როგორ და რატომ გახდა მიმზიდველი Parler-ის პლატფორმა რადიკალური ჯგუფებისთვის?

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

3
VIEWS

იმ ფონზე, როდესაც სამი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი – YouTube, Facebook და Twitter ექსტრემიზმისა და დეზინფორმაციის გავრცელების შესაჩერებლად სხვდასხვა ზომის მიღებას აგრძელებენ, ელექტრონულ სივრცეში გაჩნდა პლატორმა Parler (პარლერ), რომელმაც რადიკალური მემარჯვენე ინტერნეტ მომხმარებლებისთვის სასათბურე პირობები შექმნა.

პლატფორმა 2018 წელს  ჯონ მაცის მიერ შეიქმნა და განსაკუთრებით პოპულარული აშშ-ს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გახდა. მისი პოპულარობის ძირითადი მიზეზი ის არის, რომ რადიკალურ მემარჯვენე აქტივისტებს პარლერზე  საკუთარი იდეების გაზიარება შეუზღუდავად შეუძლიათ, რადგან სხვა პლატფორმებისგან განსხვავებით, აქ არ მოქმედებს რეგულაციები სიძულვილის ენასა და ყალბი ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით.

სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით,  ვებ-გვერდი ექსტრემისტული ჯგუფების და კონსპირაციის თეორიების ავტორების თავშესაფარად იქცა, რომლებიც ახლა პლატფორმას საკუთარი იდეების გასავრცელებლად იყენებენ. პლატფორმის მომხმარებელთა რაოდენობა 2020 წლის დასაწყისამდე მცირე იყო და 1 მილიონზე ნაკლებს შეადგენდა, ნოემბერში კი მისი მომხმარებელთა რიცხვი სწრაფად გაიზარდა და 10 მილიონს მიაღწია. თუმცა აღსანიშნავია, რომ ის კვლავ ბერვად ჩამორჩება ყველაზე პოპულარული სოც ქსელის, Facebook– ის მონაცემებს, რომელსაც 2.7 მილიარდი მომხმარებელი ჰყავს.

რა ხდება პარლერის შიგნით?

ერთი შეხედვით პლატფორმაზე გადასვლილსას ყველაფერი რიგზეა, პარლერის “ჩემ შესახებ” სექციაში ვკითხულობთ, რომ:

“ჰენდერსონში, ნევადას შტატში დაფუძნებული Parler წარმოადგენს იმ პრობლემების გადაჭრის გზას,  რომელიც ბოლო წლებში სხვადასხვა ინტერეს-ჯგუფების გავლენის შედეგად  Big Tech-ის  პოლიტიკაში გაჩნდა.  Parler შექმნილია კონფიდენციალურობისა და პირადი მონაცემების, სიტყვის თავისუფლების, თავისუფალი ბაზრის და ეთიკური, გამჭვირვალე კორპორატიული პოლიტიკის პატივისცემის საფუძველზე.”

თუმცა, პლატფორმაზე განსხვავებული გარემოა შექმნილი. ამ პროცესებზე დასაკვირვებლად პლატფორმაზე ანგარიში მეც შევქმენი და რამდენიმე მოქმედ ანგარიშს დავაკვირდი.

პირველ რიგში აღსანიშნავია ის, რომ პლატფორმაზე რეგისტრაციისას როგორც ელექტრონული ფოსტა, ასევე მობილური ტელეფონის ნომერია საჭირო, პერსონალური ინფორმაციის შეყვანის შემდეგ კი პლატფორმა თავად გთავაზობთ იმ ინფლუენსერების სიას, რომლებიც ყველაზე აქტიურები არიან პლატფორმაზე. ჩემს შემთხვევაში შემოთავაზებული სია ასე გამოიყურებოდა.

;;

აღნიშნული სიიდან ნათელი ხდება, რომ პლატფორმით სარგებლობენ ისეთი ადამიანები, როგორებიც არიან კონსერვატიული პოლიტიკური კომენტატორი შონ ჰანიტი, რომელიც საზოგადოებას Twitter- დან გამოსვლისკენ მოუწოდებდა; კონსერვატიული თოქ შოუს წამყვანი მარკ ლევინი, რომლის ფეისბუქის ანგარიში ცოტა ხნის წინ ”ცრუ ამბების განმეორებით გაზიარებისთვის” შეიზღუდა.

ამის გარდა, პლატფორმაზე შეხვედბით ინტერნეტ მომხმარებელს “Diamond and Silk”, რომელიც ფეისბუქმა 2018 წელს საფრთხისშემცველი შინაარსის მქონე მასალის გაზიარებისთვის გააუქმა;  ინფლუენსერს  დინეშ დ’სოუზას, რომელსაც Vox Media “ამერიკის უდიდეს კონსერვატიულ ტროლს” უწოდებს და ისეთ პოლიტიკოსებს, როგორებიც არიან სენატორი ტედ კრუზი, წარმომადგენელი დევინ ნუნესი და სხვა.

პლატფორმაზე აქტიურობენ ისეთი ექსტრემისტული მოძრაობებიც, როგორებიცაა QAnon და Boogaloo. ცნობისთვის QAnon-ის მოძრაობის მხარდამჭერები იმ ადამიანებს შორის იყვნენ, ვინც 6 იანვარს აშშ-ს კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრა. Boogaloo კი რადიკალური მემარჯვენე აქტივისტებით დაკომპლექტებული მოძრაობაა, რომელიც ანტისახელისუფლებო განწყობების გაღვივებითა და სამოქალაქო არეულობის მოწოდებებით გამოირჩვა.

უნდა ვახსენოთ ისიც, რომ პლატფორმის შიგნით განსხვავებულია ინსტრუმენტებიც, მაგ ე.წ. Retweet-ს ეწოდება “ექო”, მოწონებას ეწოდება “ხმები”, პარლერის აქტიური მომხმარებლები კი იღებენ ყვითელ ნიშანს p-ს გამოსახულებით, რომელიც ადასტურებს, რომ ანგარიში ოფიციალურია და ვერიფიცირებულ ინფლუენსერს ეკუთვნის. პარლერზე პოსტის შექმნისას 1000 სიმბოლოს ლიმიტია დაწესებული, დაპოსტვის შემდეგ კი შეგიძლიათ თვალი ადევნოთ, რამდენმა ადამიანმა ნახა თქვენი პოსტი.

;

რომელი საკითხებია აქტუალური პარლერზე?

აპლიკაციაში შეზღუდვების არ არსებობამ ის თითქოს სარკისებურ სივრცედ აქცია, რადგან როდესაც მაგალითად დეზინფორმაციული პოსტი Twitter-ზე იპოსტება და გადამოწმების შემდეგ ინიშნება, როგორც ყალბი ინფორმაცია,  ხშირად ის  ხელახლა იპოსტება  პარლერზე. მსგავსი მექანიზმით მუშაობენ მომხმარებლებიც, რომლებიც სხვა პლატფორმებზე იბლოკებიან ან მათი ანგარიში უქმდება, ისინი  მალევე პარლერზე ჩნდებიან.

პლატფორმაზე განსახილველ თემებს შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური აშშ-ს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებია. მეინსტრიმ სოციალურ მედიაში არჩევნებში ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა,  თუმცა, პარლერზე ითვლება, რომ არჩვნებში დონალდ ტრამპია გამარჯვებული, უბრალოდ მისი გამარჯვება ბოროტმოქმედთა ფართო ალიანსმა მოიპარა, მათ შორის დემოკრატებმა და ე.წ.  “deep state-მა. ფაქტობრივად საიტი ხელს უწყობს სხვდასხვა საკითხის გარშემო უფსკრულის გაღმავებას და საზოგადოების პოლარიზებას.

პლატფორმაზე ასევე შეხვედბით რასიზმის და ანტისემინიტიზმის გამოვლინებას, აქტუალურია ისეთი ჰაშთეგები, როგორებიცაა #ჰიტლერი მართალი იყო და სხვა.

;

პარლერი თავად  არღვევს მის მიერ დაწესებულ წესებს

მიუხედავად პლატფორმაზე არსებული თავისუფალი სივრცისა, პარლერში რამდენიმე წესი მაინც არსებობს: 1. პოსტი არ უნდა იყოს კრიმნალური შინაარსის 2. აკრძალულია სპამ შეტყობინებები.

თუკი ამ ორ წესს დაიცავთ, თქვენ შეგიძლიათ დაპოსტოთ ის, რაც გსურთ, რადგან პლატფორმის დევიზიც სწორედ ის არის, რომ ”არ შეგეშინდეთ  “დეპლატფორმირების” თქვენი აზრების გამო.”

მიუხედავად ამისა, აშშ-ში საპრეზიდენტო კამპანიის მიმდინარეობისას  პარლერის მომხმარებლები რეგისტრაციიდან მალევე იღებდნენ შეტყობინებას ტრამპის კამპანიის ოფიციალური ანგარიშისგან, რომლის სახელიცაა “ტრამპის გუნდი” – Team Tramp. შეტყობინებაში ეწერა:

”მოგესალმებით პარლერზე! დაგვეხმარეთ, რომ ამერიკა ისევ დიდებული გავხადოთ, დააჭირეთ ქვემოთ მოცემულ ბმულს. დარწმუნდით, რომ გაგზავნეთ ტექსტი ტრამპ 88022 – ზე!

;
წყარო: wired.com

იქიდან გამომდინარე, რომ სპამის კლასიკური განმარტება არის ”ელექტორნული შეტყობინება გაგზავნილი მრავალი ადრესატისთვის, რომლებსაც მათი მიღება არ მოუთხოვიათ”, Team Trump-ის მიერ გაგზავნილი კომენტარები შეიძლება სპამად ჩაითვალოს. მიუხედავად ამისა, პარლერს აღნიშნიშნული ანგარიში არ დაუბლოკავს და მას 3.1 მილიონი მიმდევარი ჰყავს.

;

ამის გარდა, მემარცხენეები და ლიბერალები ამბობენ, რომ მათი ანგარიშები აპლიკაციაში იმ შინაარსის გამო დაიბლოკა, რომელსაც იქ არსებული კონსერვატიული მომხმარებლები  არ ეთანხმებიან. პოსტის გასაჩივრების პროცედურა ასეთია: წესების დარღვევის  შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, კონტენტი  “ჟიურის პორტალს” განსახილველად ეგზავნება. ჟიური შედგება “მოხალისე, ვერიფიცირებული მომხმარებლებისგან,” რომლებიც პარლერის რეგულარულ ტრენინგებში მონაწილეობენ.

თუ პარლერის “წესები დაარღვიეთ,” მიიღებთ შეტყობინებას და მოგენიჭებათ  ერთი „დარღვევის ქულა“, ხოლო თუ მომხმარებელი 90 დღეში 20-ზე მეტი დარღვევის ქულას მიიღებს, პლატფორმიდან ამოიშლება.

წესებთან დაკავშირებით არსებული ორმაგი სტანდარტები კიდევ უფრო გვაფიქრებს იმაზე, რომ პლატფორმა რეალურად არა სიტყვის თავისუფლების, არამედ ულტრა-მემარჯვენე ბლოგერებისთვის, რადიოწამყვანებისა და აქტივისტებისთვის შეიქმნა, როგორც სივრცე საკუთარი მოსაზრებებისა და კონსპირაციის თეორიების დაბრკოლებების გარეშე გასავრცელებლად.

პარლერის მომავალი

როგორ განვითარდება მოვლენები პარლერთან დაკავშირებით დამოკიდებულია იმაზე, თუ რას იზამენ  მისი მომხმარებლები მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში. შეძლებს თუ არა კომპანია ახალი მომხმარებლების მოზიდვას თუ მისი წევრები ნელ-ნელა დაბრუნდებიან უფრო დიდ პლატფორმებზე?

აღნიშნული კითხვის პასუხზე ფიქრისას უნდა გავიხსენოთ ისიც, რომ ამ დრომდე სხვა ძირითადად ულტრა-მემარჯვენე პლატფორმები, განსაკუთრებით GAB, ასევე ემსახურებოდა  ძალადობრივი იდეოლოგიის მქონე ჯგუფებს, მათ შორის იყვნენ ძალადობრივი ულტრა მემარჯვენე იდეოლოგიის მქონე სამხედროები და მასობრივი მსროლელი რობერტ ბაუერსი. ბაუერსი ანტისემიტური და ძალადობრივისი შინაარსის პოსტებს აქვეყნებდა GAB-ში, რის შემდეგაც მასობრივი სროლა მოაწყო პიტსბურგში, სინაგოგაში.

ამგვარად, ონლაინ ექსტრემიზმიზმის და სიძულვილის ლეგიტიმაციამ შეიძლება ძალადობრივი ქმედება რეალურ ცხოვრებაშიც წაახალისოს. პარლერის ტოლერანტობა სიძულვილის, ფანატიზმისა და ძალადობრივი მოძრაობებისადმი აჩენს შესაძლებლობას, რომ GAB-ის მსგავსად, ძალადობრივი ქმედებების სტიმულირება პარლერის მომხმარებლებშიც მოხდეს.

ამ მხივ საინტერესოა ისიც, რომ  9 იანვარს  Amazon-მა, Apple-მა და Google-მა  პარლერის აპლიკაცია საკუთარი აპლიკაციების მაღაზიიდან აკრძალეს, პლატფორმაში კაპიტოლიუმზე თავდასხმის გარშემო გავრცელებული ძალადობრივი შინაარსის მქონე ინფორმაციის გამო. კომპანიები აცხადებენ, რომ აპლიკაციას მხოლოდ მაშინ დააბრუნებენ საკუთარ მაღაზიაში, როდესაც პარლერი საკუთარი სერვისის უკეთ მოდერირებას შეძლებს.


სტატია გამოქვეყნდა #FIGHTFAKE პროექტის ფარგლებში, რომელიც MDF-ისა და მისი პარტნიორი ორგანიზაცია Deutsche Gesellschaft e.V.-ის მიერ ხორციელდება


პროექტის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის, იხილეთ ბმული

 

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist