სხვადასხვა

რუსეთის 2 მითი ბალტიისპირეთის ქვეყნების შესახებ

27 სექტემბერი, 2019

2019 წლის 20-21 სექტემბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ურმას რეინსალუ მიერ საბჭოთა ოკუპაციის გამო რუსეთისგან მიღებული ზარალის ანაზღაურებას გამოეხმაურა.  ერთ შემთხვევაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და მისმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ სსრკ-ის მიერ ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის ოკუპაცია უარყვეს და საბჭოთა კავშირთან მათი მიერთება საერთაშორისო სამართლის ნორმებთან შესაბამისად გამოაცხადეს. მეორეს მხრივ კი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები დღემდე ევროკავშირის დოტაციაზე ცხოვრობენ და მათ დახმარება მალე შეუწყდებათ

Спутник Абхазия: “საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ ბალტიის სახელმწიფოების საბჭოთა კავშირისათვის მიერთებას იმ დროისათვის მოქმედ საერთაშორისო სამართლის ნორმებთან შესაბამისად მიიჩნევს. რუსეთის დიპლომატიური უწყების მოსაზრებით,  ტერმინი ”ოკუპაცია” აქ არ შეიძლება იქნას გამოყენებული, რადგან საბჭოთა კავშირსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს შორის არავითარი სამხედრო მოქმედება არ განხორციელებულა და ჯარები შეთანხმების საფუძველზე და ამ რესპუბლიკებში არსებული ხელისუფლების მკაფიო თანხმობით მიიღეს”.

მარია ზახაროვა: ”ამ საკითხთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ რუსეთის პოზიცია იგივეა: ჩვენ მიუღებლად მიგვაჩნია ტერმინის ”საბჭოთა ოკუპაციის” გამოიყენებაც კი. ზოგიერთი ცდილობს სსრკ-ის მიერ ევროპული ერების გათავისუფლების ფაქტის ნაცისტური გერმანიისგან ინტერპრეტაცია მოახდინოს. ჩვენ ასევე უარვყოფთ რუსეთის წინააღმდეგ ამ სამართლებრივად ბათილ პრეტენზიებს."

სერგეი ლავროვი: ბალტიის ქვეყნები ევროკავშირის დოტაციაზე ცხოვრობენ, მაგრამ უახლოეს მომავალში დახმარება შეუწყდებათ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებები სიცრუეა, ვინაიდან  საბჭოთა კავშირმა ბალტიისპირეთის ოკუპაცია საერთაშორისო სამართლის დარღვევით მოახდინა. ბალტიისპირეთის ქვეყნების საკმაოდ ძლიერი ეკონომიკა აქვთ და ერთ სულ მოსახლეზე მათი მთლიანი შიდა პროდუქტის რეიტინგით რუსეთსაც კი უსწრებენ, ხოლო ევროკავშირის ბიუჯეტიდან თანხას ისინი, როგორც  ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნები, მომავალშიც მიიღებენ.

"

"

~

მითი 1 - საბჭოთა კავშირს ბალტიისპირეთის ქვეყნების ოკუპაცია არ მოუხდენია. ამ ქვეყნების შემოერთება იმ პერიოდის საერთაშორისო სამართლის მიხედვით გამართლებული იყო.

რეალობა 1 - საბჭოთა კავშირმა საერთაშორისო სამართლის დარღვევით ბალტიისპირეტის ოკუპაცია მოახდინა და იქ საბჭოთა მმართველობა დაამყარა.

ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად პირველი მსოფლიო ომის შემდგომ ჩამოყალიბდნენ. 20-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა რუსეთსა და ბალტიისპირა ქვეყნებს შორის შეთანხმება გარდაუვალი გახდა. 1920 წელს ჯერ ესტონეთთან და შემდგომში ლატვიასა და ლიეტუვასთან მოსკოვმა შეთანხმება გააფორმა, რითიც უარი თქვა სამართლებრივ, პოლიტიკურ და ტერიტორიულ პრეტენზიებზე ბალტიის ზღვის რეგიონში.

1920 წლის 2 თებერვლის “მშვიდობის ხელშეკრულება ”საბჭოთა კავშირსა და ესტონეთს შორის: “რუსეთი ცნობს ესტონეთის დამოუკიდებლობასა და ავტონომიას,  და სუვერენულ უფლებაზე, რომელიც იქამდე რუსეთს ესტონეთზე გააჩნდა, სამუდამო და ნებაყოფლობით უარს აცხადებს.”

30-იანი წლების ბოლოს, როდესაც საბჭოთა კავშირსა და ნაცისტურ გერმანიას შორის მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი გაფორმდა, აშკარა გახდა რა ინტერესები ამოძრავებდა სსრკ-ს ბალტიის ზღვის რეგიონში. პაქტის ნაწილი სწორედ ლიეტუვას, ლატვიასა და ესტონეთს შეეხებოდა. სსრკ-მა და ნაცისტურმა გერმანიამ ევროპის ნაწილი საიდუმლო მუხლებით გავლენის სფეროებად გაიყვეს, საზღვრად კი ლიეტუვის ჩრდილოეთ საზღვარი გამოცხადდა. თავდაპირველად სსრკ ბალტიის ქვეყნებიდან მხოლოდ ლატვიასა და ესტონეთზე გავლენას იღებდა, თუმცა საბოლოოდ მან ნაცისტურ გერმანიასთან მოლაპარაკების შედეგად გავლენა ლიეტუვაზეც განავრცო.

"
მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის მიღების პროცესი

პაქტის გაფორმების შემდგომ საბჭოთა კავშირმა საიდუმლო მუხლების რეალობაში გატარება გადაწყვიტა. ბალტიისპირეთის ქვეყნების ლიდერები მოსკოვში დაიბარეს, რათა ე. წ. ურთიერთდახმარების ხელშეკრულებები გაეფორმებინათ, რომლებსაც სსრკ შემდგომში უკვე ოკუპაციის საბაბად გამოიყენებდა

ბალტიის რეგიონის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს დოკუმენტის ხელმოწერა არ სურდათ, რადგან შიშობდნენ, რომ ეს მათ ნეიტრალიტეტს დაარღვევდა. უარის შემდგომ მოლოტოვმა ესტონეთის წარმომადგენელს ასე მიმართა

ვიაჩესლავ მოლოტოვი: "ვითარებას დაუყოვნებლივი გადაწყვეტა სჭირდება. ჩვენ დიდხანს ლოდინი არ შეგვიძლია. გირჩევთ, რომ დაეთანხმოთ საბჭოთა კავშირის სურვილებს, რათა თავიდან აიცილოთ რამე უარესი. ნუ აიძულებთ საბჭოთა კავშირს ძალის გამოყენებას, მისი მიზნების მისაღწევად ... უცხო ქვეყნის დახმარების იმედი ახლა მხოლოდ ილუზიაა. "

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი: “ლიტვის მთავრობის წინაშე შემდეგი არჩევანი იდგა:

  1. ან მოვაწერდით ხელს მოთხოვნილ ხელშეკრულებას, რომლითაც სსრკ-ს ექნებოდა უფლება განეთავსებინა გარკვეული რაოდენობის სამხედრო ბაზები ლიტვის ტერიტორიაზე, ხოლო ვილნიუსი დაუბრუნდებოდა ლიტვას;
  2. ან არ გავაფორმებდით ხელშეკრულებას და საბჭოთა კავშირთან დამანგრეველ კონფლიქტში შევიდოდით.

საბჭოთა კავშირმა ბალტიისპირეთის ქვეყნები აღნიშნული ხელშეკრულებების დარღვევაში ცნო და დაშინების მეთოდებით რეგიონში ჯარი შეიყვანა.

მას შემდეგ, რაც 1941 წელს ნაცისტურმა გერმანიამ სსრკ-ზე თავდასხმა განიზრახა, ბალკანეთის კამპანიის შედეგად მან ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის ტერიტორიის ოკუპირება მოახდინა. შემდგომში საბჭოთა კავშირმა ხელახალი ოკუპაციით დაიბრუნა ადრევე მიტაცებული ბალტიისპირეთის ქვეყნები. მარია ზახაროვა ამ პროცესს ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის ნაცისტური გერმანიისგან გათავისუფლებას უწოდებს, თუმცა რეალურად საბჭოთა კავშირმა ეს ტერიტორიები ხელახლა დაიპყრო (ოკუპაცია), რამაც 1991 წლამდე გასტანა. ეს ყველაფერი საერთაშორისო სამართლისა და ჟენევის კონვენციის მიხედვით შესაძლებელია ოკუპაციად შეფასდეს. აღნიშნულს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ტვიტერზე განთავსებული პოსტით გამოეხმაურა.

"

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: “ჩვენ უარვყოფთ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ისტორიულად არაზუსტ პრეტენზიებს, რომესტონეთი საბჭოთა ჯარების მიერ განთავისუფლდა. ესტონეთს მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობა არ მიუღია და ოკუპირებული იყო ნაცისტური გერმანიისა და საბჭოთა რუსეთის მიერ. ეს ე. წ. გათავისუფლება იყო ოკუპაცია, რომელიც კიდევ თითქმის 50 წელი გაგრძელდა”

აღნიშნული ტერიტორიების მიტაცების სერიები (მოლოტოვ რიბენტროპის პაქტის შემდგომ სსრკ-ის მიერ, 1941-1944 ნაცისტური გერმანიის, ხოლო 1944-1991 ისევ სსრკ-ს მიერ) ბალტიისპირეთის ქვეყნების, ევროპარლამენტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ ოკუპაციადაა აღიარებული.

"
ევროპარლამენტის რეზოლუცია, 1983 წელი.

მითი 2 - ბალტიის ქვეყნები ევროკავშირის დოტაციაზე ცხოვრობენ, მაგრამ უახლოეს მომავალში დახმარება შეუწყდებათ.

რეალობა 2 - ბალტიის ქვეყნებს საკმაოდ ძლიერი ეკონომიკა აქვთ, ევროკავშირის ბიუჯეტიდან ისინი თანხას მომავალშიც მიიღებენ

უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებმა საბჭოთა დაშლის შემდგომ სხვა ქვეყნებთან შედარებით ეკონომიკური სისტემა საკმაოდ კარგად და შედეგიანად შეცვალეს. დღემდე ამ სამ ქვეყანას (ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი) დამაკმაყოფილებელი ეკონომიკური მდგომარეობა აქვს. მსოფლიოს ქვეყნების სიაში მათი მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე (GDP Per Capita PPP) საკმაოდ მაღალია და განიცდის ზრდას. ეკონომიკური ბუმის გამო ამ ქვეყნებში შემოიღეს სპეციალური ტერმინი “ბალტიური ვეფხვი

გთავაზობთ ამ სამი ქვეყნის მშპ ერთ სულ მოსახლეზე (PPP) რაოდენობას 2017-2018-2019 წლებში.

ქვეყანა

რეიტინგი (2019)

2017 2018 2019
ლიეტუვა 43 32,378.6 34,829.5 37,16244

ესტონეთი

44

31,648.8

33,553.5

35,346

ლატვია 53

27,701.6

29,487.7

31,215


საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ამ მხრივ რუსეთი 2019 წელს ბალტიისპირეთის ქვეყანებს (ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი) ჩამორჩება და მისი რეიტინგი 56-ია.

ასევე აღსანიშნავია, რომ ევროკავშირისგან როგორც გაერთიანებისგან თანხას თითოეული წევრი სახელმწიფო იღებს და ეს წლების განმავლობაში მუდმივი პროცესია. ევროკავშირი მის შემადგენელ ქვეყნებს თანხებს სხვადასხვა პროექტებისთვის გადასცემს.

"
2017 წლის ბიუჯეტის განაწილება პროექტების შინაარსის მიხედვით

ლავროვის მტკიცება, რომ ევროკავშირი ბალტიისპირეთის ქვეყნების დახმარებას შეაჩერებს, რეალობას არ შეესაბამება, რადგან ევროკავშირის ბიუჯეტში თითოეულ ქვეყანას შეაქვს კონტრიბუცია და შემდგომ თითოეული ქვეყანა იღებს უკან სარგებელს.

მართალია ბალტიისპირეთის ქვეყნები ევროკავშირისგან მართლაც იღებენ თანხას, როგორც წევრი ქვეყნები, თუმცა არ შეიძლება ითქვას, რომ ეს ქვეყნები მხოლოდ ევროკავშირის ხარჯზე ცხოვრობენ (“ევროკავშირის დოტაციაზე ცხოვრობენ”)


მოამზადა ირაკლი იაგორაშვილმა
მითების დეტექტორის ლაბორატორიის რეგიონული ქსელი