იდენტობა

როგორია დაკარგული/გატაცებული ბავშვების სტატისტიკა აშშ-ში და რა ვიცით “ფრანკლინის სკანდალის” შესახებ?

24 აგვისტო, 2020

19 აგვისტოს ონლაინ გამოცემა “საქართველო და მსოფლიომ” გამოაქვეყნა სტატია, სათაურით ,,ამერიკის ელიტა სატანიზმმა გაიტაცა”. სტატიაში საუბარია “ფრანკლინის სკანდალზე”, როგორც დასტურზე იმისა, რომ ბავშვთა პროსტიტუციის საქმეში ამერიკის შეერთებულ შტატებში აქტიურად არიან ჩაბმულნი მაღალი თანამდებობის პირები. გარდა ამისა, სტატიაში ნათქვამია, რომ აშშ-ში ბავშვთა გატაცების ან/და დაკარგვის შემთხვევების სტატისტიკას არ ითვლიან. 

Geworld.ge: “ზოგიერთი ამბობს, რომ ყოველწლიურად იკარგება 200 ათასზე მეტი ბავშვი. სხვებს მიაჩნიათ, რიცხვი გაზვიადებულია და ბავშვებს ძალიან იშვიათად იტაცებენ. პრობლემა არის ის, რომ აშშ-ის სამსახურები, რომლებიც ქვეყანაში დამნაშავეობის სტატისტიკას აწარმოებენ, მათ შორის გამოძიების ფედერალური ბიურო, ოფიციალურად უფლებამოსილია, არ დაითვალოს ეს შემთხვევები… 1988 წელს ნებრასკას შტატში დაიწყო ე.წ. ფრანკლინის სკანდალი. გაირკვა, რომ რესპუბლიკელი პოლიტიკოსი ლოურენს კინგი აფინანსებდა ბავშვთა პროსტიტუციის უდიდეს ქსელს, რომელიც ემსახურებოდა მაღალი რანგის პოლიტიკოსებსა და კერძო პირებს, მათ შორის, აშშ-ის პრეზიდენტებს _ ჯორჯ ბუშს უფროსსა და ჯერალდ ფორდს.”

“საქართველოს და მსოფლიოს” მტკიცება, თითქოს ფედერალური ბიურო აშშ-ში ბავშვთა დაკარგვის შემთხვევებს არ ითვლის და ყოველწლიურად 200 000-ზე მეტი ბავშვი იკარგება, დეზინფორმაციაა. რეალურად, 2010-2017 წლების გამოძიების ფედერალური ბიუროს სტატისტიკით, ყოველწლიურად უცხო პირების მიერ 21 წლის ქვემოთ ადამიანთა გატაცების საშუალოდ 350 შემთხვევა ფიქსირდებოდა. რაც შეეხება “ფრანკლინის სკანდალს”, როგორც სახელმწიფო, ისე ფედერალურმა სასამართლოებმა დაადგინეს, რომ მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე არსებული ბრალდებები უსაფუძვლო და კარგად დაგეგმილი ტყუილი იყო. 

როგორ აწარმოებს აშშ დაკარგული ბავშვების სტატისტიკას?

Სტატიაში მოყვანილია მტკიცება, თითქოს გამოძიების ფედერალური ბიურო უფლებამოსილია, არ დაითვალოს ბავშვების დაკარგვის შემთხვევები. აღნიშნული მტკიცება არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან, ფედერალური კანონმდებლობის თანახმად, თუ ბავშის დაკარგვის შესახებ ეცნობება შესაბამის ორგანოებს,  ეს ინფორმაცია აისახება გამოძიების ფედერალური ბიუროს მმართველობის ქვეშ არსებულ დანაშაულის საინფორმაციო ეროვნულ ცენტრში (NCIC). Სამწუხაროდ, შეუძლებელია ზუსტი სტატისტიკის დადგენა, რადგან ზოგ შემთხვევაში საერთოდ არ ხდება ბავშვის დაკარგვის შესახებ შესაბამისი ორგანოებისათვის ინფორმაციის მიწოდება.  

არასრულწლოვნის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია გარდა დანაშაულის საინფორმაციო ეროვნული ცენტრისა, ცნობადი ხდება ასევე AMBER Alert-ის მეშვეობით. ე.წ “ემბერ ალერთის” სისტემა შეიქმნა 1996 წელს, გატაცებული ბავშვების პოვნის გასამარტივებლად და იგი ატარებს გატაცებული და მოგვიანებით სასტიკად მოკლული, 9 წლის ემბერ ჰაგერმანის სახელს, რაც ასევე იშიფრება, როგორც America’s Missing: Broadcast Emergency Response.  ეს სისტემა გულისხმობს საზოგადოების დაუყოვნებლივ ჩართვას ბავშვის გატაცების აღკვეთაში, კერძოდ კი, ყველანაირი ინფორმაცია არასრულწლოვნის გატაცების შესახებ ემბერ ალერთის ფარგლებში გადაეცემა ყველანაირი სახის მედიას, რადიო და ტელემაუწყებლობასა და მობილურ ტელეფონებს. 2020 წლის მაისის მონაცემებით AMBER Alert System-მა გადაარჩინა 988 ბავშვი.

2018 წლის დანაშაულის საინფორმაციო ეროვნულ ცენტრის მონაცემებით დაკარგულთა საერთო რაოდენობიდან (612 846), 424 066 არასრულწლოვანთა დაკარგვის შემთხვევას  წარმოადგენდა. 2018 წლის 31 დეკემბრის ინფორმაციით, ამ შემთხვევათაგან აქტიური იყო 85 459, ხოლო არასრულწლოვნებზე ამ რაოდენობის 34.8% მოდიოდა.

2019 წლის გამოძიების ფედერალური ბიუროს სტატისტიკის თანახმად, არასრულწლოვანთა გაუჩინარების 421 394 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 2018 წელს ეს რიცხვი 424 066 შეადგენდა. აქვე აღსანიშნავია, რომ ეს რიცხვი წარმოადგენს ბავშვების დაკარგვის შესახებ შეტყობინების საერთო წლიურ რიცხვს. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი ერთი წლის განმავლობაში რამდენჯერმე გაუჩინარდება/სახლიდან გაიქცევა, თითოეული ეს შემთხვევა ცალკეულად დაფიქსირდება საერთო სტატისტიკაში. ამ სტატისტიკის უმრავლესობას - 91% წარმოადგენს შემთხვევები, როდესაც ბავშვები სახლიდან გარბიან. 4% მოდის ოჯახის წევრების მიერ ბავშვების გატაცებაზე, ხოლო უცხოთა მიერ ბავშვების გატაცების შემთხვევები 1%-ზე ნაკლებია. ასევე 4%-ს შეადგენენ 18-დან 20 წლამდე დაკარგული მოზრდილები.  2019 წელს დაფიქსირდა არასრულწლოვანთა გაქცევის 26 300 შემთხვევა, ყოველი 6 შემთხვევიდან 1 კი წარმოადგენდა ბავშვთა სექს-ტრეფიკინგის შემთხვევას. 

ასევე აღსანიშნავია, რომ 2010-2017 წლების გამოძიების ფედერალური ბიუროს სტატისტიკით, ყოველწლიურად უცხო პირების მიერ 21 წლის ქვემოთ პირთა გატაცების საშუალოდ 350 შემთხვევა ფიქსირდებოდა.

Რას წარმოადგენს “ფრანკლინის სკანდალი”?

1

1988 წელს გავრცელდა ხმები, რომ აშშ-ში ნებრასკის მოქალაქეები, ისევე როგორც მაღალი რანგის ამერიკელი პოლიტიკოსები ჩართულნი იყვნენ ბავშვთა პროსტიტუციის ქსელში. Ამ ყოველივეს ადასტურებდა რამდენიმე მოწმის ჩვენება, რომელთა თანახმადაც  ბავშვთა სახლებში მყოფი ბავშვები ხდებოდნენ სექსუალური ძალადობის მსხვერპლები და ისინი მდიდართა წვეულებებზე სწორედ ძალადობის მიზნით მიჰყავდათ. Ბრალდებათა ცენტრალურ სამიზნეს წარმოადგენდა ლოურენს (ლარი) კინგი, რომელიც სათავეში ედგა ფრანკლინის საკრედიტო კავშირს 1970 წლიდან და ამავდროულად გახლდათ რესპუბლიკურ პარტიასთან დაახლოებული პირი. Ბრალდებათა მიხედვით, ეს ქსელი წარმოადგენდა ერთგვარ ეშმაკის მადიდებელთა კულტს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ბავშვთა კანიბალიზმსა და მსხვერპლშეწირვაში. 

Საბოლოო ჯამში, როგორც სახელმწიფო, ისე ფედერალურმა სასამართლოებმა დაადგინეს, რომ მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე არსებული ბრალდებები უსაფუძვლო იყო და კარგად დაგეგმილ ტყუილს წარმოადგენდა. Მოწმეებმა თავადვე განაცხადეს, რომ მათი ჩვენებები მცდარი იყო და რეალურად მიზნად ისახავდა პოპულარობის მოპოვებას იმ გზით, რომ ასეთი ისტორიის შეთხზვის ფონზე მათ შემოთავაზებები ექნებოდათ ამ ამბავზე წიგნის დაწერისა თუ ფილმის გადაღების შესახებ

Შესაბამისად, სტატიაში მოხსენიებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ კინგი აფინანსებდა ბავშვთა პროსტიტუციის უდიდეს ქსელს, რომელიც ემსახურებოდა მაღალი რანგის პოლიტიკოსებსა და კერძო პირებს, ოფიციალური წყაროებიდან არ დასტურდება, პირიქით, კინგი ფედერალურმა და სახელმწიფო სასამართლოებმა გაამართლეს.

1

მოამზადა მარიამ ნებიერიძემ
მითების დეტექტორის ლაბორატორია