე 2019 წლის 21 ივნისს გამოაქვეყნდა. საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ფოტო 20 ივნისს დაწყებული აქციის გაგრძელებას ასახავს, სადაც მოქალაქეები რუსული დელეგაციის ვიზიტსა და ოკუპაციას აპროტესტებდნენ. 

იდენტური კადრი ოღონდ სხვა რაკურსით გამოაქვეყნა საიტმა globalpress.ge, კადრებში პროტესტის ერთი და იგივე მონაწილეები ჩანან. საიტზე ნათქვამია, რომ რეალურად ეს მოვლენა რუსთაველის გამზირზე ხდება. 

"

2019 წლის 20 ივნისს მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიაზე რუსეთის სახელმწიფო დუმის კომუნისტი დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის ადგილის დაკავებას ჯერ საპარლამენტო ოპოზიციის, შემდეგ კი პარლამენტის წინ საქართველოს მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა. სამართალდამცავების მიერ აქციის პირველ დღეს მომიტინგეების ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ კი ანტისაოკუპაციო აქციებმა, სახელწოდებით "სირცხვილია” პერმანენტული სახე მიიღო. აქციის მონაწილეები მათი მესამე მოთხოვნის - შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებოიდან გადაყენებას ითხოვენ, რაც 20 ივნისს ძალის გამოყენებით აქციის დაშლას უკავშირდებოდა. 

გაზიარება სხვა ჯგუფებში

გარდა ,,ყოველდღიური მოვლენებისა” აღნიშნული ფოტო სხვა ფეისბუკ გვერდებსა და ჯგუფებშიც გაზიარდა. მათ შორის არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის - მხარდამჭერთა ჯგუფი, სადაც მას 350-მდე გაზიარება აქვს და ახლავს წარწერა: ,,ჭიათურა დღეს დაწვეს ოცნების დროშები საქართველო იღვიძებს !! გამარჯვებამდე რჩება 5 დღე”. სწორედ აღნიშნული ჯგუფიდან გააზიარა ფოტო გვერდმა  ,,დუშეთი.ძალა ერთობაშია”

"

"

გვერდების შესახებ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის - მხარდამჭერთა ჯგუფი,რომელშიც ამჟამად 1 500-მდე მომხმარებელია გაწევრიანებული, ღიად მიუთითებს თავის პოლიტიკურ მიკუთვნებულობასა და მიზნებს. ნაციონალური მოძრაობასთან არის დაკავშირებული გვერდი ,,დუშეთი.ძალა ერთობაშია”. 

რაც შეეხება ,,ყოველდღიურ მოვლენებს”, გვერდს მითითებული აქვს, რომ ის საინფორმაციო დანიშნულებით 2018 წელს შეიქმნა, თუმცა  გავრცელებული ნარატივები და კონტექსტი მიუთითებს, რომ გვერდი მხარს უჭერს ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” და აქტიურად აზიარებს ,,ქართული ოცნების” საწინააღმდეგო მასალებს. ““”ყოველდღიურმა მოვლენებმა” 22 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გაყალბებული ციტატა გამოაქვეყნა.


მოამზადა გვანცა დევიძემ