სხვადასხვა

როგორ გააყალბა ანტი-პარადოქსმა სერიალი Lindenstraße რელიგიური გრძნობებით მანიპულაციის მიზნით?

3 ოქტომბერი, 2019

2019 წლის 1 ოქტომბერს ფეისბუქ გვერდმა “ანტი-პარადოქსი” გამოაქვეყნა ვიდეო სათაურით “როგორ ხდება ისლამის პროპაგანდა ბავშვებში, გერმანია.” ვიდეოში გერმანულ ენაზე ახალგაზრდა ქალი ბავშვს ისლამზე ესაუბრება, მუჰამედისა და ყურანის შესახებ ცნობებს აწვდის და ეუბნება, რომ დღეიდან ღმერთს ალაჰს დაუძახებენ. 

"

“ანტი-პარადოქსის” მიერ გავრცელებულ ვიდეოში თანდართული სუბტიტრები ავთენტურია, თუმცა გვერდი მას მანიპულაციურად ავრცელებს, თითქოს გერმანიაში ისლამის პროპაგანდა მიმდინარეობს. რეალურად, ვიდეო წარმოადგენს ნაწყვეტს გერმანული საკულტო სერიალიდან Lindenstraße, რომელიც ტელეარხ Das Erste-ს ეთერში 1985 წლიდან გადის, ეს კონკრეტული ეპიზოდი კი 2006 წლისაა. 

  • ვიდეო ამოჭრილია სერიალ Lindenstraße-ს 1084-ე სერიიდან, რომელიც ტელეარხ Das Erste-ს ეთერში 2006 წელს გავიდა

გერმანული საკულტო სერიალი Lindenstraße გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის Das Erste-ს ეთერში 1985 წლიდან გადის. ვიდეო კი ამონარიდია სერიალის 1084-ე ეპიზოდიდან “ისლამი”, რომელიც 2006 წლის 10 სექტემბერს გამოვიდა. სერიალის ერთ-ერთი გმირი ლიზა ჰოფმაისტერი მეუღლეს გაშორებული ახალგაზრდა ქალია, რომელიც მურატ დაგდელენზეა დანიშნული. მურატი ეთნიკურად თურქი და სეკულარული, ზომიერი მუსლიმია. მიუხედავად იმისა, რომ არც მურატი და არც მურატის ოჯახი ლიზას ისლამზე გადასვლას არ თხოვენ, ის თავად გადაწყვეტს, რომ დაქორწინების შემდეგ მურატის ოჯახში სრული ინტეგრაციისთვის საჭიროა, რომ თვითონაც მუსლიმი გახდეს. 

ლიზა ისლამით დღითიდღე უფრო ინტერესდება და მურატს მეჩეთში მასთან ერთად სალოცავად წასვლასაც კი სთავაზობს. თავად მურატი მეჩეთში რეგულარულად არ დადის და ლიზას ასეთი მონდომება ძალიან უკვირს.

ლიზა ისლამის შესახებ თავის შვილს, პაულსაც, რომელიც წინა ქორწინებიდან ჰყავს, ესაუბრება და ეუბნება, რომ ყველა ბავშვი მუსლიმია, შესაბამისად მხოლოდ ალაჰის სახელზე უნდა ილოცოს და მისი წესების მიხედვით იცხოვროს. 

"
Lindenstraße სერია 1084 - ლიზა და მურატი. წყარო: wdr.de

  • ვიდეო 2018 წელს ულტრანაციონალისტურმა ვებ-გვერდებმა ანტი-მუსლიმური პროპაგანდისთვის გამოიყენეს

2018 წლის დასაწყისში Lindenstraße-ს 1084-ე სერიიდან ლიზასა და მისი შვილის სცენა სუბტიტრებით აქტიურად ვრცელდებოდა ინგლისურენოვან ულტრანაციონალისტურ ვებ-გვერდებზე. მათი მტკიცებით, აღნიშნული ვიდეო იმის დამადასტურებელი საბუთი იყო, რომ გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის მთავრობა ამ ტიპის პროპაგანდით ცდილობდა გერმანელები ისლამის უპირატესობაში დაერწმუნებინა.

“უკვე ერთ ათწლეულზე მეტია გერმანია ტვინს ურეცხავს ბავშვებს, რომ გახდნენ მუსლიმები” - ამ სათაურით 2018 წლის 14 იანვარს გამოაქვეყნა სტატია ვებ-გვერდმა Voice of Europe, რომელსაც ქართული ულტრანაციონალისტური პლატფორმა “ალტ-ინფო” პირველწყაროდ ხშირად იმოწმებს . 

ნარატივს, თითქოს გერმანია ბავშვებს ისლამის მიღებისთვის ამზადებს, ასევე ავრცელებდნენ ცნობილი კონსპირაციული ვებ-გვერდის InfoWars-ის რედაქტორი პოლ ჯოზეფ უოტსონი, ულტრანაციონალისტური ვებ-გვერდები Politikstube და Jihad Watch.

  • როგორ ხსნის სერიალის სცენარისტი ლიზას ქცევას 1084-ე ეპიზოდში?

Snopes-ი Lindenstraße-ს 1084-ე სერიაზე სასაუბროდ სერიალის სცენარისტს მიხაელ მაისჰაიტს დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნული ეპიზოდის შინაარსი განმარტა. სცენარისტის თქმით, ლიზას სერიალში პრობლემური ისტორია აქვს, ბავშვობაში მას ცუდად ეპყრობოდნენ, ობოლთა თავშესაფარში იზრდებოდა და ერთხელ თავის დასაცავად ადამიანიც კი მოკლა. ის ბოროტი პერსონაჟი არ არის, თუმცა, როგორც სცენარისტი აღნიშნავს, “გოგონაა, რომელიც ყოველთვის უცნაურად იქცეოდა” და სოციალური საზღვრების მყარი აღქმა არ გააჩნია.

მურატის გაცნობის შემდეგ, ლიზა გადამეტებულად ცდილობს, რომ მურატსა და მის ოჯახს თავი მოაწონოს, თუმცა მურატი ერთადერთი მამაკაცია ვისაც ნამდვილად უყვარს ლიზა და იღებს მას ისეთს, როგორიც არის. მიუხედავად იმისა, რომ მურატი ზომიერი მუსლიმია, ლიზა მაინც თვლის, რომ ქორწინებისთვის საჭიროა თავადაც მიიღოს ისლამი. მურატის ოჯახის წევრები ლიზას ურჩევენ, რომ რელიგიურ საკითხებში არ იჩქაროს.

მიხაელ მაისჰაიტი აღნიშნავს, რომ ეს სერია ისლამური პროპაგანდისგან და გერმანელი ბავშვების “ტვინის გამორეცხვისგან” ძალიან შორსაა და პირიქით, საპირისპირო მიზანს ემსახურება. ლიზას პერსონაჟი კარგად ასახავს პრობლემური ფონისა და არასრულფასოვნების კომპლექსის მქონე ადამიანს, რომელიც ზედმეტ ძალისხმევას იჩენს იმისათვის, რომ “მოერგოს” თავისი საქმროს ოჯახს, რომელსაც ლიზა ისედაც უყვარს. 


მოამზადა მაიკო რატიანმა
მითების დეტექტორის ლაბორატორია